საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-69-69(კ-08) 31 იანვარი, 2008წ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. ნ-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ: საკასაციო საჩივარი შეტანილია განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით.
საქმეში არსებული ხელწერილით ირკვევა, რომ კასატორს _ ვ. ნ-ას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 4 დეკემბერს (ს.ფ. 64). შესაბამისად, ვ. ნ-ის აღნიშნული გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დინება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაიწყო 5 დეკემბერს და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2008 წლის 7 იანვარს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი. კასატორმა საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 2008 წლის 18 იანვარს (ს.ფ. 69), ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რომლის აღდგენა, ამავე მუხლის თანახმად, დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო ვადის გასვლის შედეგებს, კერძოდ, ადგენს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილი ასევე ადგენს, რომ, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა _ ვ. ნ-ამ გაუშვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ნ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.