¹ბს-699-665(კ-07) 12 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. და კ. ს.-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მანუჩარ, ნ. და კ. ს.-ებმა 23.12.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიმართ და მოპასუხისათვის უკანონოდ ჩამორთმეული თოფების უკან დაბრუნების დავალება ან წინააღმდეგ შემთხვევაში 5 თოფის ღირებულების - 2250 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში ანაზღაურება მოითხოვეს. ამასთან, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მოსარჩელემ აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს გენერალური ინსპექციის მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული შემოწმების მასალების გამოთხოვა მოითხოვა.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹49-ში, მათ საცხოვრებელ სახლში 16.01.94წ. გამოცხადდნენ ...-ის დასახლების პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც განუმარტეს, რომ მიმდინარეობდა სანადირო თოფების შემდგომი რეგისტრაცია, რის გამოც სანადირო თოფები უნდა გადაეტანათ ქვეგანყოფილებაში. მოსარჩელეების ოჯახს 6 სანადირო თოფი ჰქონდა (თითოეული თოფის ღირებულება საშუალოდ შეადგენდა 450 აშშ დოლარს), რომლებიც კანონის შესაბამისად რეგისტრირებული და გაფორმებული იყო აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ასოციაციაში. თოფების გადაცემის შემდეგ პოლიციის თანამშრომლების მიერ გაფორმდა შესაბამისი აქტი, რასაც ხელს აწერდნენ პოლიციის ლეიტენანტები ზ. ც.-ე, რ. ჩ.-ი, სამძებრო ინსპექტორი ი. ქ.-ე, პოლიციელი ი. დ.-ე და მოწმეები: ს. მ.-ე და ლ. ჩ.-ე. ოქმში აღნიშნული იყო, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა 6 თორმეტკალიბრიანი სანადირო თოფი (მითითებული იყო ამ თოფების სახელწოდება და ნომრები). მოსარჩელეებმა არაერთხელ მიმართეს, როგორც აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სხვადასხვა სტრუქტურას, მათ შორის, პოლიციის ყოფილ უფროსს - ა. ბ.-ს. ბოლოს ქ. ბათუმის შს განყოფილების ყოფილმა უფროსმა თ. ი.-მა დაუბრუნა მათ ერთი ცალი თოფი. მოსარჩელეების განცხადებების საფუძველზე, აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა შემოწმება, რითაც დაადგინა, რომ 16.01.94წ. ქ. ბათუმის შს განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების ს.ს. სამძებრო ინსპექტორმა ბ. ც.-მ, ამავე ქვეგანყოფილების თანამშრომლებთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მართლაც ამოიღო მოსარჩელეების საცხოვრებელი ბინიდან 6 ცალი სანადირო თოფი, რის გამოც გაფორმდა ზემოაღნიშნული ოქმი. აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს სამეურნეო ქვეგანყოფილების ცნობის თანახმად, არც ერთი თოფი შეიარაღების საწყობს არ ჩაჰბარებია, რაც დგინდება პროკურორის თანაშემწის - ნ. მ.-ის დადგენილებითაც. მოსარჩელეებმა ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით მოითხოვეს: სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას და არ დაუშვას მესამე პირის ზემოქმედება მისი ნების გარეშე. ამავე კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, თუ პირმა ნივთი მიითვისა ძალადობით ან მოტყუებით, მესაკუთრეს უფლება აქვს, გამოითხოვოს იგი უკანონო მფლობელისგან, 172-ე მუხლის საფუძველზედ კი მესაკუთრეს უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი ნივთის უკან გამოთხოვა, ხოლო 409-ე მუხლის მიხედვით, თუ შეუძლებელია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, მაშინ ზარალი უნდა ანაზღაურდეს ფულადი თანხით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის II ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანის ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.01.06წ. განჩინებით ნ. და კ ს.-ების წარმომადგენლის _ ი. დ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმეში მ. ს.-ის უფლებამონაცვლედ ჩაერთო მისი მამა ნ. ს.-ი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.02.06წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; აჭარის ა/რ შ.ს. მთავარ სამმართველოს დაევალა კ., ნ. და მ. ს.-ებისათვის სანადირო თოფების დაბრუნება ან 5 სანადირო თოფის ღირებულების _ 2250 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.02.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა ხანდაზმულობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.08.06წ. განჩინებით აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრის ავტორმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 24.01.07წ. განჩინებით აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.08.06წ. განჩინება და აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.07წ. გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.02.06წ. გადაწყვეტილება, ნ. და კ. ს.-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ბათუმის საქალაქო პროკურორის თანაშემწის 11.09.04წ. სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებაში აღნიშნული იყო, რომ 11.08.04წ. აჭარის ა/რ შს სამინისტროს განცხადებით მიმართა ნ. ს.-მა, რომელმაც მიუთითა, რომ 16.01.94წ. მის ოჯახში იმყოფებოდნენ ბნზ-ს პოლიციის მუშაკები, რომლებმაც ამოიღეს და წაიღეს მისი და მისი შვილების სახელზე რეგისტრირებული 6 ცალი სანადირო თოფი. მან არაერთხელ მიმართა ამის თაობაზე პოლიციის ყოფილ უფროსს ა. ბ.-ს, ასევე იმ დროს აჭარის ა/რ შს სამინისტროს და ა/რ ხელმძღვანელს, მაგრამ მას ქ. ბათუმის შს განყოფილების ყოფილმა უფროსმა მხოლოდ ერთი ცალი თოფი დაუბრუნა და ითხოვდა დანარჩენი თოფების დაბრუნებას. აღნიშნული განცხადების ირგვლივ შემოწმება ჩაატარა აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს გენერალურმა ინსპექციამ. შემოწმებით დადგინდა, რომ 16.01.04წ. ქ. ბათუმის შს განყოფილების მეორე ქვეგანყოფილების სს სამძებროს ინსპექტორმა ბ. ც.-მ, ამავე ქვეგანყოფილების თანამშრომლებთან ერთად ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ნ. ს.-ის საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს 6 ცალი სანადირო თოფი, რის შესახებ გაფორმდა სათანადო ოქმი, რომლის ასლი ნ. ს.-ს ჩაჰბარდა, რადგან ამ უკანასკნელმა ვერ წარადგინა სათანადო საბუთები თოფების რეგისტრაციის შესახებ, თოფები წაღებულ იქნა ქვეგანყოფილებაში და ჩაჰბარდა პოლიციის უფროს ა. ბ.-ს.
სააპელაციო პალატამ აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს სამეურნეო ქვეგანყოფილების ცნობით დადგენილად ცნო, რომ ნ. ს.-ის განცხადებაში მითითებული არც ერთი თოფი შეიარაღების საწყობში არ ჩაბარებულა. ა. ბ.-ის ახსნა-განმარტებით, ხსენებული თოფები ნამდვილად იყო ამოღებული ნ. ს.-ისაგან, რომელიც მიიღო მან, მაგრამ იმ პერიოდისათვის აჭარის შს მინისტრის მოადგილის _ ს. გ.-ის განკარგულებით, ამოღებული თოფები მიიტანა მასთან და როგორც მას ახსოვდა, თოფების ჩაბარებაზე გაფორმდა სათანადო დოკუმენტი, რაც ჩაჰბარდა ბათუმის შს განყოფილების კანცელარიას. აღნიშნული საბუთი შემოწმების პროცესში მოპოვებული ვერ იქნა. ა. ბ.-ის მოქმედებაში შეინიშნებოდა თანამდებობრივი დანაშაულის ნიშნები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ განცხადებაში მითითებული ფაქტებიდან გავიდა 10 წელზე მეტი დრო და უკვე გასული იყო ამ კატეგორიის დანაშაულებებზე საქართველოს სსკ-ის დადგენილი სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადები. ა. ბ.-ე კატეგორიულად გამორიცხავდა სამართალდარღვევის რაიმე ფაქტს. ამასთან, იგი თანახმა იყო მოცემულ ფაქტზე არ აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო. ამდენად ა. ბ.-ის მიმართ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ით დადგენილი სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებმა სააპელაციო საჩივარში აღნიშნეს, რომ ვერ გაიზიარებდნენ საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის თაობაზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მოთხოვნის მისადაგებას კონკრეტული დავისადმი, რადგან პროცესზე არ იქნა გამოთხოვილი თოფის დაბრუნების მტკიცებულება, რომლითაც შეიძლებოდა დადასტურებულიყო ეს გარემოება, შესაბამისად არ იყო მსჯელობა თუნდაც იმ გარემოებაზე, თუ როდის დაუბრუნდა ერთი თოფი მოსარჩელეს. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას აპელანტმა უარყო საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმში დაფიქსირებული პასუხები თოფის დაბრუნების ცნობის ან ცოდნის შესახებ, თუნდაც იმ მოტივით, რომ ხსენებულ დროს იგი შს სისტემაში არ მუშაობდა და არავისგან არ გაუგია თოფის დაბრუნების შესახებ. ამასთან, არც რაიმე საბუთი არსებობს თოფის დაბრუნების თაობაზე. საქმის მასალების მიხედვით, მხარის მიერ სხდომის ოქმის სისწორესთან დაკავშირებით შენიშვნები არ შეტანილა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ გაიზიარებდა მოსაზრებას საქართველოს სსკ-ს 137-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის შესახებ, რადგან ვალდებულ პირს სხვაგვარად არ უღიარებია მოთხოვნის არსებობა, სხვაგვარად «მოთხონის არსებობის აღიარებაში» არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ზერელე, ზეპირი, რაიმე წერილობითი საბუთის გარეშე დაუსაბუთებელი, თუნდაც საოქმო ჩანაწერი, რომ «თოფის დაბრუნების შესახებ მხარისათვის ცნობილია». სააპელაციო პალატამ უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ პოლიციის მუშაკებმა 16.01.94წ. ნ. ს.-ის სახლიდან წაიღეს (ამოიღეს) ექვსი სანადირო თოფი, რომლებიც შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. საქმის მასალებით არ არის უტყუარად დადგენილი, რომ ერთი თოფი 2003 წელს ნ. ს.-ს დაუბრუნდა, ხოლო დადგენილია, რომ ნ. ს.-ის სახლიდან თოფების ამოღება განხორციელდა სასამართლო ძალების გარეშე, ასევე გადაუდებელი აუცილებლობის წესების დარღვევით, რადგან ასეთი მასალები საქმეში არ მოიპოვებოდა. თოფების ამოღების მოტივი, მათი ხელახლა რეგისტრაციის განხორციელება, როგორც თავად ნ. ს.-მა აღნიშნა იყო უსაფუძვლო, რადგან მას ყველა თოფის საბუთები გააჩნდა, მაგრამ არაერთი სიტყვიერი მოთხოვნის მიუხედავად, თოფები ვერ დაიბრუნა. ოფიციალური წერილობითი მიმართვა ვერ გაბედა, რადგან პოლიციის მუშაკების მხრიდან რაიმე პროვოკაციის მოწყობის ეშინოდა. ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ნ. ს.-ი 1994 წლის 16 იანვრიდან 2005 წლის 23 დეკემბრამდე, სასამართლოში სარჩელის შეტანამდე, არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1960 წლის რედაქციის სამოქალაქო კოდექსის 75-ე და მე-80 მუხლებითა და მოქმედი სამოქალაქო კოდექსისის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია. კონკრეტულ შემთხვევაში მისი ათვლა იწყება 1994 წლიდან, იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ, რაც უნდა აითვალოს 16.01.94წ. შემდეგ, უახლოესი დღეებიდან, როცა ნ. ს.-ისათვის ცნობილი გახდა, რომ არანაირი ხელახალი რეგისტრაცია მის თოფს არ უტარდებოდა და დაიწყო არაოფიციალური მიმართვები თოფების დაბრუნების თაობაზე, რაც შეეხებოდა 2003 წელს ერთი თოფის დაბრუნებას, ასეთი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და კ. ს.-ებმა, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასაკმარის მტკიცებულებად მიიჩნია მოწინააღმდეგე მხარის აღიარება ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთი ცალი სანადირო თოფის დაბრუნების თაობაზე, ვინაიდან მოთხოვნის არსებობის აღიარებაში არ შეიძლებოდა გათვალისწინებული ყოფილიყო «ზერელე, ზეპირი, რაიმე წერილობითი საბუთის გარეშე დაუსაბუთებელი, თუნდაც საოქმო ჩანაწერი». სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, მხარის მიერ ისეთი გარემოებების აღიარება, რაზეც მეორე მხარე ამყარებს მოთხოვნას, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ბათუმის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა რა აღნიშნული მუხლით, სამართლიანი დასკვნა გააკეთა და მხარის აღიარება საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია. სააპელაციო პალატას სადავოდ არ გაუხდია მხარის აღიარება თოფის დაბრუნებაზე, მან მიუთითა მხოლოდ სხვა მტკიცებულების აუცილებლობაზე. ერთი მხრივ, დადგენილად მიიჩნია გარემოება, რომ ერთი სანადირო თოფი დაუბრუნდა მეპატრონეს და მეორე მხრივ, უარყო ეს გარემოება, რაც ურთიერთგამომრიცხავი, ერთმანეთის საწინააღმდეგო გარემოებებია. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე არასწორად იქნა მითითებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ხანდაზმულობის ათვლასთან. მასში საუბარია დაზარალებულის მხრიდან ზიანის აცილებაზე და არა საჩივრის ნაჩქარევ შეტანაზე, როგორც სასამართლო მიუთითებს. სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ვადა 3 წელია, რომელის ათვლაც უნდა მოხდეს 2003-2004წწ. ანუ იქიდან, როცა ხანდაზმულობა შეწყდა (აღიარების გამო) და ბათუმის საქალაქო პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მოხდა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა მის შედეგებზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 30.07.07წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. და კ. ს.-ების საკასაციო საჩივარი.
აღნიშნულ განჩინებაზე 20.08.07წ. მოსაზრება წარმოადგინეს ნ. და კ. ს.-ებმა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» და «გ» ქვეპუნქტების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. და კ. ს.-ების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. და კ. ს.-ების საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. და კ. ს.-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორებს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 90 ლარის გადახდა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.