ბს-702-668(კ-07) 17 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ე-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 15 სექტემბერს ნ. ე-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სამტრედიის რაიონული პროკურატურის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2002 წლის 12 დეკემბერს იგი ყალბი ბრალდებით უკანონოდ იქნა დაპატიმრებული, ხოლო 2003 წლის 6 აპრილს ექიმ-ფსიქიატრთა ყალბი დასკვნის საფუძველზე უკანონოდ მოათავსეს ხონის რაიონის შპს ,,....".
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ნ. ე-ას წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებათა ჩამდენ პირთა მიმართ დაწყებული ¹6106837 სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა ფაქტობრივად არ ხორციელდებოდა. სამტრედიის რაიონული პროკურატურის მიერ საქმის მასალების ხონის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების საგამოძიებო დანაყოფში გადაგზავნა კი მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია, ვინაიდან, მოსარჩელის განმარტებით, მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უკანონოდ მოთავსება განხორციელდა ქუთაისის საქალაქო პროკურატურის უკანონო შუამდგომლობის საფუძველზე, რაც წარმოადგენდა სამოხელეო დანაშაულს და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, მისი გამოძიება პროკურატურის კომპეტენციას განეკუთვნებოდა. ამდენად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა შესაბამის სახელმწიფო მოსამსახურეთა მხრიდან სამსახურებრივი მფარველობის განხორციელებას ნ. ე-ას მიმართ დანაშაულებრივ ქმედებათა ჩამდენ პირთა სასარგებლოდ, რომლებმაც დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-17, 38-ე, 39-ე და 44-ე მუხლები.
მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო მოხელეთა დანაშაულებრივი ქმედებით, მისი აბუჩად აგდებით, დამამცირებელი მოპყრობით მან განიცადა, როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი. ამასთან, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელი იყო სახელმწიფო.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სამტრედიის რაიონული პროკურატურის უკანონო ქმედებებით მას შეელახა ადამიანური ღირსება და მისი აღდგენა სასამართლოს მეშვეობით უნდა მომხდარიყო, მოპასუხეზე მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა კი სასამართლოსგან ითხოვა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ე-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 27 ივნისს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურიდან სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში გადაიგზავნა ნ. ე-ას განცხადების საფუძველზე შეკრებილი მასალები მისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკანონოდ მოთავსების ფაქტთან დაკავშირებით. 2006 წლის 10 ივლისს სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო ¹6106837 სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობდნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებებით და მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად კი სამართალწარმოება მიმდინარეობდა შეჯიბრებითობის პრინციპით. მხარეები თვითონ განსაზღვრავდნენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დასდებოდა მათ მოთხოვნებს საფუძვლად და რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურებულიყო მორალური ზიანის შინაარსი, ადამიანის ფიზიკური ან სულიერი ტრავმა. მორალური ზიანის ანაზღაურება კი პირს ეკისრებოდა მაშინ, როცა არსებობდა ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, სახეზე იყო ზიანი, მიყენებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობდა მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი მიუძღოდა ზიანის მიყენებაში.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ნ. ე-ა არ მიუთითებდა, სამტრედიის რაიონული პროკურატურის რომელმა მუშაკმა განახორციელა მის მიმართ მისი ღირსების შემლახავი და უკიდურესად დამამცირებელი მოპყრობა, რაში გამოიხატა ეს ქმედება, რა უნდა გაეკეთებინა სამტრედიის რაიონულ პროკურატურას და არ გააკეთა, ანუ მოსარჩელეს მითითებული არ ჰქონდა ქმედების განხორციელებისათვის პასუხისმგებელი პირი და მოთხოვნის საფუძველი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლებოდა მოთხოვნილიყო მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში. ხსენებული კოდექსის მე-18 მუხლი კი განსაზღვრავდა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს. ამასთან, მოსარჩელე ხსენებული მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ საფუძველზე არ მიუთითებდა, ანუ არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება ნ. ე-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის განჩინებით ნ. ე-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო პროკურატურის გამომძიებლის მიერ ¹4102938 სისხლის სამართლის საქმეზე 2003 წლის 17 იანვრის დადგენილებით დაინიშნა ამბულატორიულ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ იყო დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლებოდა მოთხოვნილი ყოფილიყო მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლებრივი ანაზღაურების სახით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებდა ზიანს, ვალდებული იყო აენაზღაურებინა მისთვის ეს ზიანი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, რამდენადაც შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ იქნა დადგენილება ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა პროკურატურის ბრალი და სახეზე არ იყო პროკურატურის მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის განჩინება ნ. ე-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე. ამასთან, სარჩელის საგანს წარმოადგენდა ¹6705034 და ¹6106837 სისხლის სამართლის საქმეებზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის მიერ თავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი და გაგზავნილი უკანონო და არასწორი საჯარო ინფორმაციით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2005 წლის 9 ნოემბერს მის წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებათა ჩამდენი პირების მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ჩატარდა კანონის დარღვევით, ვინაიდან ნ. ე-ა არ ყოფილა დაკითხული ხსენებულ საქმეზე, ასევე მოხდა საქმის გამოძიების გაჭიანურება და საქმის გამოძიება მიმდინარეობდა ნ. ე-ას მონაწილეობის გარეშე. ამასთან, კასატორმა უკანონოდ მიიჩნია აღნიშნული საქმის იმ საფუძვლით შეწყვეტა, თითქოს არ არსებობდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედების ნიშნები.
კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიკვლია, იმყოფებოდა თუ არა ნ. ე-ა შერაცხად მდგომარეობაში, ამასთან, არ უმსჯელია მის მიმართ დანიშნული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის კანონიერებაზე, ვინაიდან შპს ,,....", რომელმაც შეადგინა შესაბამისი დასკვნა, არ გააჩნდა სათანადო ლიცენზია (სპეციალური ნებართვა) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაზე.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ ფაქტზე, რომ მის მიმართ დანიშნული ამბულატორიულ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა სამართალწარმოებაში არ გამოიყენებოდა, ხოლო აღნიშნული შემოწმების საფუძველზე შედგა სასამართლო-ფსიქიატრიული დასკვნა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობეს სამტრედიის რაიონული პროკურატურის მიერ ¹6705034 და ¹6106837 სისხლის სამართლის საქმეებზე არასწორი და უკანონო საჯარო ინფორმაციათა შექმნა და ნ. ე-ვის გაგზავნა, რამაც ¹4102938 სისხლის სამართლის საქმეზე რეაბილიტაციის მიღწევაში ხელშეშლა და კასატორისათვის მორალური ზიანის მიყენება გამოიწვია.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 244-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტები და იმავე მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 314-ე, 992-ე, 998-ე მუხლები და 1005-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს კონსტიტუციის მე-7, მე-14, მე-17, 39-ე და 44-ე მუხლები, რამაც გამოიწვია საქმეზე უკანონო და დაუსაბუთებელი განჩინების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ე-ას საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 10 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 10 ოქტომბრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ე-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი განჩინების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ე-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.