ბს-704-670(2კ-06) 5 ივნისი, 2007წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ე. ც.-ე, ს. კ.-ე, ე. დ.-ე, გ. კ.-ე, მ. ც.-ე (მოსარჩელეები); ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მეცხოველეობის სახელმწიფო ჯიშსაშენი საწარმო ,,...-ი”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.06.06წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
16.02.05წ. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ე. ც.-მ, ს. კ.-მ, ე. დ.-მ, გ. კ.-მ და მ. ც.-მ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...-ის მეცხოველეობის სანაშენე სახელმწიფო მეურნეობის და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელეთა განმარტებით, ხელვაჩაურის რაიონში აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 1992 წლის ოქტომბრის ¹378 განკარგულებით დაკმაყოფილდა ხელვაჩაურის რაიონის მეცხოველეობის სახელმწიფო სანაშენე მეურნეობის მოთხოვნა და მეცხოველეობის ფერმაში შესასვლელი გზის მარცხენა მხარეს, საბავშვო ბაგა-ბაღის ტერიტორიის მახლობლად საფირმო მაღაზიის აშენების უფლება მიეცა. 05.01.94წ. ხელვაჩაურის რაიონის მეცხოველეობის ფერმასა და საინიციატივო ჯგუფს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საფირმო მაღაზიის აშენების შესახებ. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულეს ერთ წელიწადში, მშენებლობა აწარმოეს სანიტარული, სახანძრო და ეკოლოგიური ნორმების დაცვით, სამშენებლო მასალების შესყიდვა და თანხების ხარჯვა ხორცილდებოდა მეურნეობის დირექტორთან შეთანხმებით. მშენებლობის დასრულების შემდეგ მოითხოვეს მშენებლობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება. მშენებლობის დამკვეთს არ გააჩნდა შესაბამისი თანხა და არც ობიექტი გაუშვია ექსპლუატაციაში. მოსარჩელეთა განცხადებით, მოპასუხე ორგანიზაცია ჰპირდებოდა, რომ მშენებლობაზე გაწეულ ხარჯებს აუნაზღაურებდა 05.01.94წ. ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, როცა საშუალება ექნებოდათ. 2002წ. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების გარეშე, მეურნეობის დირექტორთან შეთანხმებით დაანგრია მათ მიერ აშენებული შენობა. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მოპასუხეები ადასტურებდნენ მათი მოთხოვნის კანონიერებას. ფინანსთა სამინისტროში განკარგულების პროექტიც შედგა მათთვის სადავო თანხის გამოყოფის თაობაზე, თუმცა ამ კანონით დადგენილი წესით არ დამტკიცებულა. მოსარჩელეებმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 361-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 14725 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის დაკისრება მოითხოვეს.
მოპასუხე მეცხოველეობის ჯიშსაშენმა საწარმო ,,...-მ" სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მას არ განუხორციელებია მშენებარე მაღაზიის შენობის დემონტაჟი. აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ. რაიონის ხელმძღვანელობამ მაღაზიის მშენებლობა უკანონოდ მიიჩნია და მშენებარე ობიექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა, თუმცა მოსარჩელეების მიერ სასამართლოში წარდგენილი დოკუმეტები საწარმოში არ მოინახა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 26.07.05წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 14 725 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 26.07.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეცხოველეობის სახელმწიფო ჯიშსაშენმა საწარმო ,,...-მ".
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.06.06წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხეებს 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრათ.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ხელვაჩაურის რაიონში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ხელვაჩაურის რაიონის მეცხოველეობის სანაშენე სახელმწიფო მეურნეობის მოთხოვნა და უფლება მიეცა მეურნეობას აეშენებინა ფერმაში შესასვლელი გზის მარცხენა მხარეს, საბავშვო ბაგა-ბაღის ტერიტორიის მახლობლად, საფირმო მაღაზია. 05.01.94წ. გაფორმდა მაღაზიის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება საინიციატივო ჯგუფსა და მეურნეობის დირექტორს შორის, რომლის თანახმად, მეურნეობის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ საინიციატივო ჯგუფს აუნაზღაურდებოდა საფირმო მაღაზიის მშენებლობაზე გაწეული ხარჯები. მეურნეობის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო საინიციატივო ჯგუფს ნება დაერთო საკუთარი სახსრებით ეწარმოებინა მაღაზიის მშენებლობა შესაბამისი აქტების გაფორმებით, რომელსაც დაამტკიცებდა მეურნეობის დირექტორი. საინიციატივო ჯგუფის მიერ აშენებული ობიექტი დანგრეული იქნა ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის 05.03.02წ. ზეპირი განკარგულებით შექმნილი კომისიის მიერ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან პროკურატურის დადგენილებიდან გამომდინარე, ობიექტის დანგრევა მართლზომიერად იყო მიჩნეული, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 209-ე მუხლის მიხედვით საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს ¹74 დადგენილებით ხელვაჩაურის რაიონის მეცხოველეობის სახელმწიფო ჯიშსაშენი საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს მეცხოველეობის სანაშეშე საქმის დეპარტამენტის დაქვემდებარებიდან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის გარეშე, გადაეცა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს. ამავე დადგენილების მე-2 პუნქტით განისაზღვრა სანაშენე მეურნეობის რეორგანიზაცია და მის ბაზაზე შეიქმნა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მეცხოველეობის სახელმწიფო ჯიშსაშენი საწარმო ,,...-ი", რომელიც მეურნეობის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საწარმო ,,...-ს" შეგებებული სარჩელი წარმოდგენილი არ ჰქონდა და საინიციატივო ჯგუფსა და მეურნეობას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, აგრეთვე, ობიექტის მშენებლობის ნებართვა დავის საგანს არ შეადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.06.06წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ზაკ-ის 209-ე მუხლი, ვინაიდან აღნიშნული ნორმა სულ სხვა სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს.
კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა მხარეთა რომელი ინტერესები დაუდო საფუძვლად მათი სასარჩელო მოთხოვნის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებას და მოპასუხეებისათვის მხოლოდ 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრებას. კასატორების აზრით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით. პროცესის თაობაზე გაფრთხილებული არ ყოფილა პროცესის ყველა მონაწილე და ს. კ.-ის და გ. კ.-ის წარმომადგენლი. კასატორებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 21.06.06წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 26.06.05წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვეს.
კასატორმა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ შეაფასა საქმეში დაცული მტკიცებულებანი: 05.01.95წ. ხელშეკრულება და მეურნეობის დირექტორის, გ. ბ.-ის მიერ დამტკიცებული აქტები, რომლებიც დაწერილია ერთი პირის მიერ. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 209-ე მუხლი. კასატორის განმარტებით, მის მიერ განხორციელდა უკანონო მშენებლობის დემონტაჟი, მშენებარე მაღაზიის დაშლისას რაიონის გამგეობა მოქმედებდა კანონის შესაბამისად. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 06.11.06წ. განჩინებით საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს უფლება მიეცათ წარმოედგინათ მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს მოსაზრება. კასატორები თვლიან, რომ მათი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული. კასატორთა განცხადებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია და მის მიმართ ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 26.07.05წ. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, რის გამოც კასატორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გასაჩივრება რაიონის გამგეობის მიერ დაუშვებელია. კასატორები მიუთითებენ, რომ მეცხოველეობის სახელმწიფო ჯიშსაშენი საწარმო ,,.-ი" გადაწყვეტილებას საკასაციო წესით არ ასაჩივრებს. ამასთანავე, კასატორები თვლიან, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 10.04.07წ. განჩინებით ე. ც.-ის, ს. კ.-ის, ე. დ.-ის, გ. კ.-ის და მ. ც.-ის და ხელვაჩაუურის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად ცნობილ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი განხილვით. 26.04.07წ. სასამართლო სხდომაზე სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმის განხილვა დადგინდა ზეპირი განხილვის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საკასაციო საჩივრებს და თვლის, რომ საინიციატივო ჯგუფის წევრების ე. ც.-ის, ს. კ.-ის, ე. დ.-ის, გ. კ.-ის და მ. ც.-ის და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს საინიციატივო ჯგუფის წევრების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო პროცესის ჩატარების თაობაზე დადგენილი წესით არ იყო მოწვეული მოსარჩელეთა წარმომადგენელი რ. ხ.-ი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლომ 21.06.05წ. სასამართლო სხდომისათვის უწყება გაუგზავნა საინიციატივო ჯგუფის წევრებს გ. და ს. კ.-ს, ე. დ.-ს, მ. ც.-ს და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას, გ. კ.-ის და მ. ც.-ის წარმომადგენელ რ. ხ.-სათვის სასამართლო სხდმოს ჩატარების შესახებ სასამართლო უწყება არ გაგზავნილა. საქმის მასალებში დაცულია გ. კ.-ის 12.07.05წ. (ს.ფ 94) და მ. ც.-ის 27.06.05წ (ს.ფ 137) მიერ რ. ხ.-ის სახელზე გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი რწმუნებულება, რომელთა მიხედვით, რ. ხ.-ს მიენიჭა გ. კ.-ისა და მ. ც.-ის ინტერესების დაცვის უფლებამოსილება ყველა ინსტანციის სასამართლოში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 70-78-ე მუხლები და სასკ-ის მე-13 მუხლი ადგენს მხარეთა და მათი წარმომადგენელთათვის სასამართლო უწყების და დოკუმენტების გადაცემის წესს. ადმინისტრაციულ პროცესში, სამოქალაქო სამართალწარმოებისგან განსხვავებით, გამოიყენება სასკ-ის მე-13 მუხლით დადგენილი სპეციალური წესი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ წარმომადგენლისათვის დოკუმენტების გაგზავნის ვალდებულებას. კერძოდ, ხსენებული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, ყველა დოკუმენტი ეგზავნება წარმომადგენელს, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც დოკუმენტი მხარესაც უნდა გაეგზავნოს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის გ. კ.-ისა და მ. ც.-ის წარმომადგენლის რ. ხ.-ის დასწრების გარეშე, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს სხდომის შესახებ არ გაგზავნია სასამართლო შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა არის სამართალწარმოების ზოგადი პრინციპი და მისი გამოყენება დასაშვებია არა მხოლოდ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის, არამედ აგრეთვე ქმედების (რეალაქტის) შედეგად ზიანის ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრისას. დადგენილია, რომ შენობის აღება მოხდა საზოგადოებრივ ინტერესებში. საერთო საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის პირის უფლების შელახვა ვერ იქნება მიჩნეული საზოგადოების ინტერესების ცალმხრივ დაკმყოფილებად. საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა იცნობს ზიანის ანაზღაურების ორ ძირითად ფორმას: ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე და დელიქტის საფუძველზე წარმოშობილ ზიანს. სწორედ ვალდებულებითი ურთიერთობიდან წარმოშობილ ზიანს, ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ საინიციატივო ჯგუფის წევრები (მოსარჩელეები) მეურნეობისაგან. გამგეობის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოადგენს დელიქტის (ნაგებობის უკანონო დემონტაჟის) საფუძველზე წარმოშობილ ზიანს. ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ქმედების მარლთწინააღმდეგობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შენობა აშენდა პროექტის და ნებართვის გარეშე, რაც წარმოადგენდა მისი დემონტაჟის საფუძველს. ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დადგომისათვის სახეზე უნდა იყოს ზიანის მიმყენებლის ბრალი (სკ1500მუხ.). სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის საქალაქო პროკურორის 26.11.04წ. დადგენილებით დასტურდება, რომ შენობის დემონტაჟის წინააღმდეგი არ იყო მისი ფორმალური მესაკუთრე ჯიშსაშენი მეურნეობის დირექტორი, ამდენად არ იკვეთება მოხელეთა ბრალი ზიანის მიყენებაში. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რა მოსაზრებებით არ შეესაბამება კანონმდებლობას შენობის დემონტაჟი, გაურკვეველია თუ რის გამო იქნა მიჩნეული დემონტაჟი ბრალეულ და ან უხეშ გაუფრთხილებელ მოქმედებად. გამგეობისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება სავალდებულო წესით მოითხოვდა საქმეში დაცული საპროექტო დოკუმენტის და მისი დამტკიცების მართლზომიერების, სამშენებლო წესებთან მისი შესაბამისობის, 05.03.02წ. კომისიის აქტის შეფასებას.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საინიციატივო ჯგუფის წევრების ე. ც.-ის, ს. კ.-ის, ე. დ.-ის, გ. კ.-ის და მ. ც.-ის სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხეებისთვის ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და ხელვაჩაურის რაიონის ...-ის სახელობის მეცხოველეობის სანაშენე სახელმწიფო მეურნეობისთვის (რომლის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მეცხოველეობის სახელმწიფო ჯიშსაშენი საწარმო ,,...-ი”) თანხის სოლიდარულად დაკისრება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე საინიციატივო ჯგუფს დაევალა მეურნეობის ტერიტორიაზე საფირმო მაღაზიის მშენებლობა, ხოლო მეურნეობის ვალდებულებას წარმოადგენდა საფირმო მაღაზიის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი და მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდა. იმ სოლიდარულ მოვალეს, რომელიც მთლიანად აანაზღაურებს ზიანს, აქვს რეგრესული მოთხოვნის უფლება სხვა სოლიდარული მოვალის მიმართ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მეცხოველეობის სახელმწიფო ჯიშსაშენი საწარმო ,,...-ის” მიერ გასაჩივრდა სრულად. ამდენად, ჯიშსაშენი საწარმო ,,...-ის” მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში არ შესულა, როგორც აპელანტის, ისე მეორე მოპასუხის - ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიმართაც. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საინიციატივო ჯგუფის წევრების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში არის შესული რაიონის გამგეობის მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილება არ ემყარება საქმეში დაცულ მტკიცებულებებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულად არ იქნა გამორკვეული საქმეში დაცული მტკიცებულებანი, რომელთა სამართლებრივი ანალიზის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორი გადაწყვეტა, რის გამოც საკასაციო საჩივრები სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი არსებითი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის, აგრეთვე ე. ც.-ის, ს. კ.-ის, ე. დ.-ის, გ. კ.-ის, მ. ც.-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა პალატის 21.06.06წ. გადაწყვეტილება, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს;
2. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.