¹ბს-705-671(კ-07) 19 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი – ი. ც.-ე
მოწინააღმდეგე მხარეები - ბათუმის სააღსრულებო ბიურო; ს. გ.-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. ც.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ბათუმის სააღსრულებო ბიუროსა და ს. გ.-ს მიმართ.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს. გ.-ს სარჩელი შპს «ჩ.-ს» მიმართ 23677 აშშ დოლარის გადახდევინების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით განხილვის შემდეგ უცვლელად დარჩა და შესაბამისად, შევიდა კანონიერ ძალაში. აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში ი. ც,-ის ყოფილი მეუღლის _ ე. ც.-ის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ ი. ც.-სათვის ცნობილი გახდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში და მის საფუძველზე 2000 წლის 13 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ჩამატებული იყო სიტყვები _ «დირექტორს ი. ც.-ს» და ხელოვნურად იყო შეცვლილი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი. სადავო თანხის გადახდა რომ ნამდვილად იურიდიულ პირს _ შპს «ჩ.-ს» დაეკისრა, დასტურდებოდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის თავმჯდომარის შეკითხვაზე მოსამართლე ა. ფაღავას 2003 წლის 1 მაისის ¹792 წერილიდან.
მოსარჩელე მიუთითებდა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის «დ» პუნქტის დარღვევებზე _ სააღსრულებო ფურცელში არ იყო აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ნამდვილი შინაარსი, კერძოდ, შპს «ჩ.-ს» ნაცვლად, მითითებული იყო შპს «ჩ.-ს» დირექტორზე, მაშინ, როდესაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალებზე თვითონ შპს აგებდა პასუხს თავისი ქონებით და არა ფიზიკური პირი.
სასარჩელო განცხადებაში მითითებული იყო, რომ ზემოაღნიშნულ სააღსრულებო ფურცელში განხორციელებული ჩამატების შედეგად ყადაღა დაედო არა შპს «ჩ.-ს», არამედ ი. ც.-ის ქონებას, რითაც დაირღვა მისი საკუთრების უფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 13 მარტის სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობასა და მის სახელზე რიცხული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ი. ც.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 13 მარტის ¹2-1501 სააღსრულებო ფურცელი შპს «ჩ.-ს» დირექტორ ი. ც.-სთვის მოსარჩელე ს. გ.-ს სასარგებლოდ 23677 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, როგორც უკანონო; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილშიც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მარტის განჩინებით ს. გ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების მიხედვით, მოპასუხე იყო არა ფიზიკური პირი _ ი. ც.-ე, არამედ იურიდიული პირი _ შპს «ჩ.-ო», ამიტომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მე-2 და მე-20 მუხლების თანახმად, სააღსრულებო ფურცელიც აღნიშნულ იურიდიულ პირზე უნდა გაცემულიყო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ვალდებულ პირს წარმოადგენდა არა ფიზიკური პირი _ ი. ც.-ე, არამედ იურიდიული პირი _ შპს «ჩ.-ო», რის გამოც საქალაქო სასამართლომ სწორად გააუქმა შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი.
სააპელაციო სასამართლო ასევე მითითებდა, რომ აპელანტ ს. გ.-ს გაეგზავნა სასამართლო უწყება, მაგრამ ამავე სასამართლოში შევიდა შეტყობინება, რომ მითითებულ ქუჩაზე არ იყო ამავე უწყებაში აღნიშნული ნომრის შესაბამისი სახლი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლსა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში სასამართლო უწყება აპელანტისთვის ჩაბარებულად ითვლებოდა, რადგან იგი ვალდებული იყო, ეცნობებინა სასამართლოსთვის, თუ მას შეცვლილი ჰქონდა მისამართი და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეეძლო განეხილა და გადაეწყვიტა საქმე.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. გ.-მ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმებასა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ს. გ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მარტის განჩინება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ს. გ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება ი. ც.-ის წარმომადგენელ დ. კ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე 2000 წლის 13 მარტის შპს ,,ჩ.-ს» დირექტორის ი. ც.-ზე ამოწერილი სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის შესახებ ი. ც.-ის წარმომადგენლის – დ. კ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ც.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
კასატორი აღნიშნავდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ჩ.-ს" დაეკისრა 23677 აშშ დოლარის გადახდა ს. გ.-ს სასარგებლოდ. ასევე, შპს ,,ჩ.-ს" დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 1183 ლარის გადახდა, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 10 თებერვლის განჩინებით. მიუხედავად აღნიშნულისა, კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ 2000 წლის 13 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში სასამართლო დადგენილების შეუსაბამოდ, სადავო თანხის გადამხდელად მითითებულია ფიზიკური პირი ი. ც.-ე, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადამხდელად - იურიდიული პირი შპს ,,ჩ.-ო" და აღსრულება მიქცეულია არა შპს ,,ჩ.-ს", არამედ ი. ც.-ის ქონებაზე. ხელოვნურად იქნა შეცვლილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და სადავო თანხის გადახდა დაკისრებულია ფიზიკურ პირ ი. ც.-ზე, ნაცვლად იურიდიული პირის - შპს ,,ჩ.-სი" და გამოწერილია ერთი და იმავე ნომრით ორი სხვადასხვა შინაარსის მქონე სხვადასხვა სააღსრულებო ფურცელი.
კასატორის აღნიშვნით, სააპელაციო სასამართლო გასცდა თავის უფლებებს, როდესაც კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 10 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი შეცვალა, თითქოს სადავო თანხა დააკისრა ი. ც.-ს და გამოიყენა საფუძვლად აპელანტ ს. ს.-ს ინტერესების გათვალისწინებით უკანონო გადაწყვეტილების მისაღებად.
კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის განხილვის დროს დაარღვია სასამართლო სხდომის საქმიანობის წესის შესახებ მოთხოვნები, როდესაც საერთოდ არ იმსჯელა და სხდომის ოქმში არ შეიტანა 2007 წლის 7 მარტის სხდომაზე აპელანტ ე. ც.-ის მოცემულ საქმესთან გაერთიანების შესახებ მათი წინაარმდეგობრივი მოსაზრებები, რაც დადასტურებულ იქნა მათი შენიშვნის შემდეგ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლის 2007 წლის 18 ივნისის განჩინებით, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ კვლავ არასწორად განმარტა, რომ თითქოს იმსჯელა საქმის გაერთიანებაზე და ე. ც.-ე გამოიძახა მისი აზრის დასაფიქსირებლად, რაც, კასატორის მითითებით, არასწორია, რადგან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე წლის 7 მარტის სასამართლო სხდომაზე ე. ც.-ე გამოძახებული იყო ს. გ.-ს და სხვათა სააპელაციო საჩივრის განხილვაზე და 2007 წლის 17 აპრილს სასამართლო სხდომაზე მყოფი ე. ც.-ე სასამართლოს არც დაუკითხავს და არც მისი მოსაზრება მოუსმენია.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში დართული მტკიცებულებებისა და არგუმენტების ფაქტობრივ გარემოებებზე არ იმსჯელა, არ გააანალიზა და არ შეაფასა საქმეში არსებული, ერთი და იმავე ნომრით ორი სხვადასხვა შინაარსის მქონე სააღსრულებო ფურცლიდან, თუ რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო სწორი და რომელი არასწორი, ასევე სასამართლო პრაქტიკაში შესაძლებელია თუ არა მევალედ დასახელებული ყოფილიყო ფიზიკური პირი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადამხდელად - იურიდიული პირი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ც.-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
იმავე საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა სარჩელი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, მტკიცებულებათა არასწორი შეფასებისა და კანონის მცდარი გამოყენების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში დაცულ მტკიცებულებებს და აღნიშნავს: საქმეზე თანდართულ მასალებში წარმოდგენილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის ¹2-1501 გადაწყვეტილება, რომლის შესავალი ნაწილი შეიცავს ცალსახა მითითებას იმის თაობაზე, რომ იხილება ს. ს.-ს სარჩელი შპს «ჩ.-სათვის" 23677 აშშ დოლარისა და დამატებით 8000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე. იმავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად, ს. ს.-ს სარჩელი დაკმაყოფილებულია და შპს «ჩ.-ს" მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 23677 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
იმავე საქმეში წარმოდგენილია აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 10 თებერვლის განჩინება, რომლის აღწერილობით ნაწილში აღნიშნულია, რომ აპელანტი ი. ც.-ე ასაჩივრებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც ს. ს.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ფირმა «ჩ.-ს" მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 23677 აშშ დოლარის გადახდა. ხოლო განჩინების სამოტივაციო ნაწილში აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლო მიუთითებს შემდეგზე: ,,სააპელაციო სასამართლოს ფირმა «ჩ.-სათვის" სადავო თანხის დაკისრება (რაზედაც არც თ. ც.-ე დავობს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს უფლება არა აქვს გასცდეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს) მიაჩნია მართებულად. აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ ფირმა «ჩ.-სათვის" თანხის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება არც «ჩ.-ს" პრეზიდენტ ნ. ც.-ს და არც მოსარჩელეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ და ამდენად, ეს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.»
საქმეში დაცული მითითებული მტკიცებულებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დააკსვნას, რომ გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების მიზნითაც გამოიწერა სადავო სააღსრულებო ფურცელი, მიღებულია შპს «ჩ.-ს" და არა მისი დირექტორის ი. ც.-ის, როგორც ფიზიკური პირის მიმართ.
საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს რა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში განხორციელებულ ჩასწორებას იმის თაობაზე, რომ 23677 ლარის გადახდა დაეკისრა შპს «ჩ.-ს" დირექტორ ი. ც.-ს, თვლის, რომ თუნდაც მითითებული ჩასწორება ვერ იქცევა იმის მტკიცების საფუძვლად, რომ თანხის გადახდა დაეკისრა ი. ც.-ს, როგორც ფიზიკურ პირს.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს «მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 9.1 მუხლის შინაარს, რომლის შესაბამისადაც, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, ხოლო იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დირექტორები საზოგადოებას წარმოადგნენ მე-3 პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მე-3 პირებთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს. ხოლო რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსს, მითითებული კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იურიდიული პირები და სხვა ორგანოზაციები საქმეს სასამართლოში აწარმოებენ იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია იმ იურიდიული პირის თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა განაწესი საკასაციო სასამართლოს აძლევს იმის მტკიცების საფუძველს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ჩამატების სახით განხორციელებული ჩანაწერი დირექტორ ი. ც.-ის თაობაზე, ვერ შეცვლის მოპასუხის სტატუსს და არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შპს «ჩ.-ს" ნაცვლად თანხის გადახდა დაეკისრა მის დირექტორ ი. ც.-ს, როგორც ფიზიკურ პირს. მით უფრო, თუ მხედველობაში იქნება მიღებული ს. ს.-ს მიერ შპს «ჩ.-ს" მფლობელთან დადებული ხელშეკრულებების შინაარსი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2000 წლის 3 მარტს საქმეზე ¹2-1501 ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი არ შეესაბამება ამავე საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარს, რითიც დარღვეულია «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 21.3 მუხლის მოთხოვნები და რის საფუძველზეც მითითებული სააღსრულებო ფურცელი ექვემდებარება ბათილობას, ხოლო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტყრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი. ც.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება ს. გ.-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. ც.-ის მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტლებაზე ამოწერილი ¹2-1501 სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება;