Facebook Twitter

¹ბს-707-673(კ-06) 10 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 22 იანვარს ვ. წ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მერიის 2003 წლის 30 ოქტომბრის ¹111 დადგენილებით განისაზღვრა ქ. ბათუმში, .... ქუჩის ¹51-ში მდებარე შენობება-ნაგებობების ლიკვიდაცია, იმ მოტივით, რომ ქ. ბათუმის განაშენიანების გეგმის შესაბამისად მიმდინარე ახალგაზრდობის პარკის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, აუცილებელი იყო ქ. ბათუმში, .... ქუჩის ¹51-ში მდებარე საქართველოს შავი ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბიომრავალფეროვნების დაცვის შავი ზღვის რეგიონალური ცენტრის კუთვნილი შენობა-ნაგებობების აღება.

მოსარჩელის განმარტებით, სადავო დადგენილების შესრულების დროს დაინგრა მოსარჩელის კუთვნილი შენობები, მაცივრები და სხვა დანადგარები, რითაც მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. ბათუმის მერიის 2003 წლის 30 ოქტომბრის ¹111 დადგენილების გაუქმება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ვ. წ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, რამდენადაც დადგენილად ჩათვალა, რომ ქონების მესაკუთრე იყო არა ვ. წ-ე, არამედ შპს “.....”, მაგრამ არ შეცვალა თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ამასთან, ვ. წ-ემ იმავდროულად სარჩელი შეიტანა სააპელაციო სასამართლოში შპს “.....” სახელით, როგორც ხსენებული ცენტრის დირექტორმა, მიუთითა იმავე საფუძველზე, რაზეც მიუთითებდა თავისი სახელით შეტანილ სარჩელში და ქ. ბათუმის მერიის 2003 წლის 30 ოქტომბრის ¹111 დადგენილების ბათილად ცნობა, მიყენებული ზიანის _ 55277 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის _ 485,36 ლარის ანაზღაურება, ადვოკატის ხარჯების _ 2236 ლარისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 727 ლარის დაბრუნება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ ახალი გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად, საბოლოოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ივლისის განჩინებით ვ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით

სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს “.....” სახელზე რიცხული, ქ. ბათუმში, ..... ქუჩის ¹51-ში მდებარე შენობების ლიკვიდაცია უკანონოდ იქნა ცნობილი; ქ. ბათუმის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ 26711 ლარის ზიანის ანაზღაურება და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით შეტანილი 667 ლარის გადახდა დაეკისრა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ქ. ბათუმის მერიამ გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია და განმარტა, რომ სადავო დადგენილება არ ითვალისწინებდა ვ. წ-ის კუთვნილი ქონების დაშლას, არამედ აღნიშნული დადაგენილების საფუძველზე განხორციელდა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნაგებობათა დემონტაჟი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “.....” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის მერიის 2003 წლის 30 ოქტომბრის ¹111 დადგენილება შპს “.....” კუთვნილი ¹10 სამაცივროსა და ¹11 საკომპრესოროს ლიკვიდაციის ნაწილში; ქ. ბათუმის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ 13000 ლარის ზიანისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 667 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის 2003 წლის 30 ოქტომბრის ¹111 დადგენილების აღსრულების დროს, ქ. ბათუმის მერიამ დაანგრია მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული, ..... ქუჩის ¹51-ში მდებარე ორი შენობა, რითაც ხელყო მესაკუთრის უფლება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი უნდა ყოფილიყო გამოყენებული. აღნიშნული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ზიანის ოდენობის შემცირება ჩათვალა მიზანშეწონილად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე ფაქტები და გარემოებები დაადგინა არარსებული მტკიცებულებებით და საქმის განხილვისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე და 249-ე მუხლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 10 იანვრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.