Facebook Twitter

¹ბს-709-675(კ-06) 7 თებერვალი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალი

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ს-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – მეორე სახეობის პენსიის დანიშვნის მოთხოვნა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 2 დეკემბერს შ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის მიმართ საპენსიო დანამატის დანიშვნის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ იგი არის 1941-1945 წლების ფაშიზმის წინააღმდეგ ომის მონაწილე და II ჯგუფის ინვალიდი, 62 წლის პედაგოგიური მუშაობის სტაჟით, რომელიც ღებულობს ყოველთვიურად პენსიას 45 ლარის ოდენობით. ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანახმად, ეკუთვნის მოხუცებულობის პენსიაზე დანამატი ორი მინიმალური პენსიის ოდენობით, რის თაობაზეც მან შესაბამისი წესით მიმართა მოპასუხეს, მაგრამ მიიღო უარი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მეორე სახეობის პენსიის დანიშვნას.

მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება ცნო ნაწილობრივ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით შ. ს-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალს დაევალა შ. ს-თვის დანიშნულ პენსიაზე პენსიის ორმაგი ოდენობის დამატება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ 2005 წლის 28 ოქტომბერს ამოქმედდა საქართველოს კანონი ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისადაც 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,, 63-ე მუხლის მე-2 მ პუნქტი, მე-17 მუხლი, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 22-ე მუხლი, 25-ე მუხლის პირველი პუნქტი, 34-ე, 35-ე და 36-ე მუხლები, 48-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 50-ე და მე-60 მუხლები ამავე კანონის ,,ი”-დან ,,ლ”-მდე ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა მიმართ ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან”. ამავე კანონის მე-2 მუხლით ეს კანონი ვრცელდება 2005 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

აპელანტის განმარტებით, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-19 პუნქტით საერთოდ გაუქმდა აღნიშნული კანონის მე-60 მუხლი, მეორე სახის პენსიის დანიშვნაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შ. ს-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შ. ს-ე ჩაითვალა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის ,,დ.ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ პენსიის მიმღებ პირად და ყოველთვიური საპენსიო თანხა განესაზღვრა აღნიშნული მუხლით დადგენილი წესით და ოდენობით. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალს შ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა ახლად დანიშნულ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობის, წინა 12 თვის – 300 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” და ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ”, საქართველოს კანონების ,,დ.ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსიის ოდენობა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის არის 70 ლარი, რაც შეეხება წინა 12 თვის მიუღებელ პენსიას, სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელემ განცხდებით მიმართა სოცფონდის ქუთაისის ფილიალს 2005 წლის 27 ოქტომბერს, ხოლო ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი ძალაში შევიდა 2006 წლის 1 იანვრიდან, მოსარჩელეს ჰქონდა ორი სახეობის პენსიის მიღების უფლება ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, ასევე, მას უნდა აუნაზღაურდეს წინა 12 თვის მიუღებელი პენისა.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებება _ დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თავდაპირველი რედაქციის მიხედვით, ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს, რომლებსაც შესრულებული ჰქონდათ 75 წელი და/ან იყვნენ I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლეოდათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებოდათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით. აღნიშნულის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 27.12.02წ. განჩინებით (საქმე ¹3გ-ად-203-კ-02) განიმარტა, რომ მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათის მოპოვებისათვის კანონის 1-ლი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: უნდა იყოს 1941-45 წლების ომის მონაწილე, შესრულებული უნდა ჰქონდეს 75 წელი, მინიჭებული უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან უნდა იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე საქმეზე არ არის დადგენილი, მოწინააღმდეგე მხარე _ შ. ს-ე პასუხობს თუ არა მე-60 მუხლის საფუძველზე საპენსიო შეღავათის მიღებისათვის დადგენილ პირობას, კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას ოფიცრის წოდება ან იყო თუ არა სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის 1-ლი ან მე-2 ჯგუფის ინვალიდი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 27.12.02წ. განჩინების შესაბამისად ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა არ შეცვლილა ხსენებული კანონის მე-60 მუხლის შემდგომი რედაქციული ცვლილებების გამო, ვინაიდან “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 23.07.03წ. კანონით დადგენილი მე-60 მუხლის განახლებული რედაქციის ამოქმედების თარიღი (01.01.04წ.) 31.12.03წ. და 29.12.04წ. კანონებით შეტანილი ცვლილებების თანახმად, გადაიდო ჯერ 2005 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდგომ _ 2006 წლის 1 იანვრამდე.

საგულისხმოა, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 28.10.05წ. კანონს, რომლითაც დადგინდა, რომ მე-60 მუხლი ამავე კანონის ,,ი-ლ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა მიმართ 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდებოდა, მიენიჭა უკუქცევითი ძალა და იგი გავრცელდა 2005 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ამასთანავე, 23.12.05წ. კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო ურუნველყოფის შესახებ" კანონიდან ამოღებულ იქნა მე-7 და მე-8 თავები და შესაბამისად ამოღებულ იქნა მე-60 და 63-ე მუხლებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის მე-60 მუხლის განახლებული რედაქცია არ ამოქმედებულა.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო შ. ს-თვის პენსიის დანიშვნას შესაძლებლად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ მითითებული პირი აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული მე-60 მუხლის თავდაპირველი რედაქციით დადგენილ მოთხოვნებს. საქმეში, მართალია, დაცულია მასალები შ. ს-ის ინვალიდობის თაობაზე, მაგრამ აღნიშნულის საფუძველზე არ დასტურდება, რომ ინვალიდობა უკავშირდება სამხედრო სამსახურს, საქმეში ასევე არ მოიპოვება მტკიცებულება მითითებული პირის ოფიცერთა შემადგენლობისადმი კუთვნილების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენა-გამოკვლევის გარეშე, საქმეზე მიღებული ვერ იქნება კანონიერი გადაწყვეტილება, რა მიზნითაც საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.