Facebook Twitter

ბს-709-675(კ-07) 3 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 14 დეკემბერს მ. კ-მა, ე. კ-მა, ა. ჯ-მა, ი. Gე-მა, ა. ს-მა, თ. კ-ამ, რ. Kკ-ამ, ბ. თ-ამ და სხვებმა (სულ 25 პირი) სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე.

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ საქართველოს პარლამენტმა 2006 წლის 17 მარტს მიიღო კანონი ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტით ძირითადი კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა ,,ლ» ქვეპუნქტი: ,,სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს», ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის ძირითადი კანონის IV თავს დაემატა მე-151 მუხლი: ,,საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის კომპენსაციის გაანგარიშება: 1) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილ იქნა 2005 წლის 1 იანვრამდე, კომპენსაცია ენიშნება 50 წლის მიღწევისას თუ აქვს: ა) მამაკაცს – ავიაციაში მუშაობის 12 წელი და 6 თვე და ნაფრენი არანაკლებ 6000 საათისა ან ნაფრენი 6000 საათზე მეტი; ბ) ქალს – ავიაციაში მუშაობის 10 წელი და ნაფრენი არანაკლებ 4800 საათისა ან ნაფრენი 4800 საათზე მეტი; 2) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განესაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს: ა) 100%-ის ოდენობით – ხომალდის მეთაურთათვის; ბ) 80%-ის ოდენობით – მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინერისათვის, ,,ან-2»-ის მეთაურისათვის; გ) 70%-ის ოდენობით - ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტვისათვის, ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის.

მოსარჩელეების განმარტებით, ისინი წარმოადგენენ საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალს და კანონის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ექვემდებარებიან ავიაციის მოსამსახურეების იმ კატეგორიას, რომელსაც კანონის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია უნდა დაენიშნოს საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს 70%-ის ოდენობით, მაგრამ მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, აღნიშნული პენსიის დანიშვნაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მათ, როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მომსახურეებს არ აქვთ ნაფრენი გარკვეული საათები.

მოსარჩელეების მოსაზრებით, კანონის ზემოაღნიშნული ინტერპრეტაცია არასწორია, ვინაიდან საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის ნაფრენი საათების დადგენა დაუშვებელია, ვინაიდან ეს პერსონალი ტექნიკურ მომსახურებას ეწევა მიწაზე ამისათვის განკუთვნილ სპეციალურ შენობებში, ხოლო ფრენის განხორციელების დროს საჰაერო ხომალდში წარმოქმნილი წვრილმანი ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტას უზრუნველყოფს საფრენოსნო ეკიპაჟში შემავალი ინჟინერი-ბორტმექანიკოსი, რის შესახებაც ზემოაღნიშნული კანონის მე-151 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» პუნქტში არსებობს ცალკე ჩანაწერი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დავალებოდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონის მე-151 მუხლის ამოქმედების დღიდან ანუ 2006 წლის 1 აპრილიდან.

მოპასუხემ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოპასუხისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება მ. კ-ის, ე. კ-ის, ა. ჯ-ისა და სხვათა (სულ 24 პირის) მიმართ დაუშვებლობის მოტივით, ხოლო რ. კ-ას მოთხოვნის ნაწილში გაგრძელდა საქმის განხილვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. კ-ას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა მოსარჩელე რ. Kკ-ვის 2006 წლის 1 მაისიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონის მე-151 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» პუნქტის შესაბამისად.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებით, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ავიაკომაპანია ,,...." მიერ გაცემული ცნობით, ირკვევა და ამავდროულად მოპასუხეც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებებს რომ მოსარჩელე, რ. კ-ა 1970 წლიდან მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში ავიატექნიკოსად. სასამართლომ აღნიშნულის გათვალისწინებით დადგენილად მიიჩნია, რომ რ. კ-ა ნამდვილად წარმოადგენდა სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რაც მას ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ლ" პუნქტის თანახმად, ანიჭებს კომპენსაციის, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლებას.

სადავო საკითხზე მსჯელობისას საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, იმის თაობეზე, რომ მოსარჩელეზე არ უნდა გავრცელებულიყო ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-151 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" პუნქტით დადგენილი სახელმწიფო კომპენსაცია იმის გამო, რომ მას არა აქვს ნაფრენი 6000 საათი ან მეტი და განმარტა, რომ აღნიშნული კანონის მე-151 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" პუნქტის ჩანაწერი: ,,ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის, ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის" შეიცავს მითითებას სამოქალაქო ავიაციის ორ ისეთ პროფესიაზე (საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალი), რომელთაც შეუძლებელია, რომ გააჩნდეთ ნაფრენი საათები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ვინაიდან სამოქალაქო ავიაციაში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალის უშუალო სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენს - ფრენებს შორის საჰაერო ხომალდების მომზადება და ტექნიკური მომსახურება ამისათვის არსებულ სპეციალურ შენობებში. სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2006 წლის 24 მაისის ¹5 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისიანობის მოწმობის გაცემის წესის" მე-2 მუხლის თანახმად, ,,ტექნიკური მომსახურება" არის საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისიანობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად ცალ-ცალკე ან ერთობლივად ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომელიც მოიცავს აღმდგენ, შემოწმებით, გაუმართაობების აღმოფხვრის სამუშაოებს, ასევე მოდიფიცირების და/ან რემონტის პრაქტიკულ განხორციელებას.

აღნიშნულთან ერთად, სასამართლომ ასევე გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის 2006 წლის 10 ივლისის ¹650/08 წერილი, რომლითაც ირკვევოდა, რომ ხომალდის ეკიპაჟის საშტატო განრიგში ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი გათვალისწინებული არ არის, ხოლო საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი მის ფუნქციებს ასრულებს საჰაერო ხომალდის მიწაზე მომსახურებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნია, რომ მოსარჩელეზე, როგორც სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე უნდა გავრცელებულიყო ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-151 მუხლი და მასვე უნდა დანიშნოდა ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" პუნქტით დადგენილი კომპენსაცია.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მე-151 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია პირობები, რომლის მიხედვითაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს ენიშნებათ კომპენსაცია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით სამოქალაქო ავიაციის ტექნიკური მომსახურების პერსონალს (საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეები, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პერსონალი) განესაზღვრა კომპენსაცია თანამდებობრივი სარგოს 70%-ის ოდენობით, მაგრამ ზემოაღნიშნული კატეგორიის მუშაკები, თავიანთი სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, უშუალოდ არ მონაწილეობდნენ საავიაციო ფრენებში და შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებენ კანონის მე-151 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა და დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებას და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, და მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური სუბსიდიების სააგენტომ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციების და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-151 მუხლით განსაზღვრულია პირობები, რომელთა მიხედვითაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს ენიშნებათ კომპენსაცია. აღნიშნული მუხლის პირველ პუნქტში საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც მიაღწიეს 50 წელს, დაფრინავდნენ სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილნ იქნენ 2005 წლის 1 იანვრამდე. მე-151 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტები ადგენს სამოქალაქო ავიაციაში საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პერსონალის მუშაობის პერიოდს (მამაკაცებისათვის 12 წელი და 6 თვე; ქალებისათვის - 10 წელი) და ფრენის საათებს (მამაკაცებისათვის არანაკლებ 6000 საათი; ქალებისათვის არანაკლებ 4800 საათი), ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობას საჯარო მოხელის მინიმალური სარგოს ოდენობით. მე-151 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტით სამოქალაქო ავიაციის პერსონალს (ბორტგამცილებლები, ბორტრადისტები, ბორტაეროლოგები, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეები, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პერსონალი) განესაზღვრა კომპენსაცია საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს 70%-ის ოდენობით.

კასატორის განმარტებით, რ. კ-ა მიეკუთვნება საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პერსონალთა კატეგორიას, მაგრამ ზემოაღნიშნული კატეგორიის მუშაკები, თავიანთი სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, უშუალოდ არ მონაწილეობდნენ საავიაციო ფრენებში და შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებენ კანონის მე-151 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, ვინაიდან აღნიშნული მუხლი ვრცელდება იმ კატეგორიის მომსახურე პერსონალზე, რომლებიც უშუალოდ იღებს ფრენაში მონაწილეობას, ხოლო რ. კ-ა მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებდა ხმელეთზე და მას არ გააჩნდა კომპენსაციის დასანიშნად აუცილებელი ფრენის საათები (6000 საათი), რაც კომპენსაციის დანიშვნის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციით, იმ ხომალდის მეთაურს, რომელსაც შეუსრულდა 50 წელი, 5999 საათი აქვს ნაფრენი და გათავისუფლდა 2005 წლის 1 იანვრამდე, უნდა დაენიშნოს 38 - ლარიანი პენსია და ისიც საპენსიო ასაკის მიღწევის შემთხვევაში და ის პირები, ვინც ხმელეთზე ახორციელებდნენ ტექნიკური პერსონალისათვის დადგენილ სამუშაოებს, მათ აღნიშნული მუხლის შესაბამისად უნდა დაენიშნოთ სახელმწიფო კომპენსაცია.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არ იმსჯელა იმ საკითხზე, თუ რას ეხება კანონის შესაბამისი მუხლი. ამ მუხლის მიღება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ჰაერში ფრენამ შესაძლოა მავნე ზემოქმედება გამოიწვიოს საჰაერო ხომალდის შემადგენლობაზე და ამასთან დაკავშირებით, კანონმდებელმა სპეციალური ნორმით განსაზღვრა მათთვის სახელმწიფო კომპენსაციის პირობები.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული მუხლი, როდესაც პირველი და მეორე პუნქტები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გამოიყენა, მოსარჩელის მიმართ ისარგებლა მხოლოდ ,,სახელმწიფო კომპენსაციების და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტით, თუმცა არ დაუდგენია მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ რომელ პირობებს აკმაყოფილებდა იგი.

სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეების იმ კატეგორიას, რომლებსაც სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ გაცილებით ადრე, ვიდრე ეს ზოგადად უნდა იქნეს კანონის მიხედვით დანიშნული, კერძოდ, არა 65 წლის, არამედ 50 წლის ასაკის მიღწევისას - არასწორია. ასევე არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, სადაც მიუთითებს, რომ აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი იძლევა უფლებას, ზოგადი ნორმებისაგან განსხვავებულად, საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს 70%-ის ოდენობით დაენიშნოთ კომპენსაცია ავიაციის თანამშრომლებს, რომლებმაც მიაღწიეს 65 წლის ასაკს, ამგვარი მსჯელობით დგინდება, რომ თუ მოსარჩელე არ იქნებოდა 65 წლის, მაშინ იგი ვერ იპოვებდა ამ მუხლით დადგენილი პენსიის დანიშვნის უფლებას, რაც უსაფუძვლოა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 27 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2007 წლის 6 აგვისტოს რ. კ-ამ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.