Facebook Twitter

ბს-709-681(კ-08) 12 ნოემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ჟ. და მ. ლ-ები

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების, მატერიალური დახმარების, ჯილდოსა და კვების კომპენსაციის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.08წ. გადაწყვეტილება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ჟ. და მ. ლ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს.

ჟ. ლ-ი 1995 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სამხედრო კლინიკურ ჰოსპიტალში. 2006 წელს იგი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიმართ მოპასუხეს გააჩნია დავალიანება 1338,15 ლარის ოდენობით, მათ შორის _ სახელფასო დავალიანება _ 399,68 ლარი, კვების კომპენსაცია – 669,63 ლარი, ჯილდო – 208,05 ლარი, მატერიალური დახმარება – 61,15 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1338,15 ლარის ოდენობით დავალიანების ანაზღაურება.

მ. ლ-ი 1998 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სამხედრო კლინიკურ ჰოსპიტალში. 2006 წელს იგი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიმართ მოპასუხეს გააჩნია დავალიანება 974,86 ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელფასო დავალიანება 287,77 ლარი, კვების კომპენსაცია – 480,75 ლარი, ჯილდო – 171.44 ლარი, მატერიალური დახმარება – 33,07 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 974,86 ლარის ოდენობით დავალიანების ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.11.07წ. გადაწყვეტილებით ჟ. და მ. ლ-ების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სახელფასო დავალიანების – 399,68 ლარის გადახდა ჟ. ლ-ის სასარგებლოდ და 289,77 ლარის გადახდა მ. ლ-ის სასარგებლოდ. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 09.11.07წ. ¹3-11/8756 და ¹3-11/8757 ცნობების საფუძველზე, დადგენილად ცნო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერიცხება დავალიანება: მ. ლ-ის მიმართ 974,86 ლარის ოდენობით, მათ შორის, ხელფასი – 289,77 ლარი, კვების კომპენსაცია- 480,58 ლარი, ჯილდო – 171,44 ლარი და მატერიალური დახმარება – 33,07 ლარი, ხოლო ჟ. ლ-ის მიმართ – 1 312,87 ლარის ოდენობით, მათ შორის, ხელფასი – 399,68 ლარი, კვების კომპენსაცია- 669,63 ლარი, ჯილდო – 182.41 ლარი და მატერიალური დახმარება – 61,15 ლარი.

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის გასამრჯელო თანამდებობრივი სარგოს საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატებით.

კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლებზე და განმარტა, რომ აღნიშნულ მოთხოვნებზე ვრცელდება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც მოსარჩელეს გაშვებული აქვს.

საქმეში წარმოდგენილი 09.11.07წ. ¹3-11/8756 და ¹3-11/8757 ცნობები სასამართლომ მიიჩნია ინფორმაციული ხასიათის მტკიცებულებად, ვინაიდან, აღნიშნული ცნობები არ შეიცავს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას არსებული დავალიანების ანაზღაურების შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით – სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ასევე მ. და ჟ. ლ-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.08წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ჟ. და მ. ლ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.11.07წ. გადაწყვეტილება გაუქმდა მოსარჩელეებზე მატერიალური დახმარების, ჯილდოსა და კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; ჟ. და მ. ლ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მ. ლ-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის – 480,58 ლარის, ჯილდოს – 171.44 ლარის და მატერიალური დახმარების – 33,07 ლარის ოდენობით გადახდა; ჟ. ლ-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის - 669,63 ლარის, ჯილდოს – 182.41 ლარის, მატერიალური დახმარების – 61,15 ლარის ოდენობით გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლისათვის, სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ჯილდო, მატერიალური დახმარება და სასურსათო ულუფის კომპენსაცია ხელფასის შემადგენელი კომპონენტებია და მათი განხილვა ხელფასისაგან განყენებულად და მათზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლების საფუძველზე, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გავრცელება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 09.11.07წ. ¹3-11/8756 და ¹3-11/8757 ცნობების საფუძველზე, დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერიცხება დავალიანება: მ. ლ-ის მიმართ 974,86 ლარის ოდენობით, მათ შორის, ხელფასი – 289,77 ლარი, კვების კომპენსაცია- 480,58 ლარი, ჯილდო – 171,44 ლარი და მატერიალური დახმარება – 33,07 ლარი, ხოლო ჟ. ლ-ის მიმართ – 1 312,87 ლარის ოდენობით, მათ შორის, ხელფასი – 399,68 ლარი, კვების კომპენსაცია – 669,63 ლარი, ჯილდო- 182,41 ლარი და მატერიალური დახმარება – 61,15 ლარი, რაც მოსარჩელეებს სრულად უნდა აუნაზღაურდეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

კასატორის აზრით, სარჩელი ხანდაზმულია, როგორც ხელფასის, ასევე ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და კვების კომპენსაციის ნაწილში. იმ შემთხვევაში თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია, მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივ საკითხზე მოქმედების განხორციელების ვალდებულების კვალიფიკაცია, მასზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა. სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, როგორც სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეებს უნდა მიეღოთ თითოეული თვის ან პერიოდის ჯილდო, ან მატერიალური დახმარება. სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2007 წელს. ამდენად, სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეებს გაშვებული ჰქონდათ, როგორც სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები. იმ დროს მოქმედი ,,შრომის კანონთა კოდექსის” 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ხდებოდა დროებლივად, 94-ე მუხლის პირველი ნაწილით ხელფასი გაიცემოდა ყოველი ნახევარი თვის შემდეგ მაინც, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.

ამდენად, კასატორის აზრით, უდავოა, რომ ხელფასის გაცემა წარმოადგენს პერიოდულ ვალდებულებას, რომლის მოთხოვნაზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, სსკ-ის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რის გამოც მოსარჩელის თითოეული თვის სახელფასო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს მსჯელობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 08.10.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ჟ. და მ. ლ-ების სასარგებლოდ ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნას დაუშვებლად, ხოლო კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნას დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, დასაშვებად ცნობილ ნაწილში საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად, მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება ჟ. ლ-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 669,63 ლარისა და მ. ლ-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _ 480,58 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ჟ. და მ. ლ-ების სარჩელი კვების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება აგრეთვე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, იღებს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით განსაზღვრული სასურსათო ულუფის კომპენსაციას. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება. შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტების შესახებ კანონებით აღიარებულია წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების ანაზღაურება. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ხანდაზმულობის გამომრიცხავი კანონმდებლობის ხსენებული ნორმები აღნიშნულ კომპენსაციაზე ვერ გავრცელდება. სამხედრო მოსამსახურეზე სასურსათო ულუფის ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აღნიშნული ვადა უნდა აითვალოს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუქცევით. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეს მისაღები აქვს 1998-2000 წლების კვების კომპენსაცია. ვინაიდან სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (01.11.07წ.) გასული იყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, მისი მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამასთანავე, საქმეში დაცული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 23.07.07წ. ცნობებით, რომელთა მიხედვითაც ჟ. ლ-ის კვების კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 669,63 ლარს, ხოლო მ. ლ-ისა – 480,58 ლარს, არ დასტურდება ვალის აღიარება, ვინაიდან ცნობები ინფორმაციულ ხასიათს ატარებენ და ადასტურებენ არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს. ფაქტის და სარჩელის აღიარება არ წარმოადგენს იდენტურ ცნებებს, ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო სარჩელის აღიარება არის დისპოზიციური პრინციპიდან გამომდინარე განკარგვითი აქტი, ფაქტის აღიარება არ ნიშნავს სარჩელის აღიარებას. რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის 24.10.07წ. ¹9/3397 და ¹9/3394 წერილებს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წერილებით ადგილი აქვს სახელფასო დავალიანების აღიარებას, ხოლო სახელფასო დავალიანება არ მოიცავს კვების ულუფის დავალიანების ანაზღაურებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეებისათვის კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენება კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რის გამო საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამინისტროსათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ კვების კომპენსაციის თანხების დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მოსარჩელეთა მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდამულობის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არსებობს ფაქტობრივი გარემოებების ხელახლა გამოსაკვლევად საქმის დაბრუნების საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.08წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი კვების კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა კვების კომპენსაციის – 480,58 ლარის, ხოლო ჟ. ლ-ის სასარგებლოდ 669,63 ლარის ანაზღაურება;

3. ჟ. და მ. ლ-ების სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. თბილისის საქალაქო სასამართლდოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.11.07წ. გადაწყვეტილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.08წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჟ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 643,24ლარი (მათ შორის სახელფასო დავალიანება – 399,68 ლ., ჯილდო – 182,41ლ., მატერიალური დახმარება – 61.15 ლ.), ხოლო მ. ლ-ის სასარგებლოდ 494.28 ლარი (მათ შორის სახელფასო დავალიანება 289,77ლ., ჯილდო – 171.44ლ., მატერიალური დახმარება – 33,07ლ.);

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.