Facebook Twitter

¹ბს-711-677(კ-07) 17 დეკემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი

ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. გ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. გ.-მ 23.10.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 29.11.05წ. ¹983 ბრძანებულებით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ო" ქვეპუნქტის და 541 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გათავისუფლდა თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და ჩაირიცხა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში. საქართველოს პრეზიდენტის 27.10.05წ. ¹857 ბრძანებულების და ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ" დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტების საფუძველზე, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრება, რადგან ჰქონდა სპეციალობით მუშაობის გამოცდილება, ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლედ მუშაობის 6 წელი და 5 თვე და დადებითი მორალური და საქმიანი რეპუტაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 541 მუხლის მე-3 პუნქტის და 48-ე მუხლის თანახმად არ განახორციელა მოქმედება, მოსარჩელის თბილისის სააპელაციო მოსამართლედ წარდგენა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა ამავე ნორმის საფუძველზე არ გამოსცა ბრძანებულება მოსარჩელის მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. მოსარჩელემ სასკ-ის 23-ე, 24-ე და სზაკ-ის 177-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის მოქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ მისი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტისათვის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში მოსარჩელის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ბრძანებულების გამოცემის დავალება.

მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 541 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხვისათვის უნდა არსებობდეს ორი პირობიდან ერთ-ერთი, მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმა ან მისთვის სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების შეუძლებლობა. არც საქართველოს პრეზიდენტის 29.11.05წ. ¹983 ბრძანებულებიდან, რომლითაც მოხდა თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლება და რეზერვში ჩარიცხვა, არც მოსარჩელის 31.10.05წ. რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე თანხმობიდან არ ჩანს, თუ რომელი პირობის ძალით განხორციელდა რეზერვში ჩარიცხვა მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას არასოდეს არ უთქვამს უარი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებაზე, თანხმობა რეზერვში ჩარიცხვაზე დაადასტურა, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 27.10.05წ. ¹857 ბრძანებულება 1 ნოემბრიდან შედიოდა ძალაში, თანხმობის წარმომდგენმა, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრმა უთხრა, რომ მონაწილეობა მიეღო მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში. იმ პერიოდისათვის დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის სადისციპლინო კოლეგიის მიერ დაკისრებული ჰქონდა საყვედური, რომელიც სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებით გაუქმდა. სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების ნება გამოხატა 2005 წლის ნოემბრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა თანამდებობაზე 4-ჯერ გამოცხადებულ კონკურსში მისაღებად წარდგენილი განცხადებებით. მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის გამო. ამასთანავე, მოსარჩელემ ითხოვა იმის გათვალისწინება, რომ არის მიწისძვრით დაზარალებული, რის გამო რეზერვში მყოფი მოსამართლისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო, 500 ლარი არ არის საკმარისი არსებობისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.06წ. განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. გ.-ის სარჩელი მოპასუხის საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, სარჩელი დაშვებულ იქნა მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში.

26.01.07წ. მ. გ.-მ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 29.11.05წ. ¹983 ბრძანებულებით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ო" ქვეპუნქტის და 541 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გათავისუფლდა თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და ჩაირიცხა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრება. მოთხოვნის საფუძვლად მიეთითა ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 49.1 მუხლი, 541 მუხლის მე-3 პუნქტი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 113-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტი, «საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ" დებულების 2.2 მუხლი, ,,მოსამართლეთა სტატუსის ევროპული ქარტიის" მე-7 მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის 86.2 მუხლი. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელეს არ დაეკისრა სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. მოსარჩელემ ,,საერთო სასამრთლოების შესახებ" ორგანული კანონის 541 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტებზე მითითებით მიიჩნია, რომ რეზერვში მყოფი მოსამართლის სამართლებრივი დაცვის ნება ორიენტირებულია შედეგის მიღწევაზე და მოსამართლის უფლება რეზერვში ყოფნის უკუხმობის თაობაზე არ არის შეზღუდული დროით და სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის ქმედების დავალება, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების მიზნით საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსარჩელის წარდგენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.02.07წ. გადაწყვეტილებით მ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 12.02.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. გ.-ის მიერ, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.06.07წ. განჩინებით მ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელი წარდგენილია სზაკ-ის 177-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, მოპასუხე ორგანოს მიერ მ. გ.-ის განცხადებაზე პასუხის გაუცემლობის შემდგომ. პალატამ მიუთითა, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონი და ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ" დებულება ამომწურავად განსაზღვრავს რეზერვის ფორმირების და მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიებს. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 113-ე მუხლი არ გამოიყენება საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის ფორმირებისა და ამ დროს წარმოშობილი ურთიერთობის მიმართ. ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ" დებულების 1-ლი, 2.2 მუხლების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 113-ე მუხლის ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსამართლეთა რეზერვის მიზანი და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით განსაზღვრული მოხელის რეზერვის მიზანი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-11 მუხლის თანახმად, კანონის მოქმედება ვრცელდება მოსამართლეებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დავის გადასაჭრელად მართებულად არ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 113-ე მუხლი.

საქართველოს პრეზიდენტის 20.08.04წ. ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის" მე-20 მუხლზე დაყრდნობით, პალატამ მიიჩნია, რომ წარდგინება სამართლებრივ აქტს წარმოადგენს. კონსტიტუციის 86-ე მუხლით დადგენილი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის დაცვის უზრუნველყოფა სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობის შემცირების შემთხვევაში ხორციელდება მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულებით. ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 541 მუხლის, ასევე ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ" დებულების თანახმად, რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეს შეიძლება ნებისმიერ დროს დაეკისროს სხვა სასამართლოს მოსამართლის უფებამოსილების განხორციელება, რისთვისაც საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრებისათვის საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად. მოქმედების განხორციელების დავალების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, მოქმედება განსახორციელებლად სავალდებულო უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოსათვის. სააპელაციო სასამართლომ სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ლ" ქვეპუნქტის საფუძველზე მიიჩნია, რომ რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენა, საკითხის დაყენება და ინიცირება წარმოადგენს მოპასუხის დისკრეციულ უფლებამოსილებას, არ არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ითვალისწინებს მოპასუხის ვალდებულებას, წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის კანდიდატურა სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად. სასამართლო არ არის უფლებამოსილი მიუთითოს ან დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს მის დისკრეციაში არსებული საკითხებიდან აირჩიოს ერთ-ერთი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება დისმკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს აგრეთვე სასამართლო ინსტანციის არჩევა, რის გამო დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული აპელანტის მოთხოვნა მისი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ წარდგენის შესახებ. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება კონკრეტულ სასამართლოში ამათუიმ კანდიდატურის შერჩევა. ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ" დებულება ადგენს, რომ მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხულთაგან უპირატესობა ენიჭება მოსამართლის სპეციალობით მუშაობის გამოცდილებას, საქმიან და მორალურ რეპუტაციას, საკლასო ჩინს და სამეცნიერო ხარისხს, ამასთანავე აღნიშნულ კრიტერიუმებიდან საკლასო ჩინის მინიჭებას სასამართლო არ ითვალისწინებს, ხოლო კანდიდატის საქმიანი და მორალური რეპუტაციის შეფასებისას ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც კოლეგიურად იღებს გადაწყვეტილებას, არ შეიძლება შეეზღუდოს სასამართლოს მიერ კანდიდატურის არჩევის პრეროგატივა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.06.07წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. გ.-ის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნა, არამედ ქმედების განხორციელება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის კანდიდატის წარდგენა პრეზიდენტისათვის, ისევე როგორც ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის" მე-20 მუხლით გათვალისწინებული: ,,წინადადება, რეკომენდაცია, კერძო სარეკომენდაციო ბარათი" წარმოადგენს საინფორმაციო ხასიათის რეალაქტს, მიმართულია არა სამართლებრივი, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ. სასკ-ის 24-ე მუხლზე მითითებით კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სარჩელი აღძრული უნდა ყოფილიყო ,,აქტის გამოცემის მოთხოვნით", რადგან სასკ-ით ამგვარი სარჩელი დაშვებული არ არის. კასატორი თვლის, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 11.2 მუხლი არ გამორიცხავს ამავე კანონის 113-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის გამოყენების შესაძლებლობას, რადგანაც არ არსებობს ნორმა, რომლითაც მის საწინააღმდეგოდ ,,სხვა რამ" არის დადგენილი. კანონის 120-ე მუხლის თანახმად, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული პირის სამართლებრივი სტატუსი, მისი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით". იმ შემთხვევაში, თუ გავიზიარებთ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დებულება კანონისაგან განსხვავებით ,,სხვა გარემოებებს" არეგულირებს, ,,ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 25-ე, მე-19 მუხლების თანახმად მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხულ პირთა მიმართ გამოიყენება როგორც ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით, ისე ,,საერთო სასამართლოთა რეზერვის შესახებ" დებულების ნორმები.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად წარდგენა არის დისკრეციული უფლებამოსილება. კასატორი თვლის, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 541 მუხლის მე-3 პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ რეზერვში მყოფ მოსამართლეს წინასწარი წერილობითი თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება ნებისმიერ დროს დაეკისროს სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება, ავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რეზერვში მყოფი მოსამართლის წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობისას ნებისმიერ დროს, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ: ,,საერთო სასამართლოების რეზერვის შესახებ" დებულების შესაბამისად, შეარჩიოს მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხულთაგან სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად კანდიდატი. 541 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვა ,,შეიძლება" ასახავს მოსამართლის უფლებას რეზერვში ყოფნის უკუხმობის თაობაზე და არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. კასატორის აზრით მოპასუხის დისკრეციულ უფლებამოსილებას გამორიცხავს საქართველოს კონსტიტუციის მე-6, მე-7, 29-ე, 30-ე, 86-ე მუხლები. კასატორი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე 8-10.07.1998წ. ,,მოსამართლეთა სტატუსის ევროპული ქარტიის» მე-7 მუხლზე, ,,ევროპული სოციალური ქარტიის" 1-ლი ნაწილის 1-ელ პუნქტზე, ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის" 8.2 მუხლზე. კასატორი აღნიშნავს, რომ სადღეისოდ თბილისის სააპელაციო საამართლოში 34 ვაკანსიაა, აკმაყოფილებს «საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულების" მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხულთაგან კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებს, აქვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლედ მუშაობის 6,5 - წლიანი სტაჟი, დადებითი საქმანი და მორალური რეპუტაცია, რის გამო კასატორი თვლის, რომ მისი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა დაევალოს ქმედების განხორციელება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების მიზნით საქართველოს პრეზიდენტისათვის მისი წარდგენა. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის ინსტანციის, ასევე კონკრეტული ინსტანციის სასამართლოში წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება განეკუთვნება ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. სზაკ-ის მე-2 მუხლის ,,ლ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეიძლება ისარგებლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოსამართლის თანამდებობის ვაკანსია ნაკლები იქნება რეზერვში ჩარიცხულ იმ მოსამართლეთა ოდენობაზე, რომელიც გამოთქვამს რეზერვში ჩარიცხვის თანხმობას და ასეთი მოსამართლეები ითხოვენ ისეთ სასამართლოში უფლებამოსილების განხორციელების დაკისრებას, სადაც ასეთი მოთხოვნის მქონე მოსამართლეების ოდენობაზე ნაკლები ვაკანსიაა. სარჩელის საფუძვლიანობას, კასატორის აზრით, ადასტურებს ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 30.04.07წ. ბრძანებულებით ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ" დებულების მე-4 მუხლს დაემატა ,,ე" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად ,,მოსამართლე რეზერვიდან გამოყვანილ იქნება, თუ დაიკავა მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას". ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევის გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.