ბს-711-683(2კ-08) 25 სექტემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
2. ც. მ.-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ც. მ.-ის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ც. მ.-მა 2007 წლის 4 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 1417 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ მისი მეუღლე _ ეროვნული გვარდიის ყოფილი ...-ის ბატალიონის ოფიცერი ვ. მ.-ი გარდაიცვალა 2005 წლის 7 ივნისს. მოსარჩელის განმარტებით, აწ გარდაცვლილ ვ. მ.-ის მიმართ, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ განუხორციელებია 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 1417,56 ლარის ანაზღაურება, კერძოდ, 1998 წლის _ 415,80 ლარი; 1999 წლის _ 593,46 ლარი; 2000 წლის _ 408,30 ლარი.
ს.ფ. 48-ზე წარმოდგენილია ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსისა და საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ 2007 წლის 19 დეკემბერს გაცემული ¹4732 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ყოფილი ...-ის ბატალიონის აწ გარდაცვლილი ოფიცრის ვ. მ.-ის 1998-99-2000 წლების კუთვნილი, ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენს 1417,56 ლარს; კერძოდ: 1998 წლის ხელფასი _ 179,80 ლარი, კვების კომპენსაცია _ 236 ლარი; 1999 წლის ხელფასი _ 239,46 ლარი, კვების კომპენსაცია _ 354 ლარი; 2000 წლის ხელფასი _ 172,30 ლარი, კვების კომპენსაცია _ 236 ლარი.
ს.ფ. 18-ზე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2007 წლის 17 აგვისტოს ¹9/2554 პასუხი ც. მ.-ის მიმართ, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში განხილულ იქნა ც. მ.-ის მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ¹9-5751 წერილი. იქვე აღნიშნულია, რომ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდება ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მისი თხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში, კვლავ დაუბრუნდება დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ც. მ.-ის სასარგებლოდ აწ გარდაცვლილი ვ. მ.-ის სახელფასო დავალიანების _ 1417,56 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ც. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ც. მ.-ის სასარგებლოდ მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის _ ვ. მ.-ის კუთვნილი სახელფასო დავალიანების _ 591,56 ლარის ანაზღაურება; სარჩელის მოთხოვნა კვების კომპენსაციის _ 826 ლარის თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებები კვების კომპენსაციის თანხის სახელფასო კომპონენტად მიჩნევის, ამ ნაწილში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აღიარების არსებობისა და მასზე ხანდაზმულობის ვადის გავრცელების დაუშვებლობის შესახებ.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. სასამართლომ ჩათვალა, რომ სასურსათო ულუფა და სანივთე ქონება წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეებს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის ანაზღაურებაც მოწესრიგებულია არა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, არამედ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონით, რომელიც სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური საკითხების რეგულირების სპეციალურ ნორმას წარმოადგენს.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 17 აგვისტოს წერილით ც. მ.-დმი გარდაცვლილი მეუღლის კუთვნილი სახელფასო დავალიანების აღიარებასთან დაკავშირებით, მაგრამ მიიჩნია, რომ ეს აღიარება ვერ გავრცელდება კვების კომპენსაციაზე, რადგან, როგორც აღინიშნა, იგი არ წარმოადგენს ხელფასის კომპონენტს.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ხელფასი თავისი სამართლებრივი ბუნებით განსხვავდება სოციალური უზრუნველყოფის ისეთი სახისაგან, როგორიც არის სასურსათო ულუფის (კვების) კომპენსაცია, მის მიმართ, როგორც სოციალური უზრუნველყოფის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ც. მ.-მა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორმა _ ც. მ.-მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. კასატორის მოსაზრებით, სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასი არ განისაზღვრება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის თანახმად. სამხედრო მოსამსახურის ხელფასს ადგენს სპეციალური ნორმა, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი. კასატორი მიუთითებს, რომ ზოგადად, 2007 წლის 26 სექტემბრის თავდაცვის სამინისტროს ¹560 ბრძანებით განსაზღვრულია შრომითი გასამრჯელო, რომელიც მოიცავს ხელფასს, წელთა ნამსახურობას, წოდებრივ დანამატს და სხვა სოციალურ და მატერიალურ უზრუნველყოფას. მოცემულ შემთხვევაში განსაზღვრულია დავალიანება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ ვრცელდება სამხედრო მოსამსახურეებზე. კასატორი მიუთითებს ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე.
კასატორმა _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ ხელფასის დაკმაყოფილების ნაწილში და არასწორად განმარტა კანონი. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლებით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1 და 105-ე მუხლები, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, კერძოდ, საქმეში არსებული ცნობები შეაფასა დავალიანების აღიარებად, რაც არაკანონიერია და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მას მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი გააჩნია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ც. მ.-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ც. მ.-ის საკასაციო საჩივრები არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ც. მ.-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.