¹ბს-712-678(კ-07) 20 სექტემბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 2 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას საქმის გამარტივებული წესით განხილვისა და დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა ზ. მ.-მა მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ.
განმცხადებლის მითითებით, იგი 1996 წლიდან 2002 წლის ივლისის ჩათვლით მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში ...-ის თანამდებობაზე. სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ კონტროლის პალატას ერიცხება მის მიმართ შრომის ანაზღაურების დავალიანება. განმცხადებლის ხელზე მისაღები თანხა არის 1003.47 ლარი, ხოლო საერთო დავალიანება შეადგენს 1184.1 ლარს. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს კონტროლის პალატა 2005 წლის 14 ივლისს გაცემული ¹856/17 ცნობით, თუმცა მისი არაერთი თხოვნის მიუხედავად, დავალიანებას არ ანაზღაურებს, რაც არღვევს განმცხადებლის უფლებებს.
განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს კონტროლის პალატისათვის 1184.1 ლარის გადახდის დაკისრება (ს.ფ. 1-2).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 მარტის გადახდის ბრძანებით საქართველოს კონტროლის პალატას ზ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1184.1 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდა, საიდანაც ხელზე მისაღები თანხა შეადგენდა 1003.47 ლარს (ს.ფ. 8-9).
2006 წლის 27 მარტს საქართველოს კონტროლის პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შესაგებელი წარადგინა, რომლითაც მოითხოვა საქმის სასარჩელო წარმოების წესით განხილვა და საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაბმა (ს.ფ. 14-15).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის შესაგებელი მოპასუხე ზ. მ.-ის მიმართ განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (ს.ფ. 26-27).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 676.83 ლარისა და სამივლინებო დავალიანების _ 338.10 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. მ.-ი მუშაობდა კონტროლის პალატაში და მოპასუხეს მის მიმართ გააჩნდა 676.83 ლარის სახელფასო და 338.10 ლარის სამივლინებო დავალიანება. აღნიშნული დასტურდებოდა საქმეში არსებული საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 14 ივლისის ¹856/17 და 2006 წლის 15 ნოემბრის ¹1149/17 ცნობებით. მოსარჩელე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის თანახმად წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველი.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს კონტროლის პალატას უსახსრობის გამო დავალიანების გადახდა არ უნდა დაკისრებოდა. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა კანონიერი იყო და ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ს.ფ. 52-53).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრება.
აპელანტის მითითებით, მოსარჩელის მიმართ სახელფასო და სამივლინებო დავალიანება გამოიწვია 1998-2000 წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიურმა მდგომარეობამ, რის გამოც არ მოხდა კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრულად დაფინანსება. 2004-2007 წლების “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონებით წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის ხარჯებისათვის, მათ შორის, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა საბოლოო ანგარიშსწორებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო გარკვეული თანხები, საიდანაც კონტროლის პალატას არავითარი ასიგნება არ მიუღია. “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ასიგნება არის ფისკალური წლის განმავლობაში საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული მიზნებისათვის დამტკიცებული მოცულობის ფარგლებში ხარჯის გაწევის უფლებამოსილება, რომელიც გათვალისწინებულია ბიუჯეტით. ასიგნების გარეშე ხარჯის გაწევა და ვალდებულების აღება დაუშვებელია. “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენს საბიუჯეტო დაწესებულებას და დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნია. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც გამოდის სახელმწიფოს სახელით, წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს კონტროლის პალატასთან ერთად და სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, მისი სოლიდარული ვალდებულება წარმოშობილია კონტროლის პალატასთან ერთად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველყოფა უნდა დაკისრებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სხვა შემთხვევაში კი მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოხდებოდა ცენტრალური ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის შემდეგ (ს.ფ. 60-62).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კანონიერი იყო და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა (ს.ფ. 82-83).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრება.
კასატორის მითითებით, მოსარჩელის მიმართ დავალიანება გამოიწვია 1998-2000 წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიურმა მდგომარეობამ, რის გამოც არ მოხდა კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრულად დაფინანსება. “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენს საბიუჯეტო დაწესებულებას და დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნია. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც გამოდის სახელმწიფოს სახელით, წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს კონტროლის პალატასთან ერთად და სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, მისი სოლიდარული ვალდებულება წარმოშობილია კონტროლის პალატასთან ერთად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველყოფა უნდა დაეკისროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სხვა შემთხვევაში კი მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის შემდეგ (ს.ფ. 87-88).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, ვერ ასაბუთებს მისი მოთხოვნის არსებით საფუძვლიანობას.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.