Facebook Twitter

ბს-712-684(კ-08) 30 სექტემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე /დ. ჯ.-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის - რუსთავის რეგიონალური ცენტრის მიმართ, საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობისა და თანხის ჩამოწერის შესახებ/.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

დ. ჯ.-მ სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საგადასახადო მოთხოვნის, 2006 წლის 3 აპრილის ¹2635/04 აქტის ბათილად ცნობა და თანხის - 1523 ლარის ჩამოწერა /იხ.ს.ფ. 1-2/.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით დ. ჯ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 3 აპრილის ¹2635/04 აქტი. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის პირადი ბარათიდან თანხის - 1523 ლარის ჩამოწერა; მოპასუხეს - რუსთავის საგადასახადო ინსპექციას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 38 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ /იხ.ს.ფ. 32-33/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. რუსთავის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას /იხ.ს.ფ. 36-38/.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის საოქმო განჩინებით რუსთავის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრი /იხ. სხდომის ოქმი/.

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან /იხ.ს.ფ. 60-62/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალურმა ცენტრმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელი და არასრულია. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, “საგადასახადო მოთხოვნის” და “გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი. საგადასახადო კოდექსი, რომლითაც განისაზღვრა საგადასახადო მოთხოვნის ცნება, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა, ძალაში შევიდა 2005 წლის 1 იანვარს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ნორმა აწესრიგებს საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ვადებს 2005 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში წარმოშობილ ნარჩენ საგადასახადო დავალიანებაზე. სასამართლოს მიერ აღნიშნული მუხლის მოთხოვნების გავრცელება მანამდე წარმოშობილ საგადასახადო დავალიანებებზე ყოვლად დაუშვებელია /იხ.ს.ფ. 67-74; 89-96/.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აგვისტოს განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ.ს.ფ. 98-99/.

მხარეებს საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის მიერ კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ ვერ უზრუნველყო მითითება იმ საფუძვლებზე, რომელიც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს არგუმენტაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.