Facebook Twitter

¹ბს-713-679(კ-07) 27 სექტემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ნ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ნ.-მ 05.02.07წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პარლამენტის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 1215 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ იყო 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი. საქართველოს პარლამენტს დღემდე მისთვის არ გადაუხდია 2003 წლის ოქტომბრის, ნომებრისა და დეკემბრის თვის ხელფასი საერთო თანხით 1215 ლარი. აღნიშნულის შესახებ ორჯერ მიმართა განცხადებით საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარეს, რათა დაეფარათ აღნიშნული დავალიანება, მაგრამ დღემდე ვერ მოხერდა დავალიანების დაფარვა. პარლამენტი მიზეზად ასახელებს იმას, რომ ფინანსთა სამინისტრო არ გამოყოფს დამატებით ასიგნებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.07წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოსარჩელე – მ. ნ.-ის სასარგებლოდ, მოპასუხე – საქართველოს პარლამენტს დაეკისრა სახელფასო დავალიანების 1215.00 ლარის ანაზრაურება.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელე მ. ნ.-ი ნამდვილად იყო 1999-2004 წლებში პარლამენტის წევრი და მის სახელზე დარიცხულია და გასაცემია გასული წლების დავალიანებების 2003 წლის ოქტომბრის, ნომბრის და დეკემბრის თვის 3*255.00=765.00 ლარი და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული თანხა 2003 წლის ოქტომბრის ნოემბრის და დეკემბრის თვის 3*150.00=450 ლარი, მთლიანი დავალიანება კი შეადგენს 1215,00 ლარს, რაც დასტურდება საქართველოს პარლამენტის აპარატის ცნობით. ასევე საქმის მასალებით სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ სადავო თანხის მოთხოვნით მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა შესაბამის ორგანოს, მაგრამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მართალია სადავოდ არ არის გამხდარი მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობა და ოდენობა, მაგრამ ვინაიდან მოპასუხეს ამ ეტაპზე არ გააჩნია შესაბამისი სახსრები, დავალიანების გადახდა არ უნდა მოხდეს და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონით “საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზრაურების შესახებ” განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი, ხოლო საქართველოს კანონის “საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად პარლამენტის წევრის ხელფასი განისაზღვრება კანონით და პარლამენტის წევრისათვის ხელფასის გაცემა იწყება პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების დადასტურების დღიდან და მთავრდება შესაბამისი მოწვევის პარლამენტის ან მისი როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე იყო პარლამენტის წევრი, რომელსაც ზემოდასახელებული კანონების საფუძველზე სრული უფლება აქვს მოითხოვოს 2003 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების მიუღებელი ხელფასი, თანხით 1215,00 ლარი. ამდენად საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და მოპასუხე, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია აუნაზღაუროს მ. ნ.-ს სახელფასო დავალიანება 1215.00 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.02.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტმა და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.07წ. განჩინებით საქართველოს პარლამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.07წ. გადაწყვეტილება.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კანონიერია და შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს პარლამენტმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.05.07წ. განჩინება, რომლითაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაგროვება, ისევე როგორც ყველა საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა, გამოწვეული იყო საბიუჯეტო დეფიციტით და შესაბამისი თანხების მიუღებლობით, ამდენად, როგორც საქმეზე თანდართულ პარლამენტის აპარატის ბუღალტერიის მიერ გაცემულ ცნობაშია დაფიქსირებული, მ. ნ.-ზე გასაცემი თანხები აღიარებულია კასატორის მიერ, მაგრამ აღნიშნული თანხის გადახდა პირდაპირ და უშუალო კავშირშია ფინანსთა სამინისტროს მხრიდან პარლამენტის ანგარიშზე ამ თანხების ჩარიცხვასთან, რაც დღემდე არ მომხდარა, საქართველოს პარლამენტის მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად. ამასთან, “საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით გამოიყენონ ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები. საქართველოს ფინანსთა მინისტრის სახელზე გაგზავნილ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მ. მ.-ის 10.10.06წ. და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის გ. მ.-ს 21.11.06წ. წერილებით ეთხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ასიგნებების გამოყოფა, რათა საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს მის წინაშე არსებული კრედიტორული დავალიანებების დაფარვა, რაც დღემდე არ განხორციელებულა. კასატორმა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიუთითა, რომ პარლამენტი, რომელსაც მკაცრად აქვს გაწერილი მიმდინარე წლის მისთვის გამოყოფილი თანხები ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლების მიხედვით, ვერანაირად ვერ შესძლებს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების სრულად დაფარვას, სანამ არ მოხდება ფინანსთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნული დავალიანებების დასაფარად შესაბამისი ასიგნებების გამოყოფა. კასატორის მოსაზრებით არც ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ და შემდგომში არც ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინეს მათ მიერ მოყვანილი არგუმენტები და მტკიცებულებები და 28.05.07წ. განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.07წ. გადაწყვეტილება, რომელითაც საქართველოს პარლამენტს დაეკისრა მ. ნ.-ის სასარგებლოდ 1215 ლარის გადახდა, რაც კასატორის აზრით არის დაუსაბუთებელი და უკანონო. ამასთან, კასატორს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებს, რადგან მოცემულ საქმესთან დაკავშირებული ურთიერთობა ძალზედ სპეციფიური ხასიათისაა სამართლებრივი თვალსაზრისით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ კასაციის წესით აღნიშნული საქმის განხილვა ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის და სტანდარტის დამკვიდრებას აღნიშნული დავების თუ წარმოშობილი ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.07.07წ. განჩინების შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარე – მ. ნ.-მ 13.09.07წ. მოსაზრება წარმოადგინა საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.