¹ბს-714-680(კ-06) 24 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი – მ. ვ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ხულოს რაიონის ღორჯომის თემის საკრებულო
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 27 ოქტომბერს მ. ვ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხულოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხულოს რაიონის .... თემის საკრებულოს მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 32 წელი მუშაობდა ხულოს რაიონის .... თემის საკრებულოს ცენტრალიზებული ბუღალტერიის .... თანამდებობაზე.
..... საკრებულოს გამგებლის 2005 წლის 9 მარტის ¹19 განკარგულებით იგი გათავისუფლდა სამსახურიდან, რაც, მოსარჩელის განმარტებით, უკანონოა, ვინაიდან მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 108-ე და შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლების დარღვევით. მითითებული მუხლების მიხედვით, მუშაკი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებული უნდა იყოს ერთი თვით ადრე, წერილობით, რასაც, მოსარჩელის მითითებით, მის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ამასთან, ასევე არამართებულია მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 93-ე მუხლზე მითითება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ..... თემის საკრებულოს გამგებლის 2005 წლის 9 მარტის ¹19 განკარგულების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
შუახევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ნოემბრის განჩინებით მ. ვ-ის სასარჩელო განცხადებაზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ვ-ემ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მას ჩაჰბარდა 2005 წლის 23 სექტემბერს, ხოლო სასარჩელო განცხადება სასამართლოში შეიტანა 2005 წლის 14 ოქტომბერს, რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით, რაც არასწორია. ვინაიდან, აღნიშნული ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი, კერძოდ, ამავე კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისად, მოხელეს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება და აგრეთვე მოქმედება.
ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლო უწყება არ ჩაჰბარებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა შუახევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და მისი სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 იანვრის განჩინებით მ. ვ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხულოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის განჩინება და საქმე სარჩელის დასაშვებობის საკითხის გასარკვევად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ხულოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 აპრილის განჩინებით მიხეილ ვანაძის სასარჩელო განცხადება ცნობილ იქნა დასაშვებად.
ხულოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით მ. ვ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ვ-ემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მისი სასარჩელო განცხადება ეფუძნებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 108-ე მუხლსა და შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის მოთხოვნებს და გაუგებარია სასამართლოს მითითება “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 101-ე მუხლზე, რომელთა საფუძველზე, თითქოს .... თემის საკრებულომ სავსებით სამართლებრივად გამოსცა 2005 წლის 9 მარტის განკარგულება, ვინაიდან, აპელანტის განმარტებით, სასამართლო თავად მიუთითებს, რომ მოპასუხის მხრიდან დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ხულოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინებით მ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხულოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით. მოსამსახურე პენსიაში გადის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ამავე კანონის 101-ე მუხლით კი მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ასაკის გამო, ამ კანონის 50-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო მ. ვ-ე, სასამართლოს მითითებით, დაბადებულია 1937 წლის 1 ივლისს.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ვ-ემ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამეყენებინა. კასატორის მითითებით, მოცემული დავის განხილვისას მას სადავოდ არ გაუხდია “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლი, იგი სადავოდ არ ხდის არც იმ ფაქტს, რომ მოცემული მუხლის შესაბამისად, შესაძლებელია ასაკის გამო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება, კასატორის განმარტებით, სადავოა ის გარემოება, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, კერძოდ, ამ კანონის 108-ე მუხლის იგნონირებით, რომელიც იმპერატიულად განსაზღვრავს მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების წესსა და პრობებს. მითითებული მუხლის შესაბამისად, მოსამსახურეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უნდა აცნობონ ერთი თვით ადრე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება მოსამსახურის გათავისუფლება სათანადო კომპენსაციის ანაზღაურებით, რაც მოპასუხე .... თემის საკრებულოს არ გაუკეთებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
კასატორი – მ. ვ-ე .... თემის საკრებულოს გამგებლის 2005 წლის 9 მარტის ¹19 განკარგულებით გათავისუფლდა .... თემის საკრებულოს მთავარი ბუღალტრის თანამდებობიდან.
კასატორის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად დაედო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი ნაწილი.
კასატორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მისი გათავისუფლება მოხდა იმ პირის მიერ, ვისაც მისი სამსახურში მიღების უფლება ჰქონდა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო კასატორთან მიმართებაში დაცულად მიიჩნევს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 93-ე მუხლის მოთხოვნას.
რაც შეეხება გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებულ საფუძველს, კერძოდ, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველ ნაწილს, მითითებულის შესაბამისად, სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით. დადგენილია, რომ კასატორი მ. ვ-ე დაბადებულია .... წლის 1 ივლისს. ამდენად, გასაჩივრებული ბრძანების მიღების მომენტისათვის მ. ვ-ე მიეკუთვნებოდა საპენსიო უზრუნველყოფის ასაკის მქონე პირს.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 101-ე მუხლი დასაშვებად მიიჩნევს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას ზღვრული ასალის მიღწევის გამო.
ზემოაღნიშნული მუხლების საფუძველზე და კასატორის ასაკის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო კანონიერად მიიჩნევს ..... თემის საკრებულოს განკარგულებაში მითითებულ სამართლებრივ საფუძველს და მიიჩნევს, რომ მითითებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მართებულია.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ძირითად საფუძველს, კერძოდ, კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მის მიმართ დაცული არ იქნა წინასწარი გაფრთხილების ვადა, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში ადასტურებს კასატორის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მაგრამ იმავდროულად საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მითითებული ვადის დარღვევა კანონმდებლის მიერ მიჩნეულია ადმინისტრაციის მხრიდან შესაბამისი კომპენსაციის გაცემის და არა გათავისუფლების თაობაზე მიღებული აქტის გაუქმების საფუძვლად, კერძოდ, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ამ კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის გარდა, მოხელეს ეძლევა ხელფასი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს მითითებული მუხლის შინაარსზე და დამატებით განუმარტავს კასატორს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის დარღვევა იძლევა მხოლოდ იმის საფუძველს, რომ .... თემის საკრებულოს მის სასარგებლოდ დაეკისროს ორი თვის თანამდებობრივი სარგო და ხელფასი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რომელიც, სასამართლოს დაანგარიშებით, შეადგენს ერთი თვის ხელფასს და რაც ..... თემის საკრებულოს სადავოდ არ გაუხდია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოთხოვნას ..... თემის საკრებულოს გამგებლის 2005 წლის 9 მარტის ¹19 განკარგულების ბათილობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.