Facebook Twitter

ბს-714-680(კ-07) 31 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს ,,....’’ დირექტორის მ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2004 წლის 18 თებერვალს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს «." მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, შეწყვეტილად ყოფილიყო ცნობილი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და შპს «....’’ შორის ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, .... მე-2 მკ/რ-ის მე-16 კორპუსში განთავსებული 127,80 კვ.მ არასაცხვრებელ ფართზე 2001 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება და გამოთხოვილი ყოფილიყო მოპასუხის მფლობელობიდან მის მიერ დაკავებული ფართი.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და მოპასუხე შპს «...." შორის საპრივატიზაციო ობიექტის შესახებ 2001 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა და მოპასუხის მიერ დაკავებული ფართი დაუბრუნდა მოსარჩლეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს «...." დირექტორმა მ. ს-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა; შეწყვეტილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და შპს «...." შორის ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ..... მე-2 მკ/რ-ის მე-16 კორპუსში განთავსებული 127,80 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე 2001 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, შპს «....” მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მის მიერ დაკავებული 127.80 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე თბილისში, ისანი-სამგორის რაიონი, ..... მეორე მიკრორაიონი მე-16 კორპუსი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «....” სასამართლო უწყება არ გაეგზავნა სადავო ხელშეკრულებაში მითითებულ იურიდიულ მისამართზე: თბილისი, ...., .... ქუჩა ¹2, უწყება გაეგზავნა შპს «....” წარმომადგენელს მ. ს-ეს, მის მიერ სადავო ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე. (ქ. თბილისი, .... ქ. 4ა, ბინა 39).

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 ივნისის სხდომის თაობაზე სასამართლო უწყება შპს «....’’-ს არ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394. «ბ" მუხლის შესაბამისად, არის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან აპელანტი მხარე არ მოითხოვდა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევის გამო საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებას, ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385.2 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, თვითონ გადაეწყვიტა საქმე და გამოეტანა გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2001 წლის 25 დეკემბერს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და შპს «....” წარმომადგენელ მ. ს-ეს შორის სანოტარო წესით გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კონკურსში გამარჯვებულ მყიდველს - შპს «..." წარმომადგენელ მ. ს-ეს (გამოსყიდვამდე) მფლობელობაში და სარგებლობაში გადაეცა ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ...., მე-2 მ/რ-ის მე-16 კორპუსში განთავსებული 127,80 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი, რომლის საბოლოო გამოსასყიდი ფასი შეადგენდა 3300 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. «მყიდველი" ვალდებული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში დაეფარა გადასახდელი საბოლოო ფასის არანაკლებ 51%, ხოლო ობიექტის ღირებულების 49% უნდა გადაეხადა ორი წლის განმავლობაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით. ამ ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, თუU «მყიდველი" (შპს ,,.....”) დადგენილი გრაფიკის მიხედვით არ დაფარავდა ქონების საბოლოო ფასს, ხელშეკრულება უქმდებოდა და «მყიდველს" გადახდილი «ბე" არ უბრუნდებოდა, ხოლო 5.1. პუნქტით კონკურსის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავდა სასამართლო. 2001 წლის 20 დეკემბერს შედგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მანანა სალუქვაძის მიერ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს აგნარიშზე .... სს «..... ბანკში" გადახდილ იქნა 2001 წლის 10 დეკემბერს 716-06 ლარი, ანუ 330 აშშ დოლარი, 2001 წლის 25 დეკემბერს 2752-20 ლარი, ანუ 1320 აშშ დოლარი, სულ 1650 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი, ანუ გადახდილ იქნა საპრივატიზაციო ღირებულების მხოლოდ 50%.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ამ მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 172. 1 მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «...." მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით საპრივატიზებო ქონების საბოლოო ფასი სრულად არ იქნა დაფარული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. უფრო მეტიც, ქონების ღირებულების 50% არ ყოფილა დაფარული 2006 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობითაც. საგულისხმოა, რომ სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის აპელანტი მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცება იმისა, რომ შპს «...." მიერ დაიფარა არსებული დავალიანება და სრულად იქნა გადახდილი ობიექტის საპრივატიზებო ღირებულება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს «...." წარმომადგენელმა მ. ს-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.'

კასატორი აღნიშნავდა, რომ თავიდანვე საქმე განხილულ იქნა კანონდარღვევით. საქმის განხილვა დაიწყო ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელით. სასამართლომ არ მიიღო მათ მიერ წარდგენილი სარჩელი იმ მოტივით, რომ მიმდინარეობდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ლიკვიდაციის პროცესი.

კასატორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში სხდომები ჩატარდა კანონდარღვევით, მათ არ მიუღიათ მოწვევა სასამართლო პროცესზე და არ ჩაჰბარებიათ გადაწყვეტილება.

KAკასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს წარდგენილი მტკიცებულებების თანახმად არ გამოურკვევია, ეკუთვნოდა თუU არა მას დარჩენილი თანხის გადახდა და ხელშეკრულების გაგრძელება და თუ ეკუთვნოდა, მას უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება _ და დაეკისრებინა მისთვის თანხის გადახდა, რაზედაც უარს არ ამბობდა, მიუხედავად იმისა, რომ გადახურვაზე დახარჯული თანხები პირადად აქვს დაფარული და შეიძლებოდა კანონით მომხდარიყო თანხების ჩათვლა.

სააპელაციო სასამართლოს ასევე არ გაუთვალისწინებია ის გარემოებაც, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო დღესაც თანახმაა თუ იგი გადაიხდის თანხას, გაუგრძელოს ხელშეკრულება. მაგრამ არც ერთ პროცესზე არ გამოცხადებულან. პრიორიტეტს ანიჭებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ხოლო სასამართლომ მოსთხოვა წერილობით თანხმობა მათ ზეპირ გარიგებაზე, ამ შემთხვევაში კი პრივატიზაციის სამმართველოს უარი უნდა ეთქვა სარჩელზე, რომელიც გრძელდება 2004 წლიდან.

კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ იგი თანახმაა გადაიხადოს პრივატიზაციის სამმართველოში დარჩენილი თანხა, თავისი პროცენტებით, რომელიც დარიცხულია ძირითად თანხაზე, მაგრამ გარკვეული შეღავათებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, შპს ,,.....’’ დირექტორის - მ. ს-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ შპს ,,....’’ დირექტორის - მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს შპს ,,....’’ დირექტორის - მ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას შპს ,,....’’ დირექტორს - მ. ს-ეს საკასაციო საჩივარს განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.