¹ბს-716-682(კ-კს-07) 27 დეკემბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. ლ.-ის, ნ. მ.-ისა და ტ. ლ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 აპრილის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 29 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სასარჩელოს განცხადებით მიმართა თ. ლ.-მ მოპასუხე ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2003 წლის 8 ივლისს ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის მითითებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2003 წლის 8 ივლისს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ ჩაატარა განმეორებითი იძულებითი აუქციონი ქ. რუსთავში, მე-... მ/რ-ის ¹5-61-ში მდებარე ნ. მ.-ის კუთვნილი ბინის იძულებითი გაყიდვის მიზნით. მოსარჩელე წარმოადგენს ნ. მ.-ისა და ტ. ლ.-ის ვაჟიშვილს და ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს ზემოაღნიშნულ ბინაში. შესაბამისად, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ მასთან მიმართებაში დაარღვია მისი მოქალაქეობრივი უფლებები, ასევე საცხოვრებელი ფართის უპირატესი შესყიდვის უფლება, რის გამოც არსებობს 2002 წლის 8 ივლისის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი (ს.ფ. 2).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 აგვისტოს საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. კ.-ი, ტ. ლ.-ი და ნ. მ.-ე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე (ს.ფ. 107-108).
საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა 2002 წლის 8 ივლისს ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ლ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «ბ» პუნტზე, რომლის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნა თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ იმის გამო, რომ ეს ფაქტები დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მართალია, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ სასამართლოსათვის ვერ იქნა წარდგენილი ნ. მ.-ის კუთვნილი ბინის აუქციონზე გაყიდვასთან დაკავშირებული სააღსრულებო საქმის მასალები, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული აუქციონის შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით არსებობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 15 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, სადაც მხარეებს წარმოადგენდნენ _ ნ. მ.-ე, ტ. ლ.-ი, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო და ნ. კ.-ი. დასახელებული გადაწყვეტილებით, საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდებოდა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. მ.-სა და ტ. ლ.-ს ნ. კ.-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 2900 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2001 წლის 6 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. იმის გამო, რომ ნ. მ.-მ და ტ. ლ.-მა არ შეასრულეს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება, 2002 წლის 8 ივლისს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ ჩაატარა აუქციონი ქ. რუსთავში, მე-... მ/რ-ის ¹5-61-ში მდებარე ბინაზე. აუქციონზე გამოცხადდნენ მხარეები. ტ. ლ.-ი არ დაესწრო აუქციონის დამთავრებას. აუქციონზე ბინა შეიძინა მესამე პირმა _ ნ. კ.-მ. 2002 წლის 8 ივლისს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაიცა სააღსრულებო განკარგულება ნ. კ.-ის მიერ აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების მიღების შესახებ, რის შემდეგაც მითითებული ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ. კ.-ის სახელზე.
თ. ლ.-ი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით ითხოვდა, რომ მისთვის, როგორც ოჯახის წევრისათვის, არ იყო ცნობილი აუქციონის ჩატარების დრო და მიზეზი, რითაც სააღსრულებო ბიურომ მოსარჩელესთან მიმართებაში დაარღვია მის მიერ ფართის უპირატესი შესყიდვის უფლება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს კრედიტორისა და მოვალის დასახელება და მათი რეკვიზიტები. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ტ. ლ.-სა და ნ. მ.-ს ნ. კ.-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 2900 აშშ დოლარის გადახდა, სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2001 წლის 6 აგვისტოს. სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად მითითებულია ნ. კ.-ი, მცხოვრები ქ. რუსთავში, მე-... მ/რ-ის ¹5-61-ში. «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ გამოცხადება ხდება საჯაროდ, სასამართლოს დაფაზე გამოკრული განცხადებით და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს აღმასრულებელი აცნობებს უწყების გადაცემით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილია ის ფაქტი, რომ მხარეებს ეცნობათ აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი და ისინი გამოცხადდნენ აუქციონზე. ამ გადაწყვეტილებით ნ. მ.-ისა და ტ. ლ.-ის სარჩელი 2002 წლის 8 ივლისის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ აღმასრულებელმა დაარღვია მის მიერ ბინის შესყიდვის უპირატესი უფლება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სასამართლომ მიუთითა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია რაიმე უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ლ.-ს სასამართლოში ასეთი სარჩელი არ აღუძრავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა 2002 წლის 8 ივლისის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც თ. ლ.-ის სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ს.ფ. 187-191).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ აღნიშნული დავის გადაწყვეტისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში ნ. მ.-ე ქალაქში არ იმყოფებოდა, შესაბამისად, მისთვის ცნობილი არ იყო სასამართლო სხდომების თაობაზე. მას არც ერთი უწყება ხელზე არ ჩაბარებია, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული შეტყობინებები. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე იგი ფიზიკურად ვერ შეძლებდა დასწრებას, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა-გ» ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, არსებობდა საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები (ს.ფ. 198-199).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე თ. ლ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის საქალაქო სასამართლოში ხელახლა არსებითად განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მან იშუამდგომლა საქმის განხილვის გადადების თაობაზე იმ მოტივით, ნ. მ.-ე სასამართლო სხდომის დღის შესახებ არ იყო კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული. საქალაქო სასამართლომ თ. ლ.-ის აღნიშნული შუამდგომლობა უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა.
აპელანტის თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში არ ასახულა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2005 წლის 26 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ნ. მ.-მ და ტ. ლ.-მ და მოითხოვეს მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაბმა, ხოლო 2006 წლის 9 ივნისს საქალაქო სასამართლომ ისე დაადგინა საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვა, რომ ზემოაღნიშნულ შუამდგომლობაზე არ უმსჯელია.
გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში ასევე არ არის მითითებული იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 20 სექტემბრის ¹05-01 მიმართვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლისადმი, რომლის თანახმადაც, სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არ იმყოფება სადავო იძულებითი აუქციონის მასალები. სააღსრულებო ბიუროს დასახელებული მიმართვა თ. ლ.-ს არ ჩაბარებია.
გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ სასამართლო სხდომის რომელ სტადიაზე და კონკრეტულად რა დარღვევისათვის იქნა გაძევებული ტ. ლ.-ი სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქალაქო სასამართლომ სადავო აუქციონი კანონდარღვევით ჩატარებულად მიიჩნია იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 20.09.06წ. წერილიდან ირკვეოდა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არ იმყოფებოდა სადავო იძულებითი აუქციონის მასალები, რადგან 2003 წლის 9 ივნისს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს ოფისი გაიქურდა, რის შედეგადაც წარმოებაში არსებული ყველა საქმე დაიკარგა. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლო სრულყოფილად ვერ დაადგენდა რამდენად კანონიერად ჩატარდა აუქციონი. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო აუცილებლად დაადგენდა, რომ აუდიტის შეფასება არასწორი იყო. გარდა ამისა, არასწორი იყო აუდიტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. რუსთავში, მე-... მ/რ, ¹5-61-ში, არის რვასართულიანი ბინის მე-8 სართულზე, არასტანდარტული ხუთოთახიანი. აღნიშნულის თაობაზე არსებობდა აუდიტის ალტერნატიული დასკვნა, რომლის თანახმად, ბინა არის ექვსოთახიანი, ხოლო მისი ღირებულება შეადგენს 7000 აშშ დოლარს. მითითებული დასკვნა სააღსრულებო ბიუროს ჩაბარდა აუქციონის ჩატარებამდე ხუთი დღით ადრე. სააღსრულებო ბიურო ვალდებული იყო განეხილა მხარის განცხადება აუდიტის დასკვნასთან ერთად, საკითხის გამოკვლევის შემდეგ დაენიშნა ხელახალი ექსპერტიზა, რომელიც დაადგენდა სადავო ბინის რეალურ საბაზრო ღირებულებას. მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა სააღსრულებო ბიურო ვალდებული, ჩაეტარებინა აუქციონი (ს.ფ. 208-215).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 აპრილის განჩინებით თ. ლ.-ისა და ნ. მ.-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით და ჩათვალა, რომ არ არსებობდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების რაიმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი (ს.ფ. 304-306).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ლ.-ის, ნ. მ.-ისა და ტ. ლ.-ის მიერ. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნება შემდეგი მოტივებით:
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის განჩინების იმ ნაწილში, სადაც პროცესის მონაწილეებია ჩამოთვლილი, აპელანტებს შორის დასახელებულია ნ. მ.-ე, რითაც სასამართლოს მხრიდან დარღვეულია ნ. მ.-ის საპროცესო სტატუსი. ნ. მ.-ე არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აპელანტად, რამდენადაც მან სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ. ვინაიდან ნ. მ.-ე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა საფუძველზე არ იყო გაფრთხილებული სასამართლო სხდომის თაობაზე, აღნიშნული იძლეოდა საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ნ. მ.-ის საჩივარი არასწორად მიიჩნია სააპელაციო საჩივრად, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების, ამავე კოდექსის 236-237-ე მუხლების მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების იმ გრაფაში, სადაც მესამე პირებია დასახელებული, აღნიშნულია, რომ ნ. კ.-ი და ტ. ლ.-ი არ გამოცხადდნენ 2007 წლის 17 აპრილის სასამართლო სხდომაზე, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
2007 წლის 17 აპრილის სასამართლო სხდომაზე კასატორებმა წარადგინეს წერილობითი შუამდგომლობა, რომლითაც ითხოვეს მოცემულ საქმეზე წარმოების შეჩერება რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში მყოფ საქმეზე (რომელზეც დავის საგანს წარმოადგენდა რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის მოვალეობის შემსრულებლის პასუხის ბათილად ცნობა) საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მათი ამ შუამდგომლობის საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტზე დაყრდნობით, აღნიშნულ საქმეზე წარმოება შეჩერდა. აქედან გამომდინარე, კასატორებისთვის გაუგებარია, თუ რატომ მიიღო სააპელაციო სასამართლომ განჩინება მათ მიერ ზემოაღნიშნულ შუამდგომლობაში დასახელებული საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში კიდევ ერთ პროცესუალურ დარღვევას წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღნიშნული განჩინება არ შეიცავს მითითებას საქმის განხილვის ფორმასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის სხდომაზე თ. ლ.-ის გამოუცხადებლობის მიზეზს წარმოადგენდა მისი ავადმყოფობა, რაც სასამართლოსათვის ცნობილი იყო. აღნიშნული მოტივით ტ. ლ.-ი ითხოვდა საქმის განხილვის გადადებას, თუმცა სასამართლომ მისი ეს მოთხოვნა უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 აგვისტოს საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. კ.-ი, ტ. ლ.-ი და ნ. მ.-ე. აღნიშნული საოქმო განჩინებაზე ტ. ლ.-მ შეიტანა კერძო საჩივარი, რისი განხილვის უფლებაც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ ჰქონდა. იგი ვალდებული იყო მითითებული კერძო საჩივარი ზემდგომ სასამართლოში გადაეგზავნა, რაც არ განუხორციელებია. ამით კი დაირღვა ტ. ლ.-ის საპროცესო უფლებები.
გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, რის საფუძველზეც დაადგინა, რომ თ. ლ.-ისა და ნ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ამავე განჩინების თანახმად, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან აპელანტები _ თ. ლ.-ი და ნ. მ.-ე, მათი მოწინააღმდეგე მხარე _ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო, ასევე მესამე პირები _ ნ. კ.-ი, ტ. ლ.-ი, ნ. მ.-, შესაბამისად, კასატორებისთვის გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მითითება მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენასთან დაკავშირებით (ს.ფ. 320-324).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ლ.-ის, ნ. მ.-ისა და ტ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თ. ლ.-ის, ნ. მ.-ისა და ტ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ლ.-ის, ნ. მ.-ისა და ტ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 აპრილის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. თ. ლ.-ს, ნ. მ.-სა და ტ. ლ.-ს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 30%-ის _ 90 (ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.