ბს-716-688(კ-08) 25 სექტემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ა.-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)
მესამე პირი _ საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია
დავის საგანი – ბინის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ა.-მა 2007 წლის 13 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისაგან ბინის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის _ 49 324 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მისი ოჯახი გაწევრიანდა საბინაო საამშენებლო კოოპერატივ ,,...-ში” ოთხოთახიანი ბინის აშენების უფლებით, რომელიც უნდა აშენებულიყო ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე. მშენებლობა დაიწყო 1989 წელს, მაგრამ შემდგომ შეაჩერა მშენებლობა. აღნიშნულზე ფინანსთა სამინისტრომ 2000 წელს ჩაატარა ინვენტარიზაცია, რის შედეგად მთავრობამ აღნიშნული კოოპერატივის ბინათმშენებლობა აღრიცხა შიდა ვალში და კოოპერატივის წევრებს ბინის სანაცვლოდ დაჰპირდა ფულადი კომპენსაციის გაცემას საბაზრო ღირებულებით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი დღემდე მოუგვარებელია. მოსარჩელე განმარტავს, რომ სტატისტიკის დეპარტამენტიდან აქვს ინფორმაცია ბინის საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით კერძოდ, რომ 2006 წლის ოქტომბრისათვის ქ. თბილისში, ერთოთახიანი ბინის 1 კვ.მ-ის ღირებულება შეადგენდა 1101.02 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 მარტის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის II ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩართულ იქნა საქართველოს კოოპერატიული ბინათმშენებლობის ასოციაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა ლ. ა.-ის სასარგებლოდ ბინის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის _ 49 324 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ა.-ი იყო საბინაო-საამშენებლო კოოპერატივი ,,...-ის” წევრი, რომელსაც გადახდილი ჰქონდა ოთხოთახიანი ბინის სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 40%, დარჩენილი 60% თანდათანობით, ბინის აშენების შემდგომ უნდა გადაეხადა. ბინა უნდა აშენებულიყო ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე, ხოლო ასაშენებელი ბინის საერთო ფართი შეადგენდა 112 კვ.მ-ს. მშენებლობა დაიწყო 1989 წელს, მაგრამ შეჩერდა, რაზეც 2000 წელს ფინანსთა სამინისტრომ ჩაატარა ინვენტარიზაცია. მთავრობამ აღნიშნული კოოპერატივის ბინათმშენებლობა აღრიცხა რა შიდა ვალში, ბინის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია უნდა გაეცა საბაზრო ღირებულებით, საქმეში წარმოდგენილი ცნობის თანახმად ბინის საბაზრო ღირებულება სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 1 კვმ-ზე შეადგენდა 1101.02 ლარს.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის ,,ზ” პუნქტის თანახმად, აღნიშნული დავალიანება სახელმწიფომ აღიარა შიდა ვალად, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს დაევალა მოცემული სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დაფარვის წესი შეემუშავებინა და წარედგინა საბიუჯეტო კომიტეტისათვის, რაც 1998 წლის 1 სექტემბრამდე უნდა შეესრულებინა. აღნიშნული წესი 1999 წლის 11 ოქტომბერს დამტკიცდა ფინანსთა მინისტრის ¹26 ბრძანებულებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ 1999 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებულ იქნა საქართველოს კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო დავალიანების ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელების პროგრამა. 2001-2005 წლების ჩათვლით შესაბამის უფლებამოსილ პირებს დაევალათ პროგრამის მიხედვით მთელ საქართველოში აღნიშნული დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფა. საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ა.-მა არაერთგზის მიმართა მოპასუხეს დაპირების შესრულების მოთხოვნით, მაგრამ მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის თვალსაზრისით. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ ისარგებლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილებით და არ მიიღო ზომები სათანადო მტკიცებულებათა შესაგროვებლად. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1” ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების აბსოლუტური საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. ა.-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან განჩინებაში არ არის მითითებული თუ რომელი მტკიცებულება არ არის საქმეში და რატომ უნდა გამოიწვიოს ამ მტკიცებულების არარსებობამ გადაწყვეტილების გაუქმება. კასატორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სწორია და მისი მიღებისას კანონი არ დარღვეულა. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გამოკვლეულ და დადგენილ იქნა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა გადაწყვეტილების მიღებას. გადაწყვეტილებაში მითითებულია შესაბამისი სამართლებრივი საფუძველიც და შესაბამისად, არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ლ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ლ. ა.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.