Facebook Twitter

¹ბს-717-683(კ-07) 16 იანვარი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე(მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. და გ. ბ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

02.03.05წ. თ. ბ-მა და გ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 02.02.05წ. ¹01/09 მიწერილობისა და მის საფუძველზე განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების უკანონოდ და ბათილად ცნობა. მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 28.12.04წ. გადაწყვეტილებით ხ. თ-ას სასარგებლოდ დაეკისრათ 7300 აშშ დოლარის გადახდა, რაზეც 20.01.05წ. გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 02.02.05წ. ¹01/09 მიწერილობით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების წინადადება მიეცათ და მათ, როგორც მოვალეებს, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 1131- მუხლის საფუძველზე სააღსრულებო მოსაკრებლის სახით 511 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ. მათ მიერ ნებაყოფლობით შესრულებულ იქნა სასამართლოს გადაწყვეტილება.

მოსარჩელეთა აზრით, მათთვის სააღსრულებო მოსაკრებლის დაკისრება უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს 02.02.05წ. ¹01/09 მიწერილობა ამ ნაწილში. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 1131 მუხლის თანახმად, “სააღსრულებო მოსაკრებლების შესახებ” კანონის მიღებამდე მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ამოღებული თანხის 7%-ით, რომელსაც იხდის კრედიტორი თანხის ამოღების შემდეგ. მოსარჩელეთა აზრით, სააღსრულებო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება კრედიტორს და აღნიშნული ვალდებულება მას შემდეგ წარმოეშობა, რაც ამოღებული იქნება სასამართლო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.07.06წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ხ. თ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.07.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.07წ. გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით თ. და გ. ბ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, სააღსრულებო მოსაკრებლის გადახდა ეკისრება მოვალეს და ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. ამავე კანონის 1131- მუხლის პირველი პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით განისაზღვრა, რომ “სააღსრულებო მოსაკრებლის შესახებ” კანონის მიღებამდე სააღსრულებო მოსაკრებლის ოდენობა წარმოადგენს ამოღებული თანხის 7%-ს და კრედიტორი მას იხდის თანხის ამოღების შემდეგ. სააპელაციო პალატის განმარტებით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო მოსაკრებლების ოდენობა და მათი გადახდის წესი “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონით განისაზღვრება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია პრინციპი, რომლის თანახმად, სააღსრულებო მოსაკრებლის გადახდა უნდა დაეკისროს მოვალეს და იგი უნდა ამოღებულ იქნეს აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. სააპელაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული პრინციპი დამოუკიდებლად არსებობს და მისი ამოქმედება “სააღსრულებო მოსაკრებლის შესახებ” კანონის მიღებას არ უკავშირდება. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 1131- მუხლი, როგორც “სააღსრულებო მოსაკრებლების შესახებ” კანონის მიღებამდე მოქმედი ნორმა, გარდამავალ პერიოდში “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისაგან განსხვავებულ წესს არ ადგენდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს წინააღმდეგობა ზემოაღნიშნულ ნორმებს შორის. კანონის 10.3 მუხლი განსაზღვრავს, რომ მოსაკრებლის გადახდა ეკისრება მოვალეს და ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად, ხოლო 1131 განსაზღვრავს მოსაკრებლის უშუალო გადამხდელს და იგი უნდა გადაიხადოს კრედიტორმა მას შემდეგ, რაც იგი აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად ამოღებული იქნება მოვალისაგან. აღნიშნული მუხლი არ გულისხმობს, რომ მოსაკრებელს იხდის კრედიტორი მოვალის ქონებიდან ამოღებული თანხებიდან. სწორედ ამიტომ იხდის კრედიტორი მოსაკრებელს თანხის ამოღების შემდეგ და არა თანხის ამოღებამდე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებისათვის სააღსრულებო მოსაკრებლის გადახდის დაკისრება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის არც ერთ ზემოაღნიშნულ მუხლს არ ეწინააღმდეგება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ბ-მა და გ. ბ-მა. კასატორებმა აღნიშნეს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რამაც იმდენად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნული გარემოება კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1" ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. კასატორთა განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხი გამომდინარეობს იმ სამართლებრივი პრობლემიდან, რომელიც დაკავშირებულია სააღსრულებო მოსაკრებლის გადამხდელი სუბიექტის დადგენასთან იმ პერიოდში (09.02.2005), როდესაც თ. და გ. ბ-ების მიმართ იძულებითი სააღსრულებო წარმოება ხორციელდებოდა. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 1131-ე მუხლის იმ რედაქციის მიხედვით, რომელიც სადავო პერიოდში მოქმედებდა, სააღსრულებო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება კრედიტორს ეკისრებოდა, რაც ერთმნიშვნელოვნად იყო დადგენილი ხსენებული ნორმით. ეს უკანასკნელი კი ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო აქტში გარდამავალი დებულების სახითაა მოცემული და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება ,,სააღსრულებო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონის მიღებამდე, ანუ ზემოხსენებული ნორმის მიზანი და დანიშნულება ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონში 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხის განსხვავებულად მოწესრიგებაა.

კასატორებმა მიუთითეს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც სააპელაციო სასამართლომ საფუძვლად დაუდო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, იმავე კანონის 1131-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, გარდამავალ პერიოდში, ,,სააღსრულებო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონის მიღებამდე, არ უნდა იქნეს გამოყენებული, რადგან ზემოხსენებული გარდამავალი დებულების მიღება სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ სააღსრულებო მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა გარკვეული დროით განსხვავებულად იქნეს მოწესრიგებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაურკვეველია, რა მიზნით იქნა დადგენილი განსხვავებული წესი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 1131-ე მუხლით და საერთოდ რა ქმნიდა ამ ნორმის დეკლარირების საჭიროებას, თუკი მაინც იმავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი უნდა იქნეს გამოყენებული 1131-ე მუხლი გარდამავალი დებულების სახით შეიცავს არა მხოლოდ მოსაკრებლის ოდენობის დამდგენ ნორმას, არამედ ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსაკრებლის გადამხდელ სუბიექტს. თუ კანონმდებელი ზემოხსენებული ნორმით მხოლოდ მოსაკრების ოდენობას დაადგენდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი ხსენებული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენება, მაგრამ კანონმდებლის მიზანს გარდამავალ პერიოდში არამხოლოდ მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობის დადგენა, არამედ მისი გადამხდელი სუბიექტის განსაზღვრაც წარმოადგენდა, რაც ნათლად იკვეთება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" 1131 მუხლის დეფინიციიდან. ის ფაქტი, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 1131 მუხლით დადგენილი საკანონმდებლო დანაწესით სააღსრულებო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება კრედიტორს ეკისრებოდა, კასატორთა აზრით, გამომდინარეობს 2005 წლის 1 ივლისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებიდან, რომლითაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 1131 მუხლი სხვა რედაქციით ჩამოყალიბდა და სააღსრულებო მოსაკრებლის გადამხდელად კრედიტორის ნაცვლად მოვალე განისაზღვრა, მაგრამ იმის გამო, რომ ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 47-ე მუხლით დადგენილი პრინციპებიდან გამომდინარე, მოცემულ საკანონმდებლო ცვლილებას არა აქვს უკუძალა, იგი ვერ გავრცელდება მათ მიმართ. კასატორების განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო მოსაკრებლის გადახდა ეკისრება მოვალეს, ხოლო 1131 მუხლი კრედიტორის სახით განსაზღვრავს მოსაკრებლის უშუალო გადამხდელს. კასატორების აზრით, სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს ეფუძნება. კასატორების განცხადებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის სახით არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის სახით გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და იმავე კანონის 1131 მუხლი (2005 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) არასწორად განმარტა.

კასატორებმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინეს მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კასაციის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. კასატორები მიიჩნევენ, რომ მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის (აბსოლუტური კასაცია), განსახილველი დავის საგანი იშვიათ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს, ანალოგიურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს რამდენიმე სასამართლო აქტი, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებულად განმარტავს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის ზემოხსენებულ ნორმებს, სახელდობრ, თავად მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2006 წლის 25 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილება (¹3/1619-06), რომლითაც გაზიარებულ იქნა მათი პოზიცია და განიმარტა, რომ სადავო პერიოდში სააღსრულებო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება კრედიტორს ეკისრებოდა, აგრეთვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.07.06წ. ¹2ბ/1257-06 განჩინება, რომელშიც სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 1131 მუხლით სააღსრულებო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება კრედიტორს ეკისრებოდა. კასატორებს მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის მოთხოვნებს და იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 30.07.07წ. განჩინებით თ. და გ. ბ-ების საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის შესახებ მოსაზრებების წარმოსადგენად. კასატორმა წარმოადგინა მოსაზრება, რომლის თანახმად, თ. და გ. ბ-ების საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. და გ. ბ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ უნდა იქნეს დასაშვებად მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. და გ. ბ-ების საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. და გ. ბ-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.