Facebook Twitter

¹ბს-718-684(კ-06) 10 იანვარი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 13 თებერვალს ი/მ ,,ხ. ქ-ამ” სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ი/მ ,,ხ. ქ-ა” რეგისტრირებულია ქ. ზუგდიდში 2004 წლის 1 ივნისს, მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი ..... მოსარჩელის განმარტებით, მას მანადე არანაირი სამეწარმეო საქმიანობა არ უწარმოებია და, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებაც მის მიმართ არ წარმოშობილა.

2006 წლის 9 იანვარს საგადასახადო ინსპექციიდან მიიღო საგადასახადო მოთხოვნა ¹273, რომლის შესაბამისადაც, 2005 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, მასზე დარიცხულმა დავალიანებამ შეადგინა ძირითადი თანხა - 4000 ლარი და საურავი - 5240 ლარი. მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა არის სრულიად უსაფუძვლო და უკანონო, ვინაიდან შემოწმების აქტის მიხედვით დავალიანება დაერიცხა 2002-2003 წლებიდან. 2003 წლის 10 იანვარს შედგენილი კამერალური აქტის შესაბამისად, იგი არის პურსაცხობის მესაკუთრე, რაც არამართებულია, ვინაიდან მას ამ საქმიანობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული დარიცხვის შესახებ მისთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი 2004 წელს და, შესაბამისად, განცხადებით მიმართა ფოთის საგადასახადო ინსპექციას დაშვებული უზუსტობის გასწორების შესახებ, რაზედაც დღემდე პასუხი არ მიუღია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 10 იანვრის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტისა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 24 დეკემბრის ¹273 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობასა და საგადასახადო გირავნობის იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2005 წლის 24 დეკემბრის ¹273 შეტყობინების მოქმედების შეჩერებას.

ფოთის საქალაქო სასამართლოში მოსარჩელეების წარმომადგენლებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს ზუგდიდის საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 10 იანვრის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილობა; ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 24 დეკემბრის ¹273 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა, რომლითაც, 2005 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, ი/მ ,,ხ. ქ-ას” საგადასახადო დავალიანება შეადგენს გადასახადის ძირითადი გადახდის ნაწილში 4000 ლარს, ხოლო საურავის ნაწილში -5240 ლარს, სულ – 9240 ლარს, ასევე, ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 24 დეკემბრის ¹273 შეტყობინების ბათილად ცნობა.

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ი/მ ,,ხ. ქ-ას” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 24 დეკემბრის ¹273 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ი/მ ,,ხ. ქ-ას”, 2005 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, საგადასახადო დავალიანება შეადგენს გადასახადის ძირითადი თანხის ნაწილში 4000 ლარს, ხოლო საურავის ნაწილში - 5240 ლარს, სულ – 9240 ლარს. გაუქმდა ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 24 დეკემბრის ¹273 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქმეში წარმოდგენილია ზუგდიდის საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 1 ივლისის ანკეტა ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ ხ. ქ-ა ზუგდიდის საგადასახადო ინსპექციაში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულ იქნა 2004 წლის 1 ივლისს. მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ხ. ქ-ას საკუთრებაში არსებული პურსაცხობის შესახებ.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხ. ქ-ას არანაირი ვალდებულება არ უნდა დაეკისროს კამერალური შემოწმების აქტის მიხედვით.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ი/მ ,,ხ. ქ-ას”, პურსაცხობის ღუმლის ფართის მიხედვით, კანონიერად დაერიცხა ფიქსირებული გადასახადი 4000 ლარი. კამერალური შემოწმება დაფუძნებული იყო ქ. ზუგდიდში არსებული პურსაცხობების ფართობების აზომვის მასალებზე. ამ მასალებში მეწარმის სახელზე რეგისტრირებულია პურსაცხობი, რომლის ფართობიც 2,5 კვ.მ-ია.

აპელანტის მოსაზრებით, ასევე უკანონოა ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზუგდიდის საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 10 იანვრის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის გაუქმების თაობაზე, ვინაიდან გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მთლიანად აქტზე არაა მსჯელობა. აქტის მიხედვით, შემოწმება შეეხო ქ. ზუგდიდში არსებულ პურსაცხობებს და ამ აქტის გაუქმებით ქ. ზუგდიდში არსებულ პურსაცხობებსაც უნდა ჩამოეწეროთ დავალიანება, რაც, აპელანტის განმარტებით, სრულიად უკანონოა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება ზუგდიდის საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობის ნაწილში. ი/მ ,,ხ. ქ-ას” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 10 იანვრის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი ი/მ ,,ხ. ქ-ას” ნაწილში, ხოლო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის 63-ე ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისად, პირები, რომელთა საკუთრებაში ან კანონიერ სარგებლობაში იყო პურფუნთუშეულის საცხობი, საწარმოო სიმძლავრეები, რომელთა საშუალებითაც ახორციელებდნენ პურ-ფუნთუშეულის წარმოებასა და მიწოდებას, იბეგრებიან ფიქსირებული გადასახადით. საქმეში არსებული ზუგდიდის საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 1 ივლისის ანკეტით, ხ. ქ-ა ინდმეწარმედ რეგისტრირებულია 2004 წლის 1 ივლისს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2003 წელს ხ. ქ-ას პურ-ფუნთუშეულის საწარმო ვერ ექნებოდა. საპირისპირო მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი საგადასახადო ინსპექციის მიერაც. 1997 წლის საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული გადასახადები, რომელთა შესაბამისადაც ეს პირი გადასახადის გადამხდელია.

2005 წლის საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, გადასახადი არის ბიუჯეტებში სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი. ამ ნორმიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელმა უნდა გადაიხადოს გადასახადი, რაც რეგისტრაციის შემდეგ ხორციელდება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ხ. ქ-ა 2004 წლის 1 ივლისამდე ეწეოდა ისეთ საქმიანობას, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარებოდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

მოცემულ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული აქტები კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან მოსარჩელეს გადასახადის გადახდის ვალდებულება 2004 წლის 1 ივლისამდე არ წარმოშობია. ამასთან, ვინაიდან ზუგდიდის საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 10 იანვრის აქტი სხვა პირებსაც ეხება, მითითებული აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მხოლოდ ხ. ქ-ას ნაწილში.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონის ის ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა ის ნორმა, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია სადავო პერიოდისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლისა და ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 2002 წლის 25 ივნისის საქართველოს კანონის იგნორირებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 16 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2006 წლის 8 დეკემბერს ი/მ ,,ხ. ქ-ამ” საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შეპასუხება, რომლითაც ითხოვდა კასატორისათვის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.