¹ბს-719-685(კ-06) 12 იანვარი, 2007 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ლ. პ-მა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის – ბათუმის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბათუმის პრეფექტურის 1991 წლის 8 მაისის ¹34 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ¹556 ჩანაწერის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 2-3).
საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ დ. დ-ე, თ. ც-ე და ა. ს-ა (იხ. ს.ფ. 12).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 56-58).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. პ-მა, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 62-64).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განჩინებით ლ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 106-109).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. პ-მა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმე ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნება (იხ. ს.ფ. 120-125).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე (იხ. ს.ფ. 130-131)
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში მესამე პირმა თ. ც-ემ წარმოადგინა მოსაზრება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას /იხ.ს.ფ. 143-147/. კასატორს – ლ. პ-ს და მოწინააღმდეგე მხარეს - ბათუმის მერიას არ წარმოუდგენიათ მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. 130-131/.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ლ. პ-ის მიერ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, არ იქნა უზრუნველყოფილი მოსაზრებების წარმოდგენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის – ლ. პ-ის საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელსაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ლ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. წინამდებარე განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.