Facebook Twitter

¹ბს-720-686(კ-06) 10 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 29 მარტს ლ. ვ-ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ლ. მ-ის მიმართ და მოპასუხის შენობიდან გამოსახლება და საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1989 წელს სოფელ ..... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით მაღაზიის ასაშენებლად გამოეყო 100 კვ. მ მიწის ნაკვეთი. მოსარჩელემ სათანადო წესით დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, აღნიშნულ ნაკვეთზე ააშენა ერთსართულიანი კაპიტალური შენობა და შექმნა კოოპერატივი “.....”, რომელიც ხელვაჩაურის სახალხო დეპუტატთა რაიონულ საბჭოში მის სახელზე იქნა რეგისტრირებული.

მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მან შენობა, ინვენტართან და დოკუმენტაციასთან ერთად, სარგებლობის უფლებით, დროებით ლ. მ-ეს დაუთმო, ხოლო, როდესაც შენობის დაბრუნება მოითხოვა, უარი მიიღო.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო შენობა მის სახელზე იყო რეგისტრირებული და მის საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო მოპასუხე ხელს უშლიდა საკუთრებით სარგებლობაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხის სადავო შენობიდან გამოსახლება და საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა მოითხოვა.

მოგვიანებით, ლ. ვ-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მესამე პირებად შ-ების თემის საკრებულოს გამგეობა, ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველო და ხელვაჩაურის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველო დაასახელა და სადავო მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული მაღაზიის ლ. მ-ზე დაკანონების თაობაზე სოფელ ..... კოოპერაციული მეურნეობის საერთო კრების 1998 წლის 11 ნოემბრის ¹2 ოქმისა და ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და ლ. მ-ეს შორის გაფორმებული 1997 წლის 2 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულების გაუქმება, სადავო მიწის ნაკვეთსა და შენობაზე სარგებლობისა და საკუთრების უფლების ცნობა, მოპასუხის სადავო შენობიდან გამოსახლება და ყველა ინვენტარის დაბრუნება მოითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ვ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და ლ. მ-ეს შორის 1997 წლის 2 დეკემბერს, გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. ვ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული იყო საქმის სამოქალაქო-სამართლებრივი ნაწილი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 მარტის განჩინებით ლ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება კოოპერაციული მეურნეობის საერთო კრების 1998 წლის 11 ნოემბრის ¹2 ოქმისა და სადავო მიწის ნაკვეთსა და შენობაზე სარგებლობისა და საკუთრების უფლების ცნობის შესახებ უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ლეილა ვათაძემ გაადიდა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა და დამატებით ..... თემის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 29 ნოემბრის ¹28 გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დამტკიცდა სოფელ ..... კოოპერაციული მეურნეობის საერთო კრების 1998 წლის 11 ნოემბრის ¹2 ოქმი.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ვ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა სოფელ ..... კოოპერაციული მეურნეობის საერთო კრების 1998 წლის 11 ნოემბრის ¹2 ოქმი და .... თემის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 29 ნოემბრის ¹28 გადაწყვეტილება; მოსარჩელე ლ. ვ-ის მოთხოვნა სადავო მიწის ნაკვეთისა და შენობის სარგებლობის უფლების ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის მოთხოვნა სადავო მიწის ნაკვეთსა და შენობაზე საკუთრების უფლების ცნობის, მოპასუხე ლ. მ-ის შენობიდან გამოსახლების, დოკუმენტაციისა და ინვენტარის დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ლ. მ-ემ გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

აპელანტის განმარტებით, ლ. ვ-ე არასათანადო მოსარჩელეს წარმოადგენდა, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი გამოეყო კოოპერატივ “ჩ-ს”, რომელიც შემდგომ რეგისტრაციაში გატარდა, როგორც კოოპერატივი “....” და არა _ ლ. ვ-ეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ივლისის განჩინებით ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოეყო კოოპერატივ “ჩ-ს”, რომელიც სახელწოდებათა აღრევის თავიდან აცილების მიზნით, დარეგისტრირდა კოოპერატივ “...”, ვინაიდან სოფელ .... არსებობდა იმავე სახელწოდების სხვა დაწესებულებაც. აღნიშნული კოოპერატივის თავმჯდომარეს კი ლ. ვ-ე წარმოადგენადა. ამის შემდეგ, ლ. მ-ეს გამოეყო 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც სადავო 100 კვ.მ მიწის ნაკვეთსაც მოიცავდა.

სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ ჩათვალა სადავო მიწის ნაკვეთის, მასზე განლაგებული შენობით, ლ. მ-ის გამოყოფა, მაშინ, როდესაც იგივე მიწის ნაკვეთი ლეილა ვათაძეს ჰქონდა გადაცემული და აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმებული არ იყო. ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ლ. მ-ან დადებული იჯარის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი კანონიერ ძალაში შესული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათილად მიიჩნია სადავო მიწის ნაკვეთის ლ. მ-ის გადაცემის თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ივლისის განჩინება ლ. მ-ემ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 10 იანვრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.