¹ბს-721-687(კ-06) 7 მაისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 27 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. ჯ-მ მოპასუხე აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 27 იანვრის ¹3 ბრძანების გაუქმება და იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გ. ჯ-ი 1987 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2005 წლის 24 აგვისტოს ¹432 ბრძანებით იგი დაინიშნა ქ. ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის ....... განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების ინსპექტორად. აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 27 იანვრის ¹3 ბრძანებით აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს შტატგარეშე დარჩენილი რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობა, მათ შორის, მოსარჩელე, აყვანილ იქნა ამავე სამმართველოს კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების განკარგულებაში.
მოსარჩელე მიუთითებდა შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მუშები და მოსამსახურეები შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან მათი საქმიანობის შეწყვეტის, მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირების გამო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გათავისუფლებული მუშაკის შრომის უფლება გარანტირებულია სხვა სამუშაოს მიცემით იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში. მოცემულ შემთხვევაში შტატების შემცირებას ადგილი არ ჰქონია, ის თანამდებობა, რომელზეც მოსარჩელე მუშაობდა დღესაც არსებობს, მხოლოდ საშტატო ერთეულს შეეცვალა სახელწოდება (ს.ფ. 1-2, 31-33).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჯ-ი აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 24 აგვისტოს ¹432 ბრძანებით დაინიშნა ქ. ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის ........ განყოფილებაში სისხლის სამართლის სამძებრო პოლიციის ....... განყოფილებაში სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების ინსპექტორად. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 18 იანვრის ¹73 ბრძანებით აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში, მათ შორის, ქ. ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის ........ განყოფილებაში განხორციელდა სტრუქტურული და ფუნქციური რეორგანიზაცია. 2006 წლის 18 იანვრის ¹73 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგის თანახმად, სამმართველოს ........ განყოფილებაში სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების ნაცვლად შეიქმნა კრიმინალური პოლიციის ჯგუფი. აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 27 იანვრის ¹3 ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობა, მათ შორის, გ. ჯ-ი, აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში 2006 წლის 1 თებერვლიდან.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საშტატო რეორგანიზაციის გამო კადრების განკარგულებაში მყოფ პირთა თანამდებობაზე დანიშვნა მოხდა ქვეგანყოფილების (სადაც მოსარჩელე მუშაობდა) ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე. გ. ჯ-ის დანიშვნასთან დაკავშირებით კადრების განყოფილებაში წარდგინება არ შესულა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის ¹113 ბრძანების თანახმად, ოპერატიულ თანამშრომლებს განესაზღვრათ გამომძიებლის სტატუსი და მიენიჭათ უფლებამოსილება განეხორციელებინათ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
სასამართლოს მითითებით, გ. ჯ-ი არის უცხო ენის სპეციალისტი. მან პროცესზე დაადასტურა მოპასუხის არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ ინსპექტორ-გამომძიებელს გარდა ინსპექტორის ფუნქციებისა, გააჩნდა ახალი ფუნქცია _ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება. აქედან გამომდინარე, გაბათილდა მოსარჩელის მიერ სარჩელში აღნიშნული მტკიცება იმის შესახებ, თითქოს ინსპექტორის შტატი არ შემცირებულა და მხოლოდ სახელი შეეცვალა. შესაბამისად, მისი მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა, რადგან დადგენილად იყო მიჩნეული, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას, რაც თავის მხრივ სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ ინსპექტორ-გამომძიებლებად დანიშნულ რ. ხ-თან და ნ. ბ-თან შედარებით მას გააჩნდა უპირატესი უფლება ამ თანამდებობის დასაკავებლად. სასამართლო პროცესზე მოპასუხის მიერ სასამართლო დავალებით წარდგენილ ამ პირთა პირადი საქმეების შესწავლით დადგინდა, რომ რ. ხ-ეს პოლიციის უმაღლესი აკადემია ჰქონდა დამთავრებული, ე.ი. კვალიფიციური იყო, ხოლო ნ. ბ-ეს მოსარჩელის მსგავსად არ ჰქონდა სპეციალური (უმაღლესი იურიდიული) განათლება, თუმცა 2006 წლის 1 თებერვლისათვის (კადრების განკარგულებაში აყვანის დროისათვის) ჰყავდა სამ წლამდე ასაკის ბავშვი და შრომის კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელი იყო მისი სამუშაოდან გათავისუფლება (ს.ფ. 57-58).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტის მითითებით, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში აღნიშნულ სამსახურს მისთვის არ შეუთავაზებია რაიმე თანამდებობა. ამის გამო ის იძულებული გახდა წერილობით მიემართა აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობისათვის, რათა განემარტათ მისი დაუსაქმებლობის მიზეზი. 2006 წლის 14 მარტის წერილით მოსარჩელეს აცნობეს, რომ განყოფილების ხელმძღვანელობიდან წარდგინება მისი თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით არ შესულა, რითაც იგნორირებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1996 წლის 26 ნოემბრის ¹907 ბრძანებით დამტკიცებული კადრების მთავარი სამმართველოს დებულების მოთხოვნები.
გარდა ამისა, აპელანტის მოსაზრებით, მოპასუხემ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები სამუშაოზე უპირატესი დარჩენის თაობაზე. მოსარჩელის მოსაზრებით, იგი აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა. იგი იყო ოჯახის ერთ-ერთი მარჩენალი (ს.ფ. 62-65).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ რ. ხ-ე, გ. მ-ე და ნ. ბ-ე (ს.ფ. 81).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განჩინებით გ. ჯ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 24 აგვისტოს ბრძანებით გ. ჯ-ი დაინიშნა ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის ........ განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების ინსპექტორად. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის ¹303 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა სია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის ¹130 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 18 იანვრის ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. 2006 წლის 18 იანვრის ბრძანებით ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს ......... განყოფილებაში გათვალისწინებული იყო ოპერატიული თანამშრომლებისა და გამომძიებლების შტატი. 2006 წლის 1 თებერვლის ბრძანებით კი ......... განყოფილებაში გათვალისწინებულ იქნა ინსპექტორ-გამომძიებლების საშტატო ერთეულები. ყოველივე ამან განაპირობა აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავრი სამმართველოს 2006 წლის 27 იანვრის ¹3 ბრძანებით გ. ჯ-ის კადრების განკარგულებაში აყვანა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის ¹303 ბრძანებიდან გამომდინარე, შეიცვალა საშტატო ერთეულები იმ თვალსაზრისით, რომ ინსპექტორების ნაცვლად შემოღებულ იქნა ინსპექტორ-გამომძიებლის საშტატო ერთეულები. აღნიშნული ¹303 ბრძანება არაა გაუქმებული. ამ ბრძანების საფუძველზე მოხდა 2006 წლის 27 იანვრის ¹3 ბრძანების გამოცემა მოსარჩელის კადრების განკარგულებაში გადასვლის შესახებ. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, გამომძიებლისათვის აუცილებელია უმაღლესი იურიდიული განათლება, რაც მოსარჩელეს არ გააჩნდა. საქმეში ჩაბმულ მესამე პირებს კი უმაღლესი იურიდიული განათლება ჰქონდათ. რაც შეეხებოდა ნ. ბ-ეს, მას არ ჰქონდა იურიდიული განათლება, მაგრამ ჰყავდა სამ წლამდე ასაკის ბავშვი, რის გამოც შრომის კანონმდებლობით არ შეიძლებოდა მისი დათხოვნა. მოსარჩელე კი არის ინგლისური ენის სპეციალისტი (ს.ფ. 123-128).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2006 წლის 1 თებერვლის ბრძანებით ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს ........ განყოფილებაში გათვალისწინებულ იქნა ინსპექტორ-გამომძიებლის საშტატო ერთეულები, რამაც მოსარჩელის კადრების განკარგულებაში გადაყვანა განაპირობა. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არასწორია, რადგან 2006 წლის 1 თებერვლის ბრძანება ბუნებრივია, რომ საფუძვლად ვერ დაედებოდა მოგვიანებით მიღებულ _ 2006 წლის 27 იანვრის ბრძანებას.
მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა არც ლიკვიდაცია და არც შტატების შემცირება, რომლის დროსაც მოქმედებს უპირატესი უფლების შესახებ ნორმა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის ¹252 საშტატო ბრძანებით ირკვევა, რომ ქ. ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის ........ განყოფილებაში იყო 30 თანამშრომელი, მათ შორის, 6 ინსპექტორ-გამომძიებელი. ანალოგიური იყო დაფიქსირებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 18 იანვრის ¹73 ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო განრიგით, სადაც შეცვლილი იყო მხოლოდ დასახელება _ ინსპექტორ-გამომძიებლის ნაცვლად ინსპექტორი.
კასატორის მოსაზრებით, არასწორია ასევე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის ¹303 ბრძანებიდან გამომდინარე საშტატო ერთეულების შეცვლასთან დაკავშირებით. სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, გამომძიებლისათვის უმაღლესი იურიდიული განათლება აუცილებლობას წარმოადგენდა, რაც მას არ გააჩნდა. ამასთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის ¹113 ბრძანებაზე, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, მინისტრის მოადგილეს დაევალა ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთა საკვალიფიკაციო გადამზადების ღონისძიებათა ორგანიზება და კონტროლი. ეს კი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ყველა ის პირი, რომელიც მუშაობდა ინსპექტორად, გადაინიშნა ინსპექტორ-გამომძიებლად, რის შემდეგაც უნდა მომხდარიყო მათი საკვალიფიკაციო გადამზადება, ანუ მოცემულ შემთხვევაში რაიმე დამატებით ცენზზე, მათ შორის, განათლების შესახებ, საუბარი არ არის.
კასატორი არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით გამომძიებლისათვის უმაღლესი იურიდიული განათლების აუცილებლობაზე, რადგან ამ შემთხვევაში საუბარია არა გამომძიებელზე, არამედ ინსპექტორ-გამომძიებელზე, რაც სხვადასხვა თანამდებობებია და შესაბამისად, სხვადასხვა უფლება-მოვალეობები გააჩნიათ (ს.ფ. 133-138).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, ვერ ასაბუთებს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.