¹ბს-724-690(კ-07) 2 აგვისტო, 2007წ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ: საკასაციო საჩივარი შეტანილია განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით.
საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ კასატორს _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 6 ივნისს (ს.ფ. 254). შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის აღნიშნული განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაიწყო 7 ივნისს და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2007 წლის 9 ივლისს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი. კასატორმა საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა ოთხშაბათს, 11 ივლისს (ს.ფ. 258), ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რომლის აღდგენა, ამავე მუხლის თანახმად, დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტსაც, რომ კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, რომელიც 6 ივლისითაა დათარიღებული, აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება მას 2007 წლის 8 ივნისს ჩაბარდა (ს.ფ. 256). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებულ შემთხვევაში საპროცესო ვადის დინება დაიწყებოდა 2007 წლის 9 ივნისს და დასრულდებოდა 2007 წლის 9 ივლისს, ორშაბათს. ამდენად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაცული ვერ იქნება ამ შემთხვევაშიც, რადგან საკასაციო საჩივრის საფოსტო გზავნილის კონვერტზე არსებული საფოსტო ბეჭედი დათარიღებულია 2007 წლის 11 ივლისით (ს.ფ. 258)
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო ვადის გასვლის შედეგებს, კერძოდ, ადგენს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილი ასევე ადგენს, რომ, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაუშვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და
Dდ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.