ბს-726-698 (კ-08) 24 დეკემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური, ქობულეთის ნოტარიუსი მ. კ.-ე და თ. ხ.-ი (მოპასუხეები)
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგების გაუქმება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქმის ხელახალი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2007 წლის 6 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის, ქობულეთის ნოტარიუს მ. კ.-ისა და თ. ხ.-ის მიმართ და მოითხოვა 2002 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგების გაუქმება.
მოსარჩელემ განმარტა, რომ ქობულეთის რაიონულ სასამართლოში განიხილებოდა თ. ხ.-ის სასარჩელო განცხადება, დაბა ჩაქვში, ...-ის ქუჩაზე მდებარე 1000 კვ. მ. მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, სადაც მესამე პირად ჩართული იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. აღნიშნული სარჩელი თ. ხ.-ის წარმომადგენლის ზ. ც.-ის განცხადების საფუძველზე დატოვებულ იქნა განუხილველად. აღნიშნულ საქმეში მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი იქნა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ქობულეთის რაიონის გამგეობის 2002 წლის 5 ივნისის ¹78 დადგენილება, მიღება-ჩაბარების აქტი და სხვ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია არ მოიპოვება ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის არქივში.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ 2002 წლის 21 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება არის უსაფუძვლო, კანონსაწინააღმდეგო, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განკარგვის საკითხს არეგულირებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ¹65 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის შესაბამისად.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ დაბა ჩაქვში, ...-ის ქუჩის ¹...-ის მიმდებარედ 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული იყო კონკურსი და ჩატარდა აუქციონი, რაც არ შეიძლებოდა ყოფილიყო, ტექნიკური შეცდომა, ვინაიდან კონკურსი და აუქციონი მიწის განკარგვის სხვადასხვა ფორმაა, განსხვავებულია ჩატარების პროცედურა და პირობები. აუქციონის ან კონკურსის შემდეგ, გამარჯვებულის ოქმი, გაფორმების შემდეგ ათი დღის ვადაში უნდა წარედგინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მტკიცებისათვის. იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება ოქმის დამტკიცება შესაბამისი ნორმატიული აქტით, მიწის ნაკვეთი აღარ განიკარგება. ეს მოთხოვნაც დარღვეულია, ვინაიდან არ მოიპოვე ბა ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც დამტკიცდა აუქციონის ოქმი. მოსარჩელის მოსაზრებით, 2002 წლის 5 ივნისის ¹78 დადგენილება არ არის ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისად, აღნიშნული აქტი არ არის შესული კანონიერ ძალაში და მას არ გააჩნია იურიდიული ძალა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის გაუგებარია, როგორ მიიღო წარმოებაში ნოტარიუსმა ხელმოუწერელი დადგენილება და მის საფუძველზე, როგორ გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სასამართლომ აღნიშნა, რომ 2002 წლის 31 მაისის ¹11 აუქციონის ოქმით დასტურდება ქობულეთის რაიონის გამგეობის მიერ აუქციონის გამოცხადება დაბა ჩაქვში, ...-ის ქუჩაზე მდებარე 1000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რა დროსაც გამარჯვებულად გამოცხადდა თ. ხ.-ი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქობულეთის რაიონის გამგეობის 2002 წლის 8 ივნისის ¹78 დადგენილების საფუძველზე დამტკიცებულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის სხდომის 2002 წლის 31 მაისის ოქმი ¹..., თ. ხ.-სათვის 1000 კვ. მ. მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე საკუთრების უფლებით. ამავე დადგენილებით, ქობულეთის რაიონის მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიას დაევალა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება. 2002 წლის 21 ივნისს გაფორმებულ იქნა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება 1000 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქობულეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსს ზ. ც.-სა და თ. ხ.-ს შორის. 2002 წლის 21 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით თ. ხ.-ს გადაეცა დაბა ჩაქვში, ...-ის ქუჩის ¹...-ის მიმდებარედ 1000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებულია 2002 წლის 21 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები, ისე, რომ არ არის გაბათილებული 2002 წლის 31 მაისის ¹... აუქციონის ოქმი და ქობულეთის რაიონის გამგეობის 2002 წლის 8 ივნისის ¹78 დადგენილება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის სხდომის 2002 წლის 31 მაისის ოქმის ¹... დამტკიცების შესახებ, რომელიც 2002 წლის 21 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველია. ასევე, სასამართლომ აღნიშნა, რომ გასულია ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების ვადა და მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იყო ქობულეთის რაიონის გამგეობა რომელმაც მოახდნინა ამ მიწის კონკურსის წესით გაყიდვა და მხარეთა შორის, ერთი მხრივ, ქობულეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და მეორე მხრივ, თ. ხ.-ს შორის შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება, იმ წესის დაცვით, რასაც სამოქალაქო კანონმდებლობა ასეთ დროს ითვალისწინებს.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის კანონით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 55-ე, 56-ე, 58-ე, 59-ე, 67-ე მუხლებით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის საფუძვლები. ასევე მიიჩნია, რომ დაცულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნები, რომლებიც ითვალისწინებს უძრავი ქონების შეძენის წესს, კერძოდ, მოცემულ დავაში სადავო მიწის ნაკვეთის შეძენისათვის გადახდილია საზღაური და ნასყიდობის საგანი მყიდველს მიღებული აქვს ფაქტობრივი ფლობით. გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ქობულეთის მუნიციპალიტეტს გამგეობამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით, იმავე სასამართლოში დაბრუნება. კასატორი განმარტავს, რომ სადავო ქონების, 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, მდებარე ქობულეთის რაიონი დაბა ჩაქვში, ...-ის ქუჩის ¹...-ში, განკარგვა განხორციელდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ¹65 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის დარღვევით. კასატორი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად გამოცხადდა კონკურსი, თუმცა ჩატარდა აუქციონი. როგორც ცნობილია, მიწის განკარგვის ეს ორი ფორმა თავისი ხასიათით სრულიად სხვადასხვა ფორმაა. თუმცა ორივე შემთხვევაში, ჩატარების შემდეგ, გამარჯვებულის ოქმის გაფორმების შემდეგ ათი დღის ვადაში უნდა წარედგინოს ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოს დასამტკიცებლად. თუ არ მოხდება ოქმის დამტკიცება შესაბამისი ნორმატიული აქტით, მიწის ნაკვეთი აღარ განიკარგება. აღნიშნულ შემთხვევაში ეს პირობა დარღვეულია, რაზეც სააპელაციო სასამართლოში ყურადღება იქნა გამახვილებული, მაგრამ აღნიშნული სასამართლომ არ გაითვალისწინა. კასატორის განმარტებით, არ მოიპოვება ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც დამტკიცდა აუქციონის ოქმი. კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილ 2002 წლის 5 ივნისის ¹78 დადგენილებას დასმული აქვს ბეჭედი, მაგრამ არ არის ხელმოწერილი უფლებამოსილი პირების მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, აქტი არ შესულა კანონიერ ძალაში და არ გააჩნია იურიდიული ძალა. აღნიშნულ დეტალებსა და დარღვევებზე სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს ასევე არ მოუკვლევია, თუ რატომ მიიღო წარმოებაში ქობულეთის ნოტარიუსმა ხელმოუწერელი დადგენილება და მის საფუძველზე გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე.
კასატორს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 აპრილის განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ სფ.4-ზე გაზეთი “...-დან” წარმოდგენილ ამონარიდის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისებაზე, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, ...-ის ქუჩის ¹... სახლის მიმდებარედ და შეადგენს 1000 კვადრატულ მეტრს. ქობულეთის რაიონის გამგეობამ 2002 წლის 31 მაისს გამოაცხადა ამ ქონებაზე აუქციონი, ქობულეთის რაიონის გამგეობის 2002 წლის 5 ივნისის ¹78 დადგენილების საფუძველზე დამტკიცებულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის 2002 წლის 31 მაისის ¹... სხდომის ოქმი, თ. ხ.-სათვის 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე საკუთრების უფლებით (სფ.7). უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ქობულეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და თ. ხ.-ს შორის გაფორმდა2002 წლის 21 ივნისს, მიღება-ჩაბარების 2002 წლის 21 ივნისის აქტით თ. ხ.-ს გადაეცა მიწის ნაკვეთი, მდებარე დაბა ჩაქვში, ...-ის ქ.¹...-ის მიმდებარედ 1000 კვ.მ. ფართით. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით, მიწის სააღრიცხვო ბარათისა და საკადასტრო რუკის თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე თ. ხ.-ი (სფ. 32-33).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” 2002 წლისათვის მოქმედი რედაქციის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის შესახებ იღებენ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ამ კანონის, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის და ამ კანონის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო მიწის ნაკვეთის გასხვისება განხორციელდა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ¹65 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის” მოთხოვნათა დარღვევით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული წესის მე-6 პუნქტის პირველი ნაწილის მიხედვით, აუქციონში ან კონკურსში გამარჯვებულის განსაზღვრიდან 10 დღის განმავლობაში კომისია აუქციონის ჩატარების შესახებ სხდომის ოქმს წარუდგენს დასამტკიცებლად ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, რომელიც ამტკიცებს მას მიღებიდან 10 დღის განმავლობაში. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს შეუძლია არ დაამტკიცოს აუქციონის შედეგები მხოლოდ მიწის განკარგვის შესახებ წესებისა და პირობების უხეში დარღვევის შემთხვევაში. ამავე წესის მე-5 პუნქტის 19-ე ნაწილის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირი აფორმებს მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების ხელშეკრულებას.
მითითებული ნორმატიული აქტის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის აუქციონის წესით გაყიდვა წარმოადგენს პროცედურას, რომლის მიზანია გამარჯვებულის გამოვლენა კანონით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, შესაბამისად სხდომის ოქმი ასახავს აუქციონის ჩატარების ფაქტს. სხდომის ოქმის კანონით დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობის შემთხვევაში, იგი ექვემდებარება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ დამტკიცებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქობულეთის რაიონის გამგეობის 2002 წლის 5 ივნისის ¹78 დადგენილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის 2002 წლის 31 მაისის ¹... სხდომის ოქმი წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს, რომელთა საფუძველზეც ქობულეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და თ. ხ.-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება.
ამდენად, საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იყო ქობულეთის რაიონის გამგეობა, რომელმაც მოახდინა ამ მიწის განკარგვა კანონით დადგენილი წესით, რის საფუძველზე ქობულეთის რაიონის მიწის მართვისა სამმართველოსა და თ. ხ.-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.