¹ბს-728-694(კ-07) 12 დეკემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე
კასატორი (მოპასუხე) _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს «ა», დირექტორი _ მ. ლ.-ი, წარმომადგენელი _ ი. კ.-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 6 ივნისს შპს «ა.-მ» სარჩელი აღძრა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ქობულეთის რაიონის გამგეობის გეგმარებითი და სივრცითი მოწყობის სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, რომლითაც შპს «ა.-ს» მიეცემოდა უფლება, ქ. ქობულეთში, ...-ის ¹63-ში, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განეხორციელებინა მინი ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში.
მოსარჩელის განმარტებით, ქობულეთის რაიონის გამგეობის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილებამ 2005 წლის 16 მარტს გასცა ¹01/03 მშენებლობის ნებართვა, რომლითაც შპს ,,ა.-ს» მიეცა უფლება, ქ. ქობულეთში, ...-ის ¹63-ში აეშენებინა მინი ბენზინგასამართი სადგური ქობულეთის რაიონის არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად. მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2005 წლის 16 სექტემბერს. მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის წარმოდგენილი იყო ყველა დოკუმენტი, რასაც ითვალისწინებდა «მშენებლობის ნებართვის შესახებ» საქართველოს კანონი. მოსარჩელემ მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს, რომელმაც მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მისი განხილვა სხვა დროისთვის გადადო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ქობულეთის რაიონის გამგეობის გეგმარებითი და სივრცითი მოწყობის სამსახურის მოქმედება არ იყო კანონიერი და მას უნდა დავალებოდა შპს ,,ა.-სთვის» მიეცა მშენებლობის შესაძლებლობა.
სარჩელში მითითებული იყო, რომ მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესში მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც გათვალისწინებული იყო მოქმედი კანონმდებლობით მინი ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად, რის შემდგომაც გაიცა მშენებლობის ნებართვა 6 თვის ვადით. აღნიშნულ ვადაში მშენებლობის წარმოება ვერ მოესწრო მშენებლობის ადგილზე მცხოვრები პირების მიერ განხორციელებული უკანონო მოქმედების გამო. «მშენებლობის ნებართვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ შენობა-ნაგებობის მშენებლობა არ დასრულდებოდა მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში, დამკვეთი ვალდებული იყო, მშენებლობის ნებართვის ვადის გასაგრძელებლად მიემართა მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსთვის. აქედან გამომდინარე, დამკვეთი არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო, მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიემართა მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსთვის, ხოლო ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებული იყო გაეგრძელებინა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა, გარდა ერთი შემთხვევისა _ თუ საპროექტო დოკუმენტაციაში შედიოდა ისეთი ცვლილებები, რაც გამოიწვევდა არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტის შეცვლას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მშენებლობის წარმოებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია მზად იყო და არ არსებობდა მშენებლობის შეფერხების კანონმდებლობით დადგენილი რაიმე გარემოება.
მოპასუხე ქობულეთის რაიონის გამგეობის გეგმარებითი და სივრცითი მოწყობის სამსახურმა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომელშიც მიუთითა, რომ ქ. ქობულეთში, ...-ის ¹63-ში შპს ,,ა.-ზე» გაცემული მინი ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვა შეჩერებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, დავით მაკარაძის 2005 წლის 13 ივლისის წერილის საფუძველზე, რომელშიც საუბარი იყო რიგ დარღვევებზე, კერძოდ, დარღვეული იყო ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა და «სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, არ იყო გათვალისწინებული ბენზინგასამართი სადგურის მიწისქვეშა რეზერვუარებიდან უახლოეს შენობამდე 20 მეტრიანი მანძილის დაცვის შესახებ მოთხოვნა, რითაც დაირღვა საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1996 წლის 11 მაისის ¹14/39 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საქართველოს საავტომობილო მაგისტრალებზე და გზებზე ავტოგასამართი სადგურების განთავსების დროებითი ნორმების" მოთხოვნები, რაზედაც მოქალაქე ა. ლ.-ს 2005 წლის 25 აგვისტოს ფოსტით გაეგზავნა ¹100 წერილი. გარდა ამისა, საპროექტო დოკუმენტაციაში დარღვეული იყო ხსენებული დროებითი ნორმების პირველი პუნქტი, რომლითაც განსაზღვრული იყო, თუ რამდენი სათბობგამანაწილებელი სვეტწერტილის განთავსება იყო შესაძლებელი კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე. წარმოდგენილი საპროექტო და მიწის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაციით შპს ,,ა.--ს» ქ. ქობულეთში, ...-ის ¹63-ში გააჩნდა 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც პროექტით გათვალისწინებული იყო 2 სათბობგამანაწილებელი სვეტწერტილის მოწყობა, რისთვისაც აღნიშნული დროებითი ნორმების პირველი პუნქტის შესაბამისად, საჭირო იყო მინიმუმ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო შპს ,,ა.-ს» მიწის ნაკვეთში შესაძლებელი იყო სათბობგამანაწილებელი სვეტწერტილის მოწყობა, ვინაიდან 1 სვეტწერტილისათვის მინიმალური ფართი იყო 400 კვ.მ. ქობულეთის რაიონის გამგეობის გეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურში 2006 წლის 6 მარტს შევიდა შპს ,,ა.-ს» წარმომადგენელ ი. კ.-ის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა მშენებლობის ნებართვის გაგრძელებას. ი. კ.-ს 2006 წლის 20 მარტის ¹54 წერილით ეცნობა პასუხი მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. «აჭარის ა/რ შავიზღვისპირა სანაპირო ზოლში ქალაქმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის შემოღების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 21 მარტის ¹16 განკარგულების საფუძველზე ქობულეთის რაიონის გამგეობამ ურბანული განვითარების პროცესების სარეკრეაციო და საკურორტო ტერიტორიების შენარჩუნება-განვითარების, საზოგადოებრივი და ეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტის მიზნით, გამოაცხადა შავიზღვისპირა სანაპირო ზოლისთვის ტერიტორიების განვითარების შეზღუდვები, რომლითაც განისაზღვრა, თუ რა სახის ნებართვების გაცემა იყო შესაძლებელი შეზღუდვის ზონაში მოქცეულ ტერიტორიებზე. ქ. ქობულეთში, ...-ის ¹63-ში მდებარე შპს ,,ა.-ს» მიწის ნაკვეთი კი შეზღუდულად გამოცხადებულ ზონაში იყო მოქცეული.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს «ა.-ს» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ, როგორც საქმის მასალებიდან ირკვეოდა, 2005 წლის 16 მარტს ქობულეთის რაიონის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილებამ გასცა მშენებლობის ნებართვა, რომლითაც შპს ,,ა.-ს» უფლება მიეცა, აეშენებინა მინი ბენზინგასამართი სადგური ქ. ქობულეთში, ...-ის ¹63-ში. მოსარჩელემ აღნიშნული ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა ვერ განახორციელა დათქმულ დროსა და ვითარებაში და განაცხადა, რომ მშენებლობის დაწყებაში ხელი შეუშალა სხვადასხვა გარემოებამ, მათ შორის, მშენებლობის ადგილზე მცხოვრები პირების წინააღმდეგობამ მინი ბენზინგასამართი სადგურის აშენებასთან დაკავშირებით, ასევე მშენებლობის ადგილზე არსებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟმა, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა. ამის შემდეგ, 2005 წლის 13 ივნისს, აჭარის ა/რ არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციამ მიმართვა გაუგზავნა ქობულეთის რაიონის არქიტექტორს იმის თაობაზე, რომ ზემოთ აღნიშნული მინი ბენზინგასამართი სადგურის პროექტში შეიმჩნეოდა დარღვევები და მათი აღმოფხვრის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემა. აღნიშნულის საფუძველზე, 2005 წლის 27 ივლისს შპს ,,ა.-ს" შეუჩერდა მშენებლობის ნებართვის მოქმედება, ვინაიდან შესაბამის პროექტში დაშვებული იყო ზოგიერთი დარღვევები, კერძოდ, მინი ბენზინგასამართ სადგურს, რომელიც ორ სვეტწერტილზე უნდა აშენებულიყო, საქართველოს მიწის გამოყოფისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1996 წლის 11 მაისის ¹16/14/39 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საქართველოს საავტომობილო მაგისტრალებზე და გზებზე ავტოგასამართი სადგურების განთავსების დროებითი ნორმების» მიხედვით, ესაჭიროებოდა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მაშინ, როდესაც შპს ,,ა.-ს" საკუთრებაში გააჩნდა 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მშენებლობის განსახორციელებლად არ შეასრულა აღნიშნული მოთხოვნა. გარდა ამისა, სადაც მოსარჩელე შპს ,,ა" აპირებდა მშენებლობის დაწყებას, იმ ადგილის მიმდებარე ტერიტორია განეკუთვნებოდა საერთაშორისო მნიშვნელობის მეორე კატეგორიის გზას. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის ¹554 ბრძანებულების მიხედვით, მეორე კატეგორიის გზასთან, სადაც იქნებოდა აშენებული ბენზინგასამართი სადგური, სვეტწერტილებიდან გზის ღერძულა ხაზამდე უნდა ყოფილიყო 20 მეტრი, ხოლო შპს ,,ა.-ს» შემთხვევაში იყო 18 მეტრი, რაც აშკარად მიუთითებდა ზემოაღნიშნული ნორმების კიდევ ერთი მოთხოვნის დარღვევაზე.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მშენებლობის ნებართვის გაგრძელების თაობაზე მოპასუხემ ვერ დააკმაყოფილა, რადგან ,,აჭარის შავიზღვისპირა სანაპირო ზოლში ქალაქმშენებლობის რეგულირებისათვის განსაკუთრებული რეჟიმის შემოღების შესახებ" აჭარის ა/რ მთავრობის 2006 წლის 21 მარტის განკარგულებით განსაზღვრული იყო შეზღუდული ტერიტორიის საზღვრები: სამხრეთიდან _ საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი, ჩრდილოეთიდან _ აჭარის ა/რ ადმინისტრაციული საზღვარი, დასავლეთიდან _ ზღვის კიდის ხაზი, აღმოსავლეთიდან _ სენაკი-სარფის საავტომობილო ღერძიდან 200-მეტრიანი მანძილი აღმოსავლეთით. აღნიშნული მოთხოვნა მიუთითებდა იმაზე, რომ აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელება უნდა მომხდარიყო კანონის სრული დაცვით. რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოსაზრებას, რომ მან მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ დაიწყო მინი ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოახდინა საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და შესაბამის ტერიტორიას გაუკეთა ღობე, რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან სახლის დემონტაჟი და ტერიტორიის ღობით შემოკავება არ ნიშნავდა მინი ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ა.-ს», ფაქტობრივად, არ დაუწყია მისთვის მიცემული ნებართვით განსაზღვრულ დროში მინი ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა და ამდენად, მშენებლობის გაგრძელების შესახებ მისი მოთხოვნაც იყო გარკვეულად საფუძველს მოკლებული, ვინაიდან ,,მშენებლობის ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ შენობა-ნაგებობის მშენებლობა არ დასრულდებოდა დადგენილ ვადაში, დამკვეთი ვალდებული იყო, ვადის გასაგრძელებლად მიემართა მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსთვის. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს «ა.-მ» სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით შპს «ა.-ს» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «ა.-ს» სარჩელი დაკმაყოფილდა: ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც შპს «ა.-ს» მიეცემოდა უფლება, ქ. ქობულეთში, ...-ის ¹63-ში, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განეხორციელებინა მინი ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 16 მარტს ქობულეთის რაიონის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილებამ გასცა მშენებლობის ნებართვა, რომლითაც შპს ,,ა.-ს» უფლება მიეცა აეშენებინა მინი ბენზინგასამართი სადგური ქ. ქობულეთში, ...-ის ¹63-ში. მოსარჩელემ აღნიშნული ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა ვერ განახორციელა დათქმულ დროსა და ვითარებაში. მოსარჩელის განმარტებით, მას აღნიშნულში ხელი შეუშალა სახლის დემონტაჟმა, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა. 2005 წლის 13 ივნისს აჭარის ა/რ არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციამ მიმართვა გაუგზავნა ქობულეთის რაიონის არქიტექტორს იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული ბენზინგასამართი სადგურის პროექტში შეიმჩნეოდა დარღვევები და მისი აღმოფხვრის შემთხვევაში შესაძლებელი იყო არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემა. 2005 წლის 27 ივლისს შპს ,,ა.-ს» შეუჩერდა მშენებლობის ნებართვა, ვინაიდან ხსენებულ პროექტში დაშვებული იყო დარღვევები.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული ,,საქართველოს საავტომობილო მაგისტრალებზე და გზებზე ავტოგასამართი სადგურების განთავსების დროებითი ნორმების შესახებ» საქართველოს მიწის გამოყოფისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1996 წლის 11 მაისის ¹6/14/39 გადაწყვეტილება არ წარმოადგენდა ნორმატიულ აქტს, რადგან აღნიშნული კომისია არ წარმოადგენდა იმ სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება ჰქონდა და ხსენებული გადაწყვეტილება არ იყო რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ნორმატიული აქტების რეესტრში და არ ჰქონდა მინიჭებული შესაბამისი სარეგისტრაციო კოდი.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას საქართველოს მიწის გამოყოფისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1996 წლის 11 მაისის ¹6/14/39 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს საავტომობილო მაგისტრალებზე და გზებზე ავტოგასამართი სადგურების განთავსების დროებით ნორმებთან» დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ავტოგასამართი სადგურის სვეტწერტილიდან გზის ღერძულა ხაზამდე უნდა ყოფილიყო 20 მეტრი, რაც შპს ,,ა.-ს» შემთხვევაში 18 მეტრს შეადგენდა. ამასთან, ვინაიდან შპს ,,ა.-ს» საკუთრებაში გააჩნდა 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დასაშვები იყო მხოლოდ ერთი სვეტწერტილის განთავსება. სვეტწერტილების რაოდენობა, აღნიშნული ნორმების მიხედვით, დამოკიდებული იყო მიწის ნაკვეთის ფართობზე. საქართველოს მიწის გამოყოფისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიხედვით, 2 სვეტწერტილის მოწყობა შესაძლებელი იყო არა 600 კვ.მ, არამედ 600 კვ.მ-მდე არსებულ მიწის ნაკვეთზე, შპს ,,ა.-ს» კი საკუთრებაში ჰქონდა 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმები შეთანხმებული იყო, როგორც საპატრულო პოლიციასთან, ისე საავტომობილო გზების დეპარტამენტთან.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ, მართალია, შპს ,,ა.-ს" საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი შედიოდა «აჭარის ა/რ შავიზღვისპირა სანაპირო ზოლში ქალაქმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის შემოღების შესახებ" აჭარის ა/რ მთავრობის 2006 წლის 21 მარტის ¹16 განკარგულებით დადგენილ შეზღუდვის ზონებში, რომლითაც განისაზღვრა იმ ობიექტთა ჩამონათვალი, რომლებზედაც უნდა გაცემულიყო მშენებლობის ნებართვა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო არა მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნა, არამედ ადრე გაცემული მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებულ განკარგულებას არ შეიძლებოდა ჰქონოდა უკუქცევითი ძალა ადრე გაცემულ მშენებლობის ნებართვასთან მიმართებაში და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ განკარგულებაზე მითითებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იყო უსაფუძვლო.
სააპელაციო სასამართლო რაიონული სასამართლოს მიერ ,,მშენებლობის ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებას არ დაეთანხმა, რადგან შპს ,,ა.-მ» ფაქტობრივად დაიწყო მშენებლობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მიწის ნაკვეთზე, სადაც უნდა აშენებულიყო ბენზინგასამართი სადგური, განახორციელა საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი, შეასრულა მიწის სამუშაოები, მოასწორა სამშენებლო მოედანი და შემოღობა მიწის ნაკვეთი, რაც უდავოდ მიუთითებდა შპს ,,ა.-ს» მიერ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა დავალებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც შპს ,,ა.-ს» მიეცემოდა უფლება ქ. ქობულეთში, ...-ის ¹63-ში მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განეხორციელებინა მინი ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, სადავო ობიექტის მშენებლობის ¹01/03 ნებართვა, რომლის საფუძველზეც შპს ,,ა.-ს» მიეცა უფლება ქ. ქობულეთში, ...-ის ¹63-ში აეშენებინა ბენზინგასამართი სადგური, გაიცა 2005 წლის 16 მარტს და მისი მოქმედების ვადა მთავრდებოდა 2005 წლის 16 სექტემბერს. ამ პერიოდის განმავლობაში შპს ,,ა.-ს» არ დაუწყია მშენებლობა და ამჟამადაც ხსენებული ტერიტორია თავისუფალ მდგომარეობაშია. შპს ,,ა.-მ» მიუთითა და სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული შენობის დემონტაჟი მშენებლობის დაწყებას ნიშნავდა, რაც არასწორია, ვინაიდან შენობის დემონტაჟი განხორციელდა მშენებლობის ნებართვის გაცემამდე, რაც დასტურდება შპს ,,ა.-ს» საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით, რომელშიც მითითებულია შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და ამ ჩამონათვალში არ ფიქსირდება შენობის დემონტაჟი. შპს ,,ა.-ს» საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში აღნიშნული სამუშაოები შპს ,,ა.-ს» მშენებლობის ნებართვის გაცემის პერიოდში არ დაუწყია. შპს ,,ა.-ს» დარღვეული აქვს, აგრეთვე, მშენებლობის ნებართვის გაგრძელებასთან დაკავშირებით განცხადების წარდგენის პირობები, კერძოდ, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ მშენებლობის გაგრძელება შეუძლებელია გარკვეული მიზეზებით, ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, მიმართოს ნებართვის გამცემს შესაბამისი დასაბუთების მქონე განცხადებით მშენებლობის დამთავრების გადავადების თაობაზე და განცხადებას უნდა დაერთოს მშენებლობის ხანგრძლივობის ვადის ახალი გაანგარიშება. შპს ,,ა.-მ» კი მშენებლობის გაგრძელების შესახებ განცხადება წარადგინა 2006 წლის 6 მარტს, ანუ ნებართვის ვადის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ.
კასატორი აღნიშნავს, რომ შპს ,,ა.-ს» პროექტში დაშვებულ იქნა მნიშვნელოვანი ხარვეზები, კერძოდ, პროექტი შედგენილია ორ სვეტწერტილზე, რისთვისაც მენაშენეს ესაჭიროება 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1996 წლის 11 მაისის ¹6/14/39 გადაწყვეტილებით დამტკიცებული «საქართველოს საავტომობილო მაგისტრალებზე და გზებზე ავტოგასამართი სადგურების განთავსების დროებითი ნორმების» მიხედვით, ხოლო შპს ,,ა.-ს» საკუთრებაში გააჩნია 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის ¹554 ბრძანებულების მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება მე-2 კატეგორიის გზას, სადაც სვეტწერტილებიდან გზის ღერძულა ხაზამდე უნდა არსებობდეს 20-მეტრიანი მანძილი, ხსენებულ პროექტში კი სვეტწერტილებიდან გზის ღერძულა ხაზამდე მანძილი განსაზღვრულია 18 მეტრით. შპს ,,ა.-მ» მიუთითა და სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა ის გარემოება, რომ საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1996 წლის 11 მაისის ¹6/14/39 გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს და არ არის აუცილებელი მასში აღნიშნული ნორმების დაცვა, რაც არასწორია, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო მაგისტრალებსა და გზებზე ავტოგასამართი სადგურების განთავსება რეგულირდება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საქართველოს საავტომობილო მაგისტრალებზე და გზებზე ავტოგასამართი სადგურების განთავსების დროებითი ნორმების» შესაბამისად. ამიტომ, ხსენებული ნორმების უგულებელყოფა დაუშვებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა მიეთითებინა აღნიშნული საკითხის მარეგულირებელ სხვა საფუძველზე.
კასატორის განმარტებით, ,,აჭარის შავიზღვისპირა სანაპირო ზოლში ქალაქმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის შემოღების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 21 მარტის ¹16 განკარგულებით განისაზღვრა შეზღუდული ტერიტორიის საზღვრები: სამხრეთიდან _ საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი, დასავლეთიდან _ ზღვის კიდის ხაზი, აღმოსავლეთიდან _ ,,...-ის" საავტომობილო გზის ღერძიდან 200-მეტრიანი მანძილი აღმოსავლეთით. ხსენებულ ტერიტორიაზე დაშვებულია გარკვეული სახის ობიექტების განთავსება, ხოლო შესაბამის ჩამონათვალში ბენზინგასამართი სადგური არ ფიგურირებს, ქ. ქობულეთში, ...-ის ¹63 კი შეზღუდულ ზონაშია მოხვედრილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს ,,ა.-ს» მშენებლობა არ დაუწყია და რომც დაეწყო, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ მშენებლობა ვერ დასრულდება მითითებულ ვადაში, შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გაცემა მესამე სტადიით, ანუ მშენებლობის ნებართვის გაგრძელება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის შეცვლილი სანებართვო პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საჭიროა ნებართვის გაცემის ახალი პროცედურა, რაც სახეზეა ამ შემთხვევაში. შესაბამისად, შპს ,,ა.-სთვის» მშენებლობის ნებართვის ავტომატურად გაგრძელება ყველანაირად გამორიცხულია, ვინაიდან შეცვლილია სანებართვო პირობები. ამიტომ, უნდა მოხდეს შპს ,,ა.-სთვის» მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის ახალი პროცედურის ჩატარება.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და გამოიტანა უსაფუძვლო და კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 27 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 17 ოქტომბრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 7 ნოემბერს, 11.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საჯარო რეესტრიდან 2004 წლის 15 ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, ქ. ქობულეთში, ...-ის ¹63-ში მდებარე 500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ირიცხება შპს «ა.-ს» სახელზე (ს.ფ. 6). 2005 წლის 16 მარტს ქობულეთის რაიონის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილებამ 6 თვის ვადით _ 2005 წლის 16 სექტემბრამდე გასცა ¹01/03 მშენებლობის ნებართვა, რომლითაც შპს ,,ა.-ს» უფლება მიეცა, აეშენებინა მინი ბენზინგასამართი სადგური ქ. ქობულეთში, ...-ის ¹63-ში (ს.ფ. 9). მოსარჩელემ აღნიშნული ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა ვერ განახორციელა დათქმულ დროსა და ვითარებაში და განაცხადა, რომ მშენებლობის დაწყებაში ხელი შეუშალა სხვადასხვა გარემოებამ, მათ შორის, მშენებლობის ადგილზე მცხოვრები პირების წინააღმდეგობამ მინი ბენზინგასამართი სადგურის აშენებასთან დაკავშირებით, ასევე მშენებლობის ადგილზე არსებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟმა, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა (ს.ფ. 3-4, 36). 2004 წლის 18 აგვისტოს აჭარის ა/რ ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ ქობულეთის რაიონის მთავარ არქიტექტორს აცნობა, რომ ამ სამინისტროს შესაძლებლად მიაჩნდა ქ. ქობულეთში, ...-ის ¹63-ში ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა ამავე წერილში მითითებულ კონკრეტულ პირობათა დაკმაყოფილების შემთხვევაში (ს.ფ. 11). 2004 წლის 28 ოქტომბრის საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, გრუნტის წყლები მოცემული რეგიონის ფარგლებში ბეტონის კონსტრუქციების მიმართ აგრესიული არ იყო (ს.ფ. 13). შპს «ა.-ს» ბენზინგასამართი სადგურის სანიტარიული დაცვის ზონის ორგანიზაციისა და კეთილმოწყობის პროექტი გაიცა 2005 წელს (ს.ფ. 17). აჭარის ა/რ შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის მიერ შპს «ა.-ს» 2005 წლის 21 იანვრის წერილით ეცნობა, რომ აღნიშნული ინსპექცია თანახმა იყო ქ. ქობულეთში, ...-ის ¹63-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე ავტოგასამართი სადგურის შპს «ა.-ს» მიერ მოწყობაზე (ს.ფ. 20). აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დირექციამ 2005 წლის 11 თებერვლის წერილით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აცნობა, რომ შპს «ა.-მ» ამავე დირექციას მიმართა სენაკი-ფოთი-სარფი საავტომობილო გზის 74-ე კმ-ში (ქ. ქობულეთი, ...-ის ¹63), ამავე გზის მიმდებარედ, თავის კერძო მიწის ნაკვეთში ობიექტის მშენებლობისათვის შეთანხმებაზე. ამავე დირექციის სპეციალისტების მიერ შესწავლილ იქნა ადგილმდებარეობა და ამ დირექციას მიაჩნდა, რომ აღნიშნული ობიექტის განთავსების შემთხვევაში, არ დაირღვეოდა საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობისათვის საჭირო ტექნიკური პირობები (ს.ფ. 21).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმის მასალებში მოყვანილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: შპს «ა.-ს» მინი ბენზინგასამართი სადგურის პროექტზე სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის 2005 წლის 15 თებერვლის დასკვნის თანახმად, ამ პროექტის მიხედვით საქმიანობის განხორციელება შესაძლებელი იყო (ს.ფ. 23-24). აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის 2005 წლის 21 თებერვლის ჰიგიენური დასკვნის მიხედვით, შპს «ა.-ს» მინი ბენზინგასამართი სადგურის პროექტი შეთანხმდა ამავე ინსპექციასთან (ს.ფ. 25). საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2005 წლის 16 მარტის წერილის თანახმად, აღნიშნული დეპარტამენტი არ იყო წინააღმდეგი სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 74-ე კმ-ში, მარჯვენა მხარეს კერძო მფლობელობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, გზის ღერძიდან პირველ სვეტწერტილამდე 18 მეტრის დაშორებით ბენზინგასამართი სადგურის მოწყობაზე კონკრეტული პირობების დაცვით (ს.ფ. 27-30). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2005 წლის 21 მარტის წერილის მიხედვით, აღნიშნული დეპარტამენტი არ იყო წინააღმდეგი სენაკი-ფოთი-სარფი საავტომობილო გზის 74-ე კმ-ში, მარჯვენა მხარეს კერძო მფლობელობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, გზის ღერძიდან პირველ სვეტწერტილამდე 18 მეტრის დაშორებით ბენზინგასამართი სადგურის მოწყობაზე კონკრეტული პირობების დაცვით (ს.ფ. 31-32). 2006 წლის 6 მარტს შპს «ა.-ს» წარმომადგენელმა ი. კ.-მ განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილებას «მშენებლობის ნებართვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის ვადის 6 თვით გაგრძელების შესახებ (ს.ფ. 36). 2006 წლის 20 მარტის წერილით ი. კ.-ს ეცნობა, რომ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა შეჩერდა 2005 წლის 27 ივლისს აჭარის ა/რ არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, დავით მაკარაძის წერილში აღნიშნულ კანონდარღვევათა გამოსწორების მიზნით. ამასთან, ქობულეთის რაიონის გამგეობაში მიმდინარეობდა ქ. ქობულეთის საკურორტო ზონის განვითარების გეგმის დამუშავება-განხილვა, რომელიც ერთი თვის ვადაში უნდა დამტკიცებულიყო და მხოლოდ ამ გეგმის დამტკიცების შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურის მოწყობის შესაძლებლობის განსაზღვრა (ს.ფ. 32). 2006 წლის 31 მარტს ი. კ.-მ განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებას და აცნობა, რომ ქ. ქობულეთში, ...-ის ¹63-ში ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის მიზნით, მან მიწის ნაკვეთი შემოღობა ხის მესრით, რომელიც მოანგრიეს იმავე გამზირზე მცხოვრებმა მისმა მეზობლებმა (ს.ფ. 38).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს «მშენებლობის ნებართვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 მუხლზე, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო ვადით. თუ შენობა-ნაგებობის მშენებლობა არ დასრულდა მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში, დამკვეთი ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის ვადის გასაგრძელებლად მიმართოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. საპროექტო დოკუმენტაციაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც იწვევს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტის შეცვლას, საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სადავო ობიექტის მშენებლობის ¹01/03 ნებართვის ვადის განმავლობაში _ 2005 წლის 16 სექტემბრამდე შპს ,,ა.-ს» ქ. ქობულეთში, ...-ის ¹63-ში არ დაუწყია ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია შპს «ა.-ს» მიერ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის დაწყების ფაქტი, რაც საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის სხდომაზეც დაადასტურა მოწინააღმდეგე მხარე შპს «ა.-ს» წარმომადგენელმა ი. კ.-მ, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მშენებლობა არ დაწყებულა, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილია. ასევე, საქმეში მოიპოვება ქობულეთის პოლიციისადმი გაგზავნილი წერილობითი მიმართვები, რომლებიც ცალსახად ადასტურებს მშენებლობის დაწყების პროცესის დროს გაკეთებული ხის ღობისა და იქ მდებარე სხვა ნივთების დატაცებისა და განადგურების ფაქტს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას საკასაციო სასამართლოში არ წამოუყენებია აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია (შედავება).
კასატორი მიუთითებს, რომ შპს ,,ა.-ს» დარღვეული აქვს, აგრეთვე, მშენებლობის ნებართვის გაგრძელებასთან დაკავშირებით განცხადების წარდგენის პირობები, კერძოდ, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ მშენებლობის გაგრძელება შეუძლებელია გარკვეული მიზეზებით, ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, მიმართოს ნებართვის გამცემს შესაბამისი დასაბუთების მქონე განცხადებით მშენებლობის დამთავრების გადავადების თაობაზე და განცხადებას უნდა დაერთოს მშენებლობის ხანგრძლივობის ვადის ახალი გაანგარიშება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქობულეთის რაიონის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების მიერ ¹01/03 მშენებლობის ნებართვა, რომლითაც შპს ,,ა.-ს» უფლება მიეცა, აეშენებინა მინი ბენზინგასამართი სადგური ქ. ქობულეთში, ...-ის ¹63-ში, გაიცა 2005 წლის 16 მარტს 6 თვის ვადით _ 2005 წლის 16 სექტემბრამდე და ამ ნებართვის სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა «მშენებლობის ნებართვის შესახებ» საქართველოს 2004 წლის 25 ივნისის კანონზე. აღნიშნულის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ 2005 წლის 11 აგვისტოს მიღებულ იქნა ¹140 დადგენილება «მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ», რომელიც არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესს, მათ შორის, ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენას, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემას, ხოლო ამ დადგენილების მიზანია მისი რეგულირების სფეროში «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პრინციპების განხორციელების უზრუნველყოფა (მუხლი 1).
«მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ» საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების მე-18 მუხლი შეეხება ნებართვის მოქმედების ვადას. ამ მუხლის თანახმად, ნებართვა გაიცემა საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო ვადით, რომელიც განისაზღვრება მშენებლობის ორგანიზების პროექტით, ხოლო თუ მშენებლობა არ დასრულდა ნებართვით დადგენილ ვადაში, ნებართვის მფლობელს შეუძლია მიიღოს ახალი ნებართვა იმავე შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე. საპროექტო დოკუმენტაციაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც იწვევს ქალაქმშენებლობითი პირობებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტის შეცვლას, საჭიროებს ახალ ნებართვას. აღნიშნული დადგენილების 22-ე მუხლით განსაზღვრულია ამ დადგენილების მოქმედება დროში, კერძოდ, ხსენებული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით ნებართვის გაცემის რომელიმე სტადიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენა სხვაგვარად რეგულირდებოდა და ამ დადგენილებით მშენებლობის ნებართვის მისაღებად მისი ადმინისტრაციული ორგანოსადმი წარდგენა სავალდებულოა რომელიმე ეტაპზე, ასეთი დოკუმენტი უნდა წარედგინოს ნებართვის გამცემს ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარე სტადიაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ «მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ» საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილება, რომელიც შეიცავს სპეციალურ პროცედურულ ნორმებს მშენებლობის სფეროში ნებართვის გაცემის თაობაზე, ცალსახად არ ითვალისწინებს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებას და პირდაპირ მიუთითებს ნებართვით დადგენილ ვადაში მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელის მიერ ახალი ნებართვის მიღებაზე.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე შპს ,,ა.-ს» წარმომადგენელმა ი. კ.-მ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, დროებით ნორმებზე მითითება, როგორც სარჩელის დაუკმაყოფილებლობის საფუძველი, დაუსაბუთებელია და ამავე დროს, ყველა დოკუმენტი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ 18-მეტრიან მონაკვეთში განთავსებულიყო ორი სვეტწერტილი და აღნიშნული ნორმატივი იყო დამაკმაყოფილებელი თავის დროზე არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურისათვის. იმავე სხდომაზე ი. კ.-მ აღნიშნა, რომ არქმშენინსპექციის მიერ წამოყენებულ იქნა დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდებოდა სარეზერვუარო ავზების სხვა ადგილზე გადატანას და პროექტში ცვლილებების შეტანას, რაც მოსარჩელემ განახორციელა და შეიტანა ცლილებები პროექტში არქმშენინსპექციის მითითების შესაბამისად, კერძოდ, დაიცვა ქუჩიდან და დასახლებული საცხოვრებელი ადგილიდან 20-მეტრიანი დაშორება. რეალურად, აღნიშნულ ცვლილებებს შესაბამისი დრო დასჭირდა, რასაც მოჰყვა სარეკომენდაციო წერილების მიწერა, რომლებიც წყლის მილების გადატანას ეხებოდა, პროექტში ცვლილებები შეტანილ იქნა ოფიციალურად და ხსენებული ცვლილებები დამტკიცდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ მშენებლობა ვერ დასრულდება მითითებულ ვადაში, შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გაცემა მესამე სტადიით, ანუ მშენებლობის ნებართვის გაგრძელება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის შეცვლილი სანებართვო პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საჭიროა ნებართვის გაცემის ახალი პროცედურა, რაც სახეზეა ამ შემთხვევაში და შესაბამისად, შპს ,,ა.-სთვის» მშენებლობის ნებართვის ავტომატურად გაგრძელება გამორიცხულია, ვინაიდან შეცვლილია სანებართვო პირობები, ამიტომ, უნდა მოხდეს შპს ,,ა.-სთვის» მშენებლობის ნებართვის გაცემა ახალი პირობებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან ქობულეთის რაიონის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების მიერ შპს ,,ა.-სთვის» ¹01/03 მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ მიღებულ იქნა ახალი ნორმატიული აქტი _ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილება «მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ», რომელიც ახლებურად არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესსა და კონკრეტულ პროცედურებს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს «ა.-სთვის» ქ. ქობულეთში, ...-ის ¹63-ში მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, მით უმეტეს, რომ შპს ,,ა.-ს» წარმომადგენლის მტკიცებით, მან არქმშენინსპექციის მიერ წამოყენებული დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად, მინი ბენზინგასამართი სადგურის პროექტში ცვლილებები შეიტანა, რაც დამტკიცდა კიდეც, ამ გარემოებასთან დაკავშირებით კი, კასატორს საკასაციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია (შედავება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «ა.-ს» სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს «ა.-სთვის» ქ. ქობულეთში, ...-ის ¹63-ში მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემის თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს «ა.-ს» სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. დაევალოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს «ა.-სთვის» ქ. ქობულეთში, ...-ის ¹63-ში, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემის თაობაზე;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.