¹ბს-729-695(კ-07) 21 თებერვალი, 2008წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი _ ნ. ლ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, წარმომადგენელი ლ. მ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის განჩინება
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 4 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ლ-ემ მოპასუხე აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 4 სექტემბრის ¹74 ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნ. ლ-ე მუშაობდა აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ...... დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად. აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 4 სექტემბრის ¹74 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან. სადავო ბრძანებაში სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი და 99-ე მუხლის მე-2 პუნქტი. დასახელებული 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.
მოსარჩელე სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებას უკანონოდ მიიჩნევს და განმარტავს, რომ აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ..... დეპარტამენტში თანამშრომელთა შორის თანამდებობრივი უფლებამოსილებები და ფუნქციები შესაბამისი ბრძანებით არ ყოფილა განაწილებული. მოსარჩელეს მეურვეობისა და მზრუნველობის, ასევე შვილად აყვანასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა არ ევალებოდა. აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა მეურვეობისა და მზრუნველობის, შვილად აყვანის საკითხთა შემსწავლელი კომისიები, რომელთაც დაევალათ ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე შვილად აყვანასა და მეურვეობა-მზრუნველობასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია, საკითხების შესწავლა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დადგენილი წესით, შესაბამისი დასკვნების მომზადება. მოსარჩელე, რომელიც აღნიშნული კომისიის წევრს წარმოადგენდა, მასზე დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად ასრულებდა, მისი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა.
...... დეპარტამენტში შესული ინფორმაციის საფუძველზე წარმოებდა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა რეესტრი, რომელიც, თავის მხრივ, კომისიას აწვდიდა შესულ კორესპონდენციებს. შემდეგ ხდებოდა აღნიშნული საკითხების საჯაროდ განხილვა, შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. შვილად აყვანასთან დაკავშირებული საკითხები, თავისი სირთულისა და სპეციფიურობის გათვალისწინებით, უშუალოდ კომისიის მიერ განიხილებოდა. აქედან გამომდინარე, ნ. ლ-ე, როგორც კომისიის რიგითი წევრი, არაუფლებამოსილი იყო, ზემომითითებული საკითხები პერსონალურად შეესწავლა და გადაეწყვიტა.
მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მოყვანილი ფაქტებიდან, რომლებშიც, ადმინისტრაციის მითითებით, ნ. ლ-ის ბრალეულობა იკვეთებოდა, ერთ-ერთს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შპს “ბ-ეს” დირექტორის მიერ 2006 წლის 11 აპრილს ¹933 კორესპონდენციით წარდგენილ იქნა იმ ბავშვთა ჩამონათვალი, რომელთა მშობლებმაც თანხმობა განაცხადეს ბავშვების გაშვილებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც ბრძანებაშია მითითებული, ნ. ლ-ის მიერ ქმედითი ღონისძიებები არ განხორციელებულა, რაც გამოიხატებოდა ბავშვის ყოფითი და სოციალური პირობების შეუსწავლელობაში. ამის საწინააღმდეგოდ, სარჩელში მითითებულია, რომ დასახელებული საკითხი განხილულ იქნა შვილად აყვანის საკითხთა შემსწავლელი კომისიის მიერ. კომისიის წევრების მხრიდან არაერთხელ დაისვა საკითხი, რათა მათ მინიჭებოდათ ბავშვთა სახლის მონიტორინგის, ასევე გასაშვილებელი ბავშვების დიაგნოზის გადამოწმების (შპს “ბ-ეს” მიერ მიწოდებული ინფორმაციით გასაშვილებელი ბავშვების უმრავლესობას მძიმე დიაგნოზი ჰქონდა დასმული), ფოტოფიქსაციისა და პირადი საქმეების გამოთხოვის უფლება, თუმცა აღნიშულზე მათ უარი ეთქვათ იმ მოტივით, რომ შპს “ბ-ე” არ წარმოადგენდა აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვემდებარე დაწესებულებას და სარგებლობდა ავტონომიური სტატუსით.
სადავო ბრძანების მიხედვით, ზემოაღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, ნ. ლ-ის მიერ დაირღვა “მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების აღრიცხვის წესის” საქართველოს განათლების სამინისტროს 1998 წლის 15 იანვრის ¹04 ბრძანების მეორე მუხლის მეოთხე პუნქტის მოთხოვნა, თუმცა მოსარჩელის მითითებით, დასახელებული მუხლი ითვალისწინებს არა ბავშვთა დაწესებულებებში მყოფი ბავშვების უფლებების უზრუნველყოფასა და ინტერესების დაცვას მათი განთავსების საკითხის მოგვარებამდე, არამედ ამ დაწესებულების გარეთ დაფიქსირებულ, მიტოვებულ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ინტერესების და უფლებების დაცვას და მათ განთავსებას. ბავშვთა დაწესებულებაში მყოფი ბავშვები შემდგომ განთავსებას არ საჭიროებენ და შესაბამისად, ეს საკითხი არც შეიძლებოდა განხილულიყო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ. ამასთან, მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გასაშვილებელ ბავშვთა შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის შპს “ბ-ეს” მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მხოლოდ სამ ბავშვს განუსაზღვრა ობოლი და მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვის (გასაშვილებელი) სტატუსი და კანონით გათვალისწინებულ 3 თვის ვადაში განახორციელა შვილად აყვანასთან დაკავშირებული პროცედურები. აქედან გამომდინარე, მითითება იმის შესახებ, რომ ამ კუთხით ქმედითი ღონისძიებები არ განხორციელებულა, უსაფუძვლოა.
რაც შეეხებოდა უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ვიზირების გარეშე ხელმოსაწერად წარდგენილ რიგ კორესპონდენციებს, ამასთან დაკავშირებით მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მითითებული კორესპონდენციები აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში არსებული კომისიის სხდომაზე განხილული და შესწავლილი იქნა და მას ხელს აწერდა უფლებამოსილი თანამდებობის პირი _ კომისიის თავმჯდომარე. ამის შესახებ ინფორმაციას ფლობდა დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელიც თავადაც წარმოადგენდა კომისიის წევრს. შესაბამისად, კომისიის მიერ მრავალჯერ განხილული და ხელმოწერილი დოკუმენტის დამატებითი ვიზირების საჭიროება არ არსებობდა და აღნიშნულს იმპერატიულად არც “საქმისწარმოების ერთიანი წესების” დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის ¹414 ბრძანებულების 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი ითვალისწინებდა.
გარდა ამისა, მოსარჩელის მითითებით, გასაჩივრებული ბრძანება გამოიცა მისი ავადმყოფობის პერიოდში, კერძოდ, იმ დროს, როცა იგი საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას გადიოდა, რაც ასევე ბრძანების გაუქმების საფუძველია (ს.ფ. 2-8).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 79-ე მუხლის თანახმად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მოხელის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვადასხვა ზომა, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლება. ამავე კანონის 99-ე მუხლის მიხედვით, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. სწორედ აღნიშნული კანონის მოთხოვნები იქნა გამოყენებული მოპასუხე ორგანიზაციის მიერ მოსარჩელის გათავისუფლების დროს. ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნ. ლ-ის მიმართ 2006 წლის 22 თებერვლის ¹52 ბრძანებით უკვე გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა _ შენიშვნა, რაც იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მოხელე სამსახურში მიღების უფლების მქონე პირს მოხელე გაეთავისუფლებინა სამუშაოდან განმეორებით სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის.
ნ. ლ-ის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევებთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება და მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებით და გასაჩივრებული ბრძანებით საკმაოდ დასაბუთებულად იყო აღწერილი ნ. ლ-ის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევის ფაქტები.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ იგი 2006 წლის 4 სექტემბერს იმყოფებოდა სავადმყოფო ფურცელზე და ამიტომ დაუშვებელი იყო მისი სამუშაოდან გათავისუფლება, რამდენადაც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარუდგენია, ხოლო საქმეში არსებული მოხსენებითი ბარათებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელე საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემდეგ _ 2006 წლის 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე, ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ადმინისტრაციულ აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული აქტი ბათილია, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
რამდენადაც გასაჩივრებული ბრძანება მიღებულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა (ს.ფ. 151-158).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
ნ. ლ-ე აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹363 ბრძანებით დაინიშნა ამავე სამინისტროს ...... დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. დაკისრებულ მოვალეობებს იგი ჯეროვნად ასრულებდა. ხელმძღვანელობის მხრიდან შენიშვნა არ მიუღია.
აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის ¹89 ბრძანებით შეიქმნა შვილად აყვანის, ხოლო 2006 წლის 19 აპრილის ¹167 ბრძანებით _ მეურვეობისა და მზრუნველობის საკითხთა შემსწავლელი კომისიები, რომლის თავმჯდომარედაც მინისტრის პირველი მოადგილე დაინიშნა, ხოლო კომისიების შემადგენლობაში შევიდნენ სამინისტროს სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის, მოსარჩელე.
ზემოაღნიშნულ კომისიას არ გააჩნდა დებულება და საქმიანობას წარმართავდა თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. ფუნქციები კომისიის თითოეულ წევრზე განაწილებული არ ყოფილა, ყველა საკითხი წყდებოდა კომისიური წესით და პასუხისმგებლობაც შესრულებული სამუშაოს ხარისხზე კომისიას ეკისრებოდა.
სათანადო მტკიცებულებების წარდგენის მიუხედავად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ გათავისუფლების საფუძვლად დასახელებული სამსახურებრივი გადაცდომები ნ. ლ-ეს არ ჩაუდენია, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კომისიის საქმიანობას შეეხებოდა, ერთობლივად განიხილებოდა და წყდებოდა. შესაბამისად, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება უკანონო იყო.
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ...... დეპარტამენტის (სადაც მოსარჩელე მუშაობდა) დებულება 2006 წლის 5 ივნისს დამტკიცდა, ნ. ლ-ის მიმართ გამოვლენილ დისციპლინურ გადაცდომებს კი 2006 წლის 5 ივნისამდე ჰქონდა ადგილი. ე.ი. აღნიშნული გადაცდომების ჩადენის პერიოდში მისი უფლებამოსილების განმსაზღვრელი თანამდებობრივი ინსტრუქცია არ არსებობდა.
სადავო ბრძანების თანახმად, 2006 წლის 17 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ნ. ლ-ის მიერ ¹1-10/549 კორესპონდენციით გაიგზავნა აჭარის ა/რ-ის ტერიტორიაზე მცხოვრებ ობოლ, მზრუნველობამოკლებულ და გაშვილებულ ბავშვთა მონაცემები, ისე რომ დანართის სახით 59 ფურცლად გაგზავნილი დოკუმენტაცია სამინისტროს კანცელარიაში არ მოიპოვება. აღნიშნული კორესპონდენციის გაგზავნის დროს კანცელარიის მთავარმა სპეციალისტმა საკანცელარიო წიგნზე დააფიქსირა მინაწერი, რომ ინფორმაცია დანართის სახით “59” ფურცელზე ინახებოდა საქმეში _ ........ დეპარტამენტში. კანცელარიის მთავარ სპეციალისტს არ მოუთხოვია აღნიშნული კორესპონდენციის ჩაბარება კანცელარიისთვის. ამის მიუხედავად, ნ. ლ-ემ დანართის სახით არსებული მასალების ასლები კანცელარიაში წარადგინა.
რაც შეეხებოდა ნ. ლ-ის მიერ უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ვიზირების გარეშე წარდგენილ კორესპონდენციებს, მათი გაგზავნისას დეპარტამენტის თავმჯდომარის ვიზირება არ იყო საჭირო, რამდენადაც აღნიშნული კორესპონდენციები არაერთხელ იქნა განხილული შვილად აყვანის საკითხთა შემსწავლელი კომისიის მიერ.
სადავო ბრძანებაში საუბარია ნ. ლ-ის მხრიდან “საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის ¹414 ბრძანებულების შეუსრულებლობაზე, კერძოდ, მითითებულია, რომ ის დოკუმენტაცია, რომელიც დანართის სახით აღნიშნული უნდა ყოფილიყო 2006 წლის 23 მაისის ¹1-10/1199 კორესპონდენციაზე, კანცელარიაში არ მოიპოვება. ამავე ბრძანებულებიდან გამომდინარე, დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მათი გავლის, გაფორმებისა და შესრულების კონტროლის რეგულირება საქმისწარმოების სამსახურს ევალება, რაც ამ კუთხით ნ. ლ-ის ბრალეულობას გამორიცხავს.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78-ე მუხლის მიხედვით, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა. სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობა; ბ. დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენების ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ. ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელის და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული საქციელი (ბრალეული ქმედება) განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, გასაჩივრებულ ბრძანებაში მოყვანილი ფაქტებიდან, დისციპლინურ გადაცდომას არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს (ს.ფ. 163; 166-173).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის განჩინებით ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 4 სექტემბრის ¹74 ბრძანებით სამინისტროს მთავარი სპეციალისტი ნ. ლ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს სამსახურიდან გათავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა.
აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2006 წლის 22 თებერვლის ¹52 ბრძანებით ნ. ლ-ეს მიეცა შენიშვნა.
აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2006 წლის 18 იანვრის ¹7 ბრძანებით დამტკიცებული რესურსცენტრის დებულების მე-2 მუხლის “ნ” პუნქტის მიხედვით, სამინისტრო ასრულებს მეურვეობისა და მზრუნველობის ფუნქციებს, უზრუნველყოფს შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად აყვანის პროცესის კოორდინაციას და ა.შ. დებულების მე-9 მუხლის მე-2 აბზაცის მიხედვით, ბათუმის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რესურსცენტრის ფუნქციებს ასრულებს აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. აღნიშნული დებულება მიღებულია მოსარჩელის გათავისუფლებამდე, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ თითქოს არ არსებობდა დებულება მისი ფუნქციების შესახებ.
მოსარჩელის გათავისუფლებამდე მიღებული აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2006 წლის 5 ივნისის ბრძანებით დამტკიცებული ამ სამინისტროს ნორმირების, ლიცენზირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების მე-3 მუხლის “ო”, “პ”, “ჟ” და “ს” პუნქტების მიხედვით, დეპარტამენტი აწარმოებს ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა აღრიცხვას და მონაცემებს გადასცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკს, შეარჩევს და აღრიცხავს მშვილებელთა კანდიდატურებს, შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე ამზადებს დასკვნას სასამართლოში წარსადგენად, უზრუნველყოფს შვილად აყვანის, ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად აყვანის პროცესის კოორდინაციას, ახორციელებს გაშვილებულ ბავშვთა აღზრდა-განვითარებაზე კონტროლს, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის საქმიანობაზე ზედამხედველობას, კურირებს ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების საგანმანათლებლო სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობას.
ზემოაღნიშნული ფუნქციები რომ მოსარჩელის კომპეტენციაში შედიოდა, აღნიშნული დასტურდებოდა საქმეში არსებული წერილებით და მოხსენებითი ბარათებით (ს.ფ. 212-214).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება ან ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს დავის გადაწყვეტისას სათანადოდ არ გამოუკვლევია მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ნ. ლ-ის სამუშაოდან გათავისუფლებას. სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ იმ საკითხზე, თუ რა შედიოდა ნ. ლ-ის სამსახურებრივ ფუნქციებში, რაც არასაკმარისია მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების დასასაბუთებლად.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებდა აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2006 წლის 5 ივნისის ბრძანებით დამტკიცებული ამავე სამინისტროს ....... დეპარტამენტის დებულებაზე, თუმცა სადავო ბრძანებაში აღნიშნული ქმედებები 2006 წლის 5 ივნისამდე პერიოდით თარიღდება. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მითითებული დებულების დამტკიცებამდე მოსარჩელის ფუნქციის განმსაზღვრელი არანაირი ინსტრუქცია არ არსებობდა.
ნ. ლ-ე აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹363 ბრძანებით დაინიშნა ამავე სამინისტროს ....... დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. იგი შვილად აყვანის, მეურვეობისა და მზრუნველობის ფუნქციებს ასრულებდა არა როგორც დასახელებული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, არამედ როგორც შვილად აყვანის და მეურვეობასა და მზრუნველობასთან დაკავშირებულ საკითხთა შემსწავლელი კომისიის წევრი.
სადავო ბრძანებაში საუბარია ნ. ლ-ის მხრიდან “საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის ¹414 ბრძანებულების შეუსრულებლობაზე, კერძოდ, მითითებულია, რომ ის დოკუმენტაცია, რომელიც დანართის სახით აღნიშნული უნდა ყოფილიყო 2006 წლის 23 მაისის ¹1-10/1199 კორესპონდენციაზე, კანცელარიაში არ მოიპოვება. აღსანიშნავია, რომ მითითებულ კორესპონდენციას არ გააჩნია აუცილებელი რეკვიზიტები: შემსრულებლის ხელმოწერა და შესრულების თარიღი. შესაბამისად, დაუდგენელია, თუ ვის მიერ და როდის შესრულდა დასახელებული წერილის პროექტი.
სადავო ბრძანების თანახმად, 2006 წლის 17 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ნ. ლ-ის მიერ ¹1-10/549 კორესპონდენციით გაიგზავნა აჭარის ა/რ-ის ტერიტორიაზე მცხოვრებ ობოლ, მზრუნველობამოკლებულ და გაშვილებულ ბავშვთა მონაცემები, ისე რომ დანართის სახით 59 ფურცლად გაგზავნილი დოკუმენტაცია სამინისტროს კანცელარიაში არ მოიპოვება, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქმის წარმოების სამსახურს დანართის სახით დოკუმენტაცია არ ჩაბარებია.
რაც შეეხება ნ. ლ-ის მიერ უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ვიზირების გარეშე წარდგენილ კორესპონდენციებს, მათი გაგზავნისას დეპარტამენტის თავმჯდომარის ვიზირება არ იყო საჭირო, რამდენადაც აღნიშნული ვალდებულება მხოლოდ აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2006 წლის 5 ივნისს დამტკიცებული დებულებით განისაზღვრა. ამასთან, “საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის ¹414 ბრძანებულების 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი არ ითვალისწინებს დოკუმენტის პროექტის დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმების (ვიზირების) აუცილებლობას.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78-ე მუხლის მიხედვით, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა. სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობა; ბ. დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენების ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ. ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელის და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული საქციელი (ბრალეული ქმედება) განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, გასაჩივრებულ ბრძანებაში მოყვანილი ფაქტებიდან დისციპლინურ გადაცდომას არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს (ს.ფ. 227, 254-261).
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარე აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საკასაციო საჩივარი არ ცნო და განმარტა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამებოდა ნ. ლ-ის მსჯელობა, თითქოს სამინისტროს ....... დეპარტამენტს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული დებულება არ ჰქონია. “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ” აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 5 ივნისის ¹250 ბრძანებით დამტკიცდა ნორმირების, ლიცენზირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულება. ასევე არასწორია კასატორის მსჯელობა, რომ არ არსებობს სამართლებრივი აქტი, რომელიც თანამდებობრივ ინსტრუქციებს დაადგენდა, რომ მინისტრის 2006 წლის 5 ივნისის ¹250 ბრძანებას არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს გასაჩივრებულ ბრძანებასთან და რომ მანამდე არანაირი თანამდებობრივი ინსტრუქციები არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ ნ. ლ-ის მიერ გაგზავნილი კორესპონდენციები თარიღდება მარტის, აპრილისა და მაისის თვეებით და დებულება მიღებულია 2006 წლის 5 ივნისს, აღნიშნული კასატორს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან “საქმისწარმოების ერთიანი წესების” დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის ¹414 ბრძანებულება ადგენს საქმისწარმოების წესებს, რომლებიც დარღვეულ იქნა ნ. ლ-ის მიერ კორესპონდენციების გაგზავნისას.
ასევე არასწორია კასატორის მსჯელობა, რომ იგი მეურვეობისა და მზრუნველობის ფუნქციებს ასრულებდა როგორც კომისიის წევრი, არა როგორც ....... დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი და რომ სამსახურებრივი ფუნქციები შესაბამისი ბრძანებით არ განაწილებულა. აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 19 აპრილის ¹167 ბრძანებით შეიქმნა ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მეურვეობისა და მზრუნველობასთან დაკავშირებულ საკითხთა შემსწავლელი კომისია. ამასთან, აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის ¹89 ბრძანებით შეიქმნა ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე შვილად აყვანის საკითხების შემსწავლელი კომისია. აღნიშნული კომისიების მუშაობა განისაზღვრებოდა შემდეგნაირად: კომისია მეურვედ და მზრუნველად დანიშვნასა და შვილად აყვანის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებდა ....... დეპარტამენტის მოკვლეული მასალებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. საკითხის შესწავლა, დეპარტამენტის დებულების თანახმად, აღნიშნული დეპარტამენტის ფუნქციაში შედიოდა და მეურვეობისა და მზრუნველობის და შვილად აყვანის შესახებ სამინისტროში შემოსული კორესპონდენციები უფლებამოსილი პირების შესაბამისი რეზოლუციებით გადაეცემოდა აღნიშნული დეპარტამენტის უფროსს რ. დ-ეს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, აღნიშნულ კორესპონდენციებს ანაწილებდა მოსარჩელე ნ. ლ-ზე. ამასთან, კორესპონდენციებში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში განმცხადებლები აღნიშნულ დოკუმენტებს თავად მოსარჩელეს წარუდგენდნენ. ნ. ლ-ე იყო ...... დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი და შესაბამისად, სხდომაზე განსახილველი საკითხები მას გამოჰქონდა, აცნობდა კომისიას, თუ რა კორესპონდენციები იყო სამინისტროში წარმოდგენილი და კომისია ამის შემდეგ იღებდა კონკრეტულ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ნ. ლ-ის მიერ იმის მტკიცება, რომ იგი მეურვეობის და მზრუნველობის ფუნქციას ასრულებდა როგორც კომისიის რიგითი წევრი და არა როგორც დეპარტამენტის თანამშრომელი, არ შეესაბამება სინამდვილეს, უფრო მეტიც, ნ. ლ-ე ზემომითითებული კომისიების შემადგენლობაში შეყვანილ იქნა იმის გამო, რომ შვილად აყვანასა და მეურვეობასა და მზრუნველობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს სწორედ იგი ასრულებდა.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ ...... დეპარტამენტი შეიქმნა აჭარის ა/რ-ის მთავრობის 2005 წლის 29 ნოემბრის ¹109 დადგენილების თანახმად. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან კასატორის გათავისუფლებამდე შვილების, მეურვეობისა და მზრუნველობასთან დაკავშირებული სამინისტროს კანცელარიაში აღრიცხული ყველა კორესპონდენცია შესრულებულია ნ. ლ-ის მიერ, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს მასზე მითითებული ფუნქციის დავალებას. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ მას არ ევალებოდა მითითებული ფუნქციების შესრულება, მაგრამ ვერ უთითებს, აღნიშნული ფუნქციების გარდა რა ევალებოდა და რას ასრულებდა სამინისტროში მუშაობის დროს.
კასატორის მიერ 2006 წლის 23 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიგზავნა კორესპონდენცია აჭარის ა/რ-ის ტერიტორიაზე მცხოვრებ ობოლ და მშობელთა მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვებისა და მოზარდების სტატისტიკური მონაცემების შესახებ, რაც ასახული უნდა ყოფილიყო დანართის სახით. დანართის აღნიშვნა წერილს თან არ ახლავს, შესაბამისად, დაუდგენელია, სტატისტიკური მონაცემები აღნიშნული კორესპონდენციით გაიგზავნა თუ არა. აღნიშნულით ნ. ლ-ემ დაარღვია “საქმისწარმოების ერთიანი წესების” დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის ¹414 ბრძანებულების 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 27-ე მუხლისა და 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნა. ამასთან, ის დოკუმენტაცია, რომელიც დანართის სახით აღნიშნული უნდა ყოფილიყო მითითებულ კორესპონდენციაზე, სამინისტროში არ მოიპოვება. აღნიშნულით ნ. ლ-ის მიერ ასევე დაირღვა საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნა.
საინტერესოა, რომ ნ. ლ-ე საკასაციო საჩივარში უარყოფს მითითებული კორესპონდენციის მის მიერ შესრულებას და აღნიშნავს, რომ სამინისტროს სათანადოდ არ გამოუკვლევია ამ წერილის მის მიერ შესრულების საკითხი. სინამდვილეში აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სათანადოდ გამოიკვლია მითითებული საკითხი და ადმინისტრაციული წარმოება განახორციელა კანონმდებლობის სრული დაცვით. მინისტრის მოადგილის 2006 წლის 12 ივნისის ¹1-11/423 კორესპონდენციით ნ. ლ-ეს ეთხოვა წერილობითი ახსნა-განმარტების წარმოდგენა მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევასთან დაკავშირებით და დასაბუთება. კორესპონდენციაში მითითებული იყო ზემოაღნიშნული 2006 წლის 23 მაისის კორესპონდენციის შესახებ. ახსნა-განმარტება მოთხოვნილ იქნა სწორედ მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევასთან დაკავშირებული ფაქტების შესწავლისა და დასაბუთების მიზნით.
ნ. ლ-ის მიერ 2006 წლის 14 ივნისს წარმოდგენილ ¹752 ახსნა-განმარტებით ბარათში კასატორი არ უარყოფს აღნიშნული წერილის მის მიერ შესრულებას, უფრო მეტიც, იგი წერს: “რაც შეეხება დანართის დაფიქსირებას გაგზავნილ კორესპონდენციაში, მოგახსენებთ, რომ აღნიშნულის გამორჩენა დოკუმენტში, ვფიქრობ, არ შეიძლება ჩაივალოს არსებით დარღვევად, ვინაიდან ზემოხსენებული დოკუმენტაცია ინახება ...... დეპარტამენტში”. აღნიშნული წერილის ნ. ლ-ის მიერ შესრულების ფაქტს არ უარყოფს ნ. ლ-ე მითითებულ ახსნა-განმარტებით ბარათსა და სარჩელში.
2006 წლის 17 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ნ. ლ-ის მიერ გაიგზავნა აჭარის ა/რ-ის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ და გაშვილებულ ბავშვთა მონაცემები, ისე, რომ დანართის სახით 59 ფურცლად გაგზავნილი დოკუმენტაცია სამინისტროს კანცელარიაში არ მოიპოვება. აღნიშნულით ნ. ლ-ემ დაარღვია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული “საქმისწარმოების ერთიანი წესების” მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნა. ნ. ლ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ კორესპონდენციის დანართი ხარვეზის გარეშე ჩაბარდა კანცელარიას, რის შემდეგაც გადაეცა უფლებამოსილ პირს და არანაირი მტკიცებულება, რომ საქმისწარმოების სამსახურს დანართი არ ჩაბარებია, არ არსებობს. აღნიშნული მსჯელობა არ შეესაბამება სინამდვილეს, რამდენადაც მინისტრის მოადგილესთან ხელმოსაწერად კორესპონდენციის წარდგენას უზრუნველყოფს არა კანცელარია, არამედ უშუალოდ წერილის შემსრულებელი, რომელიც თავად უზრუნველყოფს მათზე დანართების დართვას და აუცილებელი რეკვიზიტებით გაფორმებას. ამასთან, ზემომითითებულ კორესპონდენციაზე აღნიშნულია, რომ დანართი ინახება ნ. ლ-თან, რომელიც დამოწმებულია უფლებამოსილი პირის მიერ, რაც ასევე აბათილებს კასატორის აღნიშნულ არგუმენტაციას.
2006 წლის 4 მაისის ¹1-11/1042, 2006 წლის 18 მაისის ¹1-18/1150, 2006 წლის 18 მაისის ¹1-18/1149 კორესპონდენციები უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნ. ლ-ის მიერ ხელმოსაწერად წარდგენილია ვიზირების გარეშე. აღნიშნულით დარღვეულია “საქმისწარმოების ერთიანი წესების” 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნა. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული კორესპონდენციები კომისიის სხდომაზე იქნა განხილული და ვინაიდან დეპარტამენტის უფროსი თავად იყო კომისიის წევრი, მიზანშეწონილად აღარ ჩათვალა კორესპონდენციების მასთან შეთანხმება. სინამდვილეში სამინისტროს ..... დეპარტამანტის უფროსი რ. დ-ე არ ყოფილა შვილად აყვანის კომისიის წევრი. ამასთან, აღნიშნული დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის უფროსი ვიზირებით ადასტურებს დეპარტამენტში მომზადებულ ოფიციალურ დოკუმენტებს. აქედან გამომდინარე, კასატორის მტკიცება, თითქოს კორესპონდენციები ზემოხსენებული კომისიის მიერ იყო განხილული და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმება არ საჭიროებდა, არ შეესაბამება სინამდვილეს.
ასევე არასწორია კასატორის მსჯელობა, რომ შვილად აყვანასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ საჭიროებდა დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებას, ვინაიდან იგი არ მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში. აღნიშნული მოსაზრება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 5 ივნისის ბრძანებით დამტკიცებული ნორმირების, ლიცენზირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების მე-3 მუხლის “ო”, “პ”, “ჟ” და “რ” ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტი აწარმოებდა ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა აღრიცხვას და მონაცემებს გადასცემდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკს, შეარჩევდა და აღრიცხავდა მშვილებელთა კანდიდატურებს, შესაბამისი დოკუმენტაციისა და მოკვლეწული მასალების საფუძველზე ამზადებდა დასკვნას სასამართლოში წარსადგენად, უზრუნველყოფდა შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის პროცესის კოორდინაციას და სხვ. შესაბამისად, მითითებული საკითხების განხილვა და მისი კომისიისათვის მიწოდება წარმოადგენდა ........ დეპარტამენტის ფუნქციას და შვილად აყვანასთან, მეურვეობასა და მზრუნველობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ ინფორმირებული უნდა ყოფილიყო დეპარტამენტის უფროსი, რაც ნ. ლ-ეს არ განუხორციელებია.
გარდა ამისა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ნ. ლ-ის მიერ ხდებოდა კორესპონდენციებზე წერილის დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმების აღნიშვნის დაფიქსირება, თუმცა იგი უფროსის ხელწერით არ არის დამოწმებული. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ კასატორი თვითონაც დარწმუნებული იყო წერილის დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმების აუცილებლობაში, მაგრამ პასუხისმგებლობით არ მოეკიდა მითითებულ საკითხს.
აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შპს “ბ-ის” დირექტორის მიერ წარმოდგენილ იქნა იმ ბავშვთა ჩამონათვალი, რომელთა მშობლებმაც თანხმობა განაცხადეს ბავშვების გაშვილებაზე. “მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების სამინისტროს 1998 წლის 15 იანვრის ¹04 ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 3 დღის ვადაში, ვალდებულია, შეისწავლოს და გამოიკვლიოს ბავშვის ყოფითი და სოციალური პირობები და შეადგინოს პირველადი გამოკვლევის ორი დოკუმენტი: მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვის ყოფითი და სოციალური პირობების გამოკვლევის ოქმი და გამოკვლევაზე დამყარებული დასკვნები და რეკომენდაციები ბავშვის შემდგომი განთავსების ფორმების შესახებ. ამასთან, “შვილად აყვანის წესის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიიჩნევს, რომ ბავშვები ექვემდებარებიან შვილად აყვანას, ის იწყებს საქმიანობას მშვილებელთა შერჩევისა და არსებითი შემოწმებისათვის. ყოველივე აღნიშნულთან დაკავშირებით ნ. ლ-ის მიერ ქმედითი ღონისძიებები არ განხორციელებულა. შესაბამისად, მის მიერ დარღვეულია ზემომითითებული ნორმების მოთხოვნები.
მშვილებელთა რეესტრსა და რეგისტრაციას აწარმოებდა ....... დეპარტამენტი და შესაბამისად, ნ. ლ-ე, ვინაიდან აღნიშნული საკითხი მის ფუნქციებში შედიოდა. ამდენად, დეპარტამენტი უზრუნველყოფდა მშვილებელთა შერჩევას რეესტრის მონაცემების საფუძველზე, კომისიას წარუდგენდა კონკრეტულ წინადადებას მშვილებელთა შერჩევის შესახებ და კომისია დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი წინადადების ფარგლებში უზრუნველყოფდა მითითებული საკითხის შესწავლას.
კასატორის მიერ მითითება იმაზე, რომ იგი დროებით შრომისუუნარობის ფურცლის მოქმედების პერიოდში გაათავისუფლეს თანამდებობიდან, ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. ნ. ლ-ის მიერ სამინისტროში წარმოდგენილ საავადმყოფო ფურცელი დახურულია 2006 წლის 19 აგვისტოს, ხოლო მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა 2006 წლის 4 სექტემბრის ბრძანებით. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი გათავისუფლების შესახებ, 2006 წლის 5 სექტემბერს სამინისტროში წარადგინა განცხადება, თითქოს, იგი კვლავ იმყოფება დროებითი შრომისუუნარობის ფურცელზე. სამინისტროს მიერ მას უარი ეთქვა აღნიშნული განცხადების განხილვაზე.
მაგალითად, ნ. ლ-ეს წერილობითი ახსნა-განმარტება მოეთხოვა 2006 წლის 12 ივნისისა და 14 ივნისის კორესპონდენციებით. 2006 წლის 26 ინვისის კორესპონდენციის შესაბმისად, ნ. ლ-ემ სამინისტროს აცნობა, რომ იგი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. შესაბამისად, ნ. ლ-ე საავადმყოფო ფურცელზე გავიდა მიზანმიმართულად, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული წარმოება დაწყებული იყო მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევებთან დაკავშირებით, რითაც მან ხელი არ შეუწყო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობას. აღნიშნული ფაქტი მის მიერ კვლავაც განმეორდა.
კასატორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა მოძიებული შვილებასა და მეურვეობასა და მზრუნველობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაცია. ამასთან, მშვილებელთა რეესტრში აღრიცხული კორესპონდენტები გამოთქვამდენენ პრეტენზიას, რომ ესა თუ ის დოკუმენტი წარდგენილი ჰქონდათ ნ. ლ-თან და ისინი დაიკარგა. აღნიშნულის შესახებ დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალგზის მიმართეს კასატორს, რის შემდეგაც კასატორის დედამ დეპარტამენტში დაბრუნა მის მიერ სახლში წაღებული მთელი რიგი დოკუმენტაცია.
შესაბამისად, სახეზეა კასატორის მიერ ჩადენილი სამსახურებრივ მოვალეობათა არაერთი დარღვევა, რაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 79-ე მუხლისა და 99-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციას მისი გათავისუფლების სრულ საფუძველს აძლევდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის ¹52 ბრძანებით ნ. ლ-ეს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა _ შენიშვნა. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების პერიოდში, აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 4 სექტემბრის ¹74 ბრძანებით, ....... დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნ. ლ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 79-ე მუხლისა და 99-ე მუხლის საფუძველზე.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 79-ე მუხლი ჩამოთვლის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, რომელთა შორის არის შენიშვნა, ამავე კანონის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელის გათავისუფლების შესაძლებლობას, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-80 მუხლის მე-3 ნაწილის ითვალისწინებს მოხელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გაქარწყლებას მისი შეფარდებიდან ერთი წლის შემდგომ.
მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება, რომელიც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის თანახმად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ექვემდებარება დასაბუთებას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 4 სექტემბრის ¹74 სადავო ბრძანება კონკრეტულად მიუთითებს მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების, კერძოდ, საქმისწარმოების წესების დარღვევის ფაქტებზე და შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სადავო ბრძანებაში მოცემულია კასატორის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევის შემდეგი შემთხვევები:
კასატორის მიერ 2006 წლის 23 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიგზავნა კორესპონდენცია აჭარის ა/რ-ის ტერიტორიაზე მცხოვრებ ობოლ და მშობელთა მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვებისა და მოზარდების სტატისტიკური მონაცემების შესახებ, რაც ასახული უნდა ყოფილიყო დანართის სახით. დანართის აღნიშვნა წერილს თან არ ახლავს, შესაბამისად, დაუდგენელია, სტატისტიკური მონაცემები აღნიშნული კორესპონდენციით გაიგზავნა თუ არა. აღნიშნულით ნ. ლ-ემ დაარღვია “საქმისწარმოების ერთიანი წესების” დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის ¹414 ბრძანებულების 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 27-ე მუხლისა და 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნა. ამასთან, ის დოკუმენტაცია, რომელიც დანართის სახით აღნიშნული უნდა ყოფილიყო მითითებულ კორესპონდენციაზე, სამინისტროში არ მოიპოვება. აღნიშნულით ნ. ლ-ის მიერ ასევე დაირღვა საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნა;
2006 წლის 17 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ნ. ლ-ემ გააგზავნა აჭარის ა/რ-ის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ და გაშვილებულ ბავშვთა მონაცემები, ისე, რომ დანართის სახით 59 ფურცლად გაგზავნილი დოკუმენტაცია სამინისტროს კანცელარიაში არ მოიპოვება. აღნიშნულით ნ. ლ-ემ დაარღვია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული “საქმისწარმოების ერთიანი წესების” მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნა;
2006 წლის 4 მაისის, 2006 წლის 18 მაისის, 2006 წლის 18 მაისის კორესპონდენციები უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნ. ლ-ის მიერ ხელმოსაწერად წარდგენილია ვიზირების გარეშე. აღნიშნულით დარღვეულია “საქმისწარმოების ერთიანი წესების” 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნა;
აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შპს “ბ-ის” დირექტორის მიერ წარმოდგენილ იქნა იმ ბავშვთა ჩამონათვალი, რომელთა მშობლებმაც თანხმობა განაცხადეს ბავშვების გაშვილებაზე. “მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების სამინისტროს 1998 წლის 15 იანვრის ¹04 ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 3 დღის ვადაში, ვალდებულია, შეისწავლოს და გამოიკვლიოს ბავშვის ყოფითი და სოციალური პირობები და შეადგინოს პირველადი გამოკვლევის ორი დოკუმენტი: მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვის ყოფითი და სოციალური პირობების გამოკვლევის ოქმი და გამოკვლევაზე დამყარებული დასკვნები და რეკომენდაციები ბავშვის შემდგომი განთავსების ფორმების შესახებ. ამასთან, “შვილად აყვანის წესის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიიჩნევს, რომ ბავშვები ექვემდებარებიან შვილად აყვანას, ის იწყებს საქმიანობას მშვილებელთა შერჩევისა და არსებითი შემოწმებისათვის. ყოველივე აღნიშნულთან დაკავშირებით ნ. ლ-ის მიერ ქმედითი ღონისძიებები არ განხორციელებულა. შესაბამისად, მის მიერ დარღვეულია ზემომითითებული ნორმების მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასების, ასევე აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2006 წლის 18 იანვრის ¹7 ბრძანებით დამტკიცებული რესურსცენტრის დებულების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ...... დეპარტამენტის კომპეტენციაში უდავოდ შედიოდა მეურვეობის, მზრუნველობასა და შვილად აყვანასთან დაკავშირებული საკითხები. ნ. ლ-ე, რომელიც აღნიშნული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს და, იმავდროულად, აღნიშნული სამინისტროს 2006 წლის 14 მარტის ¹89 ბრძანებით შექმნილი შვილად აყვანის საკითხთა შემსწავლელი კომისიის წევრს წარმოადგენდა, ბუნებრივია, დაკავებული იყო სწორედ მეურვეობის, მზრუნველობისა და შვილების საკითხებით და უხდებოდა შესაბამისი კორესპონდენციის განხილვა და მომზადება. სრულიად დაუსაბუთებელია კასატორის მსჯელობა, რომ დეპარტამენტის დებულება დამტკიცდა 2006 წლის 5 ივნისს, სადავო ბრძანებაში მითითებული ფაქტების შემდგომ და რომ გაურკვეველი იყო დეპარტამენტში მისი ფუნქციები, რაც შეიძლება იყოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის კომპეტენციაში დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების არსებობა დასტურდება საქმეში არსებული წერილებით და მოხსენებითი ბარათებით (ს.ფ. 32-38, 41, 47-51, 205).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე _ მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ადასტურებს სადავო ბრძანების დასაბუთებულობას, ხოლო საკასაციო საჩივარი ვერ აქარწყლებს აღნიშნული ბრძანების დასაბუთებას და მასში მოყვანილი ფაქტების სინამდვილესთან შესაბამისობას. საკასაციო სასამართლოს არა აქვს საფუძველი, მიიჩნიოს, რომ სადავო ბრძანებაში მითითებული კორესპონდენციები კასატორს არ შეუსრულებია, რომ მეურვეობის, მზრუნველობასთან და შვილებასთან დაკავშირებული სადავო ბრძანებაში მითითებული საკითხები არ წარმოადგენდა მის კომპეტენციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.