Facebook Twitter

¹ბს-730-696(კ-06) 25 აპრილი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. მ-მა 2003 წლის 15 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილსის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ფქვილის ხარისხის ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 2003 წლის 2 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ფქვილის ხარისხის ინსპექციის 2002 წლის 9 ივლისის ¹91 ბრძანებით ნ. მ-ი დაინიშნა აღნიშნული ინსპექციის თერჯოლის რაიონული განყოფილების ....., სადაც 2003 წლის 4 აგვისტომდე მუშაობდა, სანამ მისი სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე გათავისუფლების ბრძანება ჩაბარდა, რომლითაც შეიტყო, რომ Yთანამდებობიდან გათავისუფლებული იყო შტატების შემცირების მოტივით. ბრძანება შტატების შემცირების შესახებ მოპასუხეს მისთვის არ ჩაუბარებია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 42.2. მუხლითა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით დადგენილი წესით, არ ყოფილა გაცემული პროფკავშირის თანხმობა მის განთავისუფლებაზე, არ მომხდარა საბოლოო ანგარიშწორება და არ მიუღია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 42.2 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია (ს.ფ. 3).

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მის მიერ გაშვებული იყო სადავო ბრძანების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა (ს.ფ. 43-44).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მითითებით, მისი განთავისუფლება მოხდა კანონის უხეში დარღვევით, მოპასუხე ორგანიზაციას მისთვია არ უცნობებია შტატების მოსალოდნელი შემცირების შესახებ, რითაც დაირღვა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 42-ე მუხლისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნები. გათავისუფლება არ მომხდარა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის საფუძველზე. 2003 წლის 2 ივნისის ბრძანება გათავისუფლების შესახებ არ ჩაბარებია და ჩვეულებრივად ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობებს 2003 წლის 4 აგვისტომდე. ბრძანება ჩაბარდა მხოლოდ მისი სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე, რაც დაადასტურა ხელმოწერით. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127.1 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არა გაუშვია. შტატების შემცირებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არ იცოდა, გაფრთხილებული არ ყოფილა. აღნიშნული უცნობი იყო თერჯოლის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოსთვის, რომლის წარდგინებითაც უნდა მომხდარიყო მისი განთავისუფლება. 2003 წლის 14 თებერვლის ¹2-36 ბრძანების 2,ა” პუნქტის საფუძველზე რაიონული სამსახურის ხელმძღვანელთა დანიშვნისა და განთავისუფლების საკითხი თანხმდებოდა რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს უფროსთან. მოპასუხემ დაარღვია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96.2, 97.3, 108-ე მუხლები (ს.ფ. 47-52).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 2 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 98-102).

აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა საკასაციო წესით მოსარჩელის მიერ (ს.ფ. 117-121).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 9 ივნისის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისისი საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 117-121).

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას ნ. მ-მა დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა სოფლის მეურნეობისა პროდუქციის და ფქვილის ხარისხის ინსპექციის 2003 წლის 2 ივნისის ¹63-კ ბრძანების მისი გათავისუფლების ნაწილში ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 დეკემბერის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ფქვილის ხარისხის ინსპექციის 2003 წლის 2 ივნისის ¹63-კ ბრძანება ნ. მ-ის განთავისუფლების ნაწილში, მოსარჩელე აღდგენილი იქნა განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე და აუნაზღაურდა ხელფასი სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში (ს.ფ.159-164).

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ფიქვილის ხარისხის ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ს.ფ.166-167).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 23 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 დეკემბერის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 187-194).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ფიქვილის ხარისხის ინსპექციის საპროცესო უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (ს.ფ. 203).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მაისის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ფქვილის ხარისხის ინსპექციის 2003 წლის 2 ივნისის ბრძანება ნ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში, ნ. მ-ს აუნაზღაურდა ხელფასი სამსახურში აძულებითი არყოფნის პერიოდისათვის 2005 წლის 3 ივნისამდე, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგნაირად დაასაბუთა:

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქტისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის 2002 წლის 9 ივლისის ¹91 ბრძანებით თერჯოლის რაიონული განყოფილების ..... დაინიშნა ნ. მ-ი, რომელიც ამავე ინსპექციის 2003 წლის 2 ივნისის ¹63-კ ბრძანების საფუძველზე 2003 წლის 1 ივნისიდან განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქტისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის 2003 წლის 2 ივნისის ¹63-კ ბრძანება, ნ. მ-ის დაკავებული თანამდებობიდან თერჯოლის რაიონული განყოფილების უფროსის გათავისუფლების თაობაზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3. მუხლი სარჩელის სასამართლოში წარდგენის ვადის ათვლას უკავშირებს აქტის გაცნობის მომენტს, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ადმინისტრაციული აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ადმინისტრაციული აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127.1 მუხლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურეობრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქტისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის 2003 წლის 2 ივნისის ¹63-კ ბრძანება ნ. მ-ის გათავისუფლების ნაწილში მოსარჩელე ნ. მ-ს ჩაბარდა 2003 წლის 4 აგვისტოს. შესაბამისად, მოსარჩელეს არ გაუშვია სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის კანონმდებლობით დადგენილი ერთთვიანი ვადა, ვინაიდან სარჩელი დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით პირველი ინსტანციის სასამართლოში 2003 წლის 15 აგვისტოს წარადგინა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108.1 მუხლის მიხედვით, მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობათა შემცირების, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან ასაკის გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინსტრაციული აქტი. სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა მოძიებული ინფორმაცია ან რაიმე დამადასტურებელი მტკიცება იმისა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქტისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის 2003 წლის 2აპრილის ¹17 ბრძანების შესაბამისად ნ. მ-ი გაფრთხილებული იყო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ ასევე ვერ წარმოადგინა რაიმე დამადასტურებელი იმისა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქტისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციამ მოსარჩელეს შესთავაზა სხვა თანამდებობაზე დანიშვნა, რაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მოთხოვნათა დაღვევას წარმოადგენდა. შეთავაზებული შეიძლება ყოფილიყო სხვა, იგივე ან უფრო დაბალი რანგის თანამდებობა, ან სამუშაო ადგილი მაგრამ შეთავაზება აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ ჰქონდა უფლება ადმინისტრაციას მუშაკი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ფქვილის ხარისხის ინსპექციის 2003 წლის 2 ივნისის ¹63-კ ბრძანების გამოცემისას დაირღვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე, 108.1 მუხლის მოთხოვნები და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1.,,დ” მუხლის საფუძველზე ბრძანება ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას, ხოლო “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127.5 მუხლით მოხელე ექვემდებარება სამსახურში აღდგენას სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში. სამუშაოზე აღდგენა უნდა მოხდეს იმავე (წინანდელ) თანამდებობაზე, რომელიც მუშაკს ეკავა განთავისუფლებამდე ანუ ბათილად ცნობილი ბრძანების გამოცემამდე არსებულ თანამდებობაზე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამასახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 3 ივნისის ¹2-139 ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად ჩაითვალა ,,მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინსტრის 2000 წლის 13 აპრილის ¹2-57 და ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის დებულების შესახებ“ 1997 წლის 26 დეკემბრის ¹2-471 ბრძანებები, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს ¹275 ბრძანებულების საფუძველზე განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის ლიკვიდაცია და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 9 იანვრის ¹2-1 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამასახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 3 ივნისის ¹2-139 ბრძანება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის სახელმწიფო ინსპექცია, რომლის სტრუქტურულ ერთეულსაც წარმოადგენდა თერჯოლის რაიონული განყოფილება, გაუქმებულ იქნა 2005 წლის 3 ივნისს და სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობდა ის სამსახური და ის თანამდებობა, რომელიც სადაო ბრძანების გამოცემადე ეკავა მოსარჩელეს, ხოლო სხვა თანამდებობაზე აღდგენის შესაძლობლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა, რის გამოც სარჩელის მოთხოვნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ვერ დაკმაყოფილდებოდა. ამასთან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა ხელფასი სამსახურში იძულებითი არყოფნის პერიოდისათვის 2005 წლის 3 ივნისამდე (ს.ფ. 229-237).

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.

კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი იყო თერჯოლის რაიონის ინსპექციის ¹63-კ ბრძანების ამონაწერი, რომლის შესაბამისად “საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის პირველი თავის მე-19 პუნქტისა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის ¹2-62 ბრძანების 2.2 პუნქტის შესასრულებლად 2003 წლის 1 ივნისიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მუშაკთა საშტატო რიცხოვნობის შემცირებასთან დაკავშირებით ინსპექციის 2003 წლის 2 აპრილის ¹17 ბრძანებით, შრომის კანონთა კოდექსის 422 მუხლის შესაბამისად, ინსპექციის თითოეული მუშაკი გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, რაც სამსახურის აპარატმა ტელეფონოგრამით შეატყობინა ნ. მ-ს. აღნიშნული გარემოება სადავო არ გამხდარა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი არგუმენტაციისა და სათანადო დასაბუთების გარეშე ჩათვალა, რომ ნ. მ-ი არ იყო გაფრთხილებული სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე სათანადო საფუძვლების არსებობის გარეშე დააკმაყოფილა ნ. მ-ის გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა არსებობდა მოპასუხის წერილობითი განმარტება და შესაბამისი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მასალები თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ ამოღებულ და გაგზავნილ იქნა საქართველოს ფინანსური პოლიცის საგამოძიებო დეპარტამენტში. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყოველგვარი შეფასების გარეშე გაიზიარა მხოლოდ ნ. მ-ის განმარტება მოსალოდნელი გაფრთხილების შესახებ ბრძანების მისთვის გადაუცემლობის თაობაზე და სამინისტროს არ მისცა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტიდან მტკიცებულებების გამოთხოვის საშუალება. აღნიშნული კი ცალსახად დაადასტურებდა ნ. მ-ის კანონიერ გათავისუფლებას სამსახურიდან, თუმცა საქმეში საკმარისი მტკიცებულებები მოიპოვებოდა.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს ნაცვლად ნ. მ-ის მიერ მოთხოვნილი 600 ლარისა, დააკისრა მისთვის 2 წლის ხელფასის ანაზღაურება ისე, რომ კვლავ არ მიუთითა და არ დაასაბუთა რა გაანგარიშებით, საიდან გამომდინარე, რომელი ხელფასის გათვალისწინებით, რა თანამდებობრივი სარგოს და საბოლოოდ რა ოდენობის თანხის გადახდით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, არ იმსჯელა და სათანადოდ არ შეაფასა კონკრეტული დავის არსი და შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთებისა და ყოველგვარი მოტივაციის გარეშე მიიჩნია უსაფუძვლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, შედეგად მოჰყვა არაკანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა (ს.ფ. 241-245).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, ვერ ასაბუთებს მისი მოთხოვნის არსებით საფუძვლიანობას.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.