ბს-731-697(კ-07) 31 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 3 სექტემებრს სს ,,ა-მა” სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ საინკასო დავალებების მოხსნის თაობაზე.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 2004 წლის 18 აგვისტოს რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ სს ,,ა-ის” ანგარიშზე სს ,,.... ბანკის” რუსთავის ფილიალში წარადგინა საინკასო დავალებები საერთო თანხის - 340200 ლარის ჩამოწერის თაობაზე, მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის მიზნით, კერძოდ, შპს ,,მ-მი” საბიუჯეტო დავალიანების დასაფარად. ა/წ 18 აგვისტოს ¹13 საგადასახადო შეტყობინებით დაცული უნდა ყოფილიყო შესრულებისათვის 5-დღიანი ვადა და 20 აგვისტოს აღნიშნულ შეტყობინებაზე მათ მიერ გაცემულიყო სათანადო პასუხი დამადასტურებელი დოკუმენტების დართვით. მიუხედავად ამისა, მოსარჩელის აღნიშვნით, რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ უკვე შეტყობინების გამოგზავნისთანავე, 18 აგვისტოს განახორციელა საინკასო დავალების ჩადება სს ,,ა-ის” ანგარიშზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მათ მიმართ, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნასთან დაკავშირებით შესული განცხადების თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 21 თებერვლის განჩინების საფუძველზე სს ,,ა-ის” მიმართ შეჩერდა ყველა იძულებითი ღონისძიება, ხოლო 2001 წლის 27 ივლისის და 2003 წლის 8 ივლისის განჩინებებით დამტკიცებულია სს ,,ა-ის” რეაბილიტაციის პროგრამა 2005 წლის ჩათვლით და ამავე ვადით გადაიდო სს ,,ა-ის” გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
შპს ,,მ-ს” დავალიანება, რომელიც წარმოიშვა სს ,,ა-ის” რეაბილიტაციის პროგრამის დამტკიცებამდე, 941787,14 ლარის ოდენობით, შესული იყო რეაბილიტაციის პროგრამაში, რომელიც 2004 წლის 1 ივნისს სს ,,ა-ის” კრედიტორთა მოთხოვნის შესამოწმებელ კრებაზე რეაბილიტაციის მმართველის მიერ შეცილებულ იქნა და აღმოჩნდა სს ,,ა-ის” სადავო კრედიტორთა ნუსხაში და ამდენად, მასზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რჩებოდა სს ,,ა-ის” სადავო კრედიტორთა ნუსხაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მითითებით, რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექცია უფლებამოსილი არ იყო, მოსარჩელის მიმართ გაეტარებინა მსგავსი ქმედებები და მოითხოვა მოპასუხეს დავალებოდა მისი ანგარიშიდან 2004 წლის 18 აგვისტოს დადებული ¹793,794,795,796,797,798 საინკასო დავალებების მოხსნა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით სს ,,ა-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; სს ,,ა-ის” ანგარიშებიდან მოიხსნა რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 18 აგვისტოს საინკასო დავალებები ¹793,794,795,796,797,798.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რუსთავის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით რუსთავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს ,,ა-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა და მოიხსნა სს ,,ა-ის” ანგარიშიდან 2004 წლის 18 აგვისტოს განხორციელებული ¹793, 794, 795, 796, 797, 798 საინკასო დავალებები.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.2 მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ, შპს «მ-ს" საბიუჯეტო დავალიანების დასაფარავად 2004 წლის 18 აგვისტოს წარდგენილ იქნა საინკასო დავალება (განკარგულებები:) ¹793 (თანხით 12200.00 ლარი); ¹794 (თანხით 142100.00 ლარი); ¹795 (თანხით 198000.00 ლარი); ¹796 (თანხით 3500.00 ლარი); ¹797 (თანხით 158900.00 ლარი); ¹798 (თანხით 3700.00 ლარი); სს «ა-ის" სს «.... ბანკის" რუსთავის ფილიალში გახსნილ ანგარიშზე მესამე პირის მფლობელობაში არსებული ქონებრივი გადახდევინების მიქცევის მიზნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 21 თებერვლის განჩინებით მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში განცხადება სს «ა-ის" მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 27 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა სს «ა-ის" მოთხოვნა გაკოტრების წარმოების გახსნის გადავადების და რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე. რეაბილიტაციის გეგმაში შეტანილ იქნა კრედიტორ შპს «მ-ს" დავალიანება, თანხით 958836.81 ლარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით შპს «მ-ს" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს «ა-ს" შპს «მ-ს" სასარგებლოდ დაეკისრა 1015526 ლარი და 2001 წლის 23 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 8 ივლისის განჩინებით შეიცვალა სს «ა-ის" რეაბილიტაციის გეგმის დასრულების ვადები და იგი გადატანილ იქნა 2005 წლისათვის.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 16 ივნისის განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს ნება დაერთო, შპს «მ-ს" სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანების დაფარვის მიზნით, სპეციალიზებულ ღია აუქციონზე მოეხდინა მისი ქონების რეალიზაცია, რომლის საერთო საბალანსო ღირებულება შეადგენდა 10246 ლარს. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით (2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი) განისაზღვრა მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევა, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელს აქვს აღიარებული ან სასამართლოს მიერ დადგენილი საგადასახადო ვალდებულება და მისი ქონება ან ქონებრივი უფლებები რაიმე ფორმით მესამე პირის დროებით მფლობელობაშია, ეს პირი ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნით ისევე შეასრულოს გადასახადის გადამხდელის წინაშე აღებული ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ, როგორც უნდა შეესრულებინა ისინი გადასახადის გადამხდელს სახელმწიფოს მიმართ. მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებისთანავე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება ჩაითვლება შემცირებულად საგადასახადო ორგანოებისთვის გადაცემული ქონების ან მასზე უფლების ღირებულების ოდენობით. ამ მუხლის მეორე პუნქტის «ა" ქვეპუნქტის მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვალის შესახებ გაუგზავნოს მესამე პირს შეტყობინება, რომელიც ითვალისწინებს უშუალოდ საგადასახადო ორგანოსათვის იმ თანხის გადახდას, რომელიც ეკუთვნის გადასახადის გადამხდელს დებიტორისაგან, მაგრამ არა უმეტეს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების ოდენობისა და ვალდებულია, 3 დღის ვადაში აცნობოს გადასახადის გადამხდელს ამის თაობაზე, ამ მუხლის მეორე პუნქტის «ბ" ქვეპუნქტის თანახმად, აწარმოოს საინკასო დავალიანებით (განკარგულებით) კუთვნილი თანხის ჩამოწერა გადასახადის გადამხდელის დებიტორის საბანკო ანგარიშებიდან. ამ მუხლის მე-4 პუნქტით კი პირს, რომელმაც შეასრულა ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათი შესრულების მომენტიდან ეხსნება ვალდებულება გადასახადის გადამხდელის წინაშე საგადასახადო ორგანოსათვის გადაცემული ქონების ან მასზე უფლების ღირებულების ოდენობით და თავისუფლდება გადასახადის გადამხდელის წინაშე იმ დანაკარგებისა და ზარალთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან, რომლებიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ მოთხოვნის შესრულებას.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავდა, რომ «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 7.4 მუხლის თანახმად, გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებით დროებით შეჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება, ხოლო იძულებითი აღსრულების სხვა ღონისძიებების განხორციელება არ დაიშვება.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სს «ა-ის" მიმართ იძულებითი აღსრულება აღარ დაიშვებოდა გაკოტრების განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღების მომენტიდან, ანუ 2001 წლის 21 თებერვლიდან. შპს «მ-ოს" დავალიანება, რომელიც წარმოიშვა სს «აზოტის" რეაბილიტაციის პროგრამის დაწყებამდე (1997-98 წწ.) 941 787.14 ლარის ოდენობით, შესული იყო რეაბილიტაციის პროგრამაში და 2004 წლის 1 ივნისს სს «ა-ის" კრედიტორთა მოთხოვნის შესამოწმებლად კრებაზე შეცილებულ იქნა რეაბილიტაციის მმართველის მიერ, რომელიც აღმოჩნდა სს «ა-ის" სადავო კრედიტორთა ნუსხაში და გადაწყვეტილების საბოლოო მიღებამდე რჩებოდა სს «ა-ის" სადავო კრედიტორთა ნუსხაში.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იძულებითი ხასიათის ღონისძიება, ანუ საინკასო დავალიანებების დადება, განხორციელდა რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფ სს «ა-ის" საბანკო ანგარიშზე და არა შპს «მ-ს" ანგარიშზე, ხოლო «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 7.4 მუხლის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 246.2 «ბ" მუხლის მოთხოვნები არ შეიძლება გავრცელდეს რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფ საწარმოზე. ამრიგად, სააპელაციო პალატამ, უსაფუძვლობის გამო, არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება აღნიშნულის თაობაზე,
სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ დავაში შპს «მ-ო" წარმოადგენს იმ სავალდებულო მესამე პირს, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო საქმეში ჩაბმული, რადგან იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი და კანონმდებლობით დადგენილი წესით არ იმსჯელა შპს «მ-ს" საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი მიუთითებდა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად, თუ გადასახადის გადამხდელს აქვს აღიარებული ან სასამართლოს მიერ დადგენილი საგადასახადო ვალდებულება და მისი ქონება ან ქონებრივი უფლებები რაიმე ფორმით მესამე პირის მფლობელობაშია, ეს პირი ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნით ისევე შეასრულოს გადასახადის გადამხდელის წინაშე აღებული ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ, როგორც ეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა გადასახადის გადამხდელს, ამ შემთხვევაში - შპს «მ-ს". გამომდინარე აქედან, კასატორის აღნიშვნით, მტკიცება იმისა, რომ სს «ა-ის" რეაბილიტაციის რეჟიმში ყოფნის გამო, დაუშვებელია იძულებითი ღონისძიების გატარება, აბსურდულია, რადგან ეს შემთხვევა არ უნდა იქნეს განხილული, როგორც პირდაპირ სს «ა-ის" მიმართ განხორციელებული იძულებითი ხასიათის ღონისძიება, არამედ შპს «მ-ს" მიმართ, რომელიც არც რეაბილიტაციის და არც გაკოტრების რეჟიმში არ იმყოფება.
კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ შპს «მ-ო" არის სს «ა-ის" კრედიტორი, ხოლო ,,გაკოტრების წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 251, 252, 253 მუხლების მიხედვით, რეაბილიტაციის რეჟიმი წარმოადგენს ეკონომიკურ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის ერთ-ერთი მიზანია კრედიტორის დაკმაყოფილება და საწარმოს შემდგომი ფუნქციონირება, სსკ-ს 264-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების შესრულების მომენტიდან, სს «ა-ს" ეხსნება ვალდებულება შპს «მ-ს" წინაშე, სახელმწიფოსათვის გადაცემული ქონების ან მასზე უფლების ღირებულების ოდენობით. აქედან გამომდინარე, კასატორის მითითებით, სს «ა-ის" არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს, თუ როგორი კანონიერი მექანიზმებით დაკმაყოფილდება მისი კრედიტორის მოთხოვნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევდა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული ,,გაკოტრების წარმოების შესახებ’’ კანონის შესაბამისი ნორმები, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ" პუნქტის შესაბამისად, არის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის საგადასახადო ინსპექციას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.