Facebook Twitter

ბს-733-705(კ-08) 25 სექტემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 19 ნოემბერს ტ. ც.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 21 მაისის ¹358 ბრძანებით დაინიშნა ... ჰოსპიტალში მორიგე მედდის თანამდებობაზე, სადაც მუშაობდა 2001 წლის 21 აპრილამდე. აღნიშნულ პერიოდში, კერძოდ, 1998-2000 წლებში, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დაუგროვდა სახელფასო დავალიანება _ 1338,68 ლარი. საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ 2007 წლის 31 ოქტომბერს გაცემული ¹3-11/8430 ცნობით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მიმართ ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1338,68 ლარს, რისი გადახდის ვალდებულებაც ეკისრებოდა მოპასუხეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მიუღებელი სახელფასო დავალიანების _ 1338,68 ლარის მის სასარგებლოდ გადახდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრება.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ 2007 წლის 31 ოქტომბერს გაცემული ¹3-11/8430 ცნობის მიხედვით, ტ. ც.-ის კუთვნილი, 1998-2000 წლების ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენდა: ხელფასი _ 383,44 ლარს, კვების კომპენსაცია _ 670,44 ლარს, ჯილდო _ 220,29 ლარს და მატერიალური დახმარება _ 64,51 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ტ. ც.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტ. ც.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 383,44 ლარის გადახდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების, სულ _ 955,24 ლარის ანაზღაურებაზე.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტ. ც.-ის მიმართ გააჩნდა 1998-2000 წლების გაუცემელი სახელფასო დავალიანება _ 383,44 ლარი. მოსარჩელის მოთხოვნა კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების, რაც სულ შეადგენდა 955,24 ლარს, ანაზღაურების შესახებ, იყო ხანდაზმული, რადგან მათზე ვრცელდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ამ ნაწილშიც უარის თქმა.

ტ. ც.-მ სასამართლოში წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ტ. ც.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი, რომლითაც ტ. ც.-ს უარი ეთქვა კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურებაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. ც.-ის აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისრა ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურება 284,80 ლარის ოდენობით; ტ. ც.-ს უარი ეთქვა კვების კომპენსაციის თანხის _ 670,44 ლარის ანაზღაურებაზე; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა უხეში საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებისა და კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრისა და კვების კომპენსაციის _ 670,44 ლარის ანაზღაურების ნაწილში ტ. ც.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხებოდა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ ნაწილში დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც ხსენებული გადაწყვეტილება ამავე ნაწილში იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტ. ც.-სთვის ასანაზღაურებელი დარჩა 1998-2000 წლების ჯილდო _ 220,29 ლარი და ამავე პერიოდის მატერიალური დახმარება _ 64,51 ლარი. ხელფასი მოიცავდა, როგორც ფულად ჯილდოს, ასევე მატერიალურ დახმარებას. ფულადი ჯილდო და მატერიალური დახმარება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით რეგულირებულ სფეროს განეკუთვნებოდა და შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მათზე არ უნდა გაევრცელებინა ხანდაზმულობის ვადა, კვების კომპენსაციისაგან განსხვავებით, რომელიც “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და იმავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის ანაზღაურებაც მოწესრიგებული იყო არა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, არამედ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სოციალური საკითხების მარეგულირებელ სპეციალურ კანონს წარმოადგენდა. სასურსათო ულუფა არ წარმოადგენდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრულ ხელფასის კომპონენტს. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი არ ეხებოდა საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. ხელფასი, თავისი სამართლებრივი ბუნებით, განსხვავდებოდა სოციალური უზრუნველყოფის ისეთი სახისაგან, როგორიც იყო კვების კომპენსაცია, რომელიც კანონმდებლის მიერ სხვა სამართლებრივ რეჟიმში იყო მოქცეული და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით რეგულირებულ სფეროს არ განეკუთვნებოდა. შესაბამისად, მის მიმართ, როგორც სოციალური უზრუნველყოფის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების, გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც ათვლილი უნდა ყოფილიყო სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვნილი პირი სამხედრო სამსახურიდან. ამ შემთხვევაში, აპელანტის მხრიდან კვების კომპენსაციის თანხებთან დაკავშირებით, ვალის აღიარება სახეზე არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, როგორც საქმის მასალებით დასტურდებოდა, ტ. ც.-ს მისაღები ჰქონდა 1998-2000 წლების კვების კომპენსაცია 670,44 ლარის ოდენობით და ამ საკითხზე მან სასამართლოს სარჩელით მიმართა 2007 წელს. ამდენად, კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს სწორად ეთქვა უარი მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით, ჰქონდეს “დანამატის” სტატუსი. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტიდან ირკვევა, რომ “დანამატის” სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ იმ ფულად თანხებს, რომლებიც დაიანგარიშება ნამსახური წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოსა და მატერიალურ დახმარებას, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებიდან გამომდინარე, მათ “დანამატის” სტატუსი არ აქვს მინიჭებული. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ჯილდო და მატერიალური დახმარება არ წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემლებია. სასარჩელო მოთხოვნები ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. მოსარჩელის მიერ სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2007 წელს. ამდენად, სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით, ისე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული 2007 წლის 31 ოქტომბრის ¹3-11/8430 ცნობა ვალდებულების აღიარებად. აღნიშნული დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, რადგან დასახელებული დოკუმენტით მისი გამცემი ორგანო არ აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნის არსებობას და მისი შეფასება ამ სამინისტროს მიერ ვალდებულების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტად, კანონსაწინააღმდეგოა, რადგან მას საინფორმაციო ხასიათი აქვს, კერძოდ, მოსარჩელეს (განმცხადებელს) მიეცა ამავე სამინისტროში დაცული საჯარო ინფორმაცია მისი მოთხოვნის შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 11 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 25 სექტემბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.