¹ბს-734-706 (კ-08) 8 ოქტომბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.08წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 16 ოქტომბერს ვ. ჩ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტსრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების 1037.77 ლარის (მათ შორის ხელფასის 300,22 ლარის, კვების კომპენსაციის 377.60 ლარის, ჯილდოს – 277,21 ლარის და მატერიალური დახმარების 82,74 ლარის) და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის 0.07%-ის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელის მითითებით, 1994-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ ჰოსპიტალში. საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 18 სექტემბრის ¹311/6871 ცნობის თანახმად, ვ. ჩ-ის გასაცემი დავალიანება შეადგენს 1037.77 ლარს.
თბილისის საქალაქო სასართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.07წ. გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1037.77 ლარის ოდენობით. ვ. ჩ-ს უარი ეთქვა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის 0.07%-ის გადახდის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების 1037.77 ლარის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანი იყო. მოსარჩელის მოთხოვნა ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.07%-ის გადახდის შესახებ, სასამრთლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის III ნაწილის შესაბამისად, ,დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების ან, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0,07% ანალოგიურ დათქმას არ ითვალისწინებდა 2006 წლის 25 მაისამდე მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.03.08წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტსრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ჩ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 660.17 ლარის ანაზღაურება, ვ. ჩ-ნს უარი ეთქვა კვების კომპენსაციის 377.60 ლარის ანაზღაურებაზე.
სააპელაციო პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ნაწილში და აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის გასამრჯელო ხელფასი მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურებისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 12-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. საქმეში წარმოდგენილი ცნობების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვ. ჩ-ის სასარგებლოდ ხელფასის – 300.22 ლარის, ჯილდოს – 277.21 ლარის და მატერიალური დახმარების – 82.74 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში და აღნიშნა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის ანაზღაურებაც მოწესრიგებულია არა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქარველოს კანონით, არამედ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სოციალური საკითხების რეგულირების სპეციალურ ნორმას წარმოადგენს. მართალია, სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, მაგრამ იგი არ წარმოადგენს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრულ ხელფასის კომპონენტს.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული 18.09.07წ ¹311/6871 ცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვალის აღიარების ფაქტს არ ადასტურებს. აღნიშნული ცნობა საინფორმაციო ხასიათისაა და იგი ადასტურებს არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს. ვალის აღიარებად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 09.10.07წ ¹9/3151 ცნობა, რომლითაც თავდაცვის სამინისტრო ვ. ჩ-ნს დაპირდა მიუღებელი სახელფასო დავალიანების (და არა კვების კომპენსაციის) ანაზღაურებას ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კვების კომპენსაციის, როგორც სოციალური უზრუნველყოფის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ, გამოყენებული უნდა იქნეს საქართველს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვნილი პირი სამხედრო სამსახურიდან. ვ. ჩ-ის მიმართ არსებული დავალიანება წარმოიქმნა 1998-2000 წლებში, შესაბამისად მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამავე კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადა წყდება ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის აღიარებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
კასატორის აზრით, სარჩელი ხანდაზმულია, როგორც ხელფასის, ასევე ჯილდოს და მატერიალური დახმარების ნაწილში. იმ შემთხვევაში თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია, მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა ადმინიტსრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივ საკითხზე მოქმედების განხორციელების ვალდებულების კვალიფიკაცია, მასზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა. სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, როგორც სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ისე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თითოეული თვის ან პერიოდის ჯილდო ან მატერიალური დახმარება. სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2007 წელს. ამდენად, სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა, როგორც სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები. იმ დროს მოქმედი ,,შრომის კანონთა კოდექსის” 81-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ხდებოდა დროებლივად, 94-ე მუხლის პირველი პუნქტით ხელფასი გაიცემოდა ყოველი ნახევარი თვის შემდეგ მაინც, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.
ამდენად, კასატორის აზრით უდაოა, რომ ხელფასის გაცემა წარმოადგენს პერიოდულ ვალდებულებას, რომლის მოთხოვნაზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში სსკის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რის გამოც მოსარჩელის თითოეული თვის სახელფასო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს მსჯელობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.