Facebook Twitter

¹ბს-736-702(კ-07) 27 დეკემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას დავალიანების ანაზღაურების შესახებ სასარჩელო განცახდებით მიმართეს გ. მ.-მ, ზ. ქ.-მ, ე. მ.-მ და ა. წ.-მ მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

მოსარჩელეები მუშაობდნენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 აპრილის ¹76 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა ...-ის დეპარტამენტის ლიკვიდაცია, რის შემდეგაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2005 წლის 28 აპრილის ბრძანებებით 2005 წლის 3 მაისიდან გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან მოსარჩელეთა გათავისუფლება განხორციელდა კანონდარღვევით, ვინაიდან არ იქნა გათვალისწინებული «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, მოხელე მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებულ უნდა იქნეს ერთი თვით ადრე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა მომხდარიყო ხელფასის გაცემა, რაც ასევე არ განხორციელდა. იმავდროულად, დასახელებული კანონის 37-ე მუხლისა და 109-ე მუხლის შესაბამისად, ლიკვიდაციისას საჯარო მოსამსახურეზე უნდა გაიცეს 2 თვის კომპენსაცია და წელთა ნამსახურების დანამატი, რისი ანაზღაურებაც ასევე არ მომხდარა.

ზემოაღნიშნული თანხების მოთხოვნით მოსარჩელეებმა რამდენჯერმე მიმართეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, რაზეც სამინისტროსაგან მიიღეს უარყოფითი პასუხი, ხოლო ბოლო პასუხში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეების მიმართ სამინისტროს დავალიანება უკვე დაფარული ჰქონდა, ნამსახურევი წლების წლებისათვის დანამატის გაცემასა და ორი თვის კომპენსაციის გაცემაზე კი უარი ეთქვათ იმ მოტივით, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 109-ე მუხლით გათვალისწინებული ორი თვის კომპენსაცია და ნამსახურევი წლებისათვის დანამატის გაცემა 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული იყო.

მოპასუხის ზემოაღნიშნული უარი მოსარჩელეებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ამავე კანონის 109-ე მუხლის მოქმედების შეჩერება მიჩნეულ იქნა არაკონსტიტუციურად. შესაბამისად, კანონის მითითებული ნორმების საფუძველზე, მოსარჩელეებს უნდა მიეღოთ კუთვნილი ორი თვის კომპენსაცია და ნამსახურევი წლების დანამატი (ს.ფ. 1-3).

საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელეებმა სარჩელი დააზუსტეს და მოითხოვეს მოპასუხისათვის მიუღებელი და ხელზე გასაცემი თანხის სახით ე. მ.-ის სასარგებლოდ 2178 ლარის, ა. წ.-ს სასარგებლოდ 1016.40 ლარის, გ. მ.-ის სასარგებლოდ 1452 ლარისა და ზ. ქ.-ის სასარგებლოდ 871.20 ლარის დაკისრება (ს.ფ. 102).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით გ. მ.-ის, ზ. ქ.-ის, ა. წ.-ს, ე. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა კუთვნილი მიუღებელი და ხელზე გასაცემი თანხის სახით ე. მ.-ის სასარგებლოდ 2178 ლარის, ა. წ.-ს სასარგებლოდ 1016.40 ლარის, გ. მ.-ის სასარგებლოდ 1452 ლარისა და ზ. ქ.-ის სასარგებლოდ 871.20 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები გ. მ.-ი, ზ. ქ.-ე, ა. წ.-ა და ე. მ.-ი მუშაობდნენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ...-ის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 აპრილის ¹76 დადგენილებით დგინდება, რომ განხორციელდა ...-ის დეპარტამენტის ლიკვიდაცია, ხოლო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ¹100კ, ¹136კ, ¹163კ და ¹164კ ბრძანებებით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლით _ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.

ამდენად, მოსარჩელეები მუშაობდნენ რა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში, იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად წარმოადგენდნენ მოხელეებს.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები, ხოლო ამავე კანონის 109-ე მუხლის თანახმად, დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო.

ლიკვიდაციის შედეგად დეპარტამენტის თანამშრომლების _ გ. მ.-ის, ზ. ქ.-ის, ა. წ.-სა და ე. მ.-სათვის ხელზე გასაცემი დარიცხული კომპენსაციები, ასევე გათავისუფლებამდე 1 თვით ადრე გაუფრთხილებლობის გამო დარიცხული თითო თვის თანამდებობრივი სარგოები და 2005 წლის აპრილის თვეზე დარიცხული ნამსახურევი წლებისათვის გათვალისწინებული დანამატის თანხები თითოეული მოსარჩელის, კერძოდ, ე. მ.-ის სასარგებლოდ შეადგენს _ 2178 ლარს, ა. წ.-ს სასარგებლოდ _ 1016.40 ლარს, გ. მ.-ის სასარგებლოდ 1452 ლარსა და ზ. ქ.-ის სასარგებლოდ _ 871.20 ლარს. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს უნდა დაკისრებოდა ხელზე გასაცემი თანხის სახით ე. მ.-ის სასარგებლოდ 2178 ლარის, ა. წ.-ს სასარგებლოდ 1016.40 ლარის, გ. მ.-ის სასარგებლოდ 1452 ლარისა და ზ. ქ.-ის სასარგებლოდ 871.20 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მსჯელობა, რომ მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 109-ე მუხლის მოქმედება შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის ¹1/3/301 გადაწყვეტილებით დასახელებული კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 109-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების შეჩერება მიჩნეულ იქნა არაკონსტიტუციურად, ხოლო მოსარჩელეები კი სამსახურიდან გათავისუფლდნენ 2005 წლის 28 აპრილს. ამასთან, საგულისხმოა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დადგენილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი იურიდიულ ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან (ს.ფ. 105-107).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეთათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივებით:

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ...-ის დეპარტამენტი ლიკვიდირებულად გამოცხადდა «ენერგეტიკის შესახებ» საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ» საქართველოს 2005 წლის 22 მარტის ¹1123 კანონისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 აპრილის ¹76 დადგენილების საფუძველზე. 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 109-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება შეჩერებული იყო «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ» საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის ¹861 კანონის შესაბამისად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს პარლამენტის მიერ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 109-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების შეჩერება, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ხარჯები უკვე გაწერილი იყო (გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-6 პუნქტი), აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება «საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გადაავადა არაუგვიანეს 2006 წლის 1 იანვრამდე. ვინაიდან საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანა საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა, შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების სუბიექტი სწორედ ეს უკანასკნელია, რომელმაც აღასრულა კიდეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და 2005 წლის 23 დეკემბერს მიიღო კანონი ¹2470. აღნიშნული კანონის მე-11 პუნქტის მიხედვით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 137-ე მუხლი (რომლითაც შეჩერებული იყო 37-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 137-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება) სრულიად განსხვავებული რედაქციით ჩამოყალიბდა, მაგრამ ამავე კანონის შესაბამისად, იგი ძალაში შევიდა 2006 წლის 1 იანვრიდან.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 109-ე მუხლის პირველი პუნქტი 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე არ მოქმედებდა, იგი ძალაში შევიდა მხოლოდ 2006 წლის 1 იანვრიდან. შესაბამისად, აღნიშნული ნორმების მოქმედება არ ვრცელდება 2005 წლის აპრილის თვეში ლიკვიდირებული დეპარტამენტის მოხელეთა მიმართ. ამას ისიც ადასტურებს, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის მისი ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვითონ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ იქნა მითითებული. კანონი, რომლითაც მოხდა აღნიშნული პუნქტების ძალაში შესვლა 2006 წლის 1 იანვრიდან, არ ითვალისწინებს მისი მოქმედების გავრცელებას 2005 წლის პერიოდში გათავისუფლებული მოხელეების მიმართ. საამისო სახსრები არც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებებში არის გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არაუფლებამოსილი იყო, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 109-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გაევრცელებინა 2005 წლის პერიოდში გათავისუფლებულ მოხელეებზე.

აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 108-ე მუხლი. სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოხელეები დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ არ იყვნენ გაფრთხილებულნი დადგენილი წესით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსს, რომელიც მოხელის გაფრთხილების რაიმე განსაკუთრებულ წესს არ ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ მოხელეები დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტმა 2006 წლის 22 მარტს მიიღო კანონი «ენერგეტიკის შესახებ» საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ», რომელშიც ცალსახად იქნა მითითებული დეპარტამენტის ლიკვიდაციაზე.

სასამართლომ ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნის (ნამსახურები წლებისათვის დანამატი) დაკმაყოფილების საფუძვლად გადაწყვეტილებაში გამოიყენა კანონი, კერძოდ, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლი (2005 წლის 23 დეკემბრის რედაქცია), რომელიც სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს არ არსებობდა და მოქმედებდა ამავე მუხლის აბსოლუტურად განსხვავებული რედაქცია (ს.ფ. 109-111).

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის საოქმო განჩინებით ე. მ.-ის გარდაცვალების გამო, მის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მისი მეუღლე _ მ. მ.-ი (ს.ფ. 188-189).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაეკისრა ე. მ.-ის უფლებამონაცვლის მ. მ.-ის სასარგებლოდ 2178 ლარის, ა. წ.-ს სასარგებლოდ 1016.40 ლარის, გ. მ.-ის სასარგებლოდ 1452 ლარის და ზ. ქ.-ის სასარგებლოდ 871.20 ლარის მიუღებელი თანხის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის ძველი რედაქციის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული იყო მოსამსახურისათვის ნამსახურევი წლებისათვის დანამატის გაცემის ვალდებულება. ამავე კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტი ასევე განსაზღვრავდა დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელისათვის კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებას.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მსჯელობა დანამატისა და კომპენსაციის გაცემისთვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის თაობაზე იმაზე მითითებით, რომ დასახელებული მუხლების მოქმედება შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის ¹1/3/301 გადაწყვეტილებით «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 109-ე მუხლის მოქმედების შეჩერება მიჩნეულ იქნა არაკონსტიტუციურად, რაც გამორიცხავს აპელანტის მიერ დავალიანების გაუცემლობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობას.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან თავდაპირველი მოსარჩელის ე. მ.-ის გარდაცვალების გამო, მის უფლებამონაცვლედ დადგინდა მეუღლე _ მ. მ.-ი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა ყოფილიყო ახალი გადაწყვეტილება (ს.ფ. 199-202).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ...-ის დეპარტამენტი ლიკვიდირებულად გამოცხადდა «ენერგეტიკის შესახებ» საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ» საქართველოს 2005 წლის 22 მარტის ¹1123 კანონისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 აპრილის ¹76 დადგენილების საფუძველზე. 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 109-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება შეჩერებული იყო «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ» საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის ¹861 კანონის შესაბამისად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს პარლამენტის მიერ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 109-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების შეჩერება, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ხარჯები უკვე გაწერილი იყო, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება «საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გადაავადა არაუგვიანეს 2006 წლის 1 იანვრამდე. ვინაიდან საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანა საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა, შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების სუბიექტი სწორედ ეს უკანასკნელია, რომელმაც აღასრულა კიდეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და 2005 წლის 23 დეკემბერს მიიღო კანონი ¹2470. აღნიშნული კანონის მე-11 პუნქტის მიხედვით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 137-ე მუხლი (რომლითაც შეჩერებული იყო 37-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 137-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება) სრულიად განსხვავებული რედაქციით ჩამოყალიბდა, მაგრამ ამავე კანონის შესაბამისად, იგი ძალაში შევიდა 2006 წლის 1 იანვრიდან.

ამდენად, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 109-ე მუხლის პირველი პუნქტი 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე არ მოქმედებდა, იგი ძალაში შევიდა მხოლოდ 2006 წლის 1 იანვრიდან. შესაბამისად, აღნიშნული ნორმების მოქმედება არ ვრცელდება 2005 წლის აპრილის თვეში ლიკვიდირებული დეპარტამენტის მოხელეთა მიმართ. ამას ისიც ადასტურებს, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის მისი ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვითონ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ იქნა მითითებული. კანონი, რომლითაც მოხდა აღნიშნული პუნქტების ძალაში შესვლა 2006 წლის 1 იანვრიდან, არ ითვალისწინებს მისი მოქმედების გავრცელებას 2005 წლის პერიოდში გათავისუფლებული მოხელეების მიმართ. საამისო სახსრები არც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებებშია გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არაუფლებამოსილი იყო «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 109-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გაევრცელებინა 2005 წლის პერიოდში გათავისუფლებულ მოხელეებზე.

კასატორის აზრით, მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 108-ე მუხლი. სასამართლომ მიუთითა, რომ მოხელეები დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ არ იყვნენ გაფრთხილებულნი დადგენილი წესით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსს, რომელიც მოხელის გაფრთხილების რაიმე განსაკუთრებულ წესს არ ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ მოხელეები დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტმა 2006 წლის 22 მარტს მიიღო კანონი «ენერგეტიკის შესახებ» საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ», რომელშიც ცალსახად იქნა მითითებული დეპარტამენტის ლიკვიდაციაზე.

კასატორის მითითებით, მოსარჩელეებმა გაუშვეს «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რაც მათი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კიდევ ერთი საფუძველია (ს.ფ. 214-216).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.