Facebook Twitter
¹ბს-738-704(კ-07) 23 იანვარი, 2008 წ.
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - ბათუმის მეთევზეთა სამრეწველო რეგისტრირებული კოოპერატივი ,,....”

მოწინააღმდეგე მხარე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინება

დავის საგანი – საკუთრების რეგისტრაციაში გატარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 10 ოქტომბერს ბათუმის მეთევზეთა კოოპერატივმა ,,...” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ საკუთრების რეგისტრაციაში გატარების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ბათუმის მეთევზეთა სამრეწველო კოოპერატივი ,,....” რეგისტრირებულია ქ. ბათუმის სასამართლოს 1997 წლის 5 იანვრის დადგენილებით, სარეგისტრაციო ¹01/06-01.
რ/კ ,,....” არის 1924 წლის 10 აგვისტოს ბათუმის მეთევზეთა არტელისა და მონადირეთა გაერთიანების ბაზაზე შექმნილი ბათუმის მეთევზეთა კოოპერატივის, კოლმეურნეობა ,,.....” სამართალმემკვიდრე.
1993 წლის 27 აგვისტოს ბათუმის მეთევზეთა კოლმეურეობა ,,....” შეეცვალა სახელი და ეწოდა ბათუმის მეთევზეთა კოოპერატიული საწარმო ,,....”, რომელიც რეგისტრირებულ იქნა ქ. ბათუმის მერიის რეესტრში. ხოლო ,,მეწარმეთა შესახებ” 1994 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს კანონის მიღების შემდეგ კი კოოპერატივი ,,....” ხელახლა იქნა რეგისტრირებული ქ. ბათუმის სასამართლოში.
1984 წელს საქართველოს თევზის მეურნეობის საწარმოო გაერთიანებამ მიიღო გადაწყვეტილება ბათუმის მეთევზეთა კოოპერატივის კოლმეურნეობა ,,....” ხელვაჩაურის რაიონის, კახაბრის თევზსაშენი სატბორე მეურნეობის მიყიდვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რა დროსაც კოლმეურნეობა ,,....”, თავის მხრივ, გადაიხადა შესაბამისი თანხა, რის შემდეგაც მიიღო იგი საკუთრებაში, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
კოლმეურნეობა ,,....” მიერ კახაბრის სატბორე მეურნეობის საკუთრებაში შეძენა რეგისტრირებულ იქნა იმდროინდელ სახელმწიფო ორგანოებში, რის შედეგადაც კოლმეურნეობა ,,.....” მასზე ახორციელებდა მესაკუთრის უფლებამოსილებას.
მოსარჩელის განმარტებით, სატბორე მეურნეობის კოლმეურნეობა ,,....” საკუთრებაში გადაცემის რეგისტრაცია ვერ იქნა მოძიებული იმდროინდელ ტექაღრიცხვის მასალებში, რის გამოც მიმართეს მოპასუხეს მათ საკუთრებაში რიცხული კახაბრის სატბორე მეურნეობის საჯარო რეესტრში რეგისტრირების მოთხოვნით, რაზეც უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ სატბორე მეურნეობის კოლმეურნეობა ,,.....” მიკუთვნებასთან დაკავშირებით უნდა მომხდარიყო თევზსაჭერი ფლოტის აჭარის სამმართველოს 100 ჰა მიწის ფართიდან 60,6 ჰა-ის ,,....” საკუთრებაში გადაცემა, სატბორე მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების მიზნით, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, არასწორია, ვინაიდან იმდროინდელი მთავრობის (1987 წლის) დადგენილებით კოლმეურნეობა ,,....” უნდა გადასცემოდა 60,6 ჰა მიწის ფართი, მაგრამ კოლმეურნეობა და ასევე თვითონაც სარგებლობდნენ არა ამ 60,6 ჰა ფართით, არამედ უშუალოდ ტბორებითა და ტბორების მეურნეობისათვის აუცილებელი ჰიდრონაგებობათა და შემავალი და გამავალი სანიაღვრე არხებით დაკავებული მიწის ფართით, რაც მთლიანობაში შეადგენს 39,12 ჰა-ს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხის დავალდებულებას რათა ამ უკანასკნელს მოეხდინა კახაბრის სატბორე მეურნეობის მათ საკუთრებაში აღრიცხვა 39,12 ჰა მიწის ფართან ერთად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათუმის მეთევზეთა სამრეწველო კოოპერატივ ,,....” სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ კოოპერატივი ,,....” არის ბათუმის მეთევზეთა არტელისა და მონადირეთა გაერთიანების ბაზაზე შექმნილი ბათუმის კოლმეურნოების ,,...” სამართალმემკვიდრე.
ამავე დროს ხელვაჩაურის რაიონის კახაბრის თევზსაშენი სატბორე მეურნეობა 39,12 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც შესყიდვის წესით გადაეცა ბათუმის კოლმეურნეობა ,,....”, არ არის აღნიშნული კოოპერატივ ,,....” წესდებაში და არც სამეწარმეო რეესტრშია ნაჩვენები, როგორც კოოპერატივის არაფულადი საწესდებო კაპიტალი.
,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების Aშესაბამისად, კოპერატივის დაფუძნებისას დასაშვებია არაფულადი შესატანი, რაც ასახული უნდა იყოს კოოპერატივის წესდებაში და რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში. ხოლო ,,უძრავ ნივთებზე უფლების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაცია ხორციელდება უფლების დამადასტურებელი საბუთისა და საკადასტრო ინფორმაციის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განმარტებით, ხელვაჩაურის რაიონის კახაბრის თევზსაშენი სატბორე მეურნეობა და 39,12 ჰა მიწის ნაკვეთი ვერ იქნება მიჩნეული კოოპერატივ ,,მებადურის” საკუთრებად ან ქონებად, ვიდრე ეს ქონება არ იქნება შეძენილი სათანადო წესით, ან არ აღირიცხება სამეწარმეო რეესტრში, როგორც კოოპერატივის არაფულადი საწესდებო კაპიტალი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის მეთევზეთა სამრეწველო კოოპერატივმა ,,.....”.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
აპელანტი სააპელაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო განცხადებაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინებით ბათუმის მეთევზეთა სამრეწველო კოოპერატივ ,,....” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,რ” პუნქტის შესაბამისად, უფლების დამადასტურებელი საბუთი არის კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული, ან ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობას.
ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია ხორციელდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და საკადასტრო ინფორმაციის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება, შეიძინა თუU არა 5 ტბა სანიაღვრე ნაგებობებით კოლმეურნეობამ, რომლის სამართალმემკვიდრეა კოოპერატივი მებადური.
საქმის მასალებით, მათ შორის, ტბების გადაცემის აქტით, კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე არ დასტურდება ტბის ქვეშ არსებული მიწის გამოყოფა.
,,....” 1998 წლის 30 იანვრის ¹29 ბრძანებით, კოლმეურნეობა ,,.....” შუამდგომლობის საფუძველზე და 1983 წლის 2 დეკემბრის წერილის შესაბამისად, შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია ,,.....” კოლმეურნეობისათვის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ”. ამ ბრძანების საფუძველზე შედგა აქტი, რომელშიც მითითებულია 5 ტბა სანიაღვრე ნაგებობებით, მაგრამ დასახელებული ბრძანებით მხოლოდ საინვენტარიზაციო კომისია შეიქმა, 39,12 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის აქტი კი არ არსებობს.
ამასთან, 1984 წლისათვის ბალანსიდან ბალასზე გადაცემა გულისხმობდა ოპერატიულ მართვას, ანუ დღევანდელი კანონმდებლობით უზუფრუქტს, რაც არ გულისხმობს ამ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დაკანონებას.
წყლის კანონის საფუძველზე დაუშვებელია ტბის კერძო საკუთრებაში გადაცემა, შესაბამისად, ტბის ქვეშ არსებული 39,12 ჰა-ის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია კოოპერატივზე არ შეიძლება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის მეთევზეთა სამრეწველო რეგისტრირებულმა კოოპერატივმა ,,....”.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო და სააპელაციო საჩივრებში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბათუმის მეთევზეთა სამრეწველო რეგისტრირებული კოოპერატივი "....." საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კოოპერატივ "...." სასარჩელო მოთხოვნას, რომლის საფუძველზეც ეს უკანასკნელი ითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებას, მოახდინოს რეგისტრირებულ კოოპერატივ ".....", მის საკუთრებაში არსებული კახაბრის სატბორე მეურნეობის კოოპერატივის სახელზე აღრიცხვა 39,12 ჰა მიწის ფართთან ერთად.
მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ტბორებისა და მიწის ნაკვეთის კუთვნილების თაობაზე და იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე დავის საგანს არ წარმოადგენს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს უარი, თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, შემოფარგლულიყო მარტოოდენ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უარის თქმის თაობაზე მიღებული აქტის კანონიერების შემოწმებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან შეჯიბრებითობის პრინციპისა და შესაბამისი საპროცესო ნორმების დარღვევის თაობაზე და მიაჩნია, რომ წინამდებარე სარჩელის ფორმა, რომელიც, თავის მხრივ, ატარებს მავალდებულებელი სარჩელის სახეს, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან უდავოდ მოითხოვდა მოსარჩელის მატერიალური უფლებების ფარგლების დადგენასა და განსაზღვრას.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მას შემდეგ, რაც კოლმეურნეობა "......" გადაიხადა თანხა, იმ დროს მოქმედი ,,წესების” შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ქონება მიიღო საკუთრებაში.
კასატორის მიერ მოხმობილი არგუმენტაციის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიჩნევს სატბორე მეურნეობის გადაცემის მომენტისათვის მოქმედი საკანონმდებლო ნორმების ანალიზს, რაც სასამართლოს მისცემს მოთხოვნის კანონიერების განსაზღვრის შესაძლებლობას.
საქმეში (ს.ფ. 31) წარმოდგენილია სსრკ თევზის მეურნეობის სამინისტროს თევზის მრეწველობის საქართველოს საწარმოო გაერთიანება "....." 1984 წლის 30 იანვრის ¹29 ბრძანება, რომლის თანახმადაც, კოლმეურნეობა "კ. რ-ის" შუამდგომლობის საფუძველზე, კახაბრის სატბორე მეურნეობის კომბინატ "გ-ის" ბალანსიდან თევზსაჭერი კოლმეურნეობა "კ. რ-ის" ბალანსზე, მისი უფრო ეფექტურად გამოყენების მიზნით, გადაცემის შესახებ 1983 წლის 2 დეკემბრის ¹05-2268/9 წერილის შესაბამისად, განისაზღვრა სატბორე მეურნეობის "კ. რ-ის" ბალანსზე გადაცემა.
აქვე წარმოდგენილია თევზსაჭერი კოლმეურნეობა "კ. რ-ის" იმავე წლით დათარიღებული ბალანსი, რომელშიც მოქცეულია კახაბრის ტბორები და ბრძანება თანხის ნარჩენი ღირებულების გადარიცხვის თაობაზე.
კასატორის არგუმენტაციის ანალიზი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ ტბორებზე საკუთრების უფლების წარმოშობას კასატორი უკავშირებს ზემოაღნიშნულ აქტებს ე.ი. 1984 წელს.
1984 წელს მოქმედი საქართველოს სსრ ,,წყლის კოდექსის” მე-4 მუხლის თანახმად, სსრ კავშირის კონსტიტუციისა და საქართველოს სსრ კონსტიტუციის შესაბამისად, წყალი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. წყალი მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაა და მას გასცემენ მარტოოდენ სარგებლობისათვის.
იმავე კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, წყალი (წყლის ყველა ობიექტი) შედის ერთიან სახელმწიფო წყლის ფონდში. ერთიან სახელმწიფო წყლის ფონდს მიეკუთვნება: მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ზედაპირული წყალსატევები და წყაროები, აგრეთვე არხებისა და ტბორების წყლები.
მითითებული მუხლები იძლევა იმის მტკიცების უდავო საფუძველს, რომ ტბორები მიეკუთვნებოდა ერთიან სახელმწიფო წყლის ფონდს და წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას.
წყლის კოდექსის მე-19 მუხლი სახელმწიფო, კოოპერატიულ და საზოგადოებრივ დაწესებულებებს, ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს ანიჭებდა მხოლოდ წყალმოსარგებლის სტატუსს. შესაბამის სტატუსს განამტკიცებდა იმავე კოდექსის 22-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, წყლის ობიექტები, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების დაცვით, სარგებლობისათვის გადაეცემოდა სასმელად და მოსახლეობის საყიფაცხოვრებო, სამკურნალო, საკურორტო, გამაჯანსაღებელ თუ სხვა საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, ენერგეტიკული, სატრანსპორტო, თევზსამეურნეო და სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, მითითებული პერიოდისათვის შესაბამისი საკანონმდებლო აკრძალვების არსებობის პირობებში, თევზსაშენი ტბორები საკუთრების უფლებით ვერ გადაეცემოდა "კ. რ-ს" და შესაბამისად, ვერ იქცეოდა მის საკუთრებად.
საგულისხმოა, რომ ანალოგიური შინაარსის ნორმებს ადგენს "წყლის შესახებ" ამჟამად მოქმედი საქართველოს კანონი, რომლის მე-6 მუხლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. იმავე კანონის 7.3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს წყლის ყველა ობიექტში არსებული წყლის ერთობლიობა ქმნის წყლის სახელმწიფო ფონდს, ხოლო 7.4 მუხლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები და ტბორების წყლები განეკუთვნება საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს. ხოლო, რაც შეეხება კანონის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტს, აღნიშნული ნორმა ადგენს, რომ: "თევზის მეურნეობისა და წყლის ცხოველთა სამყაროს სხვა ობიექტების და მცენარეული რესურსების მოსაპოვებლად წყლის ობიექტი შეიძლება გაიცეს სპეციალურ სარგებლობაში’’. ასეთივე სახის აკრძალვას შეიცავს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” ამჟამად მოქმედი საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის ,,გ” პუნქტის საფუძველზეც საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება წყლის ფონდის მიწები.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორი ვერ უთითებს უფლებადამდგენ იმ დოკუმენტზე, რომელიც შექმნიდა მოთხოვნილი ქონების მის სახელზე რეგისტრირების სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკასაციო სასამართლო აქცენტირებას მოახდენს მხოლოდ მიწის ნაკვეთზე, წინ იწევს კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მოითხოვს საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის წარმოდგენას, რომელსაც კასატორი ამ ეტაპზე ვერ უთითებს, ხოლო საქმეში დაცული, აჭარის მინისტრთა საბჭოს დადგენილება ვერ შეცვლის ზემოაღნიშნულ უფლებადამდგენ დოკუმენტს, ვინაიდან იმ პერიოდისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის შესაბამისად, მიწის ერთადერთ მესაკუთრედ მიჩნეული იყო სახელმწიფო, ხოლო, რაც შეეხება კოოპერატივებსა თუ კოლმეურნეობებს, მიწა გადაეცემოდათ მხოლოდ უვადო სარგებლობაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბათუმის მეთევზეთა სამრეწველო რეგისტრირებული კოოპერატივი ,,....” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.