ბს-738-710(კ-08) 6 ნოემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მ. ლ-ი
წარმომადგენელი _ ნ. ხ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინება
სარჩელის საგანი _ დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 11 დეკემბერს მ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს .......... სამშვიდობო ბატალიანში, საიდანაც გათავისუფლებულ იქნა, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს უფროსის მიერ გაცემული 2007 წლის 10 დეკემბრის ¹1831 ცნობის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის მიმართ გააჩნდა სახელფასო დავალიანება _ 2729,36 ლარი, კერძოდ, 1998 წლის დავალიანება _ 980,24 ლარი და 1999 წლის დავალიანება _ 1749,12 ლარი, არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, მოსარჩელეს ხსენებული დავალიანება არ მიუღია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მიუღებელი სახელფასო დავალიანების _ 2729,36 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების _ 2729,36 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ საქმის მასალების, კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს 2007 წლის 10 დეკემბრის ¹1831 ცნობის მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე მ. ლ-ის სასარგებლოდ ერიცხებოდა დავალიანება 2729,36 ლარის ოდენობით, მათ შორის, 1998 წლის _ 980,24 ლარი და 1999 წლის _ 1749,12 ლარი. ხსენებული სამმართველოს 2007 წლის 26 დეკემბრის ¹2064 ცნობით დაზუსტებული იყო, რომ აღნიშნული დავალიანება წარმოადგენდა სახელფასო დავალიანებას.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, 37-ე მუხლზე, ასევე საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებული იყო, დასაქმებულთან მოეხდინა საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ იყო განსაზღვრული.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი ხელფასის მოთხოვნით წარდგენილი უნდა ყოფილიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, იმ დღიდან, როდესაც იგი გათავისუფლდა სამსახურიდან, ანუ გათავისუფლებიდან ერთი თვის ვადაში.
ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლზე, ასევე 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ “საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ასევე აღიარებდა წინა წლებში წარმოქმნილ ფაქტობრივ დავალიანებებს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, გამოეყენებინათ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანებების დასაფარავად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა უხეში საპროცესო დარღვევის გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე დააყენა შუამდგომლობა 1131,15 ლარის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
კასატორის განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის მიზეზი არის ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე მ. ლ-ის მიმართ ერიცხება არა მის მიერ მოთხოვნილი 2729,36 ლარი (2007 წლის 10 დეკემბრის ¹1831 ცნობა), არამედ _ 1598,21 ლარი (2008 წლის 3 ივნისის ¹10-8/1233 ცნობა). სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან დავალიანების 1131,15 ლარის ნაწილში არარსებობის გამო, არ არსებობს ამ სამინისტროს ვალდებულებაც ამ დავალიანების გადახდაზე, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ა1” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს 1131,15 ლარის ნაწილში.
კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, კვების კომპენსაცია, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით, ჰქონდეს დანამატის სტატუსი. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტიდან ირკვევა, რომ დანამატის სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ იმ ფულად თანხებს, რომლებიც დაიანგარიშება ნამსახური წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოს, კვების კომპენსაციასა და მატერიალურ დახმარებას, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებიდან გამომდინარე, მათ დანამატის სტატუსი არ აქვს მინიჭებული. ამდენად, ცალსახაა, რომ კვების კომპენსაცია, ჯილდო და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემლებია.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს ასევე უნდა გამოეყენებინა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნები, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული 2007 წლის 10 დეკემბრის ¹1831 ცნობა, რადგან არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ამ ცნობაში არსებული თანხების არც შემადგენლობა (შედიოდა თუ არა მასში კვება, ჯილდო, მატერიალური დახმარება) და არც ამავე ცნობის სიზუსტე, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოპოვებული 2008 წლის 3 ივნისის ¹10-8/1233 ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიმართ დავალიანება არის არა 2729,36 ლარი, არამედ _ 1598,21 ლარი, აქედან, 1998 წლის: კვების კომპენსაცია _ 188,80 ლარი, ხელფასი _ 357,71 ლარი, 1999 წლის: კვების კომპენსაცია _ 566,40 ლარი, ხელფასი _ 485,30 ლარი. ამასთან, ხსენებული ცნობები არ შეიძლება ჩაითვალოს ვალის აღიარებად ან ადმინისტრაციულ დაპირებად, ასევე _ არც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით. დასახელებული დოკუმენტით მისი გამცემი ორგანო არ აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნის არსებობას და მისი შეფასება ამ სამინისტროს მიერ ვალდებულების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტად, კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან მას საინფორმაციო ხასიათი აქვს, კერძოდ, მოსარჩელეს (განმცხადებელს) მიეცა ამავე სამინისტროში დაცული საჯარო ინფორმაცია მისი მოთხოვნის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 11 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 25 სექტემბრამდე; დადგინდა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის განხილვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში; დადგინდა 1131,15 ლარის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხის განხილვა საკასაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2008 წლის 30 ოქტომბერს, 12.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მ. ლ-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 755,20 ლარის დაკისრების ნაწილში სასარჩელო წარმოება უნდა შეწყდეს მოსარჩელის მიერ ამ ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. იმავე კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლენაა, რომლის მიხედვითაც მხარეები არა მარტო იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, არამედ მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი. ამასთან, ფიზიკური პირის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო შეწყვეტს საკასაციო საჩივარზე წარმოებას და არ ამოწმებს საკასაციო საჩივარზე უარის თქმის კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მ. ლ-ის წარმომადგენლის მიერ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მ. ლ-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _ 755,20 ლარის დაკისრების ნაწილში, სარჩელზე უარის თქმის გამო, რასაც მარწმუნებელიც დაეთანხმა, სასარჩელო წარმოება უნდა შეწყდეს და მხარეებს განემარტოთ, რომ ხსენებულ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მ. ლ-თვის მხოლოდ სახელფასო დავალიანების _ 1974,16 ლარის ანაზღაურების საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს 2007 წლის 10 დეკემბრის ¹1831 ცნობით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. ლ-ის სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 2729,36 ლარის ოდენობით, მათ შორის 1998 წლის _ 980,24 ლარი და 1999 წლის _ 1749,12 ლარი (ს.ფ. 3), ხოლო შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს 2007 წლის 26 დეკემბრის ¹2064 ცნობით დაზუსტებულია, რომ ზემოაღნიშნული დავალიანება წარმოადგენს სახელფასო დავალიანებას (ს.ფ. 14). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2007 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხსენებული ცნობების საფუძველზე დააკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. ლ-ის სასარგებლოდ 2729,36 ლარის დავალიანების გადახდა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2008 წლის 23 აპრილის განჩინებით გაიზიარა და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საკასაციო საჩივარზე დართულ შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს 2008 წლის 3 ივნისის ¹10-8/1233 ცნობაზე (ს.ფ. 90), რომლის მიხედვით, მ. ლ-ის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 1998 წლის: კვების კომპენსაცია _ 188,80 ლარს, ხელფასი _ 357,71 ლარს, 1999 წლის: კვების კომპენსაცია _ 566,40 ლარს, ხელფასი _ 485,30 ლარს, სულ _ 1598,21 ლარს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის მიზეზი არის ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე მ. ლ-ის მიმართ ერიცხება არა მის მიერ მოთხოვილი 2729,36 ლარი (2007 წლის 10 დეკემბრის ¹1831 ცნობა), არამედ 1598,21 ლარი (2008 წლის 3 ივნისის ¹10-8/1233 ცნობა) და დავალიანების 1131,15 ლარის ნაწილში არარსებობის გამო, არ არსებობს ამ სამინისტროს ვალდებულებაც ამ დავალიანების გადახდაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ საფუძველს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი განსაზღვრავს საკასაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმების წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომის ოქმებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მ. ლ-ის სასარგებლოდ 2729,36 ლარის დავალიანების გადახდის დაკისრება მოხდა საქმეში წარმოდგენილი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს 2007 წლის 10 დეკემბრის ¹1831 და 26 დეკემბრის ¹2064 ცნობების საფუძველზე. ამასთან, არც პირველი ინსტანციისა და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ აღნიშნულ ცნობებში მითითებული თანხა სადავო არ გამხდარა და მხოლოდ საკასაციო სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს 2008 წლის 3 ივნისის ¹10-8/1233 ცნობა, რომლის მიხედვით, მ. ლ-ის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 1598,21 ლარს. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ საკასაციო საჩივარს ვერ განიხილავს როგორც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, რამდენადაც პირველი ორი ინსტანციის სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული საკითხი არ დაუყენებია. საკასაციო წარმოების ეტაპზე კი საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის საფუძველზე მოკლებულია შესაძლებლობას, სადავო გახადოს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მხარეთა მონაწილეობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება სადავო თანხების ოდენობის სისწორის შესახებ და ამ მოტივით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს სააპელაციო სასამართლოს ან თვითონ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება ახალი მტკიცებულების საფუძველზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს 2008 წლის 3 ივნისის ¹10-8/1233 ცნობაზე და ხსენებული ცნობით განსაზღვრულ მ. ლ-ის მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არსებული დავალიანების ოდენობაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მ. ლ-ის სარჩელი მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია და სასამართლოს უნდა გამოეყენებინა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ ვერ გავრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლზე (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას), რომლის მიხედვითაც, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას ასევე იმის შესახებ, რომ ჯილდო და მატერიალური დახმარება არ წარმოადგენს ხელფასის შემადგენელ ელემენტებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე კვარტალური ჯილდო და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს 2007 წლის 10 დეკემბრის ¹1831 და 2007 წლის 26 დეკემბრის ¹2064 ცნობები არ ადასტურებს ვალის აღიარებას, ვინაიდან ინფორმაციული ხასიათისაა და მოწმობს არა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგება მოსარჩელეს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საქართველოს კანონმდებლობა და საქმეზე მიიღო დასაბუთებული და კანონიერი განჩინება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება მ. ლ-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სახელფასო დავალიანების _ 1974,16 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მ. ლ-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 755,20 ლარის დაკისრების ნაწილში სასარჩელო წარმოება შეწყდეს მოსარჩელის მიერ ამ ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო;
3. გაუქმდეს მ. ლ-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 755,20 ლარის დაკისრების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;
4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
5. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის განჩინება მ. ლ-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სახელფასო დავალიანების _ 1974,16 ლარის დაკისრების ნაწილში;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.