ბს-739-705(2კ-07) 20 ნოემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებაზე, /ი. დ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის ქობულეთის რაიონის ზონალური საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება ბათილად ცნოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება/.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ი. დ-ემ სარჩელი აღძრა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხის _ ქობულეთის რაიონის ზონალური საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება ბათილად ცნოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1).
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; დაევალა ქობულეთის საგადასახადო ინსპექციას, აჭარის საგადასახადო დეპარტამენტს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს ბათილად ეცნოთ აჭარის ა/რ საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2004 წლის 31 მაისის მიმართვა, ამ მიმართვის საფუძველზე აჭარის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის დადგენილების საფუძველზე ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მ/შ განკარგულება მოსარჩელის სამსახურში არდაშვებისა და სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შეზღუდვის თაობაზე; მოსარჩელე აღდგენილ იქნა სამსახუში, მასვე აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური და ადვოკატის მომსახურების ხარჯები /იხ.ს.ფ. 26-29/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება /იხ.ს.ფ. 50-53/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება /იხ.ს.ფ. 54-56/.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 27 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება /იხ.ს.ფ. 93-98/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა უმაღლესი სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ.ს.ფ. 130-136/.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით საგადასახადო დეპარტამენტისა და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილა /იხ.ს.ფ. 190-195/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 20 მარტის განჩინებით ი. დ-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ.ს.ფ. 228-232/.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურისა და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მ/შ 2004 წლის 4 ივნისის განკარგულება და აჭარის ა/რ მთავრობის 2004 წლის 9 აგვისტოს ბრძანება ი. დ-ის ნაწილში და ბათუმის საგადასახადო ინსპექციას დაევალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. დ-ის ბათუმის საგადასახადო ინსპექციაში დასაქმების საკითხთან დაკავშირებით; ბათუმის საგადასახადო ინსპექციას დაეკისრა ი. დ-ის სასარგებლოდ 1292 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ.ს.ფ. 264-270/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 280-282/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 283-284/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ.ს.ფ. 290-291/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, კასატორებმა წარმოადგინეს მოსაზრებები საკასაციო საჩივრების დასაშვებობის თაობაზე, რომელშიც აღნიშნეს, რომ საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის საფუძველზე ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას /იხ.ს.ფ. 298-299; 301-302/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ.ს.ფ. 290-291/.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრებში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.