¹ბს-740-706(კ-07) 5 მარტი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – თ. გ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.07წ. განჩინება
დავის საგანი – ქონებაზე უფლების აღიარება, ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
16.08.05წ. თ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14.09.04წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ პროკურატურის სარჩელი და მოპასუხეების _ დ. ბ.-ის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული პირების ქონების დიდი ნაწილი უკანონოდ, დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი, ჩამოერთვა და გადაეცა სახელმწიფოს. აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, 2005 წლის მარტიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელდა ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულება.
მოსარჩელის განმარტებით, იმავე დროს, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20.04.05წ. განაჩენით მსჯავრდებულ დ. ბ.-ს დაზარალებულ თ. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4994305 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული განაჩენის აღსრულების მოთხოვნით დაზარალებულმა თ. გ.-მ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს მიმართა, ასევე დ. ბ.-ის ქონების მოძიების მიზნით მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურებს, მაგრამ დ. ბ.-ის ქონება, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14.09.04წ. გადაწყვეტილების საფუძველზე გადაცემული აღმოჩნდა სახელმწიფოსათვის. აღნიშნული ქონების რეალიზაციის მიზნით 30.08.05წ. გამოცხადდა აუქციონი ყოფილი მესაკუთრის _ დ. ბ.-ის მამის, ო. ბ.-ის ერთ-ერთ უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობდა ქ. ბათუმში, ლ.-ის ქუჩის ¹90 ა-ში. მოსარჩელის მტკიცებით, ზემოაღნიშნული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან _ 4994305 აშშ დოლარი მას უნდა გადასცემოდა, ვინაიდან აჭარის ა/რ პროკურატურის მიერ დ. ბ.-ის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული პირების ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის, ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა დ. ბ.-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მისი, როგორც თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულისათვის, მათ შორის, დაზარალებულ თ. გ.-თვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ფულისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე. მოსარჩელის მითითებით, რომ არა მის მიმართ ჩადენილი ხსენებული სისხლის სამართლის დანაშაული, აჭარის ა/რ პროკურატურას სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, არ ექნებოდა აღნიშნული სარჩელის აღძვრის საფუძველი.
მოსარჩელის განმარტებით, აჭარის ა/რ პროკურატურამ სარჩელი აღძრა სასკ-ის 214-ე მუხლის შესაბამისად და იმავე კოდექსის 216 მუხლის საფუძველზე, მოპასუხეების სახელზე რიცხული ქონების დაუსაბუთებლად და უკანონოდ ცნობა, ხოლო 218 მუხლის საფუძველზე, ამ ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა მოითხოვა. აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა სასკ-ის 218 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის შემთხვევაში, მოპასუხის ქონება მესამე პირთა კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემოდა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო, როცა კანონიერი მესაკუთრის დადგენა შეუძლებელი იყო, ეს ქონება გადაეცემოდა სახელმწიფოს. მოცემული საქმის განხილვისას კი სასამართლომ არ იმსჯელა მესამე პირების კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებაზე, არც კანონიერი მესაკუთრის დადგენაზე, სასამართლო მთლიანად დაეყრდნო სარჩელის გარემოებებს და სადავო ქონება პირდაპირ გადასცა სახელმწიფოს.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20.04.05წ. განაჩენით და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამათლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14.09.04წ. გადაწყვეტილებით დადგენილი იყო დ. ბ.-ის დანაშაულებრივი ქმედება _ დაზარალებულ თ. გ.-თვის მიყენებული ქონებრივი ზიანი ერთ მილიონ დოლარამდე. ასევე, დადგენილი იყო, რომ დ. ბ.-ს ქონება შეძენილი ჰქონდა უკანონოდ, მათ შორის, აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული მატერიალური საშუალებებით. ამდენად, თ. გ.-ის (როგორც დაზარალებულის) ინტერესებს უშუალოდ ეხებოდა დ. ბ.-ის ქონებასთან დაკავშირებული როგორც სარჩელის გადაწყვეტა, ისე აღნიშნული ქონების რეალიზაცია, ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილების გამო, არსებითად შეილახა მისი ინტერესები, კერძოდ, დაზარალებულმა ვერ მოახერხა კანონით დადგენილი წესით აენაზღაურებინა ზიანი დამნაშავის ქონებიდან, იმის გამო, რომ აღნიშნული ქონება გადაეცა სახელმწიფოს, რითაც შეილახა თ. გ.-ის, როგორც კონსტიტუციური, ისე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული უფლებები, რადგან დაზარალებული სარგებლობდა მესამე პირის ყველა უფლებით და აცხადებდა დამოუკიდებელ მოთხოვნას დ. ბ.ის ქონებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულ თ. გ.-ს წარმოეშვა უფლება, მოეთხოვა სახელმწიფოსათვის გადაცემული დ. ბ.-ის ქონების რეალიზაცია და ამონაგები თანხის მისთვის გადაცემა.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ სახელმწიფო, რომლის წარმომადგენლობას მოცემულ შემთხვევაში ასრულებდა აჭარის ა/რ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო, ვერ ჩაითვლებოდა კეთილსინდისიერ შემძენად, ვინაიდან მას აღნიშნული ქონება არ ჰქონდა გადაცემული კანონის მოთხოვნათა დაცვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სასკ-ის 331-ე მუხლის თანახმად, დ. ბ.-ის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული პირების სახელმწიფოსათვის გადაცემული ქონების რეალიზაცია და რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან 4 994 305 აშშ დოლარის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავე დღეს განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მიღების თაობაზე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 30.08.05წ. გამოცხადებული აუქციონის შეჩერება და მოპასუხეებისათვის გადაცემული დ. ბ.-ის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული პირების ქონების რეალიზაციის აკრძალვა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.08.05წ. განჩინებით თ. გ.-ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დავის საბოლოო გადაწყვეტამდე აეკრძალა მხოლოდ დ. ბ.-ზე ჩამორთმეული ქონების რეალიზაცია.
მოგვიანებით, თ. გ.-მ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და დ. ბ.-ის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული პირებისათვის ჩამორთმეული 4994305 აშშ დოლარის ღირებულების ქონებაზე მოსარჩელის უფლების დადგენა მოითხოვა, ხოლო ამ უფლების განხორციელება მომხდარიყო აღნიშნული ქონების რეალიზაციითა და რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან _ 4994305 აშშ დოლარის მოსარჩელისთვის გადახდით. დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ ფაქტიურად შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა დაედგინა მისი უფლება ზემოაღნიშნული ქონებიდან 4994305 აშშ დოლარზე, რაც დადგენილი იყო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 აპრილის განაჩენით. დ. ბ.-ის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული პირების ქონების ჩამორთმევის თაობაზე სარჩელის განხილვისა და გადაწყვეტის დროს დადგენილ იქნა, რომ დ. ბ.-ს უკანონო ქონება მოპოვებული ჰქონდა მხოლოდ ფიზიკური პირის, თ. გ.-ის მიმართ დანაშაულის ჩადენის შემდეგ. ამასთან, დ. ბ.-ს არ გააჩნდა არანაირი საგადასახადო ვალდებულება ან სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ რაიმე დავალიანება, რომელიც შეიძლებოდა წარმოშობილიყო საფინანსო, ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის გზით. ამდენად, თ. გ.-ის (როგორც დაზარალებულის) ინტერესებს უშუალოდ ეხებოდა დ. ბ.-ის ქონებასთან დაკავშირებული როგორც სარჩელის გადაწყვეტა, ისე ამ ქონების რეალიზაცია, ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილების გამო, არსებითად შეილახა მოსარჩელის ინტერესები, კერძოდ, თ. გ.-მ ვერ მოახერხა კანონით დადგენილი წესით აენაზღაურებინა ზიანი დ. ბ.-ის ქონებიდან იმის გამო, რომ ქონება გადაცემული აღმოჩნდა სახელმწიფოზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონის ანალოგიით, კერძოდ, სასკ-ის 218-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ შეუძლებელი იყო მოპასუხის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების პირვანდელი მდგომარეობით სახელმწიფოსათვის დაბრუნება, მოპასუხეს ეკისრებოდა აღნიშნული ქონების ეკვივალენტური ფულადი თანხის გადახდა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, ვინაიდან შეუძლებელი იყო დ. ბ.-გან იმ მატერიალური საშუალებების დაბრუნება, რაც მან დაზარალებულისაგან მიიღო დანაშაულის ჩადენის გზით. აღნიშნულის სანაცვლოდ დაზარალებულს წარმოეშვა უფლება, მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა ეკვივალენტური ფულადი თანხით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 15.03.06წ. განჩინებით დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობა და მოცემულ საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.04.06წ. განჩინებით თ. გ.-ის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, მოცემულ საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება აჭარის ა/რ პროკურატურა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.05.06წ. განჩინებით უარი ეთქვა თ. გ.-ის განცხადებას აჭარის ა. რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14.09.04წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.02.07წ. გადაწყვეტილებით თ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14.09.04წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ პროკურატურის სარჩელი და დ. ბ.-ის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და მასთან დაახლოებული პირების ქონების დიდი ნაწილი უკანონოდ და დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი, ჩამოერთვა და გადაეცა სახელმწიფოს. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მოხდა მისი აღსრულება. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20.04.05წ. განაჩენით მსჯავრდებულ დ. ბ.-ს დაზარალებულ თ. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4 994 305 აშშ დოლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასკ-ის 25-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლებოდა აღძრულიყო აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს ჰქონდა ამის კანონიერი ინტერესი, ხოლო სსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლებოდა აღძრულიყო თუ მოსარჩელეს ჰქონდა იმის იურიდიული ინტერესი, რომ აღიარება მომხდარიყო სასამართლოს გადაწყვეტილებით.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი, როგორც მესამე პირის ინტერესები, ისე ჩამოართვა და გადასცა სახელმწიფოს დ. ბ.-ის ქონება, რადგან აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში აღნიშნული სარჩელის განხილვისას თ. გ.-ის ინტერესი დ. ბ.-თვის ჩამორთმეულ და სახელმწიფოსათვის გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით არ იყო დადგენილი. ამასთან, მოსარჩელეს ასეთი ინტერესი და პრეტენზიები აღნიშნულ ქონებაზე საქმის აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში განხილვისას არ წამოუყენებია. ხსენებულ სარჩელთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილებით დადგინდა შესაბამისი ქონების უკანონობა და დაუსაბუთებლობა, მოსარჩელემ კი სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დ. ბ.-ზე ჩამორთმეული ქონება წარმოადგენდა სწორედ მოსარჩელისათვის წართმეული მატერიალური საშუალებებით შეძენილ ქონებას.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვას, რაც, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაუშვებელი იყო. ამასთან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესაბამისი განჩინებით თ. გ.-ს უარი ეთქვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14.09.04წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.02.07წ. გადაწყვეტილება თ. გ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.07წ. განჩინებით თ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.02.07წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასაახდო საქმეთა კოლეგიის 14.09.04წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ პროკურატურის სარჩელი დ. ბ.-ის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული პირებისათვის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში და აღსრულებული იყო, კერძოდ, ჩამორთმეული ქონება რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრებად. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20.04.05წ. განაჩენით მსჯავრდებულ დ. ბ.-ს დაზარალებულ თ. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4 994 305 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული განაჩენი შესული იყო კანონიერ ძალაში და შესაბამისი სააღსრულებო ფურცლით მიქცეული იყო აღსასრულებლად.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე თ. გ.-ე აღიარებითი სარჩელით ითხოვდა უფლების აღიარებას დ. ბ.-ის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული პირებისათვის ჩამორთმეული და სახელმწიფოსათვის გადაცემული 4994305 აშშ დოლარის ღირებულების ქონებაზე. ამასთან, აღნიშნული თანხის მიღებას ითხოვდა სახელმწიფოსათვის გადაცემული ქონების რეალიზაციის შედეგად. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხსენებული სარჩელი განხილული იყო განსჯადობის წესების დაცვით _ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ვინაიდან მოსარჩელე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად უთითებდა სასკ-ის 218-ე მუხლზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასკ-ის 25-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლებოდა აღძრულიყო აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს ჰქონდა ამის კანონიერი ინტერესი. აღიარებითი სარჩელი არ შეიძლებოდა აღძრულიყო, თუ მოსარჩელეს შეეძლო აღეძრა სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე. იმავე კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, სასამართლო განჩინებით წყვეტდა საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებდა ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ გააჩნდა აღიარებითი სარჩელის აღძვრის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ აღნიშნული გარემოება სარჩელის დაუშვებლობის საფუძველი ვერ გახდებოდა, ვინაიდან საქმის მასალებით არ იკვეთებოდა მოსარჩელის შესაძლებლობა სადავო საკითხთან დაკავშირებით სასკ-ის 22-24-ე მუხლებით დადგენილი სახის სარჩელის აღძვრისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია სარჩელის არსებითად განხილვა-გადაწყვეტა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს განმარტებას სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აღიარებითი სარჩელის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი დავის საგანზე. კანონიერი უფლებისა და ინტერესის სამართლებრივი საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო კანონი, კანონქვემდებარე აქტი, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება ან ადმინისტრაციული ხელშეკრულება. მხარის კანონიერი ინტერესი შეიძლებოდა დადგენილიყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განაჩენითაც, როგორც აღნიშნული თ. გ.-ის შემთხვევაში მოხდა. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20.04.05წ. განაჩენით აღიარებულ იქნა თ. გ.-ის კანონიერი უფლება დ. ბ.-ის მხრიდან განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე 4944305 აშშ დოლარის ოდენობით, მაგრამ აღნიშნული არ ქმნიდა კანონიერ ინტერესს იმჟამინდელი დავის საგნის მიმართ. აღიარებითი სარჩელის დროს მოსარჩელის კანონიერი ინტერესი იმაში მდგომარეობდა, რომ მოპასუხე ედავებოდა მას უფლებაში, რომ თუ ასეთი დავა არ გადაწყდებოდა, მოსარჩელის უფლება შეიძლებოდა დარღვეულიყო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დადგენილი იყო და არც აპელანტი უარყოფდა, რომ მისი უფლება სარჩელის აღძვრის დროისათვის დარღვეული იყო. იგი დაირღვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14.09.04წ. გადაწყვეტილების აღსრულებისას, როდესაც მოხდა დ. ბ.-ის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული პირებისათვის ჩამორთმეული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა, რა დროსაც არ იქნა გათვალისწინებული თ. გ.-ის ქონებრივი ინტერესი - აღიარებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უკვე დარღვეული უფლების დადასტურებისა და მისი დაცვის მიზნით, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელი იყო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14.09.04წ. გადაწყვეტილების მიღების დროს სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა თ. გ.-ის კანონიერი ინტერესი დ. ბ.-ის ქონებისადმი და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა იმაზე, თუ რამდენად დასაბუთებული იყო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14.09.04წ. გადაწყვეტილება, ვინაიდან ხსენებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში დავის საგანი იყო ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა. სასამართლო შეზღუდული იყო სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით, რის გამოც იგი სადავო ქონებაზე კანონიერი ინტერესის მქონე პირების მოძიებას ვერ შეუდგებოდა. ამასთან, თ. გ.-ის კანონიერი ინტერესი დ. ბ.-ის ქონებისადმი, რაც აპელანტს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მიაჩნდა, დადასტურდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20.04.05წ. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, როცა საკითხი დ. ბ.-ის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ უკვე გადაწყვეტილი იყო. აღნიშნული ადასტურებდა, რომ მოსარჩელეს შეეძლო პრეტენზია განეცხადებინა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დ. ბ.-თვის დაკისრებულ თანხაზე მხოლოდ მსჯავრდებული პირის მიმართ, იმ წესების დაცვით, რაც დადგენილი იყო ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებდა საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოებისა (თანამდებობის პირის) და არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს. ხსენებული კანონის მე-2 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით კი ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულების ქვემდებარე აქტი იყო სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ქონებრივი გადახდევინების ნაწილში. აღნიშნული კანონი განსაზღვრავდა, აგრეთვე, ერთი და იმავე მოვალის ქონებიდან რამდენიმე კრედიტორის დაკმაყოფილების წესს, რითაც კრედიტორების რიგითობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფდა მოვალის ქონების ან მისი რეალიზაციით ამონაგები თანხის განაწილებას კრედიტორებზე. აღნიშნული კანონი ითვალისწინებდა ასევე სასამართლო აღმასრულებლის უკანონო მოქმედების გასაჩივრების წესს, თუ აღსრულების პროცესში მოვალეს ან კრედიტორს დაერღვეოდა ამ კანონით მინიჭებული რაიმე უფლება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თ. გ.-ს, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დაზარალებულად აღიარებულ პირს, რომელიც იმავე განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით წარმოადგენდა დ. ბ.-ის კრედიტორს, შეეძლო უფლების დაცვა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონით განსაზღვრული წესით დ. ბ.-ის მიმართ დაწყებული აღსრულების პროცესის ფარგლებში. ამასთან, მართალია, აპელანტი მიუთითებდა, რომ აღსასრულებლად მიქცეული განაჩენის აღსრულება ვერ ხერხდებოდა მოვალის ქონების არარსებობის გამო, მაგრამ აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებდა სასკ-ის 218-ე მუხლზე და განმარტავდა, რომ ამ ნორმის მოთხოვნათა დაცვით უნდა მომხდარიყო მისი აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება. ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასკ-ის 218-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო ამ თავის 216-ე მუხლის შესაბამისად თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონებას უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობდა, მოპასუხის ქონება მესამე პირთა კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემოდა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში _ სახელმწიფოს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრულ მესამე პირებში იგულისხმებოდნენ ის პირები, რომლებიც დამოუკიდებელი სარჩელით განაცხადებდნენ პრეტენზიას თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან მასთან დაკავშირებული პირის იმ ქონების მიმართ, რომლის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის საკითხიც განიხილა და გადაწყვიტა სასამართლომ პროკურატურის სარჩელთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ნორმა არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო მასში მოხსენიებული მესამე პირების სარჩელების დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად. იგი აჭარის ა/რ პროკურატურის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად აღიარა სასკ-ის 218-ე მუხლმა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებულ ნორმაში განსაზღვრული იყო არა საქმის წარმოების პროცესში ჩაბმული მესამე პირების მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხი, არამედ პროკურატურის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ქონების გადაცემის რიგითობა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი დავის საგნის მიმართ მოცემულ შემთხვევაში გამორიცხული იყო და მას არ გააჩნდა არავითარი კანონიერი საფუძველი აღიარებითი სარჩელის შეტანით მოეპოვებინა რაიმე უფლება სახელმწიფოზე გადაცემულ ქონებაზე და ამ გზით დაეკმაყოფილებინა სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებული პირის მიმართ დადგენილი მოთხოვნის უფლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.07წ. განჩინება თ. გ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ საფუძვლებზე მსჯელობისას, სააპელაციო სასამართლომ მთელი ყურადღება გადაიტანა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14.09.04წ. გადაწყვეტილების კანონიერების დაცვაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ პროკურატურის სარჩელი და მოპასუხეების _ დ. ბ.-ის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული პირების ქონების დიდი ნაწილი ცნო უკანონოდ და დაუსაბუთებლად, ჩამოართვა და გადასცა სახელმწიფოს.
კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, იგი ვერ მოახდენდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვას, ამავე დროს სარჩელზე უარის თქმის ერთადერთ საფუძვლად მიუთითა ის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14.09.04წ. გადაწყვეტილება კანონიერად იქნა მიღებული და მოსარჩელეს, როგორც მესამე პირს, არანაირი უფლება არ გააჩნდა ხსენებულ ქონებაზე. ამასთან, იურიდიულად არ დაასაბუთა, თუ, რომელი კანონიდან გამომდინარეობდა მისი მსჯელობა და არ მიუთითა საკანონმდებლო ნორმაზე, რითაც დაარღვია სსკ-ის 244-ე მუხლის მოთხოვნა.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვას. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სასკ-ის 218-ე მუხლი, რამაც სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია რა თ. გ.-ის მოთხოვნა აღიარებით სარჩელად, ჩათვალა, რომ სადავო საკითხი გადაწყვეტილი იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესაბამისი განჩინებით. კასატორმა მიუთითა, რომ თადაპირველად, თ. გ.-ე ითხოვდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14.09.04წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობას იმ მოტივით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი კანონიერი ინტერესი და საქმეში არ ჩააბა მესამე პირად დამოკიდებული სასარჩელო მოთხოვნით, ანუ თ. გ.-ე გადაწყვეტილების გადასინჯვას ითხოვდა სასამართლოს მიერ სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევის გამო, ამჯერად კი მოითხოვა მოპასუხეთა დავალდებულება დ. ბ.-ის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და მასთან დაკავშირებულ პირებზე ჩამორთმეული და სახელმწიფოსათვის გადაცემული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხებიდან _ 4994305 აშშ დოლარის მისთვის გადახდა. ამდენად, მოსარჩელემ აქტის არარად ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის აღიარება კი არ მოითხოვა, არამედ შესაბამისი ქონების მისთვის მიკუთვნება, ანუ აღძრა მიკუთვნებითი სარჩელი. სარჩელის შინაარსის არასწორად გაგებამ კი გამოიწვია ის, რომ სააპელაციო სასამართლომ ნაცვლად იმისა, რომ ემსჯელა თუ რომელი კანონი უნდა გამოყენებინა მოცემულ საქმეზე, დავა გადაწყვეტილად მიიჩნია აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებითა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით. სააპელაციო სასამართლოს უნდა გაერკვია, მოსარჩელის მოთხოვნა ემყარებოდა თუ არა სასკ-ის მე-16 და 218-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებს, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს სადავო ქონებისადმი კანონიერი ინტერესი და მატერიალური უფლება აღნიშნულ ქონებაზე.
კასატორმა აღნიშნა, რომ მას სადავო ქონების მიმართ კანონიერი ინტერესი წარმოეშვა საპროცესო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, დ. ბ.-ის უკანონო მფლობელობაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადების მომენტიდან და იგი აღნიშნულ საქმეში წარმოადგენდა სასკ-ის მე-16 მუხლით განსაზღვრულ მესამე პირს. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ თ. გ.-ს არ ჰქონდა მატერიალური უფლება სასამართლოს მიერ უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობილ დ. ბ.-ის იმ ქონებაზე, რომელიც მას ჩამოერთვა და გადაეცა სახელმწიფოს. კასატორის განმარტებით, აჭარის ა/რ უმღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20.04.05წ. განაჩენით დადგენილია, რომ დ. ბ.-მ თ. გ.-ს არაერთგზის გამოსძალა ფული და ქონება. ამასთან, იმავე სასამართლოს 14.09.05წ. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ დ. ბ.-ს უკანონოდ ცნობილი და ჩამორთმეული ქონების დიდი ნაწილი შეძენილი ჰქონდა ხსენებული დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული მატერიალური საშუალებებით. ხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ დ. ბ.-ს უკანონო ქონება მოპოვებული ჰქონდა მხოლოდ თ. გ.-ის მიმართ დანაშაულის ჩადენის შემდეგ. ამასთან, დ. ბ.-ს არ გააჩნდა რაიმე საგადასახადო ვალდებულება ან დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, არ მიუყენებია მატერიალური ზიანი სახელმწიფოსათვის, ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის, რაც შეიძლებოდა წარმოშობილიყო საფინანსო, ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის გზით და რაც იქნებოდა შემდგომში სამოქალაქო სარჩელის აღძვრის საფუძველი.
კასატორი მიუთითებს, რომ იგი მართლზომიერად ფლობდა ქონებას, რომელიც არამართლზომიერად მიითვისა დ. ბ.-მ, ანუ თ. გ.-ე იყო მესაკუთრე, რომლის უფლებები გარანტირებული იყო საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმებით. კასატორს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 69-ე, 85-ე, 86-ე და სკ-ის 158-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, ამ ქონების დაბრუნების უფლება წარმოეშვა საკუთრების უფლების უკანონოდ გაუქმებისთანავე, რაც აღიარებულ იქნა აჭარის ა/რ პროკურატურის მიერ დაზარალებულად მისი ცნობითა და დანაშაულით მიყენებული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, დ. ბ.-ის ქონებაზე ყადაღის დადების გზით.
კასატორმა აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20.04.05წ. განაჩენით მსჯავრდებულ დ. ბ.-ს დაზარალებულ თ. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4994305 აშშ დოლარის გადახდა. მართლმსაჯულების განხორციელების შემდეგ, როგორც აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14.09.04წ. გადაწყვეტილება, ისე იმავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20.04.05წ. განჩინება აღსრულების პროცესში იყო, ხოლო სასკ-ის 218 მუხლით განსაზღვრული იყო ყადაღდადებული ქონების გადაცემის რიგითობა.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ თ. გ.-ს შეეძლო უფლების დაცვა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონით განსაზღვრული წესით, მაშინ, როდესაც სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ დ. ბ.-ის მიმართ დადგენილი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20.04.05წ. განაჩენის აღსრულებამდე მისი ქონება სრულად გადაეცა სახელმწიფოს. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ კასატორი არ წარმოადგენდა იმ მესამე პირს, რომელსაც სადავო ქონებისადმი კანონიერი ინტერესი გააჩნდა. ამდენად, გაუგებარი დარჩა, ჰქონდა თუ არა თ. გ.-ს უფლება, შეეტანა სარჩელი ზემოხსენებული ამონაგები თანხიდან მოთხოვნის უპირატესი წესით დაკმაყოფილებაზე. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა მოთხოვნა სასკ-ის 218-ე მუხლით დადგენილი წესით დაეკმაყოფილებინა, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი დავის საგნის მიმართ გამორიცხული იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 30.07.07წ. განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. გ.-ის საკასაციო საჩივარი, მხარეებს მიეცათ უფლება, 30.07.07წ. განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. მხარეებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება არ წარმოუდგენიათ. საკასაციო სასამართლოს 19.02.08წ. განჩინებით თ. გ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დასაშვებად, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად უნდა გადაეცეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება წინააღმდეგობრივია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ გამომდინარეობს განჩინების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი მოსაზრებებიდან. სააპელაციო პალატა თვლის, რომ თ. გ.-ს არ გააჩნდა ინტერესი დავის საგნის მიმართ, სააპელაციო პალატის აღნიშნული მოსაზრება არ არის დასაბუთებული, გარდა ამისა პალატის ეს მოსაზრება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის თანახმად იწვევს სასამართლოს განჩინებით პროცესის ნებისმიერ სტადიაზე საქმის წარმოების შეწყვეტას და არა არსებითად სარჩელზე უარის თქმას. სააპელაციო პალატა თავდაპირველად აღნიშნავს, რომ თ. გ.-ის უფლება დაირღვა, როდესაც ჩამორთმეული ქონება გადაეცა სახელმწიფოს თ. გ.-ის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ხოლო შემდგომ ავითარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლო პროკურორის სარჩელის განხილვისას ვერ ჩართავდა მესამე პირად თ. გ.-ს. დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ თ. გ.-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია დ. ბ.-ის ქონებიდან, საქმის მასალებში არ მოიპოვება თ. გ.-ის მოთხოვნის დ. ბ.-ის ქონებიდან დაკმაყოფილების შესაძლებლობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარის მიერ სასამართლოსადმი მიმართვა მიზნად ისახავს იმ ქმედების განხორციელებას, რომლის შესრულებაზეც მოპასუხემ მას უარი განუცხადა. საამისოდ მოთხოვნის წარმომდგენმა მხარემ ძირითადად მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი უნდა გამოიყენოს. უფლების და კანონიერი ინტერესის დასაცავად არ არის გამორიცხული აგრეთვე სხვა საპროცესო ფორმებიც, კერძოდ, აღიარებითი სარჩელის აღძვრა. ამასთანავე, სასკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე. თ. გ.-ე დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით ითხოვდა დ. ბ.-ის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავების და მასთან დაკავშირებული პირების იმ ქონებიდან, რომელიც იმყოფება მოპასუხესთან, 4 994 305 აშშ დოლარის ეკვივალენტი ღირებულების ქონებაზე მოსარჩელის უფლების დადგენას, ამასთანავე ამ უფლების განხორციელებას მოსარჩელე მოითხოვდა აღნიშნული ქონების რეალიზაციით და ამონაგები თანხის 4 994 305 აშშ დოლარის მოსარჩელეზე გადახდით (ტ.II, გვ.8). დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ ფაქტიურად შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა სახის სარჩელის გამოყენება არ არის შესაძლებელი. აღნიშნული გამომდინარეობს მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესებიდან აღიარებითი სარჩელის სპეციალური ფორმის მიმართ. აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ის უნდა ქმნიდეს უფლების თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რომელიც დაირღვა მხარეთა შორის წამოჭრილი დავის გამო. თ. გ.-ის უფლება დ. ბ.-ის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უკვე დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რომლითაც დაკმაყოფილდა თ. გ.-ის სარჩელი დ. ბ.-ის მიმართ. პროცესის ეკონომიიის თვალსაზრისით აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია თვით ვალდებულების შესრულების თაობაზე სარჩელის აღძვრა, ე.ი. თუ შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი. მოსარჩელე ვერ იქნება აღიარებითი სარჩელის აღძვრით სამართლებრივად დაინტერესებული, თუ მას შესაძლებლობა აქვს სარჩელის სხვა ფორმით მიაღწიოს მიზანს. ამასთანავე, აღიარებითი სარჩელი არ უნდა გახდეს სარჩელის სხვა სახეების დასაშვებობის წინაპირობებისაგან თავის დაღწევის საშუალება. აღიარებითი სარჩელი არ მოიცავს მოპასუხის მიმართ შესრულების მოთხოვნას ან ამ შესრულების იძულების წესით განხორციელებას. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ თ. გ.-ის დაზუსტებული სასარჩელო განცხადება მოსარჩელის მიერ დასათაურებულია, როგორც აღიარებითი სარჩელი (ტ.2. ს.ფ.4), საკასაციო პალატა თვლის, რომ დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში ჩამორთმეული ქონების რეალიზაციის და ამონაგები თანხის 4 994 305 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნა თავისთავად გამორიცხავდა წარმოდგენილი სარჩელის აღიარებით სარჩელად წარდგენის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება განსახილველი სარჩელის სახეობის ნაწილში წინააღმდეგობრივია, პალატა ერთის მხრივ მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ გააჩნდა აღიარებითი სარჩელის აღძვრის სამართლებრივი საფუძველი, მიუხედავად ამისა აღნიშნული, პალატის აზრით, სარჩელის დაუშვებლობის საფუძველი ვერ გახდებოდა, რადგანაც საქმის მასალებით არ იკვეთება მოსარჩელის შესაძლებლობა სადავო საკითხთან დაკავშირებით სასკ-ის 22-24-ე მუხლით დადგენილი სახის სარჩელის აღძვრისა, რის გამო პალატამ კანონიერად მიიჩნია სარჩელის არსებითად განხილვა-გადაწყვეტა.
სასკ-ის 262 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 22-25-ე მუხლებით დადგენილი დასაშვებობის მოთხოვნებს, სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას. ამასთანავე, სასკ-ის 262 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, საქმის საკასაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია და არა ვალდებული მიიღოს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება, რომელიც არ საჩივრდება. საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის სასამათლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით, საჭიროდ თვლის სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს, ვინაიდან სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისათვის განსჯად სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოადგენს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ არსებობს სარჩელის, მოცემულ შემთხვევაში აღიარებითი სარჩელის ფორმით, დაშვების საფუძველი, მაგრამ შესაძლებელია პირის უფლების დაცვა სხვა ფორმის სარჩელით, მოსარჩელის თანხმობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს სარჩელის ტრანსფორმირება სხვა ფორმის სარჩელში (სასკ-ის 281 მუხ.). მოსარჩელე ვალდებულია გაარკვიოს და შესაბამისი ფორმა მისცეს სარჩელს, ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათი სასამართლოს არ ანიჭებს უფლებამოსილებას შეცვალოს სასარჩელო განცხადების შინაარსი მოსარჩელის თანხმობის გარეშე, სასამართლო ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ამასთანავე სასამართლო არ არის შებოჭილი სასარჩელო განცხადების ფორმალური შინაარსით. იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელე სარჩელისათვის სხვა, სასკ-ის 22-25-ე მუხლებით გათვალისწინებული სარჩელის ფორმის მიცემის თანახმა არ იქნება, სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 262მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ
საქმეთა პალატის 29.05.2007წ. განჩინება; გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.02.2007წ. გადაწყვეტილება;
3. საქმე თ. გ.-ის სარჩელის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად გადაეცეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.