ბს-741-713(კ-08) 12 ნოემბერი,2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – მ. ფ-ისა და მ. გ-ის სარჩელის გამო მოპასუხე ახალციხის მიწის მართვის სამმართველოს და მესამე პირების: ,,ბ-ის”, ნ. ც-ის, მიწის მესაკუთრეთა უფლებათა დაცვის ასოციაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მიმართ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის განხორციელების შესახებ.
საკასაციო სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
მ. ფ-ემ და მ. გ-ემ სარჩელებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის ახალციხის მიწის მართვის სამმართველოს და მესამე პირების: ნ. ც-ის, ნ. ც-ისა და ,,ბ-ის” მიმართ და მოითხოვეს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის განხორციელება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით მ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ც-ემ და მ. ფ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმყაოფილდა; მ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება; მ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მ. ფ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინებით მ. ფ-ეს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა; მასვე განემარტა, რომ თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება და განუხილველად დარჩება (ს.ფ. 121-122); როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. ფ-ემ სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საკასაციო სასამართლომ მ. ფ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება საქმეში მითითებულ მისამართებზე გაეგზავნა მ. ფ-ეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული განჩინება კასატორმა პირადად ჩაიბარა 2008 წლის 21 ივლისს (ს.ფ. 124). შესაბამისად, კასატორს აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად დაიწყო 2008 წლის 22 ივლისს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2008 წლის 28 ივლისს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ორშაბათი, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კასატორმა ხარვეზი არ შეავსო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 563-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო ვადის გასვლის შედეგებს, კერძოდ, ადგენს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორმა – მ. ფ-ემ გაუშვა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად იქნეს დატოვებული მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.