ბს-743-715(კ-08) 25 სექტემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 28 ივნისს გ. ბ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 1993 წლიდან 2005 წლის ბოლომდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში. 2003-2005 წლების მოსარჩელის კუთვნილი ფორმის ტანსაცმლის ფულადი კომპენსაცია შეადგენდა 673 ლარს. ხსენებული თანხის მიღების მოთხოვნით მოსარჩელემ 2007 წლის 1 ივნისს ¹პ/1651 წერილით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ეროვნულ აკადემიას, რაზეც პასუხი არ მიუღია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მიუღებელი სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 673 ლარის გადახდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების _ 673 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების, კერძოდ, თავდაცვის ეროვნული აკადემიის ...-ის უფროსის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. ბ.-ის მიმართ ერიცხებოდა სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება 673 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, 37-ე მუხლზე, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტზე (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია), ასევე საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებული იყო, დასაქმებულთან მოეხდინა საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ იყო განსაზღვრული.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, ფორმის ტანსაცმლის შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იყო ხელფასის შემადგენელი კომპონენტი.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტსა და მე-2 პუნქტზე, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და მე-12 მუხლებზე და არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული. რაც შეეხებოდა ხანდაზმულობის სამწლიან ვადას, აგრეთვე, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების გამო მოთხოვნის უფლებას, ხსენებული სამართლებრივი ინსტიტუტები შემოღებული იყო კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (მუხლი 129) და მოქმედებდა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში, რასაც ნამდვილად არ განეკუთვნებოდა მოსარჩელესა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, უდავო იყო, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა, როგორც სამხედრო მოსამსახურე და აღნიშნული ურთიერთობა რეგულირდებოდა საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტებით _ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებით, აგრეთვე, “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებითა და “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადები შეეხებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს. მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული არ ყოფილა რაიმე სახის ხელშეკრულება და მათ შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების _ ბრძანებების მეშვეობით. ამიტომ განსახილველ სასარჩელო მოთხოვნაზე ვერ გავრცელდებოდა სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლზე, ასევე 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ “საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ასევე აღიარებდა წინა წლებში წარმოქმნილ ფაქტობრივ დავალიანებებს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, გამოეყენებინათ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანებების დასაფარავად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ბ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. ბ,-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2004-2005 წლების სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება; გ. ბ.-ს უარი ეთქვა 2003 წლის სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, ასევე _ იმავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტი _ ხსენებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული, რაც იმავე გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა 2003-2005 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის სრულად ანაზღაურების ნაწილში, მიუთითა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მე-12 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე და მიიჩნია, რომ სანივთე ქონება წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და იმავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის ანაზღაურებაც მოწესრიგებული იყო არა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, არამედ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სოციალური საკითხების მარეგულირებელ სპეციალურ კანონს წარმოადგენდა. მართალია, სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, მაგრამ იგი არ წარმოადგენდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრულ ხელფასის კომპონენტს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში დაცული დოკუმენტი _ თავდაცვის ეროვნული აკადემიის ...-ის უფროსის მიერ 2007 წლის 1 ივნისს გაცემული ცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვალის აღიარების ფაქტს არ ადასტურებდა. აღნიშნული ცნობა იყო საინფორმაციო ხასიათის და ადასტურებდა არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველ 1341-ე მუხლზე (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) და მიიჩნია, რომ ამ ნორმით რეგლამენტირებული იყო საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხებოდა საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. ხელფასი, თავისი სამართლებრივი ბუნებით, განსხვავდებოდა სოციალური უზრუნველყოფის სახისაგან _ სანივთე ქონებისაგან, რომელიც კანონმდებლის მიერ სხვა სამართლებრივ რეჟიმში იყო მოქცეული და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით რეგულირებულ სფეროს არ განეკუთვნებოდა. შესაბამისად, მის მიმართ, როგორც სოციალური უზრუნველყოფის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების, გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც ათვლილი უნდა ყოფილიყო სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვნილი პირი სამხედრო სამსახურიდან. მითითებული გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, გ. ბ.-ს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან _ 2007 წლის 28 ივნისიდან უკუსვლით, უნდა ანაზღაურებოდა 2004-2005 წლების სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. გ. ბ.-ის მიერ სარჩელი სასამართლოში შეტანილ იქნა 2007 წელს და ამდენად, იგი ხანდაზმულია. სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისათვის მოსარჩელე აღარ სარგებლობდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსით და აღარ ჰქონდა უფლება, მოეთხოვა სანივთე ქონების კომპენსაცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 11 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 25 სექტემბრამდე; დადგინდა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის განხილვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.