ბს-745-711(კ-07) 31 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ჩ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 13 ოქტომბერს გ. ჩ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ქუთაისის საკრებულოს მიმართ, ხოლო მესამე პირად გ. ჩ-ეზე მიუთითა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 6 ოქტომბრის ¹386 «კ» განკარგულებით დაინიშნა ქ. ქუთაისის მერის მოადგილედ. ქ. ქუთაისის საკრებულოს 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹344 დადგენილებით კი გაუქმდა ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 6 ოქტომბრის ¹386 «კ» განკარგულება, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია.
მოსარჩელის განმარტებით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მერის მოადგილე წარმოადგენდა მთავრობის წევრს. იმავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად კი მთავრობის წევრებს თანამდებობიდან ათავისუფლებდა ქალაქის მერი. ხსენებული კანონის 30-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც მუშაობდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებში, იყო საჯარო მოსამსახურე, რომლის სტატუსი, სამუშაოზე მიღება და სხვა საკითხები განისაზღვრებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მერის მოადგილე არ განეკუთვნებოდა იმ თანამდებობის პირთა კატეგორიას, რომლებზეც ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდებოდა. იმავე კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებისა თუ განკარგულების გაუქმების უფლებამოსილება გააჩნდა ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს, მოცემულ შემთხვევაში _ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს, ხოლო ზემოხსენებული კანონის 22-ე მუხლის თანახმად, თანამდებობაზე პირის დანიშვნის უფლება ჰქონდა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს, მოცემულ შემთხვევაში _ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს, რაც სადავო არ გამხდარა და შესაბამისად, მოსარჩელის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნა კანონიერი იყო.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 93-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლებოდა გაეთავისუფლებინა იმ პირს ან დაწესებულებას, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა 2005 წლის 6 ოქტომბერს ¹385 განკარგულებით თანამდებობიდან გაათავისუფლა მერის მოადგილე გ. ჩ-ე, რაც თვით გ. ჩ-ეს კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია, რამდენადაც აღნიშნული განკარგულება მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით.
მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია გასაჩივრებული დადგენილების მიღების საფუძვლად ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტზე მითითება და აღნიშნა, რომ ხსენებული ნორმის თანახმად, მერის სამართლებრივ აქტებს აუქმებდა სასამართლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მერის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ქალაქის მერის მიერ გამოცემული განკარგულების გაუქმება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 127-ე მუხლის თანახმად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. ქუთაისის საკრებულოს 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹344 დადგენილების გაუქმება და ქ. ქუთაისის მერის მოადგილის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა მოითხოვა.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობა და არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 30 იანვრის განჩინებით მოცემულ საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად გ. ჩ-ე ჩაება.E
მოპასუხე ქ. ქუთაისის საკრებულომ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ მოსარჩელემ არასწორად განმარტა ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, მერის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების გაუქმების უფლებამოსილება კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ჰქონდა სასამართლოს და არა საკრებულოს.
მოპასუხემ აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისის საკრებულო მოქმედებდა «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. ამ კანონს კი «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უპირატესი იურიდიული ძალა ჰქონდა «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონთან შედარებით. ამდენად, მოპასუხემ იხელმძღვანელა ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, რომელიც განსაზღვრავდა, რომ საკრებულოს შეეძლო გაეუქმებინა (ძალადაკარგულად ან ბათილად გამოეცხადებინა) ქალაქის მთავრობის ან მერის განკარგულება, გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომლებითაც მერი საკრებულოს გადაწყვეტილებებს ერთი კვირის ვადაში შესაბამისი შენიშვნებით აბრუნებდა საკრებულოში ხელახლა განსახილველად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ას სასარჩელო განცხადება ქ. ქუთაისის საკრებულოს 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹344 დადგენილების არარა აქტად აღიარებისა და ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ჩ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გ. ჩ-ამ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა ქ. ქუთაისის საკრებულოს 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹344 დადგენილების ბათილად ცნობა და მისი მოქმედების შეწყვეტა ბათილად ცნობის დღიდან. ამასთან, მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა მისი მერის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით გ. ჩ-ას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის საკრებულოს 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹344 დადგენილება მისი ბათილად ცნობის დღიდან _ 2006 წლის 24 აგვისტოდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ჩ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ქ. ქუთაისის საკრებულომაც გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებით ქ. ქუთაისის საკრებულოსა და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ბ" ქვეპუნქტის დარღვევა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სასამართლო პროცესზე მესამე პირის _ გ. ჩ-ის მიწვევის ფაქტი. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გარკვეულიყო, მოხდა თუ არა გ. ჩ-ას თანამდებობაზე კანონით დადგენილი წესით დანიშვნა და/ან მითითებული წესის დარღვევით დანიშვნა აძლევდა თუ არა საკრებულოს პირის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე მიღებული განკარგულების გაუქმების საკმარის საფუძველს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მესამე პირის _ გ. ჩ-ის შუამდგომლობა და იგი ამოირიცხა მოცემული საქმიდან.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გ. ჩ-ამ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა და მოითხოვა ქ. ქუთაისის საკრებულოს 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹344 დადგენილების იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც გაუქმდა ქ. ქუთაისის მერის მოადგილედ გ. ჩ-ას დანიშვნის შესახებ ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 6 ოქტომბრის ¹386 «კ» განკარგულება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ჩ-ას სარჩელი ქ. ქუთაისის საკრებულოს 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹344 დადგენილების ნაწილის _ ქ. ქუთაისის მერის მოადგილედ გ. ჩ-ას დანიშვნის შესახებ ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 6 ოქტომბრის ¹386 «კ» განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 6 ოქტომბრის ¹386 ,,კ" განკარგულებით გ. ჩ-ა 2005 წლის 6 ოქტომბრიდან განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა ქ. ქუთაისის მერის მოადგილედ. აღნიშნული განკარგულება ქ. ქუთაისის საკრებულოს 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹344 დადგენილებით გაუქმდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქალაქის მთავრობის წევრი იყო მერის მოადგილე. ამასთან, აღნიშნული კანონი ადგენდა მთავრობის წევრის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესს, კერძოდ, «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, მერი შეიმუშავებდა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენდა ქალაქის მთავრობის სტრუქტურასა და პერსონალურ შემადგენლობას, ამტკიცებდა მთავრობის სტრუქტურული ერთეულებისა და ადგილობრივი სამსახურის დებულებებს. იმავე კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენდა მთავრობის წევრის დანიშვნის პროცედურას, რომლის თანახმად, მთავრობის წევრთა კანდიდატურებს მერი არჩევიდან (დანიშვნიდან) ორი კვირის ვადაში შესათანხმებლად წარუდგენდა საკრებულოს, თუ საკრებულო არ მისცემდა თანხმობას მთავრობის წევრის კანდიდატურის დანიშვნაზე, მერი უფლებამოსილი იყო ხელახლა წარედგინა იგივე ან ახალი კანდიდატურა. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლებოდა წარდგენილიყო ორჯერ. თუ საკრებულო ერთი თვის ვადაში მთავრობის წევრის კანდიდატურის დანიშვნას არ მისცემდა თანხმობას, მერი არა უმეტეს ექვსი თვის ვადით შესაბამის თანამდებობაზე ნიშნავდა მოვალეობის შემსრულებელს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი მთავრობის წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით მერის უფლებამოსილების გარკვეულ შეზღუდვას აწესებდა. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მერი უფლებამოსილი იყო დაენიშნა მერის მოადგილე და შემდეგ მისი მთავრობის წევრად დანიშვნისათვის თანხმობის მისაღებად მიემართა საკრებულოსათვის, რადგან ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქალაქის მთავრობის წევრი იყო მერის მოადგილე, ანუ მერის მოადგილე იყო მთავრობის წევრი, შესაბამისად, მერის მოადგილის თანამდებობაზე უკვე დანიშნული პირი, ხსენებული კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ვერ იქნებოდა, მთავრობის წევრობის კანდიდატი.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მერის მოადგილის, რომელიც ავტომატურად მიიჩნეოდა მთავრობის წევრად, კანდიდატურას მერი საკრებულოს წარუდგენდა და შესაბამისი პროცედურული წესის დაცვით იღებდა თანხმობას ან უარს შესაბამისი კანდიდატურის დანიშვნაზე. ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენის შემთხვევაში, თუ იგი მაინც ვერ მოიპოვებდა თანხმობას, მერი არა უმეტეს ექვსი თვის ვადით ხსენებულ თანამდებობაზე ნიშნავდა მოვალეობის შემსრულებელს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ქ. ქუთაისის საკრებულომ ,,ადგილობრივი თვითმმართევლობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე გააუქმა ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 6 ოქტომბრის ¹386 «კ» განკარგულება იმ მოტივით, რომ დარღვეული იყო მოთხოვნები მერის მოადგილის კანდიდატურის საკრებულოსთან შეთანხმებით დანიშვნის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. ჩ-ას მერის მოადგილედ დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულების გაუქმების შემდეგ, მერის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან არ განხორციელებულა «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არსებითად დაირღვა აქტის გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, არ არსებობდა. ამასთან, ქ. ქუთაისის საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგში სადავო საკითხის შეტანას და ერთხმადვე გადაწყვიტა იგი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება გ. ჩ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის საკრებულოს 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹344 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 6 ოქტომბრის ¹386 «კ» განკარგულება გაუქმდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთვის დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესის დარღვევით, ვინაიდან ქ. ქუთაისის საკრებულოს 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹344 დადგენილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით უნდა გამოცემულიყო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებს წარმოადგენდა დაინტერესებული პირის განცხადება ან ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება _ გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
კასატორი მიუთითებს, რომ ქ. ქუთაისის საკრებულოს 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹22 რიგგარეშე სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ გასაჩივრებული დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი ქ. ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილის, გ. ჩ-ის მიერ ქ. ქუთაისის საკრებულოში შეტანილი განცხადება იყო, რომელშიც მითითებული იყო, რომ ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 6 ოქტომბრის ¹385 და ¹386 განკარგულებები კანონის უხეში დარღვევით იყო გამოცემული. ამასთან, განმცხადებელი ითხოვდა საკრებულოს ემსჯელა აღნიშნული აქტის კანონიერებაზე და ხსენებული საკითხის განხილვა დღის წესრიგში შეეტანა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, გ. ჩ-ე ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 6 ოქტომბრის ¹386 «კ» განკარგულებასთან მიმართებაში არ წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს. ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 6 ოქტომბრის ¹386 «კ» განკარგულება არ ზღუდავდა გ. ჩ-ის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, ვინაიდან ქ. ქუთაისის მერიაში იმ პერიოდისათვის არსებობდა მერის მოადგილის კიდევ ერთი ვაკანტური თანამდებობა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული განცხადების განხილვისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, ვინაიდან ხსენებული განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «თ» ქვეპუნქტისა და 78-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ქ. ქუთაისის საკრებულოს აღნიშნული განცხადება არ უნდა განეხილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნის კანონთან შესაბამისობაში მოყვანამდე. ხსენებული განცხადების განხილვის შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უკანონო იქნებოდა, ვინაიდან განმცხადებელი ითხოვდა მხოლოდ ქ. ქუთაისის მერის მიერ გამოცემული შესაბამისი აქტების კანონიერებაზე მსჯელობას და საკითხის დღის წესრიგში შეტანას და არა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო. იმავე კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება შეტანილი უნდა ყოფილიყო იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილი იყო გადაეწყვიტა განცხადებაში დასმული საკითხი და გამოეცა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქ. ქუთაისის საკრებულო არ იყო უფლებამოსილი ორგანო, გაეუქმებინა ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 6 ოქტომბრის ¹386 «კ» განკარგულება, ვინაიდან «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურის სტატუსი, სამუშაოზე მიღებისა და მუშაობის პირობები განისაზღვრებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენდა თანამდებობაზე დანიშვნის გაუქმების წესს, მხოლოდ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის მიერ. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, მერის მოადგილის დანიშვნის უფლებამოსილება გააჩნდა ქალაქის მერს. მას შემდეგ, რაც ქ. ქუთაისის საკრებულოში შევიდა გ. ჩ-ის განცხადება ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 6 ოქტომბრის ¹386 «კ» განკარგულების მხოლოდ კანონიერების დადგენაზე მსჯელობის და არა მისი გაუქმების მოთხოვნით, ქ. ქუთაისის საკრებულოს, როგორც ხსენებული საკითხის განხილვაზე არაუფლებამოსილ ორგანოს უნდა დაებრუნებინა აღნიშნული განცხადება განმცხადებლისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 77-ე მუხლისა და მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. ამასთან, ქ. ქუთაისის საკრებულომ გადაწყვეტილება ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 6 ოქტომბრის ¹385 და ¹386 განკარგულებების გაუქმების შესახებ მიიღო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზეც, რომ ქ. ქუთაისის მერს საკრებულოს წინასწარი თანხმობის გარეშე არ შეეძლო მერის მოადგილის თანამდებობაზე პირის დანიშვნა, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტს.
კასატორის განმარტებით, ქ. ქუთაისის საკრებულოს 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹344 დადგენილება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნებს.
კასატორის განმარტებით, ქ. ქუთაისის საკრებულოს 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹344 დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევით, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ხსენებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 30 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 24 ოქტომბრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.