Facebook Twitter

¹ბს-746-712(კ-07) 27 დეკემბერი, 2007 წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა გ. ც.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივნისის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 11 დეკემბერს მოსარჩელე გ. ც.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ვანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ს. ჭ.-ისა და ქ. ვანის საკრებულოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ვანის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის 1995 წლის 15 დეკემბრის ¹31 განკარგულების არარა აქტად აღიარება.

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

ვანის რაიონის გამგეობის თავმჯდომარემ 1995 წლის 15 დეკემბერს გამოსცა განკარგულება ¹31, რომლითაც ფირმა ,,...-ს” ქალაქის თავისუფალი მიწის ფონდიდან კომერციული ბაზრის მშენებლობისათვის გამოეყო 686 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ და უკანონოა. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოყოფა უნდა მომხდარიყო კოლეგიური ორგანოს _ საკრებულოს გამგეობის გადაწყვეტილებით და არა ვანის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის ერთპიროვნული განკარგულებით, რის გამოც დაირღვა მოსარჩელის უფლებები (ს.ფ. 4)

ვანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, არარა ადმინისტრაციულ აქტად იქნა აღიარებული ვანის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის 1995 წლის 15 დეკემბრის ¹31 განკარგულება ფირმა ,,...-სათვის” 686 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე.

ვანის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს დაამყარა:

ქ. ვანის საკრებულოს გამგეობის 1995 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით ფირმა ,,...-ს” მისივე მოთხოვნის საფუძველზე კომერციული ბაზრის მშენებლობისათვის, მდინარე ...-ის მარჯვენა სანაპიროზე გამოეყო 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელსაც აღმოსავლეთით ესაზღვრება წისქვილი, დასავლეთით სასადილო ,,...-ი”, ჩრდილოეთით ... ბაზარი, ხოლო სამხრეთით მდინარე ...-ი. ქ. ვანის გამგეობის თავმჯდომარის 1995 წლის 15 დეკემბრის ¹31 განკარგულებით კი ფირმა ,,..-ს” კომერციული ბაზრის მშენებლობისათვის ქალაქის თავისუფალი მიწის ფონდიდან დამატებით გამოეყო 686 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

ქ. ვანის საკრებულოს გამგებლის 1992 წლის 2 ივნისის ¹15 განკარგულებით დგინდება, რომ ქალაქის საკრებულოს 1991 წლის 17 ოქტომბრის ¹45 განკარგულებაში შეტანილ იქნა ცვლილებები და ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა დანიშნულების ობიექტთა გაშენებისათვის, თავისუფალი მიწის ნაკვეთების შერჩევის მიზნით შეიქმნა კომისია, რაც იმის დამადასტურებელია, რომ ქ. ვანის საკრებულოს გამგეობას სხვადასხვა დანიშნულებით მიწის ნაკვეთები უნდა გამოეყო საკრებულოს გამგეობის გადაწყვეტილებით, რაც განხორციელებულ იქნა ქ. ვანის საკრებულოს გამგეობის 1995 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით და ფირმა ,,...-ს” გამოეყო 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ფირმა ,,...-სათვის” დამატებით 686 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოხდა ვანის გამგეობის თავმჯდომარის მიერ გამოცემული ¹31 განკარგულებით და არა ვანის საკრებულოს გამგეობის გადაწყვეტილებით (ს.ფ. 54-55).

ვანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ჭ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასარჩელო განცხადება სასამართლომ წარმოებაში მიიღო დასაშვებობის შემოწმების გარეშე, კერძოდ სასამართლოს არ შეუმოწმებია, სარჩელი თავისი შინაარსით მოიცავდა თუ არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 24-ე მუხლების მოთხოვნებს. სასამართლოს 2007 წლის 19 იანვრის განჩინებაში სარჩელის დასაშვებობის შესახებ გამოყენებული აქვს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 23-ე, 24-ე და 25-ე მუხლები. მოსარჩელე კი აღიარებით სარჩელში მოითხოვდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე და მე-60 მუხლების გამოყენებით ადმინისტრაციული აქტის არარად ცნობას. აპელანტის განმარტებით, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარა აღიარების უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა არარსებობის დადგენის შესახებ თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი და ეს ადმინისტრაციული აქტი პირდაპირ ეხება მის კანონიერ ინტერესებს. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” 25-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულოს გამგებელი საქართველოს კანონდებლობით დადგენილი და საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესით ორგანიზაციას უწევს და უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხების გადაწყვეტას (ს.ფ. 61-65).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივნისის განჩინებით ს. ჭ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ვანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ჭ.-ს შეატანილი აქვს სარჩელი გ. ც.-ის მიმართ, საზღვრის გამიჯვნისა და 08 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაბრუნების თაობაზე. აღნიშნული დავის საფუძველს წარმოადგენს ქ. ვანის გამგეობის თავმჯდომარის მიერ 1995 წლის 15 დეკემბერს გამოცემული განკარგულება ¹31, რომლითაც ფირმა ,,...-ს” დამატებით გამოეყო 686 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელშიც ს. ჭ.-ის ვარაუდით შედის აღნიშნული სადავო 08 კვ.მ მიწა. გ. ც.-ის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული 08 კვ.მ მიწის ნაკვეთი ირიცხება გ. ც.-ის სახელზე. გ. ც.-ის მიერ შეტანილი აღიარებითი სარჩელით თუ ¹31 განკარგულება არარა ადმინისტრაციულ აქტად იქნებოდა ცნობილი, ამით ზემოაღნიშნულ დავას სამართლებრივი საფუძველი გამოეცლებოდა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამავე კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თუ 08 კვ.მ მიწის ნაკვეთი არღიცხულია გ. ც.-ის სახელზე და თუ იგი ასევე შედის ვანის გამგებლის 1995 წლის ¹31 განკარგულებით ფირმა ,,...-სათვის” გამოყოფილ 686 კვ.მ მიწის ნაკვეთში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვანის რაიონულ სასამართლოს უნდა ემსჯელა გ. ც.-ის აღიარებითი სარჩელის დასაშვებობაზე (ს.ფ. 101-104).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ც.-მ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ხელახალი განხილვის მიზნით საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება. კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლითაც მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს დავის საგანს და იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22- მუხლის მიხედვით სარჩელი განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით ვერ იქნებოდა აღძრული და ამასთანავე სასამართლოს მიერ არ იქნებოდა დასაშვებად ცნობილი ამავე მუხლში მითითებული ვადების არსებობის გამო. აქედან გამომდინარე მოსარჩელე თვლის, რომ სასამართლოში ამ მუხლით სარჩელის შეტანა მისთვის გამორიცხულია (ს.ფ. 112-114).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ც.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ვანის რაიონულ სასამართლოს გ. ც.-ის სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ საქმეზე ჩატარებული აქვს განმწესრიგებელი სხდომა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის საფუძველზე და შემოწმებული აქვს სარჩელის დასაშვებობის საკითხი. ვანის რაიონული სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებისთანავე ჩანიშნულია მოსამზადებელი სხდომა, ისე, რომ გამოტოვებულია გამნმწესრიგებელი სხდომის ეტაპი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამ შემთხვევაში არ არსებობს სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გ. ც.-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ც.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. გ. ც.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 30%-ის _ 90 (ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.