Facebook Twitter

¹ბს-74-70(კ-07) 26 ივნისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

ლ. ჭანტურიას მდივნობით

კასატორი (მოპასუხე) _ თელავის საგადასახადო ინსპექცია წარმომადგენელი _ ე. ტ.-ე;

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მ. ლ.-ი, წარმომადგენელი _ მ. პ.-ი;

მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი, წარმომადგენელი _ დ. რ.-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ნოემბრის განჩინება;

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ი/მ “მ. ლ.-მ” სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე – თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, მესამე პირის – საგადასახადო დეპარტამენტის მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და მის მიმართ საგადასახადო დავის შეწყვეტა /იხ.ს.ფ. 2-3/.

საქმის გარემოებები:

ი/მ “მ. ლ.-ს” წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით, 2005 წლის 6 ივლისის მდგომარეობით _ მას ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება დღგ-ს ძირითადი თანხის სახით 7256,53 ლარი, საშემოსავლო _ 5242,0 ლარი, სოციალური _ 5151,61 ლარი, სულ 17650,19 ლარი, შესაბამისად საურავის თანხა დღგG_ 4207,92 ლარი, საშემოსავლო გადასახადში _ 3921,29 ლარი, სოციალურ გადასახადში _ 4944,95 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის მიღების შემდეგ მოსარჩელემ საგადასახადო ინსპექციას წარუდგინა შესაგებელი, რომელშიც მიუთითა, რომ მას არ ევალებოდა საგადასახადო მოთხოვნის შესრულება იმ საფუძვლით, რომ ამ უკანასკნელის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 218-ე მუხლის საფუძველზე დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე, რომელიც შეწყდა დედოფლისწყაროს რაიონის საგამოძიებო ქვეგანყოფილების მიერ და დადგენილ იქნა, რომ საფინანსო შემოწმებისას მას არასწორად და ზედმეტად დაერიცხა თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მის მიმართ საგადასახადო დავის შეწყვეტა. საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2005 წლის 5 აგვისტოს ¹127 ბრძანებით მოსარჩელის შესაგებელი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ შესაგებელს თანდართული არ ჰქონდა ის მტკიცებულება, რომელსაც ემყარებოდა მეწარმის მოთხოვნა.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

წინასწარი გამოძიების სტადიაზე მოსარჩელის მოთხოვნით დანიშნულ იქნა საბუღალტრო ექსპერტიზა, ვინაიდან ამ უკანასკნელს მიაჩნდა, რომ შემოწმებისას მას უკანონოდ დაერიცხა თანხები. საბუღალტრო ექსპერტიზით დადგინდა, რომ მოსარჩელეს არასწორად და ზედმეტად დაარიცხეს შემოწმების აქტში მითითებული დავალიანების ძირითადი თანხები, სანქციები და საურავები. დედოფლისწყაროს საგამოძიებო ქვეგანყოფილების 2001 წლის 12 მაისის დადგენილებით მ. ლ.-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარასებობის გამო, წარმოებით იქნა შეწყვეტილი.

რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მ. ლ.-მ ასევე მოითხოვა 2005 წლის 6 ივლისის საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა /იხ.ს.ფ. სხდომის ოქმი/.

რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ლ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2005 წლის 6 ივლისის საგადასახადო მოთხოვნა მოსარჩელეზე რიცხული საგადასახადო დავალიანების, კერძოდ: 17650,19 ლარის ძირითადი გადასახადისა და 13124,16 ლარის საურავის დარიცხვის ნაწილში; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი 2005 წლის 5 აგვისტოს ¹127 ბრძანება და შეწყდა საგადასახადო დავა მოსარჩელის მიმართ საგადასახადო დავალიანების არარსებობის გამო, შემდეგი საფუძვლით.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

მოსარჩელე ი/მ “მ. ლ.-ი” 1998 წლის 19 იანვრიდან დედოფლისწყაროს საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებული იყო დღგ-ს გადამხდელად და როგორც გადამხდელი, დეკლარაციების წარდგენას ახდენდა მოპასუხესთან. საგადასახადო ორგანოს მ. ლ.-სათვის 2005 წლის 4 ივლისამდე არ უცნობებია მის მიმართ დავალიანების არსებობის შესახებ. ი/მ “მ. ლ.-მ” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1999 წლის განმავლობაში არ გადაიხადა ძირითადი გადასახადები სანქცია-საურავების დარიცხვით 9266,60 ლარი, ხოლო 2000 წლის 17 აგვისტომდე პერიოდში _ 16687,40 ლარი, რამაც შეადგინა 25954 ლარი. აღნიშნულის გამო, 2001 წლის 20 მარტს მოსარჩელის მიმართ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიების დროს დაინიშნა საბუღალტრო ექსპერტიზა და დადგენილ იქნა, რომ ი/მ “მ. ლ.-ს” შემოწმების აქტით ზედმეტად და არასწორად ჰქონდა დარიცხული ძირითადი თანხები, სანქციები და საურავები. წინასწარი გამოძიების მიერ 2001 წლის 12 მაისს აღნიშნული მოტივით შეწყდა სისხლის სამართლის საქმე ი/მ “მ. ლ.-ის” მიმართ, მის ქმედებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ნიშნების არარსებობის გამო.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ დედოფლისწყაროს საგადასახადო ინსპექციას სსსკ-ის 102.2. მუხლის თანახმად, არ ჰქონდა ჩაბარებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება. ასევე, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა გარემოებები, რომლებსაც მის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები ემყარებოდა, შესაბამისად საგადასახადო ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 236-ე, 46-ე და 52.1. “ჟ” მუხლის მოთხოვნები და სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას /იხ. ს.ფ. 53-54/.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის საგადასახადო ინსპექციამ, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით /იხ. ს.ფ. 60-61/.

ი/მ “მ. ლ.-ს” თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 6 ივლისის ¹444 საგადასახადო მოთხოვნაზე შესაგებელი წარდგენილი ჰქონდა საგადასახადო კოდექსის 147.9. მუხლის დარღვევით, კერძოდ, შესაგებელს დართული არ ჰქონდა მტკიცებულებები, რომელსაც ი/მ “მ. ლ.-ის” შესაგებელი ემყარებოდა. საგადასახადო ინსპექციას არ მიუღია სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება და მასალები, შესაბამისად საგადასახადო ინსპექციამ ვერ შეძლო შესაბამისი რეაგირების მოხდენა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრება.

აპელანტის განმარტებით, შეუძლებელი იქნება იმის ოფიციალური დოკუმენტით დადასტურება, რომ დედოფლისწყაროს საგადასახადო ინსპექციას და თელავის საგადასახადო ინსპექციას არ მიუღიათ აღნიშნული დადგენილება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში არავითარი ოფიციალური დოკუმენტი არ დგება, მიუხედავად იმისა, რომ ვერც მოსარჩელემ ვერ დაადასტურა საგადასახადო ინსპექციის მიერ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების ჩაბარების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებით თელავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტა, რომ აპელანტის მიერ როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოებში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მართებულად ჰქონდა დარიცხული გადასახადები. საგადასახადო ორგანოს დაუსაბუთებულად ჰქონდა გამოცემული გასაჩივრებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ სწორად იყო მითითებული იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარემ სსსკ-ის 102..2. მუხლის თანახმად, ვერ დაამტკიცა გარემოებანი, რასაც მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ემყარებოდა, კერძოდ, მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ დედოფლისწყაროს საგადასახადო ინსპექციის მიერ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების ჩაუბარებლობის ფაქტი /იხ. ს.ფ. 92-96/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის საგადასახადო ინსპექციამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 103-104/.

კასაციის მოტივი:

სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია, რომ თელავის საგადასახადო ინსპექციის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ი/მ “მ. ლ.-ს” სწორად ჰქონდა დარიცხული გადასახადები, ხოლო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სწორად იყო გამოცემული, უსაფუძვლოა, ვინაიდან თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის ¹127 ბრძანებაში მ. ლ.-ის შესაგებლის არდაკმაყოფილების კანონიერ საფუძვლად მითითებულია რომ საგადასახადო კოდექსის 147.3. მუხლი, რომლის თანახმად, შესაგებელს უნდა დაერთოს ყველა მტკიცებულება, რომელსაც ემყარება იგი. მ. ლ.-ის მიერ დარღვეული იყო კანონის აღნიშნული მოთხოვნა და საგადასახადო ინსპექციის ქმედება ¹127 ბრძანების გამოცემისას კანონიერია.

ამასთან, 2000 წლის 20 აგვისტოს დედოფლისწყაროს საგადასახადო ინსპექციის შემოწმების აქტის შედგენისას დაცული იყო 2000 წლისთვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 217.32 მუხლის მოთხოვნები. ამდენად, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია ადმინისტრაციული და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით და მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის განჩინებით თელავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “გ” პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/.

საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, მოითხოვა მისი დაკმაყოფილება და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება /იხ.ს.ფ. სხდომის ოქმი/

მოწინააღმდეგე მხარემ _ ი/მ “მ. ლ.-მ” არ ცნო საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება /იხ.ს.ფ. სხდომის ოქმი/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობის, სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა_კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თელავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2. და 394 “ეI” მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმის მასალები და დადგენილი ფაქტები, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, აპელანტის მიერ როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოებში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მართებულად დაერიცხა გადასახადები, ხოლო საგადასახადო ორგანოს დაუსაბუთებულად ჰქონდა გამოცემული გასაჩივრებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ სსსკ-ის 102..2. მუხლის თანახმად, ვერ დაამტკიცა გარემოებანი, რასაც მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ემყარებოდა, კერძოდ მოპასუხემ ვერ დაამტკიცა დედოფლისწყარის საგადასახადო ინსპექციის მიერ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების ჩაუბარებლობის ფაქტი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა სრულიად დაუსაბუთებელია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, თუ რა წარმოადგენდა ი/მ “მ. ლ.-სათვის” საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადის დარიცხვის საფუძველს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ი/მ “მ. ლ.-ის” 2000 წლის შემოწმების აქტის კანონიერებაზე, კერძოდ, საგადასახდო აქტი მეწარმეს ჩაჰბარდა თუ არა კანონით დადგენილი წესით, ამასთან ჩაჰბარდა თუ არა მეწარმეს საგადასახადო შეტყობინება _ ვალდებულების დამდგენი მოთხოვნა დარიცხული გადახადის გადახდის შესახებ, რამდენადაც საგადასახადო კოდექსის /2006 წლის რედაქცია/ 52.1. “ჟ” მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან ამ კოდექსითა და საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით გათვალისწინებული წესითა და დადგენილ ვადებში გადასცენ (გაუგზავნონ) გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან მის წარმომადგენელს საგადასახადო შემოწმების აქტები, აგრეთვე საგადასახადო ორგანოების სხვა გადაწყვეტილებები და შეტყობინებები.

საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ დაინტერესებული პირისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საკასაციო სასამართლო საგადასახადო კოდექსის 46-ე მუხლის /2006 წლის რედაქცია/ საფუძველზე განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის/საგადასახადო აგენტისათვის ან სხვა ვალდებული პირისათვის გასაგზავნი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, ხელმოწერილი ხელმძღვანელი/უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ სახელისა და გვარის მითითებით და დამოწმებული უნდა იყოს ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). გადასახადის გადამხდელს უნდა ჩაჰბარდეს დოკუმენტის დედანი. ამასთან, დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გაიგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით (ასეთ შემთხვევაში, დოკუმენტის/ წერილის ჩაბარების თარიღად ითვლება ადრესატის მიერ საფოსტო გზავნილით დოკუმენტის მიღების თარიღი) ან პირადად გადაეცა გადასახადის გადამხდელს ან მის უფლებამოსილ ან/და კანონიერ წარმომადგენელს. ამასთან, საკასაციო სასამართლო საგადასახადო კოდექსის /2006 წლის რედაქცია/ 45.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს არც ერთ შეტყობინებას არა აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა გადასახადის გადამხდელისათვის, საგადასახადო აგენტისთვის ან სხვა ვალდებული პირისათვის, თუ იგი არ არის შედგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ კოდექსის 46-ე მუხლით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია გადასახადის გადამხდელს /საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს/.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი, თუმცა სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე უფლებამოსილებით საკუთარი ინიციატივით მოიპოვოს მტკიცებულებები და დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ გაუთვალისწინებია, მეტიც სააპელაციო სასამართლო, ფაქტობრივად, დაეყრდნო რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მტკიცებულებები საქმის ფაქტობრივი გარემოების დასადგენად-გამოსაკვლევად არ მოუპოვებია.

საკასაციო სასამართლო საგადასახადო კოდექსის 57.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის საფუძველი, აგრეთვე მისი შესრულების წესი და პირობები რეგილირდება მხოლოდ ამ კოდექსით ან/და საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ი.მ “მ. ლ.-სათვის” საგადასახადო აქტით დარიცხული გადასახადის გაუქმების საფუძველს დედოფლისწყაროს რაიონის პროკურატურის დადგენილება /სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ/ წარმოადგენდა, რამდენადაც საგადასახადო აქტით დარიცხული გადასახადის კანონიერების შემოწმება ხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობით და სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი დადგენილება არ შეიძლება გახდეს გადასახადის დარიცხვის კანონიერების შემოწმების საფუძველი, მით უფრო, რომ მოსარჩელის მიერ საგადასახადო აქტი სასარჩელო წესით სადავო არ გამხდარა, შესაბამისად, გადასახადების დარიცხვის მართლზომიერება სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო 147.2. მუხლის /რომელიც განსაზღვრავს საგადასახადო დავის დაწყების წესს/ საფუძველზე განმარტავს, რომ თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი უარს აცხადებს “საგადასახადო მოთხოვნის” შესრულებაზე, იგი ვალდებულია, “საგადასახადო მოთხოვნის” მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ამ კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესით, საგადასახადო ორგანოს გაუგზავნოს წერილობითი შესაგებელი, თუ დავის დაწყების ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან წერილობითი შეტყობინება, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას სასამართლოს მიერ. ამავე მუხლის მესამე ნაწილი ცალსახად ადგენს, რომ შესაგებელს უნდა დაერთოს ყველა მტკიცებულება, რომელსაც ემყარება შესაგებელი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს ასევე წარმოადგენს ორგანოს უარი შესაგებლის (პროტესტის) განხილვაზე, რაც მოსარჩელეს დაუსაბუთებელად მიაჩნია, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმჯელოს ორგანოს უარი დარიცხული გადასახადის კანონიერების შემოწმებაზე _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეესაბამება თუ არა საგადასახადო კოდექსის XIX თავით დადგენილ ნორმებს, რომელიც განსაზღვრავს საგადასახადო დავის განხილვის საერთო წესს, რამდენადაც საგადასახადო კოდექსის 147.3. მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ “შესაგებელს უნდა დაერთოს ყველა მტკიცებულება, რომელსაც ემყარება შესაგებელი”, რომლის არქონის გამო ორგანომ უარი განაცხადა შესაგებლის (პროტესტის) განხილვაზე.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც, თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ მტკიცებას არ საჭიროებს. ამგვარ ფაქტებს განეკუთვნება ფაქტები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მოქმედებას ადგილი და ჩაიდინა თუ არა მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგის შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტები უკავშირდება როგორც სამოქალაქო საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას, ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ უკანასკნელ შემთხვევაში პრეიუდიციულობის ფარგლები განსხვავებულია, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის პრეიუდიუციული ძალა ამოიწურება ორი ფაქტით: ჰქონდა თუ არა მოქმედებას ადგილი (ზიანის მიყენებას) და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება პირმა, რომლის მოქმედების სამოქალაქო სამართლებრივი შედეგების შესახებ საქმეს იხილავს სასამართლო (ამ პირის მიერ ზიანის ანაზღაურებას).

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება ხდება შინაგანი რწმენით, რომელიც ემყარება სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულყოფილ და ობიექტურ გამოკვლევას, რის შემდეგად სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა დასაბუთებელი თუ რატომ მიანიჭა სასამართლომ სისხლის სამართლის წესით გამოტანილ დადგენილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა სადავო სამართალურთიერთობაში. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილ იქნა არასრულყოფილად, ვინაიდან სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი დადგენილების, მხოლოდ ერთადერთი მტკიცებულების შეფასების საფუძველზე მიიჩნია იურიდიული ფაქტი დადგენილად, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, რაც სრულიად დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლოს არ გამოუკვლევია, არ მოუპოვებია ამგვარი დასკვნის მამტკიცებელი გარემოებანი, სრულიად უკრიტიკოდ გაიზიარა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ დადგენილება, მიანიჭა რა მას პრეიუდუციული ძალა სადავო სამართალურთიერთობაში. შესაბამისად, სახეზეა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მითითებული ნორმით დადგენილი პირობების დარღვეულად მიჩნევის პროცესუალური საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ამდენად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.4. მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.