¹ბს-74-74(კ-08) 25 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე, /ი. კ.-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ, ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ/.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ი. კ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება /იხ. ს.ფ. 2-3/.
საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ი. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაევალა ქმედების განხორციელება, კერძოდ, ერთჯერადი გასასვლელი დახმარების - 1421,44 ლარის, ასევე 2007 წლის გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაციის - 508,24 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ სასურსათო ულუფის - 59 ლარის ანაზღაურებაზე /იხ. ს.ფ. 59-62/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 66-67/.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 84-87/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. ამასთან, სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსაბუთებელი განჩინება /იხ. ს.ფ. 90-91/.
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 29 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. 99-100/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში მხარეებს მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 29 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. 99-100/.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა მითითებული იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელსაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. წინამდებარე განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.