¹ბს-748-714(კ-06) 30 აპრილი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა მ. მ-ისა და მ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. მ-სა და მ. ა-ის სარჩელი ქუთაისის ი. ო-ის სახელობის გიმნაზიის მიმართ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე უსაფუძვლობის გამო, ხოლო იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში საქმეზე შეწყდა წარმოება (ტ.1, ს.ფ. 122-124). აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა პალატის 2000 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 13 დეკემბრის განჩინებით და შევიდა კანონიერ ძალაში (ტ.1, ს.ფ.188-193, 226-230).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. მ-სა და მ. ა-ის სარჩელი ქუთაისის ი. ო-ის სახელობის გიმნაზიის მიმართ შრომის წიგნაკების გადაცემისა და შრომის წიგნაკების გადაცემის დაყოვნების გამო იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, კერძოდ, სარჩელი დაკმაყოფილდა შრომის წიგნაკების მოსარჩელეთათვის გადაცემის ნაწილში, ხოლო შრომის წიგნაკების დაყოვნებისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (ტ.2, ს.ფ.101-102). აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 3 მაისის განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 25 ივლისის განჩინებით და შევიდა კანონიერ ძალაში (ტ.1, ს.ფ.205-210, 240-250).
მ. ა-ემ და მ. მ-ემ განცხადებით მოითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმეზე წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ საქმე განხილულ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, მაშინ როდესაც დავა იყო ადმინისტრაციული და განხილულ უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 თებერვლის განჩინებით მ. ა-ემ და მ. მ-ის განცხადება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (ტ.3, ს.ფ.108).
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ა-ემ და მ. მ-ემ (ტ.3, ს.ფ.110-112).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 თებერვლის განჩინება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლები ვერ ასაბუთებდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გდაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობას (ს.ფ.132-140).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ა-ემ და მ. მ-ემ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მათი განცხადების დაკმაყოფილება (ტ.3, ს.ფ.146-153).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორები ვერ უთითებენ კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, საქმეზე წარმოების განახლების საფუძველია.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მ. ა-ისა და მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ა-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.