ბს-748-714(კ-07) 10 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 11 ივლისს ი. ჯ-ას წარმომადგენელმა გ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კომპანია ,,.....» და მესამე პირის - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ საკომპენსაციო თანხის გაცემის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ი. ჯ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი და 1993 წლიდან მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი.
1996 წელს, კომპიუტერიზაციის დროს, რეგისტრირებულია ერთიან კომპიუტერულ სიაში და მინიჭებული აქვს საოჯახო ნომერი ¹01471, რასაც ადასტურებს 1999 წლის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემული ერთიანი კომპიუტერული მონაცემი, ამავე სამინისტროს მიერ 2001 წლის 19 ოქტომბერს, 2004 წელსა და 2006 წელს შედგენილი ერთიანი სია.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წელს მიმდინარე პრივატიზაციის დროს, მაშინ როცა, კომპანია ,,...» შეისყიდა აჭარის კურორტების 100% და სს ,,.....» 52,8 აქციათა პაკეტი, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ 2006 წლის 15 თებერვლის ¹15 ბრძანების მე-4 მუხლის ,,ა» ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრა, რომ კომპანიას უზრუნველეყო იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლება, თითოეულ ოჯახზე 7000 აშშ დოლარის გადახდით.
2006 წელს ი. ჯ-ამ მიმართა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულ საკომპენსაციო თანხების გამცემ შტაბს საკომპენსაციო თანხის მისაღებად, სადაც აღმოჩნდა, რომ გაუქმებულია მისი საოჯახო ნომერი და იგი მიწერილია ლ. ჯ-ას საოჯახო ნომერზე (¹0013), მაშინ როცა, ამ უკანასკნელს ჰყავს თავისი ოჯახი და 19 წლის შვილი.
მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას და ითხოვდა განმარტებას, თუ რის საფუძველზე მოხდა საოჯახო ნომრების გაერთიანება, მაგრამ პასუხი არ მიუღია. ამასთან, აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არ გააჩნდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი საოჯახო ნომრების გაერთიანებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაგან საოჯახო ნომრის აღდგენას. აღნიშნული ნომრის შეყვანას ერთიან კომპიუტერულ სიაში, მის რეგისტრაციას და რეგისტრირებული სიის გადაგზავნას კომპანია ,,....» საკომპენსაციო თანხის - 7000 აშშ დოლარის გასაცემად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა ი. ჯ-ას შეყვანა ნომრით ¹01471 საკომპენსაციო თანხების გამცემ ერთიან კომპიუტერულ სიაში. მასვე დაევალა რეგისტრირებული და შესწორებული სიის გადაგზავნა კომპანია ,,....», მოსარჩელეზე საკომპენსაციო თანხის გასაცემად.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანებით განისაზღვრა, სასტუმრო ,,....» დროებით მცხოვრებ დევნილთა გამოსახლების სანაცვლოდ, საკომპენსაციო თანხის გაცემა 7 000 აშშ დოლარის ოდენობით. აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეადგინა იმ დევნილთა ოჯახების სია, რომლებსაც გამოსახლების სანაცვლოდ უნდა მიეღოთ საკომპენსაციო თანხა.
აპელანტის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-4 პუნქტის ,,ბ» ქვეპუნქტი, რომლებშიც მითითებულია, რომ ,,საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილთა გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დევნილი უზრუნველყოფილ იქნა შესაბამისი ფართით. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელისათვის შეთავაზებულ იქნა შესაბამისი ფართი, რაზედაც მან უარი განაცხადა.
აპელანტის მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლოა იმ გარემოებაზე მითითება, რომ აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაერთიანებულ იქნა მოსარჩელის და მისი დის – ლ. ჯ-ას საოჯახო ნომრები, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ სამინისტროს მიერ გაერთიანებულია ან შეკვეცილია საოჯახო ნომრები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის განჩინებით აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთებისა და გამოკვლევის გარეშე დაადგინა, რომ მოსარჩელე ი. ჯ-ა ცალკე ოჯახია, დაეყრდნო რა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გამოცემულ საოჯახო ნომერს, რომელსაც სულ სხვა სამართლებრივი დატვირთვა გააჩნდა და იგი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების შესაბამისად, წარმოადგენს დევნილთა რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს და არა ოჯახს.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს ოჯახთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს და რომელთა შესაბამისადაც, ოჯახი არის ქორწინებაზე ან ახლო ნათესაობაზე დაფუძნებული ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომლის წევრები დაკავშირებული არიან ერთმანეთთან საერთო ოჯახური ყოფით, ურთიერთდახმარების, მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საერთო გრძნობით, ადამიანთა ამ მცირე ჯგუფში კი საქართველოს კანონმდებლობა აერთიანებს: ცოლს, ქმარს, შვილებს და ერთად მცხოვრებ სხვა ახლო ნათესავებს, რომელთა ერთად ცხოვრება და ერთმანეთის მიმართ უფლებებისა და მოვალეობების არსებობა მიიჩნევა ოჯახის მთავარ ნიშნად, გარდა ამისა, სამართლის სხვადასხვა დარგებში (სამოქალაქო, საგადასახადო და ა.შ.) ტერმინში ,,ოჯახი» ჩადებულია ზოგადი შინაარსი. ,,საჯარო სამსახურში ინტერსეთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტით პირის ოჯახის მცნება განისაზღვრება შემდეგნაირად: ,,პირის ოჯახი – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, ბაბუა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან». ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ოჯახი» განმარტებულია, როგორც ერთად მცხოვრებ ახლო ნათესავ პირთა წრე (საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი), რომელიც დაკავშირებულია. ერთმანეთთან პირადი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებებითა და მოვალეობებით და ერთი საოჯახო მეურნეობით. კონკრეტულ საქმეში კი, მოსარჩელე ი. ჯ-ა ცხოვრობდა პანსიონატ «..." დასთან – ლ. ჯ-თან ერთად, სადაც ეწეოდა ერთ სამეურნეო საქმიანობას. აქედან გამომდინარე, ისინი განხილულია, როგორც ერთი ოჯახი და შესაბამისად, მათზე გაიცა საკომპენსაციო თანხა ლ. ჯ-ას წარმომადგენლობით, თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებისა, რომელიც დაიდო კომპანია ,,...." და აჭარის ა/რ მთავრობას შორის. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი მუხლის ერთ-ერთი პუნქტი განსაზღვრავს დევნილის ოჯახის წარმომადგენელს, ანუ პირს, ვის სახელზეც გაიცემა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა დევნილის ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის მიერ, ამ ოჯახის საკომპენსაციო თანხის მიღების მიზნით.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, «იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3, მე-4 პუნქტები და მე-4 პუნქტის «ა" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, «საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილთა გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დევნილთან იდება წერილობითი შეთანხმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი. ჯ-ას აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ არა აქვს გაუქმებული და არც გაერთიანებული ლ. ჯ-ას სარეგისტრაციო ნომერი, არამედ ი. ჯ-ასა და მასთან ერთად ერთ ფართში ფაქტობრივად მცხოვრებ ლ. ჯ-ას (მოსარჩელის დის) შორის გაფორმდა ზემოხსენებული მინდობილობა, რომელიც დამტკიცებულია ნოტარიულად და აქვს იურიდიული ძალა, რომლის საფუძველზეც ლ. ჯ-ამ მიიღო საკომპენსაციო თანხა. აღნიშნულ მინდობილობაში პირდაპირაა მითითებული: «ი. ჯ-ა, შემდგომში წოდებული «მიმნდობი", ვაცხადებ წინასწარ თანხმობას საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, გავათავისუფლო ჩემს დროებით სარგებლობაში არსებული ფართი და ამ მიზნით უფლებას ვაძლევ ლ. ჯ-ას, წოდებული «მინდობილი პირი", ჩემი, როგორც იძულებით გადაადგილებული პირის, სახელით მოაწეროს ხელი დროებით მფლობელობაში მყოფი საცხოვრებელი სადგომის გათავისუფლების სანაცვლოდ კომპენსაციის მიღების თაობაზე წერილობით შეთანხმებას და მიიღოს საკომპენსაციო თანხა". აღნიშნულიდან გამომდინარე, ი. ჯ-ას კანონიერი უფლება არ დარღვეულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 მარტის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2007 წლის 21 აგვისტოს აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.