¹ბს-748-720(2კ-08) 25 სექტემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. თ.-ისა და ნ. ბ.-ის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 17 დეკემბერს ნ. ბ.-მ და თ. თ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ... ჰოსპიტალში მუშაობის დროს მიუღებელი დარჩათ 1998, 1999 და 2000 წლების ხელფასი, კვების კომპენსაცია, ჯილდო და მატერიალური დახმარება, კერძოდ, ნ. ბ.-ს _ 1455,39 ლარი და თ. თ.-ს _ 1474,42 ლარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაარღვია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლი, რადგან ამ სამინისტროს სამხედრო .... ჰოსპიტალი გაუქმდა 2007 წელს და ნ. ბ.-სა და თ. თ.-ს დათხოვნისას უნდა მიეღოთ კუთვნილი მთელი თანხა, რაც არ მომხდარა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოსარჩელეებზე გაცემული შესაბამისი ცნობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ნ. ბ.-ის სასარგებლოდ 1455,39 ლარის, ხოლო თ. თ.-ის სასარგებლოდ 1474,42 ლარის გადახდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 19 ოქტომბრის ¹3-11/8011 ცნობის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ... სამხედრო ... ჰოსპიტლის თანამშომლის, თ. თ.-ის 1998-2000 წლების კუთვნილი, ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენდა 1474,42 ლარს, მათ შორის, ხელფასი _ 475,11 ლარს, კვების კომპენსაცია _ 668,11 ლარს, ჯილდო _ 254,78 ლარს და მატერიალური დახმარება _ 76,42 ლარს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 17 ოქტომბრის ¹3-11/7931 ცნობის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ... სამხედრო ... ჰოსპიტლის თანამშრომლის, ნ. ბ.-ის 1998-2000 წლების კუთვნილი, ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენდა 1455,39 ლარს, მათ შორის, ხელფასი _ 487,41 ლარს, კვების კომპენსაცია _ 620,53 ლარს, ჯილდო – 269,48 ლარს და მატერიალური დახმარება _ 77,97 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ბ.-ისა და თ. თ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 487,41 ლარის ანაზღაურება; ნ. ბ.-ს უარი ეთქვა კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის გამო; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ. თ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 475,11 ლარის ანაზღაურება; თ. თ.-ს უარი ეთქვა კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის გამო.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეთა მიერ სარჩელი ხელფასის მოთხოვნის ნაწილში წარდგენილი უნდა ყოფილიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, იმ დღიდან, როდესაც ისინი გათავისუფლდნენ სამსახურიდან, ანუ გათავისუფლებიდან ერთი თვის ვადაში. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლზე და 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ასევე აღიარებდა წინა წლებში წარმოქმნილ ფაქტობრივ დავალიანებებს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, გამოეყენებინათ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანებების დასაფარავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო, სრულად გაეცა მოსარჩელეებზე არსებული სახელფასო დავალიანება. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მითითება იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი ცნობა დავალიანების არსებობის თაობაზე, იყო საინფორმაციო ხასიათის. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავდა, თუ რა შემთხვევებში არ შეიძლებოდა ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ კანონიერი ნდობა არსებულიყო, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამავე სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის წერილებს საფუძვლად არ ედო ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება. საქმეში წარმოდგენილი წერილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი თავისი წერილებით მოსარჩელეებს უდასტურებდა მათ მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობას, აცნობებდა, რომ აღნიშნული სახის დავალიანების ანაზღაურება განხორციელდებოდა ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში და არ მიუთითებდა, რომ მოსარჩელეებს გაშვებული ჰქონდათ ამ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
რაც შეეხებოდა კვარტალური ფულადი ჯილდოს, ერთდროული მატერიალური დახმარებისა და კვების კომპენსაციის ანაზღაურებას, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა ამ ნაწილში იყო ხანდაზმული _ მათ გაშვებული ჰქონდათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 130-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელეების მიერ სარჩელი სასამართლოში აღძრული იყო 2007 წლის 17 დეკემბერს, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნული დავალიანების ანაზღაურების შესახებ მიმართეს 2008 წლის 4 თებერვალს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ბ.-მ და თ. თ.-მა, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ. ბ.-ისა და თ. თ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ნ. ბ.-ის სასარგებლოდ არსებული სახელფასო დავალიანების _ 834,86 ლარის (ხელფასი _ 487,41 ლარი, ჯილდო _ 269,48 ლარი, მატერიალური დახმარება _ 77,97 ლარი) გადახდა; თ. თ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა თ. თ.-ის სასარგებლოდ არსებული სახელფასო დავალიანების _ 806,31 ლარის (ხელფასი _ 475,11 ლარი, ჯილდო _ 254,78 ლარი, მატერიალური დახმარება _ 76,42 ლარი) გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 19 ოქტომბრის ¹3-11/8011 ცნობის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ... სამხედრო ... ჰოსპიტლის თანამშომლის, თ. თ.-ის 1998-2000 წლების კუთვნილი, ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენდა 1474,42 ლარს, მათ შორის, ხელფასი – 475,11 ლარს, კვების კომპენსაცია – 668,11 ლარს, ჯილდო – 254,78 ლარს და მატერიალური დახმარება – 76,42 ლარს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 17 ოქტომბრის ¹3-11/7931 ცნობის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ... სამხედრო ... ჰოსპიტლის თანამშრომლის, ნ. ბ.-ის 1998-2000 წლების კუთვნილი, ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენდა 1455,39 ლარს, მათ შორის, ხელფასი – 487,41 ლარს, კვების კომპენსაცია – 620,53 ლარს, ჯილდო – 269,48 ლარს და მატერიალური დახმარება – 77,97 ლარს. თ. თ.-ი და ნ. ბ.-ე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... სამხედრო ... ჰოსპიტალში სამსახურის გავლის დროს წარმოადგენდნენ სამხედრო მოსამსახურეებს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველ 1341-ე მუხლზე (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) და მიიჩნია, რომ სამხედრო მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) არ მოიცავდა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით სამხედრო მოსამსახურეთათვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმით გათვალისწინებული სასურსათო ულუფის (კვების) შესაბამის ფულად კომპენსაციას. სასურსათო ულუფის შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ იყო სამხედრო მოსამსახურის შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) შემადგენელი კომპონენტი და წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღებ ფულადი კომპენსაციის სახეს. შესაბამისად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი ამ სახის კომპენსაციებზე არ ვრცელდებოდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ცნობებით არ დასტურდებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ თ. თ.-ისა და ნ. ბ.-ის მიმართ კვების (სასურსათო ულუფა) კომპენსაციის დავალიანების სახით, ვალის აღიარების ფაქტი. აღნიშნული ცნობები ატარებდა საინფორმაციო ხასიათს და მოწმობდა არა მოპასუხის მიერ მოსარჩელეების მიმართ კვების (სასურსათო ულუფა) კომპენსაციის დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდათ მოსარჩელეებს მიუღებელი სასურსათო ულუფის (კვების) ფულადი კომპენსაციით შეცვლის შემთხვევაში. მოსარჩელეთა მოთხოვნა 1998-2000 წლების კვების (სასურსათო ულუფა) კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში, იყო ხანდაზმული, ვინაიდან მოსარჩელეებმა მითითებული დავალიანების ანაზღაურების შესახებ სასამართლოს სარჩელით მიმართეს 2007 წლის 17 დეკემბერს, დავალიანების წარმოშობიდან თითქმის 9 წლის გასვლის შემდეგ, მაშინ, როცა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების შესრულების მოთხოვნისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი იყო სამწლიანი ვადა. ამასთანავე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეების მოთხოვნა სახელფასო დავალიანებების ანაზღაურების შესახებ, არ იყო ხანდაზმული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ბ.-მ და თ. თ.-მა, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ამავე ნაწილშიც დაკმაყოფილება.
კასატორთა განმარტებით, კვების კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან განხორციელდა ვალის აღიარება, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული დოკუმენტები, კერძოდ, სახელფასო დავალიანების შესახებ ამ სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა და წერილი, რომლებიც არ შეიძლება საჯარო ინფორმაციად ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სამწლიანი ვადა აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერ არ გასულა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია ამ საკითხთან მიმართებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული, კერძოდ, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო ხსენებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელეთა სასარგებლოდ ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში. უდავოა, რომ ხელფასის გაცემა წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის მოთხოვნაზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა თითოეული თვის ხელფასის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს მსჯელობა. იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით, ჰქონდეს ,,დანამატის” სტატუსი. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტიდან ირკვევა, რომ ,,დანამატის“ სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ იმ ფულად თანხებს, რომლებიც დაიანგარიშება ნამსახური წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოსა და მატერიალურ დახმარებას, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებიდან გამომდინარე, მათ ,,დანამატის” სტატუსი არ აქვს მინიჭებული. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ჯილდოსა და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემლებია. სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი და 105-ე მუხლი, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, კერძოდ, საქმეში არსებული ცნობები შეაფასა დავალიანების აღიარებად, რაც არაკანონიერია, რადგან აღიარება ან დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს ვალდებულებას, თუ იგი მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ და მას საინფორმაციო ხასიათი არა აქვს, კონკრეტულ შემთხვევაში კი, ამ ცნობებს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი გააჩნია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. თ.-ისა და ნ. ბ.-ის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 14 ივლისის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 25 სექტემბრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. თ.-ისა და ნ. ბ.-ის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. თ.-ისა და ნ. ბ.-ის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.