Facebook Twitter

¹ბს-749-715(კ-06) 7 თებერვალი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა დ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

21.06.05წ. დ. ჯ-მა ი. ჭ-ის და იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის დ. ხ-ას მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხონის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ განმარტა, რომ ხონის რაიონული სასამართლოს 13.07.04წ. გადაწყვეტილებით მას დაეკისრა თმენის ვალდებულება, ი. ჭ-ეს ნება დაერთო ესარგებლა აუცილებელი გზით მის ნაკვეთთან გამავალი არხის კიდიდან სამი მეტრის სიგანეზე. მოსარჩელის განცხადებით, სარგებლობის უფლებით ი. ჭ-ეს მიეკუთვნა მისი ნაკვეთის ბოლოს, ........... ქუჩის მხარეს გამავალი სარწყავი, სამელიორაციო არხთან სამი მეტრის სიგანის და დაახლოებით 30 მეტრის სიგრძის ფართობი. აღსრულებასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავის გამო ი. ჭ-ის განცხადების საფუძველზე მის დაუსწრებლად 24.03.05წ. განჩინებით განიმარტა გადაწყვეტილების შინაარსი, რომლის თანახმად, მის ნაკვეთთან გამავალი არხის კიდიდან სამი მეტრის სიგანეზე მდებარე გზას წარმოადგენს მასსა და ი. ჭ-ის მიწის ნაკვეთებს შორის არსებული საწრეტი, ნაკვეთების გამმიჯნავი არხი. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 11.05.05წ. განჩინებით გადაწყვეტილება და მისი განმარტების თაობაზე მიღებული განჩინება დატოვებული იქნა უცვლელად. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 07.06.05წ. ი. ჭ-ემ უკანონოდ, თვითნებურად აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება: ა. ქ-ას მართვის ქვეშ მყოფი ,,ბელორუსის" მარკის ტრაქტორით გადალახა მათი ნაკვეთების გამმჯინავი ზოლი, შეიჭრა მის კუთვნილ მიწის რვა მეტრის სიღრმეში, დაუზიანა ნარგავები და მოხნა თავისი იჯარით აღებული ნაკვეთი. 9 ივნისს ამავე გზით დათესა ნაკვეთი. მოსარჩელის განმარტებით, ი. ჭ-ე გასცდა ისედაც უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მისთვის მინიჭებულ უფლებებს და მიაყენა მატერიალური და მორალური ზიანი. სასამართლო აღმასრულებელმა არ მიიღო მასზე დამოკიდებული ზომები ი. ჭ-ის ამ უკანონობის აღსაკვეთად და წერილობითი განცხადება დატოვა უპასუხოდ. მოსარჩელემ 13.07.04წ. გადაწყვეტილებით დადგენილი თმენის ვალდებულებისაგან განთავისუფლება და ი. ჭ-თვის აუცილებელ მისასვლელ გზად მისი კუთვნილი ნაკვეთით სარგებლობის აკრძალვა მოითხოვა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ხონის რაიონული სასამართლოს 15.07.05წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 59-60). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჯ-მა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 07.10.05წ. განჩინებითი დ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხონის რაიონული სასამართლოს 15.07.05წ. გადაწყვეტილება და საქმე ხონის რაიონულ სასამართლოს დაუბრუნდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად (ს.ფ. 130-134).

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ თ. ჯ-მა მოპასუხეებად დაასახელა ი. ჭ-ე და იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი დ. ხ-ა. მოსარჩელე ითხოვდა ი. ჭ-თვის აუცილებელი გზით სარგებლობის აკრძალვას და სააღსრულებო ბიუროსათვის შესაბამისი ზომების მიღების დავალდებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის და ზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად საქმე უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

ხონის რაიონული სასამართლოს 06.02.06წ. გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.07.06წ. განჩინებით დ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხონის რაიონული სასამართლოს 06.02.06წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებანი (განჩინებანი, დადგენილებანი), აგრეთვე სასამართლოს უფლებამოსილების განსახორციელებლად აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსთვის, დაწესებულებისთვის, ორგანიზაციისთვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე ხონის რაიონული სასამართლოს 24.03.05წ განჩინება, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 11.05.05წ. განჩინება, ხონის რაიონული სასამართლოს 04.04.05წ. განჩინება და ამავე სასამართლოს 13.07.04წ. გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში, რის გამოც უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება მათი უკანონობის შესახებ.

სააპელაციო პალატამ კანონიერად მიიჩნია ხონის რაიონული სასამართლოს 24.06.05წ. განჩინება ხარვეზის შესახებ, რომლითაც დაევალა მოსარჩელეს მოპასუხის მისამართის მითითება.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 13.07.04წ. გადაწყვეტილებით ი. ჭ-ეს მეორე ქუჩიდან მიეცა ეზოში ჩასასვლელი გზა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მეორე ქუჩიდან ი. ჭ-ისა და თ. ჯ-ის ნაკვეთები ერთმანეთს არ ემიჯნებიან.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სააპელაციო პალატის განცხადებით, ნარგავების დაზიანების გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამავე დროს აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა აღმასრულებლის მიერ დ. ჯ-თვის ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე არ დასტურდებოდა აღმასრულებლის მიერ ჩადენილი უმოქმედობა 13.07.04წ. გადაწყვეტილების შესრულებასთან დაკავშირებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.07.06წ., განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ჯ-მა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული და უტყუარად დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კასატორის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის გაზრდის შესახებ და თმენის ვალდებულებისგან განთავისუფლება მოითხოვა. აღნიშნულის საფუძვლად ის გარემოება მიუთითა, რომ ი. ჭ-ე გასცდა ხონის რაიონულ სასამართლოს 13.07.04წ. გადაწყვეტილების ფარგლებს. სააპელაციო პალატამ, კასატორის აზრით, უსაფუძვლოდ უთხრა უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან სასამართლო პროცესზე მხარე არ გამოცხადდა. ამის შემდეგ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ადგილის დათვალიერების შესახებ. სასამართლომ უკანონოდ და უსამართლოდ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ ი. ჭ-ეს ხონის რაიონული სასამართლოს 13.07.04წ. გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად მიეცა ნაკვეთის ბოლოში ნიაღვრის საწრეტ არხთან 3 მეტრი სიგანის მისასვლელი გზა. იმავე სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების განჩინებით მისასვლელ გზად მიჩნეულ იქნა კასატორის პრივატიზებული ნაკვეთის შუაში ვითომდა არსებული ნაკვეთების გამმიჯნავი წყლის საწრეტი არხი, რომელიც ფაქტიურად არ არსებობს. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს დასკვნას ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურების შესახებ, აგრეთვე სხდომის ოქმის შენიშვნას. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ მიიჩნია ხონის რაიონული სასამართლოს განმარტება, რომელიც უკანონობის გამოხატულებაა. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა სამელიორაციო სამმართველოს 11.04.05წ. აქტი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მისი ეზოს უკანა ნაწილში მესამე და მეოთხე უბნის შუაში გადის სანიაღვრო არხი, რომელიც გაყვანილია 1952წ. და სხვა სარწყავი არხი მიმდებარე ტერიტორიაზე არ არსებობს.

დამატებით წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორმა აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას გამოგზავნილმა კომისია, რომელმაც შეადგინა ადგილზე ნახაზი და ასლი მას არ გადასცა, შემთხვევის ადგილიდან მივიდა ხონის სასამართლოში, სადაც გაყალბდა ნახაზი იმ მოტივით, რომ არ გაუქმებულიყო ხონის სასამართლოს გადაწყვეტილება და ნახაზში ჩაემატა მე-2 არხიც. კასატორმა სააპელაციო პალატის 21.07.06წ. გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების და დ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის და განსახილველ სამართლებრივ საკითხთან მიმართებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეული უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება. ხონის რაიონული სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაშია და სავალდებულოა შესასრულებლად, განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ არ შეცვლილა ვითარება, ი. ჭ-ეს კვლავინდებურად ესაჭიროება სადავო გზა. პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული განჩინების საზედამხედველო წესით გადასინჯვის შესაძლებლობას, ამასთანავე კანონიერ ძალაში შესული პროცესუალური აქტის მიმართ საქმის წარმოების განახლების საკითხი სასამართლოს წინაშე არ დასმულა.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.