Facebook Twitter

ბს-749-721(კ-კს-08) 12 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ გ. კ-ე და მ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო

მესამე პირები – ნ. პ-ა, ფ. ქ-ა, ი. ქ-ა, ვ. ქ-ა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 10.04.08წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

26.03.07წ. გ. კ-ემ და მ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 10.05.06წ. ¹42 ბრძანების არარად ცნობა, სადავო ფართიდან მათი გამოსახლების აკრძალვა და 17.07.04წ. სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება მოითხოვეს. პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და ნ. პ-ას, ფ. ქ-ას, ვ. ქ-ას და ი. ქ-ას ნაწილში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 10.05.06წ. ¹42 ბრძანების არარად ცნობა, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების აკრძალვა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 26.01.07წ. ¹06/01-35/64 და 26.01.07წ. ¹06/01-35/63 ცნობების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.06.07წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არარა აქტად იქნა აღიარებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 10.05.06წ. ¹42 ბრძანება ნ. პ-ას, ფ. ქ-ას, ვ. ქ-ას და ი. ქ-ას ნაწილში, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამნისტროს აეკრძალა ქმედების განხორციელება, კერძოდ, მ. და გ. კ-ების გამოსახლება სადავო ფართიდან, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 26.01.07წ. ¹06/01-35/64 ცნობა ნ. პ-ას, ფ. ქ-ას, ი. ქ-ას და 26.01.07წ. ¹06/01-35/63 ცნობა ვ. ქ-ას ქ. თბილისში, ....... ქ. ¹4-ში რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14.02.08წ. მ. კ-ემ და გ. კ-ემ შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს და საქმეში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ნაცვლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ჩაბმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 10.04.08წ. განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს და გამოხატავდა მის ინტერესს. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ. კ-ემ და გ. კ-ემ. კერძო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ სადავო ობიექტის განკარგვის უფლებამოსილება გააჩნდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო, მართალია, გამოხატავს სამინისტროს ინტერესსა და ნებას, მაგრამ სამმართველო არ არის უფლებამოსილი სარგებლობაში გადასცეს სადავო ობიექტი. კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 10.05.06წ. ¹42 ბრძანებით განასახლა და ასევე დაარეგისტრირა პირები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობის გარეშე. კერძო საჩივრის ავტორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ნაცვლად საქმეში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ჩაბმა მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ისა და გ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს მთავრობის 10.09.04წ. ¹77 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების” 1.3 მუხლის თანახმად, სამინისტროს აპარატი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები, ტერიტორიული ორგანოები და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას. ამავე დებულების 7.3 მუხლის თანახმად, სამინისტროს ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 11.01.07წ. ¹1-1/24 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს დებულების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო, საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველსაყოფად სამმართველო ახორციელებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული სამინისტროსაგან დელეგირებული სახელმწიფო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას. შესაბამის ტერიტორიაზე სახელმწიფო ქონების სარგებლობასა და განკარგვაზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას ადასტურებს ასევე “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” კანონი, რომლის მე-8 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანოა უფლებამოსილი უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით კონკურსის (აუქციონის) გარეშე გასცეს სახელმწიფო ქონება. მხოლოდ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოები განთავსდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში ან მათ ნაწილებში (ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-10 ნაწილი).

განსახილველ შემთხვევაში საქმეში მესამე პირის სტატუსით მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო, რომელიც ზემოაღნიშნული დებულების 7.3 მუხლის შესაბამისად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენდა სამინისტროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. კ-ისა და გ. კ-ის შუამდგომლობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ნაცვლად საქმეში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ჩაბმის თაობაზე უსაფუძვლოა და მართებულად ეთქვა უარი მის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 30.07.08წ. ¹161 დადგენილებით ლიკვიდირებული იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო. ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. ლიკვიდირებული სამმართველოს სამართალმემკვიდრე ტერიტორიული ორგანო დადგენილი არ ყოფილა და შესაბამისად, ტერიტორიული ორგანოს ნაცვლად შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობაში სამინისტრო თავად წაროადგენს საკუთარ ინტერესებს. ამდენად, საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის განხილვის დროისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საპროცესო უფლებამონაცვლეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. კ-ისა და მ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 10.04.08წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.