Facebook Twitter

¹ბს-750-716(კ-06) 26 აპრილი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

'

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორები - თ. ს-ა, ე. ჩ-ე, ლ. გ-ე, ბ. უ-ა და სხვები

მოწინააღმდეგე მხარეები: მ. კ-ე; ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხონის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინება

დავის საგანი – აუქციონის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 16 აპრილს ბ. უ-ამ, ე. ჩ-ემ და სხვა ფიზიკურმა პირებმა სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის, ხონის საგადასახადო ინსპექციის, ხონის მიწის მართვის სამმართველოსა და მ. კ-ის მიმართ.

მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ 2003 წლის 24 მარტს ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ ქ. ხონში ჩაატარა სპეციალიზებული ღია აუქციონი, სადაც გაიყიდა ხონის რაიკოოპერატივის უძრავ-მოძრავი ქონება. გაყიდული ქონების ჩამონათვალში შევიდა 20000 ლარად შეფასებული სავაჭრო ცენტრი. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული გარიგება დაიდო სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული სანოტარო ფორმის დაუცველად, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, წარმოადგენს მისი ბათილობის საფუძველს.

მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ ოქმის დანართში მითითებული იყო “სავაჭრო ცენტრი", მაგრამ არ იყო დაზუსტებული ფართი. აუდიტორულ დასკვნაში, რომლითაც შეფასდა აღნიშნული ქონება აუქციონზე გატანამდე, სავაჭრო ცენტრის ფართად მითითებულია 1677 კვ.მ, მაგრამ მყიდველ მ. კ-ეს პრეტენზია ჰქონდა მიმდებარე ფართებზეც და მიაჩნდა, რომ მან აუქციონზე შეიძინა სავაჭრო ცენტრი, რომელშიც მიმდებარე ფართებიც შედიოდა, თუმცა, აუდიტორის ცნობით, დადგენილი იყო, რომ მის მიერ შეფასებულ სავაჭრო ცენტრში არ შედიოდა საიუველირო, სპორტული და ხორცის მაღაზიები, რაზეც მოპასუხეს ჰქონდა პრეტენზია. მოსარჩელეთა განმარტებით, ადმინისტრაციული გარიგებით კონკრეტულად არ იყო მითითებული გარიგების საგანი, რის გამოც ზუსტად არ შეიძლებოდა გარიგების შინარსის დადგენა. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული გარიგება არ არსებობდა, რაც სპეციალიზებული აუქციონის ¹1 დანართის მე-12 პუნქტის გაუქმების საფუძველი იყო.

მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ სპეციალიზებული აუქციონის ოქმი უნდა განხილულიყო, როგორც ადმინისტრაციული გარიგება და მისი გასაჩივრების ვადა, როგორც უძრავ ნივთებთან დაკავშირებული მოთხოვნისა, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, შეადგენდა ექვს წელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს 2003 წლის 24 მარტის სპეციალიზებული ღია აუქციონის ოქმის ¹1 დანართის მე-12 პუნქტის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ¹...,...,.,... ჩანაწერის გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას, ამავე სასამართლოს 2004 წლის 22 სექტემბრის საოქმო განჩინებით, მოცემულ საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაება საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ხონის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივი, რომელმაც სარჩელი აღძრა ხონის რაიონულ სასამართლოში იმავე საგანზე, იმავე საფუძვლებით და დააყენა იგივე მოთხოვნები, რაც მითითებული იყო თავდაპირველ სარჩელში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად მოცემულ საქმეში ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ჩ-სა და სხვა ფიზიკური პირების, აგრეთვე, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირის _ საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ხონის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის სარჩელები არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თავდაპირველმა მოსარჩელეებმა _ ე. ჩ-ემ და სხვებმა, აგრეთვე, მესამე პირმა _ საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ხონის რაიონულმა სამომხმარებლო კოოპერატივმა, რომლებმაც მოთხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ორივე სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 2 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მ. კიკაბიძისათვის საიუველირო, სპორტული და ხორცის მაღაზიების მიკუთვნების ნაწილში და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ასევე ფიზიკურმა პირებმა _ ბ. უ-ამ, თ. ს-ამ და ე. ჩ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 28 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ფიზიკური პირების – ბ. უ-ას, თ. ს-ას და ე. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 2 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინებით ბ. უ-ასა და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებდა, რომ ხონის რაიკოოპერატივს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გააჩნდა დავალიანება 65541 ლარის ოდენობით, რის გამოც ხონის საგადასახადო ინსპექციამ სარჩელით მიმართა ხონის რაიონულ სასამართლოს, რომლის 2000 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ხონის რაიკოოპერატივს ხონის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ დაეკისრა 65541 ლარის, სახელმწიფო ბაჟის - 1639 ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ხონის საგადასახადო ინსპექციამ მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლა, კერძოდ, რაიკოოპერატივის დაყადაღებული ქონების რეალიზაცია.

ხონის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა განცხადება, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას ნება დაერთო ხონის რაიკოოპერატივის დაყადაღებული ქონების რეალიზაციაზე.

2002 წლის 25 იანვარს ქუთაისის რეგიონალური სავაჭრო სამრეწველო პალატის ექსპერტიზის ბიუროს აქტში ხონის რაიკოოპერატივის ქონება შეფასებულ იქნა 81550 ლარად.

რაიკოოპერატივს გაეგზავნა საგადასახადო ინსპექციის შეტყობინება იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ. საგადასახადო ინსპექციის მიერ დაყადაღებულ იქნა რაიკოოპერატივის ქონება, რაც რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში.

ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2003 წლის 21 თებერვალს გაზეთ ,,... ...’’ გამოქვეყნდა განცხადება ხონის რაიკოოპერატივის ქონების აუქციონით გაყიდვის შესახებ. ამით, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დაცულ იქნა საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის მინისტრების 2002 წლის 17 დეკემბრის ¹1037 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული “გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მიზნით სპეციალიზებული ღია აუქციონის გამართვის პირობების და წესის შესახებ” დებულების მე-2 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მოთხოვნა, რომ აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს საგადასახადო დეპარტამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ მსხვილ გადამხდელთა ინსპექციისა და საოლქო საგადასახადო ინსპექციების მეშვეობით, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე 30 დღით ადრე განცხადებას აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ასევე დაცულ იქნა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რომ აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ გამოცხადება ხდება საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2003 წლის 18 მარტის აუდიტორული დასკვნით, სავაჭრო ცენტრის ფართი - 1677 კვ.მ შენობის ღირებულება 22000 ლარად იყო შეფასებული. ასევე შეფასებული იქნა რაიკავშირის სხვა ქონებაც, კერძოდ, 50 ობიექტი, სულ შემოწმებული ქონების ღირებულება განისაზღვრა 812000 ლარად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ამით დაცულია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 67-ე მუხლის მოთხოვნა, რომ დაყადაღებულ ნივთებს აფასებს აუდიტი.

ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 14 მარტის ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შესახებ. რითაც, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დაცულ იქნა 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის მოთხოვნა და დასახელებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი.

აუქციონში მონაწილეობდა 12 პირი, მათ შორის იყო მერაბ კიკაბიძეც. ამ უკანასკნელის მიერ 2003 წლის 24 მარტს შესყიდულ იქნა ხონის რაკავშირის სავაჭრო ცენტრი, 20000 ლარად. მ. კ-ის მიერ დაუყონებლივ იქნა გადახდილი 10000 ლარი, რის შემდეგაც მასზე გაიცა შესაბამისი სერტიფიკატი სავაჭრო ცენტრის შესყიდვის შესახებ. სავაჭრო ცენტრი რეგისტრირებულ იქნა მ. კ-ის სახელზე. სავაჭრო ცენტრი, რომელიც შეფასებულ იქნა 20000 ლარად, მ. კ-ემ იყიდა 20000 ლარად. რითაც, სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, დაცულ იქნა დასახელებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, რომ პირველ აუქციონზე საბოლოოდ შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის ღირებულების 70%-ზე ნაკლები. აღნიშნულს ასევე ითვალისწინებს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტი. დასახელებული წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, მყიდველმა დაუყოვნებლივ უნდა გადაიხადოს მის მიერ შეთავაზებული ფასის არანაკლებ ნახევარი.

სააპელაციო სასამართლომ მ. კ-ის მიერ ეს მოთხოვნაც დაცულად მიიჩნია, ვინაიდან მან დაუყოვნებლივ გადაიხადა 10000 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამავე წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, თანხის დარჩენილი ნაწილი უნდა დაიფაროს რეალიზაციიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, რაც მ. კ-ის მიერ განხორციელებულ იქნა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს “ა.-ს.-ც-ის" და შპს “ა.-ე. ...-ის" ცნობებით, სავაჭრო ცენტრი შეფასდა საერთო შესასვლელის მქონე ერთიანი სავაჭრო ფართით _ საუველირო, სპორტული და ხორცის მაღაზიების გარეშე, რომელთაც აქვთ დამოუკდებელი შესასვლელი და იზოლირებულია სავაჭრო ცენტრის საერთო სივრციდან.

აუდიტორულ დასკვნაში ჩამოთვლილ 50 ობიექტში სადავო საიუველირო, ხორცის და სპორტული მაღაზიები არ შედის. აღნიშნული სადავო ობიექტები ასევე არ არის მოხსენიებული სავაჭრო სამრეწველო პალატის აქტში.

საიუველირო, სპორტული და ხორცის მაღაზიების შესახებ ,,ა. ს. ც-ისა’’ და შპს “ა.-ე. ...-ის’’ მიერ გაცემული ეს ცნობები, სააპელაციო სასამართლოს აზრით, განპირობებულია იმით, რომ ამ ობიექტებს აქვთ დამოუკდებელი შესასვლელები.

ხონის ტექბიუროს 2004 წლის 11 ოქტომბრის ცნობით, ხონში, .... მოედანზე ¹...-ში სურსათის, სპორტული და საიუველირო მაღაზიები ხონის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ აღრიცხვაზე აყვანილი არ არის და არც ტექნიკური დოკუმენტაცია ინახება სამსახურის არქივში. ზემოაღნიშნულ მისამართზე, 1998 წლის მონაცემებით, 1676,8 კვ.მ მიწის ფართობზე განთავსებულია უნივერმაღი -სავაჭრო ცენტრი.

ხონის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 11 ოქტომბრის ცნობით, ... მოედანზე ¹...-ში არსებული სურსათის, სპორტული და საიუველირო მაღაზიები საჯარო რეესტრის სამსახურში 2003 წლამდე რეგისტრირებული არ არის.

ხონის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 1 მარტის ცნობით, საიუველირო, სპორტული და ხორცის მაღაზიები ფიზიკურად მდებარეობს უნივერმაღის შენობის პირველ სართულზე და თითეულს ცალ-ცალკე აქვს ინდივიდუალური შესასვლელი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული ობიექტები ცალკე ბალანსზე არ იმყოფებოდა, ისინი სავაჭრო ცენტრში შედიოდა და ეკუთვნოდა ხონის რაიკოოპერატივს. აღნიშნული დასტურდება თავად ხონის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის - ბ. უ-ას 2004 წლის ცნობით, სადაც აღნიშნულია რომ ,,ს. ც-ი’’ აყვანილია რაიკოოპერატივის ბალანსზე, როგორც ერთი ობიექტი.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ დაყადაღებულ იქნა რაიკოოპერატივის მთელი უძრავ-მოძრავი ქონება და აუქციონზე გაიყიდა 50 ობიექტი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აუდიტთა ცნობებში მითითებული მონაცემები, ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის განმარტება, რომ სავაჭრო ცენტრი გაიყიდა საიუველირო, სპორტული და ხორცის მაღაზიების გარეშე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ეს ობიექტები სავაჭრო ცენტრში შედის როგორც ერთი ობიექტი, ისინი ცალ-ცალკე რაიკოოპერატივის ბალანსზე და ტექბიუროში არ ირიცხებოდა და მოხდა მისი როგორც ერთი ობიექტის გასხვისება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია იმის თაობაზე, რომ სპეციალიზებულ აუქციონზე არ იყო დაზუსტებული გარიგების საგანი. აუქციონზე გავიდა და გაიყიდა რაიკოოპერატივის ორმოცდაათამდე ობიექტი, რომლებიც წარმოადგენდა გარიგების საგანს, კერძოდ, აუქციონის ოქმის დანართის მე-12 პუნქტის მიხედვით, აუქციონის საგანი იყო ,,ს. ც-ი’’, რომელშიც შედიოდა ხორცის, საიუველირო და სპორტული მაღაზიები. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სწორედ ამიტომ ფიგურირებს სერტიფიკატში და საჯარო რეესტრში სავაჭრო ცენტრი, რომლის ფართი შეადგენს 1676,8 კვ.მ-ს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სავაჭრო ცენტრში იგულისხმება სადავო სექციებიც, რამეთუ ისინი სავაჭრო ცენტრის განუყოფელი არსებითი შემადგენელი ნაწილებია და ცალკე უფლების ობიექტი არ არის, თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლისა. ამიტომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, საქმის არსს არ ცვლის შპს “ა.-ს.-ც-ისა’’ და შპს “ა.-ე. ....-ის" ცნობები, რომ საუველირო, სპორტულ და ხორცის მაღაზიებს აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ სადავო სექციები დამოუკიდებელ სუბიექტებს წარმოადგენდნენ ხელმძღვანელებს უნდა წარედგინათ აუქციონის დაწყებამდე შესაბამისი დოკუმენტები დამოუკიდებელი ორგანიზებული წარმონაქმნის არსებობის შესახებ, რაც მათ არ გაუკეთებიათ.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს თ. ს-ამ, ე. ჩ-ემ, ლ. გ-ემ და ბ. უ-ამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორების მითითებით, სასამართლოს არ მოუპოვებია არანაირი დამატებითი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ სადავო ფართი ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ აუქციონის მეშვეობით მთლიანად გაყიდა 20000 ლარად. მ. კ-ემ 2366 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი შეიძინა 20000 ლარად, ამასთან, სასამართლომ მტკიცებულებად ხონის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლის განმარტება მიუთითა, თუმცა, არსად არ დააფიქსირა, რომ 1270 კვ.მ _ ეს მიწის ფართია და არა მასზე განლაგებული 1677 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, რაც საგადასახადო ინსპექციის მიერ იქნა გატანილი აუქციონზე გასაყიდად 20000 ლარად.

სასამართლომ, კასატორების აზრით, გვერდი აუარა იმ გარემოებას, რომ საქმეში არსად მოიპოვება მ. კ-ის მიერ 2366 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის აუქციონის წესით შესყიდვის მტკიცებულება, უფრო მეტიც, საქმეში არსად მოიპოვება იმის მტკიცებულება, რომ მ. კ-ის მიერ გადახდილია მიწის ნაკვეთის ღირებულება, თუმცა, აუქციონის ჩატარების მომენტისათვის (2003 წლის 24 მარტი) უძრავი ქონების შეფასება, ბუნებრივია, ძირითად, უძრავ ქონებასთან _ მიწასთან ერთად უნდა მომხდარიყო და არა ცალკე, მხოლოდ არასაცხოვრებელი ფართის სახით.

აღნიშნული კასატორების აღნიშვნით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საფუძვლიანია მათი სარჩელი ნასყიდობის საგნის გაურკვევლობაზე მითითების ნაწილში და იგი დაუსაბუთებლად არ მიიღო სასამართლოს რამდენიმე შემადგენლობამ, შედეგად კი _ სახეზეა საბიუჯეტო თანხების შეგნებულად შემცირებული ოდენობის ასახვა, ობიექტების დამალვა, რომლის სარეალიზაციოდ სხვა დროს მოწყობილი აუქციონის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა საბიუჯეტო შენატანები, ფაქტია, რომ საქმეში არსად მოიპოვება მ. კ-ის მიერ გაფორმებულ 2366 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართსა და მისთვის მიყიდულ 1677 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს შორის განსხვავების _ 689 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის შეფასებისა და გაყიდვის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, კასატორებს მიაჩნიათ, რომ ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იგნორირება გაუკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლს, რომლის მეორე ნაწილით _ ნასყიდობა რომ შემდგარად ჩაითვალოს, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, მყიდველის მიერ გამყიდველისათვის შეთანხმებული ფასის გადახდა. კონკრეტულ შემთხვევაში კი, მყიდველის მიერ არასაცხოვრებელი ფართის (2366 კვ.მ) ფასი გადახდილი არ არის. კასატორების აზრით, აუქციონის წესების მიხედვით 2366 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, მიწის ნაკვეთთან ერთად არ შეფასებულა და, შესაბამისად, არც აუქციონზე გამოტანილა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო უზენაესი სასამართლოს მითითება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის დაცვის თაობაზე. რადგან, სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ექსპერტიზის დანიშვნით, რომლის დასკვნაც, მიუხედავად იმისა, რომ ადასტურებდა მათი პოზიციის სისწორეს, სასამართლოს მიერ შეფასდა არასწორად.

კასატორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 26 ივნისის განჩინება გამოიტანა კანონის დარღვევით, კერძოდ, სასამართლოს მიერ არაა გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 59-ე, 477-ე მუხლები, დაცული არაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მოთხოვნები, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრის საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვდნენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სარჩელის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ს-ასა და სხვათა საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ხონის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ხონის რაიკოოპერატივს ხონის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ დაეკისრა 65541 ლარის საბიუჯეტო დავალიანების გადახდა, რაზედაც გაიცა შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი.

ხონის საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნით, მოხდა აღსრულების წესის შეცვლა და დადგინდა რაიკოპერატივის ყადაღადადებული ქონების იძულებითი წესით რეალიზაცია.

ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 14 მარტის ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე. რეალიზაციას დაექვემდებარა რაიკოოპერატივის კუთვნილი 50 ობიექტი.

ზემოაღნიშნული ობიექტების სიაში შევიდა ხონის რაიკოოპერატივის სავაჭო ცენტრი, რომელიც 2003 წლის 24 მარტს 20000 ლარად შეიძინა აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადებულმა ფიზიკურმა პირმა მ. კ-ემ, რომელზეც გაიცა სერტიფიკატი სავაჭრო ცენტრის შესყიდვის თაობაზე.

წინამდებარე დავა აღძრულია ზემოაღნიშნულ ობიექტთან მიმართებაში, კერძოდ, კასატორები (მოსარჩელეები) მიიჩნევენ, რომ რაიკოოპერატივის სავაჭრო ცენტრის გასხვისება მოხდა სამი ობიქტის: საიუველირო, სპორტული და ხორცის მაღაზიის გარეშე და მიაჩნიათ, რომ სასამართლომ, მითითებული მაღაზიების სავაჭრო ცენტრისათვის მიკუთვნებით, მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

იმავე საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის გაცნობისა და საქმეში დაცული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებულია და ექვემდებარება შემოწმებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები, რომელთა შეფასება-გამოკვლევა არ მომხდარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

საქმეში ს.ფ. (21-25-ზე) დაცულია სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება, რომელშიც მითითებულია სპორტული საქონლისა და საიუველირო ნაწარმის მაღაზიების ცალკე ობიექტებად გასხვისების საჭიროებაზე და რომლის დადგენილებითი ნაწილის შესაბამისადაც, რაიკოპერატივის უძრავ-მოძრავი ქონების ნუსხაში ასახული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, წინამდებარე დადგენილება გადაეგზავნათ ქუთაისის საოლქო-საგადასახადო ინსპექციას და ხონის რაიკოოპერატივს.

იმავე საქმეში (ს.ფ. 10-ზე) წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2003 წლის 18 ნოემბრის ¹07/2641 მიმართვა ხონის რაიკოოპერატივის თავმჯდომარისა და ხონის რაიონული საგადასახადო ინსპექციის უფროსისადმი, რომელთაც, ზემოაღნიშნული დადგენილების აღსრულების მიზნით, ევალებოდათ დაზუსტებულ უძრავ-მოძრავი ქონების ნუსხაში დამატებით სპორტული საქონლისა და საიუველირო ნაწარმის მაღაზიების შეტანა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია ზემოაღნიშნული მტკიცებულებები და არ გამოუკვლევია, მოხდა თუ არა მითითებული დადგენილების აღსრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში რამ განაპირობა მისი აღუსრულებლობა.

სააპელაციო სასამართლომ, იმ მოტივით, რომ ბ-ეს 2004 წლის 8 იანვრისათვის აუდიტორული საქმიანობისათვის ინდივიდუალური აუდიტორის ლიცენზია არ გააჩნდა, არ გაიზიარა მისი დასკვნა და დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ-ეზე მოხდა 1270 კვ/მ ფართის რეგისტრაცია, რომელშიც, იმავე სასამართლოს მითითებით, შედის საიუველირო, თევზის (საუბარია, ალბათ, სპორტულ მაღაზიაზე) და ხორცის მაღაზიები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლომ უარყო რა ზემოაღნიშნული დასკვნა, ასევე შეფასება არ მისცა საქმეში დაცულ სხვა დასკვნებს. კერძოდ, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად (ს.ფ 740-743, ექსპერტები ა. ჭ-ი, გ. ი-ი), დგინდება, რომ ხონის რაიკოოპერატივის სავაჭრო ცენტრის საერთო ფართი შეადგენს 2146,81 კვ/მ-ს, მათ შორის - პირველი სართული _ 1070,69 კვ/მ-ს, ხოლო მე-2 სართული 1076,12 კვ/მ-ს, რაც შეეხება შენობის მიერ დაკავებულ ფართს - 1251,4 კვ/მ-ს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აუდიტის დასკვნაში (საუბარია 2003წ. 18 მარტის დასკვნაზე), რომელიც საფუძვლად დაედო აუქციონს, სავაჭრო ცენტრის ფართად მითითებულია 1677 კვ/მ. იმავე ოდენობის ფართი დაფიქსირდა აუქციონზეც. საგულისხმოა, რომ ექსპერტის ზემოაღნიშნულ დასკვნასა და გასაყიდად გატანილ ფართს შორის სხვაობა წარმოადგენს 469,81 კვ/მ-ს.

ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია, რამ განაპირობა გასაყიდ ფართსა და არსებულ ფართს შორის მსგავსი სხვაობა, მით უფრო, რომ 469, 81 კვ/მ წარმოადგენს სერიოზულ ცდომილებას, რაც, სავარაუდოდ, დაუშვებელია განპირობებული იყოს აზომვით გამოწვეული სხვაობით.

საკასაციო სასამართლო არასაკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას 1270 კვ/მ ფართის რეგისტრაციის უტყუარობის თაობაზე და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო, სავარაუდოდ, გულისხმობს შენობის მიერ დაკავებულ მიწის ფართს, რომელიც ამ ეტაპზე არ წარმოადგენს დავის საგანს, კერძოდ, მხარეები სადავოდ არ ხდიან სავაჭრო ცენტრის მიერ დაკავებული მიწის ფართის ოდენობას და თვლიან, რომ შენობის საერთო ფართის გასხვისება მოხდა მასში განთავსებული სამი ობიექტის გარეშე, რაც ამჟამად წარმოადგენს სასამართლო კვლევის საგანს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე არასრულყოფილადაა გამოკვლეული, რა მიზნითაც, აღნიშნული უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ს-ასა და სხვათა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.