Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-751-717(კ-06) 26 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “....” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო სასამართლოში 2006 წლის 6 ოქტომბრის შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹...., შპს “....” საკასაციო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით შპს “....” საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.1 “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რადგან საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი) და სრულყოფილად არ იყო ჩამოყალიბებული კასაციის განაცხადი. ასევე საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარზე სსსკ-ის 38-ე მუხლის “ზ” პუნქტისა და 39.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.2 მუხლის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარს ხელს აწერდა შპს “.....” დირექტორი, თუმცა საკასაციო საჩივრიდან არ ირკვეოდა დირექტორის ვინაობა. შესაბამისად, კასატორს აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ.ს.ფ. 161-164/.

ხარვეზის შევსების მიზნით, კასატორმა შპს “....” დირექტორმა დაზუსტებული საკასაციო საჩივრით მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შპს “....” დირექტორის ზ. ს-ის 2005 წლის 1 აგვისტოს ¹25 მიმართვა ბათუმის საგადასახადო ინსპექციისადმი ეკონომიკური საქმიანობის დროებით შეწყვეტის შესახებ და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ოდენობის გადავადების შესახებ /იხ. ს.ფ. 170-176/.

საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებით შპს “....” შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და კასატორს საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადა 5 დღით სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ოდენობის 16137 ლარის გადასახდელად /იხ. ს.ფ. 177-180/.

საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინება შპს “....” ჩაჰბარდა 2006 წლის 27 ნოემბერს, მაგრამ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ შპს “....” საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორს შპს “....” საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე, ხოლო 17 ნოემბრის განჩინებით გაუგრძელა საპროცესო ვადა 5 დღით. აღნიშნული განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად კასატორს ჩაჰბარდა 2006 წლის 27 ნოემბერს. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, შპს “.....” გაგზავნილი საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინება (მისამართზე ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის 1) ჩაიბარა ა. გ-მა /იხ.ს.ფ. 185/. შპს “....” სახელით საკასაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარებაზე ა. გ-ის უფლებამოსილების დასადასტურებლად მიმართვა გაეგზავნა ბათუმის საფოსტო განყოფილებას /იხ. ს.ფ. 186/. საფოსტო განყოფილების მიერ დადასტურებულ იქნა კორესპონდენციის ჩაბარებაზე ა. გ-ის უფლებამოსილება /იხ. ს.ფ. 187-188/. შპს “....” მიერ საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინების ჩაბარების ფაქტი ასევე დადასტურებულ იქნა შპს “....” დირექტორის ზ. ს-ის მიერ /იხ. ტელეფონოგრამა ს.ფ. 189/.

საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული 5-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2006 წლის 4 დეკემბერს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის, კასატორს ხარვეზი არ შეუვსია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “.....” საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396.3, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “.....” საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.