Facebook Twitter

¹ბს-751-717(კ-07) 27 დეკემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ს. ჩ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 22 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ს. ჩ.-მ მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ბ. ბ.-ის 2005 წლის 24 აგვისტოს ¹01/10-396 განკარგულების ბათილად ცნობა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2005 წლის 23 აგვისტოს ჩატარდა აუქციონი, რომელზეც იძულებით გაიყიდა მისი კუთვნილი სახლი, მდებარე ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹23-ში. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში დაირღვა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის რიგი მოთხოვნები, კერძოდ, აღნიშნული კანონის 48-ე მუხლის, ასევე 63-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, უნდა მომხდარიყო გასაყიდ ქონებაზე ყადაღის დადება. ამ შემთხვევაში გასაყიდად გამოცხადდა 67 კვ.მ ფართი, რომელიც დატვირთული იყო იპოთეკით და აკმაყოფილებდა მოთხოვნას, აუქციონზე კი გაურკვეველი ფორმით დაფიქსირდა მთელი სახლის გაყიდვა, რაც იპოთეკით დატვირთულ ფართს ორჯერ აღემატება. გარდა ამისა, დაირღვა ზემოთ დასახელებული კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომელიც ავალდებულებს სასამართლო აღმასრულებელს, გაზეთში გამოქვეყნებულ განცხადებაში მიუთითოს უძრავი ქონების საწყისი ფასი. ასევე დაირღვა 75-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ავალდებულებს აღმასრულებელს, აღნიშნოს განკარგულებაში შეძენილი ქონება, აუქციონის პირობები, კონკრეტულად კრედიტორის მოთხოვნა, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს საჯარო რეესტრში მითითებულ ყადაღის დადების აქტთან (ტომი 1, ს.ფ. 2-3).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ა. კ.-ი (ტომი 1, ს.ფ. 48).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ს. ჩ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «მ.-ის» 2005 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ჩ.-ს ზ. რ.-ისა და რ. გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 30656 აშშ დოლარის ანაზღაურება, რომლის გადახდა უნდა მომხდარიყო ს. ჩ.-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით, რომლის მისამართია: ქ. თბილისი ...-ის ქ. ¹23.

სასამართლოს განმარტებით, «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ხოლო წარდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღმასრულებლის მოქმედებებს საფუძვლად დაედო შპს «მ.-ის» 2005 წლის 22 ივნისს გაცემული ¹01/05 სააღსრულებო ფურცელი და კრედიტორის განცხადება.

«სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს წინადადება მიეცა, 5 დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადა მასზე დაკისრებული თანხა, რომელიც უნდა გადაერიცხა თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, ბანკ «...-ში». აღნიშნული გაფრთხილება მოსარჩელეს გაეგზავნა ფოსტით, თუმცა მან წერილის მიღებაზე უარი განაცხადა.

ზემოაღნიშნული კანონის თანახმად, აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე ჩატარდა აუდიტორული შეფასება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ...-ის 23, შენობა-ნაგებობანი საერთო სასარგებლო ფართით 147.4 კვ.მ (მათ შორის, საცხოვრებელი 67.61კვ.მ., რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე ირიცხებოდა ს. ჩ.-ის საკუთრებაში და რომელიც იყო აგრეთვე იპოთეკით დატვირთული. აქედან გამომდინარე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის განმარტება, რომ აუქციონზე გასაყიდად გამოცხადდა მხოლოდ 67 კვ.მ ფართი, რაც დატვირთული იყო იპოთეკით.

საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეს აუქციონის ჩატარების შესახებ ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა გაფრთხილების მიუხედავად, იგი აუქციონს არ დასწრებია.

რაც შეეხებოდა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 71-ე და 74-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევას, საქმეზე დადგენილი იყო, რომ აუქციონზე გატანილი უძრავი ქონების საწყისი ფასი განისაზღვრა 45000 აშშ დოლარით. მოსარჩელეს აღნიშნული აუდიტორული შეფასება გაეგზავნა ფოსტით და განემარტა იმის თაობაზე, რომ მიწის შეფასებასთან დაკავშირებით შეეძლო დაეცვა თავისი უფლებები. მოსარჩელეს აუდიტის დასკვნა სადავო უნდა გაეხადა აღნიშნული შეტყობინებიდან ერთი თვის ვადაში «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

«სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ პირველ აუქციონზე ბოლო შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის ღირებულების 70%-ზე ნაკლები და უნდა ფარავდეს გარდამავალ უფლებათა ღირებულებასა და აუქციონის ხარჯებს. კრედიტორების მოთხოვნას წარმოადგენდა 30 656 აშშ დოლარის ანაზღაურება (55334.08 ლარი), აუქციონზე გატანილი უძრავი ქონება გაიყიდა 59457.47 ლარად. ამასთან, დაიფარა სააღსრულებო მოსაკრებელი გადასახდელი თანხის 7%-ის _ 3873.39 ლარის ოდენობით და აუდიტისა და გზავნილის ხარჯები 250 ლარის ოდენობით.

სასამართლოს მოსაზრებით, სადავო განკარგულების ბათილობის საფუძველს არ წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ აღმასრულებელმა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის გარეშე მოახდინა ბინის დაყადაღება. სასამართლოს მითითებით, აუქციონზე გასაყიდად გატანილი ქონების დაყადაღების მიზანი მიზანი «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 631 მუხლის მიხედვით არის მხოლოდ ის, რომ აუქციონის ჩატარებამდე შენარჩუნდეს ქონების არსებული სამართლებრივი მდგომარეობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აუქციონზე ქონების რეალიზაცია, რაც მიღწეულ იქნა კიდეც აუქციონის ჩატარებით.

საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ის გარემოება, რომ სათანადო წესით არ იყო შედგენილი ხარჯთაღრიცხვა, რამდენადაც სააღსრულებო საქმეში წარდგენილი იყო მტკიცებულებები, კერძოდ, წინასწარი ხარჯის გადახდის ორდერი ¹... და ¹... (ტომი 1, ს.ფ. 114-118).

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ჩ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

აპელანტის აზრით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 71-ე და 74-ე მუხლები, რამდენადაც მითითებული 71-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენდა განცხადებაში უძრავი ქონების საწყისი ფასის მითითება, რასაც სადავო შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ კანონის აღნიშნული ნორმა მართებულად არ შეაფასა. საქალაქო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 631 მუხლი.

აპელანტი არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მსჯელობას ხარჯთახრიცხვასთან დაკავშირებით. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არ არის დასაბუთებული.

სასამართლო სხდომაზე აპელანტი ცდილობდა გაერკვია განმეორებითი აუქციონის გამართვის შემთხვევაში აუცილებელი იყო თუ არა იმავე ფორმის დაცვა, რასაც არეგულირებდა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილი. აღნიშნული საკითხის დადგენაში სასამართლო აპელანტს არ დაეხმარა (ტომი 1, ს.ფ. 171-177).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განჩინებით ს. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული შემადგენლობის და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მესამე პირის წარმომადგენელმა წარადგინა ს. ჩ.-ის ხელწერილი, რომლითაც ეს უკანასკნელი ა. კ.-საგან 6000 აშშ დოლარის მიღების სანაცვლოდ უარს აცხადებდა აუქციონზე მისი კუთვნილი ბინის გასხვისებასთან დაკავშირებით დავის გაგრძელებაზე (ტომი 2, ს.ფ. 113-116).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ჩ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი მოტივებით:

სააღსრულებო წარმოების პროცესში დაირღვა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის რიგი მოთხოვნები, კერძოდ, აღნიშნული კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი, ასევე 63-ე მუხლი, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის «დ» ქვეპუნქტი, 47-48-ე მუხლები. სასამართლო აღმასრულებელს, გაზეთში გამოქვეყნებულ განცხადებაში არ მიუთითებია უძრავი ქონების საწყისი ფასი.

ს. ჩ.-ს სააღსრულებო ბიუროდან არ მიუღია უწყება განმეორებითი აუქციონის დროის თაობაზე, შესაბამისად, იგი აუქციონზე ვერ გამოცხადდებოდა (ს.ფ. 129-134).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ს. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ს. ჩ.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 30%-ის _ 90 (ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.